მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 715 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ევრიპიდე - „იონი“

 

ათენის ძლევამოსილი მეფის ერეხთევსის მშვენიერ ასულს კრეუზას აპოლონ ღმერთისაგან შეეძინა ვაჟიშვილი. კრეუზა ერთხანს ახალშეძენილ ვაჟს მშობლების ოჯახში მალულად ინახავდა, მაგრამ რაც უფრო და უფრო იზრდებოდა ბავშვი, მისი ფარულად შენახვა ისე, რომ მშობლებს არა გაეგოთ რა, ყოვლად შეუძლებელი ხდებოდა.

ბოლოს და ბოლოს კრეუზამ თავისი საყვარელი პირმშო შვილი სხვა, უფრო მოხერხებულ ადგილას გადაიყვანა. მოსიყვარულე დედამ ბავშვი ფრთხილად შეახვია თბილ საბანში, გააწყო მშვენივრად კალათი, რომელშიც ჩაალაგა რამდენიმე ძვირფასი ნივთი, ჩააწვინა შიგ ბავშვი და ამრიგად გამზადებული კალათი ერთგულ მოსამსახურე ქალს დაადგმევინა ათენის ჩრდილოეთის მთების კალთებზე, იქ, სადაც საძოვრების ღმერთ პანის მღვიმე იყო გამოკვეთილი.

კრეუზა ღრმად დარწმუნებული იყო, რომ აპოლონ ღმერთი თავის ღვიძლ შვილს არ მოიძულებდა და მის აღსაზრდელად საჭირო ზომებს მიიღბდა. მართლაც, აპოლონ ღმერთმა დაუყოვნებლივ მოიწვია თავისი ძმა ჰერმესი და შემდეგი თხოვნით მიმართა: „ჩემო ძვირფასო ძმაო! გთხოვ დაუყოვნებლივ დაეშვა დედამიწაზე და პანის მღვიმედან დელფოში გადმოიტანო კალათი, რომელშიც ჩაწვენილია ამჟამად ძუძუმწოვარი ბავშვი. კალათი დელფოს ტაძრის შესავალ კარებთან დადგი, ბავშვის შემდგომი აღზრდისათვის მე თვითონ ვიზრუნებ. იცოდე, რომ ეს ბავშვი ჩემი შვილია!“

ჰერმესმა იმავე ღამეს გადმოიტანა პანის მღვიმედან კალათი, რომელშიაც კრეუზამ ასე მზრუნველობით ჩააწვინა თავისი ღვთაებრივი ვაჟი, დადგა იგი დელფოს ტაძრის შესავალ კარებთან, კალათს თავი გადახადა და თვითონ კი უმალ ოლიმპოს მწვერვალზე დაბრუნდა.

მეორე დილით, როცა ტაძრის ქურუმმა ქალმა გულთამხილავმა პითიამ ტაძრის შესავალ კარებთან კალათაში ჩაწვენილი ჩვილი ბავშვი დაინახა, გადაწყვიტა, უთუოდ ეს ბავშვი არა კეთილის განზრახვითაა მოყვანილიო და, მისი თავიდან მოშორება განიზრახა.

მაგრამ პითიამ აპოლონ ღმერთის შთაგონებით ეს განზრახვა გადაიფიქრა და ბავშვისადმი სიბრალულით გამსჭვალულმა აიყვანა იგი და მისი მოვლა-პატრონობა იკისრა.

ბავშვი პითიას მზრუნველობით აპოლონ ღმერთის ტაძარში იზრდებოდა და რაც უფრო და უფრო ვაჟკაცდებოდა, ტაძრის ყველა მსახურის ყურადღებას უნებლიეთ იქცევდა თავისი გამჭრიახობით, გონებამახვილობით, ბეჯითობითა და თავაზიანობით.

