მოსხი - „იდილიები“ II
ფინიკიის მდიდარ ქალაქ სიდონის მეფე აგენორს ყავდა საკვირვლად მშვენიერი და ლამაზი ასული, რომელსაც სახელად ევროპა ერქვა.
მეფის ასულის სილამაზე და სიმშვენიერე მთელ სახელმწიფოში, კიდით კიდემდე, განთქმული იყო. დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი აღტაცებით შეჰყურებდნენ მეფის ასულს და მის ღვთაებრივ მშვენიერ სახეს გულში ღრმად იბეჭდავდნენ და გონებიდან ერთ წუთსაც არ იშორებდნენ.
ერთხელ, ჯერ კიდევ როცა ღამის წყვდიადს ირგვლივ ყველაფერი მოეცვა და განთიადის მოახლოების ნიშნები არ ჩანდა, სიყვარულის ქალღმერთმა აფროდიტემ მეფე აგენორის ასულს ტკბილი, მაგრამ ამავე დროს მეტად იშვიათი შინაარსის სიზმარი მოუვლინა.
მშვენიერმა ევროპამ სიზმრად ნახა, თითქოს ქვეყნიერების ორ ნაწილს - აზიასა და იმ მხარეს, რომელიც აზიის დასავლეთით იმყოფება, ქალების სახე მიეღოთ და ერთმანეთს ედავებოდნენ, მეფის ასული ვის უნდა მიეკუთვნოსო. ამ მოდავე ქალებს - ერთს თანამემამულე ქალის სახე მიეღო, ხოლო მეორეს კი უცხოელი ქალის სახე.
აზია თანამემამულე ქალის სახით, დაჟინებით უმტკიცებდა თავის მოწინააღმდეგეს: „მეფის მშვენიერი ასული მე მეკუთვნის, იგი მე წარმოვშობე და მე აღვზარდეო.
უცხოელმა ქალმა მძლავრად ჰკრა ხელი თანამემამულე ქალის სახით მოვლენილ აზიას, სასწრაფოდ ჩამოიშორა იგი და მეფის ასული თან წაიყვანა, რადგან ყოვლისშემძლე ღმერთმა ასე მოისურვა.
ევროპას გულის ცახცახით გამოეღვიძა. შიშით შეპყრობილი დაუყოვნებლივ საწოლიდან წამოიჭრა.
ძალზე შეშფოთებული ქალწული დიდხანს , დიდხანს ენაამოუღებლივ იჯდა საწოლზე და ვერ აეხსნა, რას მოასწავებდა ეს სიზმარი. საბრალო ქალწულს სიზმარი სრულის სიცხადით თვალწინ ეხატებოდა, მოდავე ქალების სახეები თვალთაგან არ შორდებოდა, მათი სიტყვები თითქოს ცხადლივ ყურში ეწვეთებოდა.
ბოლოს მოდუნებულის ხმით ევროპამ ერთბაშად წამოიძახა: „რომელმა ღვთაებრივმა არსებამ მომივლინა ეს საკვირველი სიზმარი? ნეტავი ვინ იყო ის უცხოელი ქალი, რომელიც სიზმრად ვნახე? როგორი სიყვარულით, როგორი ალერსით მიზიდავდა იგი თავისკენ! მერე ჩემი მგრძნობიარე გული რატომ ასე მხურვალედ მიისწრაფოდა მისკენ! დეე, ნეტარმა ღმერთებმა ინებონ ამ ჩემი სიზმრის კეთილად შესრულება!“
ამ სიტყვებით მშვენიერი ევროპა გამოვიდა საწოლი ოთახიდან და მოიწვია თავისი მეგობარი ქალები, რომლებთანაც იგი ბავშვობიდანვე ცელქობდა, თამაშობდა, სასეირნოდ დადიოდა, მდინარის ანკარა წყალში ბანაობდა და თვალუწვდენელ გაშლილ ველზე სურნელოვან ყვავილებს ბავშვურის გატაცებით ჰკრეფდა.
მშვენიერი ევროპა და მისი მეგობარი ქალები მცირე ხნის მასლაათის შემდეგ კალათებით ხელში გაემართნენ ზღვის სანაპიროსაკენ, სადაც ისინი ჩვეულებრივ მხიარულად ერთობოდნენ და კალათებში სურნელოვან ყვავილებს აგროვებდნენ.
მშვენიერმა ევროპამ თან წამოიღო ჰეფესტოს მიერ ნაჩუქარი ოქროს კალათა, რომელზეც მხატვრულად ამოკვეთილი იყო ყოვლისშემძლე ზევსის და მისი მშვენიერი იოს სიყვარულის ამბავი.
ახალგაზრდა ქალთა კრებული მხიარულად მოეფინა ზღვის პირას გაშლილ აყვავებულ ველს. ზოგი ჰკრეფდა სურნელოვან ნარგისსა და ჰიაცინტს, ზოგი კი იასა და ქურქუმას.
სილამაზით და სიმშვენიერით გაბრწყინვებული ევროპა თავის მეგობარ ქალებთან ერთად მხიარულად ჰკრეფდა ცეცხლივით ანთებულ ყვავილებს და თავის ოქროს კალათაში აგროვებდა.
