მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 269 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ოვიდიუს ნაზონი - „მეტამორფოზები“

 

არგოსელების მეფეს, მდინარის ღმერთს და ოკეანეს ძეს - ინაქეს ჰყავდა ასული, რომელსაც იო ერქვა.

მეფის ასულის სილამაზესა და სიმშვენიერეს მთელი სახელმწიფოს მცხოვრებნი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველა დიდ განცვიფრებასა და აღტაცებაში მოჰყავდა. მეფის ასულის ღვთაებრივი მშვენიერი სახე ყველას გულში ღრმად სწვდებოდა და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

არგოსელთა ქალები და მამაკაცები ყვავილებითა და თაიგულებით უფენდნენ გზას მშვენიერ იოს და ყოვლისშემძლე ქალღმერთების მსგავსად პატივსა სცემდნენ, აქებდნენ და ადიდებდნენ.

მშვენიერი იოს იშვიათი სილამაზე ღმერთების მამამთავარ ზევსს შეუმჩნევლად არ დარჩა. ყოვლისშემძლე ქვეყნის მპყრობელს შეუყვარდა მეფე ინაქეს მშვენიერი ასული და დიდი პატივისცემითა და განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა მას.

სამწუხაროდ, ამ ამბავმა ზევსის მეუღლის ჰერას ყურამდე მიაღწია. ზევსმა, თავისი საყვარელი ქალი მრისხანე ჰერას დევნისა და შევიწროებისაგან რომ დაეხსნა, იგი მშვენიერ თეთრ ძროხად გადააქცია.

ჰერა ქალღმერთმა ყოვლისშემძლე თავის მეუღლეს სთხოვა ეს მშვენიერი ძროხა მისთვის ეჩუქებინა. ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი, ოჯახური უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, იძულებული შეიქნა ეს მსხვერპლიც გაეღო.

ჰერამ მეუღლისაგან ნაჩუქარი მშვენიერი ძროხა მოსავლელად ასთვალა გოლიათ არგოსს მიაბარა. არგოსს ორი თვალი მუდამ დახუჭული ჰქონდა, ხოლო დანარჩენი თვალები განუწყვეტლივ ირგვლივ იცქირებოდნენ და ფხიზლად დარაჯობდნენ ჰერა ქალღმერთის მიერ მიბარებულ ძროხას.

არგოსი დილით ძროხას აძოვებდა მინდორში და ფხიზლად სდარაჯობდა, ხოლო ღამღამობით კისერზე ჯაჭვშებმულს ბოსელში ამწყვდევდა.

მეფე ინაქეს საბრალო ასული, რომელსაც ძროხად გადაქცევის შემდეგაც ადამიანის გონიერება კიდევ შერჩენოდა, ხის ფოთლებით და მწვანე ბალახ-ბულახით იკვებებოდა, მღვრიე წყალს სვამდა და ხმელ მიწაზე ეძინა. 

საბრალო ქალს შესაძლებლობა არ ჰქონდა თავისი აუტანელი მწუხარება ვინმესთვის გაეზიარებია, მას არ ჰქონდა ხელები, რომ თავისი შეუბრალებელი მცველისათვის გაეწვდინა დახმარების სათხოვნელად, საბრალოს არ შეეძლო ენა ამოეღო და თავისი მწუხარება შეეჩივლა.

მეფის ასული საცოდავი ღაღადისის მაგივრად მხოლოდ ღმუოდა და ამ ღმუილის თვითონაც კი ეშინოდა.

ერთხელ იო წავიდა მდინარის ნაპირას, სადაც წინათ, ვიდრე ეს უბედურება თავს დაატყდებოდა, თამაშობდა, ცელქობდა, დახტოდა, ერთობოდა. საბრალომ მდინარე წყალში დაინახა თავისი თავი, თავისი რქები და ერთიანად შეშფოთდა, თავისი თავის შეეშინდა.

საბრალო იო ვერ იცნეს ნაიადებმა, მისმა დებმა, საბრალო თავისი მშვენიერი ასული ვერ იცნო თვითონ მშობელმა მამამ ინაქემ. საცოდავი იო ლმობიერის გამომეტყველებით მიუახლოვდა თავის საყვარელ დებს, თავის საყვარელ მშობელ მამას.