როცა ყმაწვილი უკვე დაჭაბუკდა, დელფოს ტაძრის მსახურებმა ტაძრის გასაღები ჩააბარეს და აპოლონ ღმერთის ტაძრის მუდმივ მსახურად დანიშნეს.

ამ დღიდან ყმაწვილი ტაძრის საცხოვრებელ ბინაში დასახლდა და თავის მოვალეობას ტაძრის დასუფთავებისა და გამშვენიერების საქმეში ბეჯითად და პირნათლად ასრულებდა. ყველა კმაყოფილი იყო ყმაწვილის კეთილსინდისიერი მუშაობით, ყველა, განუსაზღვრელად, პატივსა სცემდა, ყველას გულწრფელად უყვარდა.

სწორედ ამ ხანებში თესალიიდან ატიკაში გადმოსახლდა ეოლოსის ვაჟიშვილი ქსუთოსი, რომელმაც დიდი დახმარება აღმოუჩინა ათენის მეფეს ერეხთევსს, როცა იგი ევბეელების წინააღმდეგ ომს აწარმოებდა.

მეფე ერეხთევსმა ამ დიდი დახმარებისათვის ქსუთოსს თავისი საყვარელი ასული, მშვენიერი კრეუზა მიათხოვა. ქსუთოსი და კრეუზა დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთადერთი, რაც აწუხებდა და სიცოცხლეს უწამლავდა მათ, ეს იყო უშვილობა.

ღმერთების მოშიშარმა კრეუზამ და მეუღლე ქსუთოსმა გადაწყვიტეს დელფოში წასულიყვნენ და აპოლონ ღმერთისათვის ლოცვა და ვედრება აღევლინათ, რათა ყოვლადმოწყალე ღმერთს ისინი შვილით დაესაჩუქრებია და ამრიგად ათენის სამეფო ტახტი სხვა გვარეულობის შთამომავლობაზე არ გადასულიყო.

აპოლონ ღმერთის ახალდანიშნული კეთილმსახური ყმაწვილი, სანამ ყოველდღიურ საქმიანობას შეუდგებოდა, ცისკენ ხელებს აღაპყრობდა და ყოვლისშემძლე ღმერთებს აქებდა და ადიდებდა:

„ყოვლისშემძლე ჰელიოს! როგორც კი ფეხმალი ცხენებით შებმული შენი ოქროს ეტლი დედამიწას თავს წამოადგება, ღამის წყვდიადი იფანტება და მოკაშკაშე ვარსკვლავები ცის თვალუწვდენელ სივრცეში უხილავად ჰქრებიან. პარნასის მაღალ მწვერვალს მოახლოებული დღის სხივები უხვად ეფინება. ამომავალი დიდებული მზის შუქი გულს უთბობს და ხალხს სიხარულს და მხნეობას ჰმატებს. მზით გამთბარ ზმირნის კეთილსურნელება წვდება დელფოს მაღალ მთაგრეხილებს, სადაც ღვთაებრივ ტახტზე ზის ქურუმი ქალი პითია, რომელიც ელინთა ხალხს ამცნობს მოწყალე აპოლონ ღმერთის ნება-სურვილს.

ყოვლისშემძლე დიდებულო ღმერთო აპოლონ! ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, რომ განგებამ მარგუნა შენს საღვთო ტაძარში სამსახური! სანამ ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგია, ამ სანაქებო სამსახურს თავს არ დავანებებ და კეთილსინდისიერად ვემსახურები იმ დიად საქმეს, რომელიც შენის წყალობით ელინთა ხალხს მომავლის იმედს გულში უნერგავს და სწორსა და საიმედო გზას უკვლევს!