მაგრამ მშვენიერ ქალწულს დიდხანს არ დასცალდა დამტკბარიყო ბუნების ასეთი წარმტაცი სიდიადით.
ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი, როგორც კი მან თვალი მოჰკრა ყვავილებით აბიბინებულ ველზე მშვენიერ ევროპას, სიყვარულის ალით აენთო და დაუყოვნებლივ გადაწყვიტა იშვიათი სილამაზის ქალიშვილის მოტაცება.
მაგრამ თავისი ეჭვიანი მეუღლე ჰერა ქალღმერთი რომ არ გაენაწყენებინა და ახალგაზრდა ქალწული ევროპაც არ შეეშფოთებინა, ზევსმა იშვიათი სილამაზის ხარის სახე მიიღო.
ეს მშვენიერი ხარი როდი წააგავდა ჩვეულებრივ ხარს, რომელიც მძიმე უღელს ეწევა და საძოვრებზე საბალახოდაა გაშვებული. ბაჯაღლო ოქროსავით მბრწყინავი
ტანი, შუბლის შუა ადგილას მრგვალი, ვერცხლისფერი ნიშანი და თავზე ლამაზად მომარჯვებული ნამგლისმსგავსი რქები ღვთაებრივ ხარს სილამაზეს ერთიორად მატებდნენ.
ზღვის პირას თავმოყრილმა ქალიშვილებმა, როგორც კი ეს საუცხოო ხარი ყვავილებით ამწვანებულ ველზე დაინახეს, უმალ კისკისით გარშემოერტყნენ, ზურგზე და თავზე ხელებს უცაცუნებდნენ, ეალერსებოდნენ.
ღვთაებრივი ხარი მიუახლოვდა ევროპას და ალერსით შეჰყურებდა სილამაზით გაბრწყინვებულ ქალწულს და მისგან ფეხს არ იცვლიდა. მეფის ასულიც ლმობიერად თავზე ხელს უსვამდა. ზურგზე სიყვარულით ხელებს ავლებდა და ტუჩებზე მომდგარ თეთრ ქაფს უწმენდდა.
ღვთაებრივი ხარი გაწვა მეფის ასულის ფეხთა მახლობლად ყვავილებით აბიბინებულ ველზე, მიუშვირა ქალწულს თავისი ფართო ზურგი და თითქოს თხოვდა შემაჯექ ზურგზე და გავისეირნოთო.
ევროპამ თავის მეგობარ ქალებს, რომლებიც ღვთაებრივი ხარის გარშემო ტრიალებდნენ და მხიარული კისკისით იქაურობას აყრუებდნენ, ამ სიტყვებით მიმართა:
„ჩემო ძვირფასო და საყვარელო მეგობრებო! ხედავთ ამ საუცხოო ხარს, როგორი ალერსით და სიყვარულით შემოგვცქერის! ყოვლისშემძლე ღმერთებს მისთვის ადამიანის გონება მიუნიჭებიათ, ხოლო იგი მეტყველებას რომ არ იყოს მოკლებული, უეჭველია მოგვმართავდა და გვთხოვდა, შემაჯექით ჩემს ფართო ზურგზე და ყვავილებით აბიბინებულ ველზე გაგასეირნებთო!“
ამ სიტყვებით მეფის ასული, მშვენიერი ევროპა, სიცილითა და კისკისით შეახტა ზურგზე ღვთაებრივ ხარს. მეგობარი ქალებიც, ის იყო ევროპას გვერდით უნდა მოსხდომოდნენ, რომ ღვთაებრივი ხარი უმალ წელში გაიმართა, მეფის მშვენიერი ასული ფეხაკრეფით გაიტაცა და ელვის სისწრაფით მიაშურა ზღვის ნაპირს.
საბრალო ევროპა ხელების ქნევით თავის მეგობარ ქალებს მოუწოდებდა და შველას თხოვდა, მაგრამ უკვე გვიანღა იყო. მეგობარი ქალები იმდენად შორს დარჩნენ, რომ მეფის ასულის დახმარებაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.
ღვთაებრივი ხარი, როგორც კი მან ზღვის ნაპირს მიაღწია, ელვის სისწრაფით გადაეშვა ზღვაში და მის აბობოქრებულ ტალღებში შესცურა.
დაინახეს თუ არა ნერეიდებმა ღვთაებრივი ხარი და მის ზურგზე შემჯდარი მშვენიერი ევროპა, უმალ ამოცურდნენ ისინი ზღვის თვალუწვდენელი სიღრმიდან, გარშემოერტყნენ მათ და სამხიარულო ფერხული გამართეს.
ზღვის მპყრობელი ყოვლისშემძლე პოსეიდონი, ტრიტონების უამრავი ჯარით გარშემორტყმული, თვითონ ხელმძღვანელობდა ნერეიდებისაგან შემდგარ სამხიარულო კრებულს და უხიფათო გზას უკვლევდა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში თავის ღვთაებრივ ძმას.