მოხუცი ინაქე მდინარის ნაპირას ბალახს წიწკნიდა და ძროხას ალერსიანად აწვდიდა. იო საყვარელ მშობელს ხელებს ულოკავდა და თვალთაგან ცრემლების ღვარი ჩამოსდიოდა.

საბრალო მეფის ასულს რომ ხმის ამოღება შესძლებოდა, იგი უეჭველია საყვარელ მამას გამოემცნაურებოდა და თავის აუტანელ მწუხარებას შეატყობინებდა; მაგრამ საბრალოს მეტყველების შესაძლებლობა არა ჰქონდა და ამიტომ გულში ღრმად იმარხავდა თავის უსაზღვრო მწუხარებას.

მეფის საცოდავმა ასულმა ერთადერთი ისღა მოახერხა, რომ მდინარის ნაპირას დაგროვილ სილაზე ფეხით ჩამოხაზა თავისი მწუხარების ამბავი და ამრიგად გააგებინა მშობელ მამას მთელი თავისი საშინელი უბედურება.

„ვაგლახ, მე უბედურს!“ - ხმამაღლა წამოიყვირა საცოდავი ხმით მოხუცმა მშობელმა და ყელზე მაგრად შემოეხვია თავის საყვარელ ასულს. მაგრამ გულქვა და შეუბრალებელმა არგოსმა სასწრაფოდ ჩამოაშორა მშობელი მამა თავის საყვარელ ასულს და ძროხა დაუყოვნებლივ მოშორებულ ადგილას წაიყვანა საბალახოდ, თვითონ არგოსი კი ჩამოჯდა მთის უმაღლეს მწვერვალზე და ფხიზლად თვალყურს ადევნებდა მტერი არსაიდან შემოპარვოდა.

ყოვლისშემძლე ზევსმა ვერ მოითმინა თავისი საყვარელი იოს ამდენი ტანჯვა და მწუხარება, და უბრძანა ფეხმალ ჰერმესს გოლიათი არგოსი მოეკლა და საცოდავი მეფის ასული სამუდამოდ გაეთავისუფლებინა. ჰერმესი ელვის სისწრაფით დაეშვა დედამიწაზე ყოვლისშემძლე ზევსის ბრძანების შესასრულებლად.

ღმერთების ერთგულმა შიკრიკმა, როგორც კი იგი დედამიწაზე ჩამოეშვა, უმალ გაიხადა ფრთებით შემოსილი ღვთაებრივი ფეხსაცმელი, აიღო ხელში თავისი გრძნეული კომბალი და სამწყემსო სალამურზე, სირინგზე, საუცხოო სიმღერების დაკვრით ცხვრების ფარა და თხების ჯოგი ასთვალა არგოსის მახლობლად მდებარე მთის კალთებისაკენ გარეკა.

სალამურის ტკბილის ხმით მოხიბლულმა არგოსმა მიიწვია ღვთაებრივი მწყემსი მთის მაღალ მწვერვალზე და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩემო კეთილო მეგობარო! შენი სამწყემსო სირინგის ღვთაებრივი ხმა ყურში ტკბილად მეწვეთება და მთელ ჩემ არსებას ხიბლავს. მომიახლოვდი და ჩამოჯექ აი აქ, ამ კლდეზე, ჩემს მახლობლად. ხედავ, როგორი საუცხოო საძოვრებია ჩვენ წინ გადაშლილი? აბა, თვალი გადაავლე, რამდენი გრილი და საამური ჩეროები მოიპოვება ჩემს მახლობლად!“

ჰერმესი მიუახლოვდა მთის იმ მწვერვალს, სადაც არგოსი იჯდა და მის გვერდით ჩამოჯდა. მთელი დღის განმავლობაში ჰერმესი ზოგს რას მოუთხრობდა არგოსს, ზოგს რას, და სალამურის ტკბილი ხმების მოსმენით ცდილობდა იგი დაეძინებია.