გაქებ და გადიდებ, დიდებულო აპოლონ, ჩემო გულკეთილო აღმზრდელო მამავ! გაიხარე და კვლავ გაიხარე, ყოვლისშემძლე ზევსისა და ღვთაებრივი ლატონას ღირსეულო შვილო! დედამიწის ზურგზე მთელი ხალხი გულწრფელად შენ გადიდებს, და ჭეშმარიტად ღირსიც ხარ ასეთი დიდებისა!“

ასეთი საგალობელით აქებდა და ადიდებდა აპოლონ ღმერთის ტაძრის მსახური ყმაწვილი ყოველ ცისმარე დღეს ყოვლისშემძლე ღმერთებს, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა ჩვეულებრივ ყოველდღიურ საქმიანობას.

ყმაწვილი გვირგვინებსა და დაფნის ფოთლებს მოხდენილად ჩამოკიდებდა ტაძრის მაღალსა და მშვენიერ სვეტებზე, ნაკურთხი წყლით ტაძრის იატაკს ასხურებდა, ჰგვიდა ტაძრის მთელ არემარეს დაფნის შტოებისაგან დაწნული ცოცხით, ტაძრის ოქროს სახურავზე შემომჯდარ მტრედებს აფრთხობდა და სხვა ამგვარ საჭირო საქმეს გულმოდგინედ ეწეოდა.

ერთ დილით, ყმაწვილს თავისი ყოველდღიური საქმიანობა ჯერ კიდევ არ მოეთავებინა, იგი ხედავს მშვენიერს, დიდებული სახის გამომეტყველ მანდილოსანს, რომელიც მოსამსახურე ქალების თანხლებით ტაძარს უახლოვდებოდა.

ტაძრის კეთილმსახურ ყმაწვილის განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა მან დაინახა დიადი გამომეტყველების სახის მანდილოსანი, რომელიც ცხარე ცრემლებს ღვრიდა. ნაცვლად იმისა, რომ სიხარულით შესულიყო ყოვლადმოწყალე აპოლონ ღმერთის ტაძარში, იგი განუსაზღვრელ მწუხარებას მისცემოდა და მწარედ იტანჯებოდა.

ყმაწვილი ტაძრის შესავალ კარებთან მიეგება მწუხარებით შეპყრობილ მანდილოსანს და მოკრძალებით შეეკითხა, ვინა ხართ, რომელი ქვეყნიდან მოსულხართ და რა არის მიზეზი თქვენი ესოდენ უნუგეშო მწუხარებისა.

კრეუზამ აპოლონ ღმერთის ტაძრის კეთილმსახურ ყმაწვილსს ასე უპასუხა: „კეთილმსახურო! მე ათენის დიდებული მეფის ერეხთევსის ასული ვარ. ჩემი მეუღლე ქსუთოსი, რომელიც ამჟამად ათენაში მეფობს, თესალიიდანაა გადმოსახლებული. რაკი ჩვენ უშვილონი ვართ, ამიტომ მოვედი დელფოში და ყოვლისშემძლე აპოლონ ღმერთს ლოცვითა და ვედრებით მუხლმოდრეკილი უნდა შევთხოვო, რათა მან კეთილი ინებოს და შვილით დაგვასაჩუქროს. თუ ყოვლადმოწყალე აპოლონ ღმერთი ჩვენს მხურვალე ვედრებას შეიწყნარებს, ათენის სამეფო ტახტი სხვა გვარეულობის შთამომავლობაზე არ გადავა და ამრიგად ჩვენი დიდი ხნის გულითადი სურვილი კეთილად შეგვისრულდება“.

საბრალო კრეუზამ აპოლონ ღმერთის ტაძრის კეთილმსახურ ყმაწვილს დაუმალა თავისი უნუგეშო მწუხარების ნამდვილი მიზეზი.

კრეუზამ დაუმალა ყმაწვილს აპოლონ ღმერთსა და მათ შორის არსებული კავშირი, დაუმალა ისიც, თუ როგორ სამუდამოდ ჩამოაშორა აპოლონ ღმერთისაგან შეძენილი შვილი, რომელიც, ვინ იცის, იქნებ სადმე უპატრონოდ დაიღუპა. 