მხიარულების ფერხულში ჩაბმულნი ტრიტონები ბუკსა და ნაღარას უკრავდნენ და საქორწილო ჰიმნებს ტკბილად აჟღერებდნენ.
შიშისაგან აცახცახებულ მშვენიერ ევროპას ცალი ხელი ღვთაებრივი ხარისათვის ჩაევლო, ცალი ხელით კი კაბის კალთებს იწევდა, რომ ზღვის ზვირთებში არ დაესველებია.
საქორწინო მაყრიონმა მიაღწია ზღვის იმ ადგილას, საიდანაც უკვე არ ჩანდა ზღვის ნაპირები. ზემოთ მხოლოდ მაღალი ცა და ქვემოთ ზღვის თვალუწვდენელი სივრცე იშლებოდა ღვთაებრივ მოგზაურთა თვალწინ.
მშვენიერი ევროპას მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. საბრალო ქალწული, საყვარელ სამშობლო მხარეს მოწყვეტილი, უნუგეშოდ იტანჯებოდა და ვერ გამოერკვია, ვის, საით და რა მიზნით მიჰყავდა იგი ზღვის ამ უსასრულო სივრცეში.
და ბოლოს, მწუხარებითა და უნუგეშო სევდით ილაჯგაწყვეტილმა ევროპამ ამ სიტყვებით მიმართა ღვთაებრივ ხარს: „ვინა ხარ, ღვთაებრივო ხარო, და მითხარი საით და რა მიზნით მიგყავარ? რატომ ასე უშიშრად და გაბედულად მიცურავ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში? ზღვა ხომ ხომალდების სასიარულოდაა განკუთვნილი?
ხარებს, საზოგადოდ, ზღვის აბობოქრებული ტალღების ეშინიათ! თუ შენ რომელიმე ღმერთი ხარ, რატომ ჩადიხარ ისეთ საქმეს, რომელიც ღვთაებრივ ძლიერებას სრულიად არ შეეფერება და შეშვენის? აბა, ვის გაუგონია, რომ დელფინები დედამიწაზე მოგზაურობდნენ? შენ კი სრულიად უვნებლად მიცურავ ზღვის აბობოქრებულ ზვირთებში და შენის ფეხებით მედგრად, უშიშრად აპობ ამ თვალუწვდენელ ზღვას!
შენ იქმდეც კი მიაღწევ, რომ სწრაფფრთებიან ფრინველის მსგავსად ცის თვალუწვდენელ სივრცეშიც კი ამაფრენ! ვაგლახ, მე უმწეოსა და უბედურს, რომელმაც სამუდამოდ დავკარგე ჩემი სამშობლო მხარე, სამუდამოდ მოვწყდი ჩემი ძვირფასი და საყვარელი დედ–მამის მშობლიურ ალერსს! ვაგლახ მე, ზღვებისა და წყლების ყოვლისშემძლე მბრძანებელო! მე, ერთ წუთსაც არ ვეჭვობ, რომ ღმერთების ნება-სურვილით ვმოგზაურობ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში!“
ღვთაებრივმა მშვენიერმა რქიანმა ხარმა ასე უპასუხა თვალცრემლიან მშვენიერ ევროპას: „მშვენიერო მეფის ასულო, ჩემო ძვირფასო ევროპავ, გულს მწუხარებითა და სევდით ნუ შეიშფოთებ! დამშვიდდი! დამშვიდდი, ზღვის აბობოქრებული ტალღების ნუ გეშინია! მე ყოვლისშემძლე ღმერთი ზევსი ვარ, მხოლოდ ხარის სახე მაქვს მიღებული, მე ყოველგვარი სახის მიღება შემიძლია.
შენდამი სიყვარულმა მაიძულა ხარის სახე მიმეღო და ზღვის ტალღებში გამეკვლია გზა. შენთვის ახალ სამშობლოდ მე დავსახე კუნძული კრეტა, სწორედ ის ადგილი, სადაც ჩემი ღვთაებრივი აკვანი ჩემდა საკეთილდღეოდ ოდესღაც ირწეოდა.
მშვენიერი ეს კუნძული სიხარულით და სიამოვნებით მიგიღებს. ამ კუნძულზე აგიგებ საუკეთესო სასახლეს, სადაც შენ წარმოშობ დიდებულსა და სახელოვან შვილებს, სკიპტრამპყრობელ მეფეებს, რომლებიც დიდხანს, დიდხანს იმეფებენ თავის მშობელი დედისა და ღვთაებრივი მამის სასახელოდ და სადიდებლად!’
ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა თავისი ღვთაებრივი დაპირება მართლაც ღირსეულად შეასრულა.
მშვენიერ ევროპას კრეტას თვალწარმტაც კუნძულზე ზევსისაგან შეეძინა სამი ვაჟიშვილი: მინოსი, რადამანთი და სარპედონი. მათ უდიდესი მეფეების სახელი მოიხვეჭეს და დიდხანს და დიდხანს ბედნიერად განაგებდნენ სახელმწიფო საქმეებს თავის საყვარელი მშობელი დედის ევროპისა და ყოვლისშემძლე ზევსის სასახელოდ და სადიდებლად.