არგოსი ხან რომელ თვალს დახუჭვდა, ხან რომელს, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის რამდენიმე თვალი მაინც ღიად ეჭირა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ცდილობდა ძილისათვის თავი არ მიეცა. არგოსს რომ ძილი არ მორეოდა, იგი სხვადასხვა საკითხს აძლევდა თავის მოსაუბრეს და სხვათა შორის იმის შესახებაც შეეკითხა, თუ ვინ გამოიგონა სალამურიო.

ცბიერმა ჰერმესმა შემდეგი უამბო არგოსს:

„არკადიის მაღალსა და მიუვალ მთებში ცხოვრობდა უმშვენიერესი ნიმფა, ნაიადა სირინგა. ნიმფას სილამაზე და სიმშვენიერე ღმერთებსაც კი ხიბლავდა და ატყვევებდა. მთელი დედამიწის ზურგზე, კიდითი კიდემდე, სირინგას ხასიათის სიმტკიცე, მისი სიამაყე და მიუკარებლობა ყველასაგან ცნობილი იყო.

ამიტომ ყველანი მოკრძალებით შეჰყურებდნენ მშვენიერ ნიმფას და ერთი წუთითაც ვერ ბედავდნენ თავისი გულისთქმა, თავისი გულწრფელი სიყვარული გაემჟღავნებიათ მისთვის. სატირები და ველებისა და ტყეების სხვა ღმერთები ამაოდ ცდილობდნენ მშვენიერი სირინგას გულის მოგებას, სიყვარულის ქსელში მის გაბმას.

ყველგან და ყოველთვის მიუკარებელი, ამაყი სირინგა ძლიერ შორს იჭერდა თავს და ამიტომაც იყო, რომ ვერავინ მას სიყვარულის გამოცხადებას ვერ უბედავდა. სირინგა ყველაფერში ქალღმერთს არტემიდეს ბაძავდა და ყოველგვარ მაგალითს მისგან იღებდა.

ქალღმერთ არტემიდეს მსგავსად სირინგა მუდამ მთებში და უღრან ტყეებში ნადირობდა და თავისი გარეგანი შეხედულებით, ტანსაცმლით სავსებით წააგავდა ქალღმერთ არტემიდეს.

ყველანი, როცა მთებში მონადირე სირინგას დაინახავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ქალღმერთი არტემიდე ნადირობსო.

მათ შორის განსხვავება მარტო ის იყო, რომ ქალღმერთი არტემიდე ნადირობისას ოქროს მშვილდს ატარებდა, ნიმფა სირინგა კი - რქისას. ერთხელ სირინგა ნადირობის შემდეგ მთებიდან ბრუნდებოდა.

გზაში ნიმფას თვალი მოჰკრა არკადიის მთების დიდმა ღმერთმა პანმა და ერთის დანახვით იგი სავსებით მოიხიბლა ნიმფას კალმით აუწერელი სილამაზითა და მშვენიერებით.

მშვენიერმა ნიმფამ უმალვე იგრძნო დიდი ღმერთის ზრახვები და მახლობელი მდინარის ლერწმიან ნაპირისაკენ მარდად გაიქცა.

აი პანმა კიდევაც ხელი გაუწვდინა მშვენიერ ნიმფას დასაჭერად, მაგრამ, დახეთ საკვირველებას, მშვენიერი სირინგას მაგივრად, პანს ხელში ლერწმის ღერო შერჩა.

პანის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, იგი აქვითინდა და ეს ქვითინი ლერწმის ფუღუროვან ღეროდან ნაზ და მწუხარე გამოძახილად შემოესმა. 

ამ ნაზი ხმით მოხიბლულმა არკადიის მთების დიდმა ღმერთმა სიხარულით წამოიძახა: „აი ამ ლერწმის ღეროს არასოდეს ხელიდან არ მოვიშორებ და განუყრელად ჩემთან ვატარებ!“

ამ სიტყვებთან ერთად პანმა ლერწმის ღერო გაჭრა ორ თანასწორ ნაწილად, ეს ნაწილები თაფლის სანთლით მაგრად მიაკრა ერთმანეთს და ამ ლერწმის საკრავს სირინგა ანუ სალამური უწოდა.