საბრალო კრეუზამ ქარაგმულად განუმარტა ტაძრის მსახურს თავისი უსაზღვრო მწუხარების ამბავი: „ერთი ჩემი მეგობარი ქალი აპოლონ ღმერთმა თავისი სიყვარულით გააბედნიერა, მაგრამ სულ მოკლე ხანში ყოვლისშემძლე აპოლონ ღმერთს სიყვარული გაუგრილდა და თავისი სატრფიალო მოკვდავი ქალი დატოვა.

ყოვლისშემძლე ღმერთისაგან შეძენილი ვაჟი ჩემმა მეგობარმა ქალმა თავიდან მოიშორა და დღესაც არ იცის, ცოცხალია იგი თუ მკვდარი. აი, სწორედ მე მინდა ჩემ საკუთარ თხოვნასთან დაკავშირებით შევეკითხო აპოლონ ღმერთს ამ უბედური ჩემი მეგობრის შესახებაც. კეთილო ყმაწვილო, ჩემი მეგობარი ქალის ვაჟი ამჟამად შენი ხნის იქნებოდა, რომ იგი სადმე კიდევ ცოცხალი მოიპოვებოდეს. ჭეშმარიტად ბედნიერია ის დედა, რომელმაც შენ გშობა და აღგზარდა!“

ტაძრის კეთილმა მსახურმა ასე უპასუხა მწუხარებით აცრემლებულ კრეუზას:

„დედა არა მყავს და არც ვიცი მამაჩემი ვინ არის, ვინ მომიყვანა ამ ტაძარში, ეს დღესაც ჩემთვის საიდუმლოებაა. ვიცი მხოლოდ, რომ ტაძრის ქურუმმა ქალმა აღმზარდა და, აი დღესდღეობით ღმერთის ამ ტაძარს გულმოდგინედ ვემსახურები და ეს სამსახური კვლავაც მსურს განვაგრძო!“

„როგორ მეცოდები, ჩემო კეთილო მეგობარო! - ჩაურთო სიტყვა კრეუზამ: რა რიგ წააგავს შენი ბედი ჩემი მეგობრის ბედს! შენ სწუხარ და გადარდებს, დედა არა მყავსო, ჩემი მეგობარი ქალი კი სწუხს, პირმშო შვილი დავკარგეო და, შესაძლებელია, სამუდამოდაც კი!“

ასეთ ბაასში იყო კრეუზა, როდესაც დაინახა მომავალი ქსუთოსი, იგი დაბრუნებულიყო ბეოტიიდან. აქ ტროფონის მისნისაგან მას უნდა მიეღო პასუხი, თუ რამდენად შეწყნარებული იქნებოდა მათი თხოვნა. მისანმა სრული პასუხი არ მისცა, - აუწყა მხოლოდ, რომ ქსუთოსი და კრეუზა დელფოდან უშვილოდ არ დაბრუნდებიანო.

აპოლონ ღმერთის ტაძრის ახალგაზრდა მსახურის დაჟინებითი თხოვნით ქსუთოსი შევიდა ტაძრის შინაგან საკურთხეველში, რომ პითიასაგან შეეტყო აპოლონ ღმერთის გადაწყვეტილება შვილის ჩუქების შესახებ.

კრეუზა ამ დროს, დაფნის გვირგვინებით მორთული, აპოლონ ღმერთის ტაძრის მოშორებულ საკურთხეველში შევიდა და გულმხურვალედ ლოცულობდა, რათა ყოვლისშემძლე ღმერთს მისი მეუღლისათვის საკეთილო პასუხი მიეცა. ახალგაზრდა მსახური კი გულმოდგინედ განაგრძობდა თავის ჩვეულებრივ საქმიანობას ტაძრის კარიბჭესთან.

ამ დროს გაიღო კარები და საკურთხევლიდან გაბრწყინვებული სახით გამოვიდა ქსუთოსი. როგორც კი ქსუთოსმა დაინახა მის შესახვედრად მომავალი ტაძრის ახალგაზრდა მსახური, იგი სასწრაფოდ მიიჭრა მსახურთან, სიხარულით გულში მაგრად ჩაიკრა და თავის შვილად გამოაცხადა.

მსახურს ეგონა, რომ ქსუთოსი ჭკუაზე შეირყაო, და თავიდან მოშორებას ცდილობდა, მაგრამ მოხუცი არ ეშვებოდა და კიდევ უფრო მხურვალედ იკრავდა გულში.

„თვითონ მოწყალე ღმერთმა კეთილი ინება, შენი თავი შვილად მაჩუქა! ყოვლადმოწყალე ღმერთმა გამომიცხადა, საკურთხევლიდან როგორც კი გახვალ, შვილს შეხვდებიო. ღმერთების სურვილსა და ბრძანებას, შვილო, უნდა დაემორჩილო და მამად შემიცნო!"

ყმაწვილმა მცირედი დაფიქრების შემდეგ მხიარულად უპასუხა მოხუცს:

„ღმერთების სურვილსა და ბრძანებას რომ არ დავემორჩილო, ყოვლად დაუშვებელი და შეუწყნარებელია! ამიტომ მოგესალმები და მხურვალედ გკოცნით როგორც ჩემს საკუთარ მამას!"

ქსუთოსი და ტაძრის ახალგაზრდა ყმაწვილი დიდხანს და დიდხანს ერთიმეორეს მხურვალედ ეხვეოდნენ და სიხარულით გულამოსკვნით ქვითინებდნენ და ქვითინებდნენ.

ქსუთოსი შიშობდა, შესაძლებელია კრეუზამ ყმაწვილს, რომელსაც იონი (შესახვედრად მომავალი) უწოდა სახელად, ეჭვის თვალით შეხედოს და იფიქროს, იგი სხვა ქალისაგან შეძენილი მყავსო, ამიტომ წინდახედულმა მოხუცმა გადაწყვიტა ამჟამად შვილად აღიარებული ყმაწვილი სასახლეში უცხო პირის სახით შემოეყვანა. ქსუთოსი დარწმუნებული იყო, რომ კრეუზა, შემდგომში ყმაწვილს ერთგვარად შეეჩვეოდა და კიდევაც შეიყვარებდა, ამიტომ ყმაწვილის შვილად აღიარება და მისი სამეფო ტახტის მემკვიდრედ გამოცხადება სულ ადვილად მოსახერხებელი შეიქნებოდა.

ქსუთოსმა და იონმა ამ ბედნიერი დღის აღსანიშნავად გადაწყვიტეს გაემართათ ბრწყინვალე ნადიმი, რომელზეც უნდა მოეპატიჟნათ დელფოს წარჩინებული მოქალაქენი. ბედნიერმა მამამ და შვილმა შიკრიკები დაგზავნეს დელფელების მოსაპატიჟებლად.

კრეუზა კი ამ დროს თავისი ერთგული მხევლის თანხლებით ბრუნდებოდა აპოლონ ღმერთის საკურთხევლიდან და სრულიად არაფერი არ იცოდა ქსუთოსსა და ტაძრის ახალგაზრდა მსახურს შორის მომხდარ ამბის შესახებ.

კრეუზას მხევლები მოწამენი იყვნენ იმისა, თუ რა პირობებში იშვილა ქსუთოსმა იონი, და დედოფალს გაუმჟღავნეს ის საიდუმლოება, რომელიც ქსუთოსის ვარაუდით კრეუზას მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ უნდა შეეტყო.

მხევლებმა კი ასე განუმარტეს კრეუზას ტაძარში მომხდარი ამბავი: „შენმა მეუღლემ, ძვირფასო ჩვენო დედოფალო, აი ესაა იშვილა აპოლონ ღმერთის ტაძრის ახალგაზრდა მსახური. ეს ახალგაზრდა მსახური უეჭველია სხვა ქალისაგან შეძენილი ქსუთოსის შვილია.