ამ სიტყვების დამთავრება ძლივსღა მოასწრო ჰერმესმა, რომ არგოსმა თავისი ფხიზელი თვალები ერთიანად დახუჭა და მისი უზარმაზარი სხეული ღრმა ძილმა მოიცვა. ცბიერმა ჰერმესმა ისარგებლა ამ მოხერხებული შემთხვევით, იძრო ბასრი ხმალი და ელვის სისწრაფით მოჰკვეთა თავი საზიზღარ გოლიათს.

კისრიდან ამოვარდნილი შავი სისხლი ცის თვალუწვდენელ სივრცეს წვდებოდა და ირგვლივ მთელ არემარეზე გაუვალ გუბეებს აყენებდა. ამრიგად, მწუხარებისა და ტანჯვის შემდეგ, როგორც იქნა, გათავისუფლდა მეფე ინაქეს მშვენიერი ასული იო.

მაგრამ განრისხებულმა ჰერამ არგოსის თვალებით თავისი საყვარელი ფარშავანგის კუდი შემოჭედა და მოკაშკაშე ვარსკვლავებივით შეამკო, საბრალო იოს კი ახალი მწუხარება და ტანჯვა მოუვლინა. დაუცხრომელმა ქალღმერთმა ძროხადქცეულ ქალწულს მოუვლინა უზარმაზარი კრაზანა, რომელიც მწვავედ ჩხვლეტდა თავისი ნესტარით საცოდავ იოს და მთელ სხეულს უიარავებდა.

ტკივილებით გამწარებულმა იომ, რომელსაც მოუშორებლივ თანსდევდა საზიზღარი კრაზანა, განვლო ილირია, სკვითების ველური ქვეყნები, მთელი კავკასია, ამორძალების ქვეყანა, კიმერიის ბოსფორი, აზიის ქვეყნები, ბოლოს ეგვიპტეში მივიდა და მდინარე ნილოსის ქვემო ნაწილში გაიჩინა თავისი ახალი სამშობლო.

დაღლილი და ღონემიხდილი იო მუხლმოდრეკით შეევედრა თავის ახალ სამშობლოში ყოვლისშემძლე ზევსს, რათა ღმერთების მამამთავარს ბოლო მოეღო საბრალო ქალის დაუსრულებელი ტანჯვისა და მწუხარებისათვის.

ზევსმა თავისი ღვთაებრივი მოხერხებულობითა და გამჭრიახობით შესძლო მცირედად მაინც შეენელებინა თავისი მეუღლის ჰერას მრისხანება და ქალწულ ქალს, მშვენიერ იოს, დაუბრუნა თავისი პირვანდელი სახე.

იოს ტანიდან ბალანი სცვივა, რქები თავს შორდება, თვალების ქუთუთოები უვიწროვდება, სქელი ტუჩები ადამიანის ტუჩების სახეს იღებს და ფეხებზე ფლოქვები სცილდება. მშვენიერმა იომ თავისი პირვანდელი სახე მიიღო. საბრალო იოს სიხარულს საზღვარი არა აქვს, მაგრამ ხმის ამოღებას იგი ჯერ კიდევ ვერ ბედავს.

საბრალო ქალი შიშობდა, რომ ადამიანის ხმის მაგივრად პირუტყვის ღმუილი არ დასჩემებოდა. საცოდავი იო ვერხვის ფოთოლივით ცახცახებდა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, მაგრამ დახეთ მშვენიერ იოს სიხარულს, როცა მან ადამიანურად ხმა ამოიღო, როცა მისი წინანდელი ლამაზი და დახვეწილი ხმა ყურში კიდევ ტკბილად ჩაეწვეთა.

მშვენიერ იოს ეგვიპტეში ყოვლისშემძლე ზევსისაგან შეეძინა ვაჟიშვილი ეპაფე, რომელიც შემდგომ ეგვიპტეში დიდხანს და დიდხანს მეფობდა ხალხის საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ. 

მშვენიერ იოს კი ეგვიპტელები იზიდა ქალღმერთის სახელწოდების სახით ყოველთვის უხვ მსხვერპლს წირავდნენ და ყველგან და მარადის დიდის პატივისცემით იხსენიებდნენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