აი, ეს ვიღაც უთვისტომო, ვიღაც უცხოელი უნდა დაეუფლოს დიდებული ერეხთევსის სამეფო ტახტს და მეფის პირდაპირი მემკვიდრე, ჩვენი ძვირფასი და საყვარელი დედოფალი კი, ყველასგან მოძულებული, ყოველგვარ უფლებააყრილი, თავის საკუთარ სასახლეში საცოდავად უნდა ატარებდეს თავის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს! ეს ყოვლად დაუშვებელი და შეუწყნარებელია!

გთხოვთ, ჩვენო საყვარელო და გონებიდან განუშორებელო დედოფალო, მიიღოთ ზომები, ტახტის უღირსმა მემკვიდრემ შენს სასახლეში ფეხი არ შემოდგას, უკანასკნელი შენი დღენი არ გაგიმწაროს და შემდგომ ათენელებს მეფის სახით არ მოევლინოს! ჩვენ, ძვირფასო დედოფალო, შენს ერთგულ და შენთვის თავდადებულ მხევლებს, ყოვლად დაუშვებლად, ყოვლად შეუწყნარებლად მიგვაჩნია ვიღაც ნაშვილევის სასახლეში შემოყვანა და ასეთი უმაგალითო წარჩინების მინიჭება!“

დედოფალ კრეუზას მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, იგი სულიერად და ხორციელად იტანჯებოდა და გეგმებს აწყობდა ტახტის უღირსი მემკვიდრე, რადაც უნდა დაჯდომოდა, თავიდან მოეშორებინა და სასახლეში არ შემოეყვანა ნაშვილევის სახით.

საცოდავი კრეუზა მხევლებსა და დაახლოებულ პირებს რჩევას ეკითხებოდა და ყველას გულმხურვალედ დახმარებას თხოვდა.

მეფე ერეხთევსის მოხუცმა ერთგულმა მსახურმა დედოფალს ურჩია განზრახულ ნადიმზე ქსუთოსის მიერ ნაშვილევის სასიკვდილოდ მოწამვლა. კრეუზამ თავისი ერთგული მოხუცი მსახურის წინადადება სავსებით მოიწონა და მისი წინადადების სისრულეში მოყვანა მასვე მიანდო.

ქსუთოსი, სწორედ იმ დროს, როცა საზეიმო ნადიმი უნდა გადაეხადათ, პარნასის მაღალ მწვერვალზე აპოლონ ღმერთსა და დიონისე ღმერთს სამადლობელ მსხვერპლს წირავდა შვილის ჩუქებისათვის. იონი კი საზეიმო ნადიმის გადახდის თადარიგს იჭერდა.

მაღალ და ლამაზ სვეტებზე იონმა გამართა მშვენიერი ფარდულები, რომელთა იატაკი და კედლები ძვირფასი ქსოვილებითა და ფასდაუდებელი ხალიჩებით მოფინა.

დელფოს მთელი მოსახლეობა შეიკრიბა იონის მიერ ბრწყინვალედ მოწყობილ ნადიმზე. მსახურებს ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლებით გამოჰქონდათ ნაირ-ნაირი საჭმელები და სასმელები. სტუმრები მხიარულად შეექცეოდნენ ნუგბარ საჭმელებს და ოქროს თასებით ტკბილ ღვინოს. გაჩაღდა ბრწყინვალე ზეიმი. კითარის ნაზი და საამური ხმა მხიარულ სტუმრებს გულში ღრმად წვდებოდა და ერთიორად კიდევ უფრო ამხიარულებდა.

სწორედ იმ დროს, როცა სტუმრებმა სადილი დაამთავრეს და ღმერთების სადიდებლად თასები ტკბილი ღვინით უნდა გაევსოთ, საზეიმო ნადიმზე შემოვიდა მეფე ერეხთევსის მოხუცი მსახური, რომელმაც თავისი გამჭრიახობით, მოქნილობით, ალერსიანი და მოსწრებული სიტყვებით სტუმრების საერთო ყურადღება მიიქცია.

თვალთმაქცი მსახური თითოეულ სტუმარს ღიმილით თავაზობდა ღვინით ავსებულ ოქროსს თასს, თამბაქოს მოსაკიდებელ ცეცხლს, ჯარასავით დასტრიალებდა სტუმრებს თავს და ყველგან სიცოცხლე და მხიარულება შეჰქონდა.

დაბოლოს, როცა ღვინით სავსე თასები ყველას ჩამოურიგა, ერთი ლამაზი ოქროს პატარა თასი თავაზიან მასპინძელს იონს შესთავაზა, მაგრამ, სწორედ იმ დროს, როცა სტუმრებს თასებით ღვინო უნდა შეესვათ, ერთ-ერთ მსახურ მონას ღმერთების საგმობი სიტყვა წასცდა პირიდან.

იონმა ეს ღმერთების საგმობი სიტყვა ცუდ ნიშნად მიიჩნია და ღვინო თავის ოქროს თასიდან იატაკზე დააქცია. აპოლონ ღმერთის ტაძრის ყოფილმა მსახურმა, ახალგაზრდა იონმა სტუმრებსაც წინადადება მისცა მისი მაგალითისათვის მიებაძათ.

თავაზიანმა სტუმრებმა ენაშეუბრუნებლად შეასრულეს მასპინძლის წინადადება და ოქროს თასებიდან ღვინო იატაკზე გადმოღვარეს. ამ დროს საზეიმოდ გამართულ ფარდულში ანაზდად შემოფრინდნენ აპოლონ ღმერთის ტაძრისათვის შეწირული მტრედები.

მტრედები იატაკზე დაღვრილ ტკბილ ღვინოს დაეწაფნენ ხარბად, მოიკლეს წყურვილი და სრულიად უვნებლად გაფრინდნენ ფარდულიდან, ხოლო ის მტრედი, რომელიც იონის მახლობლად ღვინის სმას დაეწაფა, უეცრივ ფეხებისა და ფრთების ფართხალით საზარლად აჩხრიფინდა, საცოდავად თავი განზე მოიგრიხა და სამუდამოდ იქვე სული დალია.

ამ სურათის დანახვაზე იონი სწრაფად წამოიჭრა ადგილიდან და მრისხანედ შეჰყვირა: - „ვინ გაბედა ჩემი სასიკვდილოდ გამეტება? მოხუცო, ეს ოქროს თასი შენ დამიდგი წინ და უეჭველად შენვე გეცოდინება, ვინ და რა მიზნით განიზრახა ჩემი მოწამვლა? დაუყოვნებლივ გამოტყდი, თორემ სასტიკად დაგსჯი!“

მოხუცმა დიდხანს იუარა, დანაშაული არ მიმიძღვისო, მაგრამ ბოლოს მაინც გამოტყდა და იონს მოახსენა, ღვინოში საწამლავი კრეუზას დავალებით ჩავასხიო.

იონმა დაუყოვნებლივ შეკრიბა უხუცესთა მსაჯულები, იგი ბრალსა სდებდა მეფე ერეხთევსის ასულს კრეუზას მკვლელობის განზრახვაში.

მსაჯულებმა, მიიღეს რა მხედველობაში, რომ მეფე ერეხთევსის ასულმა, უცხოელმა ქალმა განიზრახა მოეკლა აპოლონ ღმერთის ყოფილი მსახური და ეს თავისი დანაშაულებრივი განზრახვა შეეცადა სისრულეში მოეყვანა აპოლონ ღმერთის საკურთხევლის მახლობელ ადგილას, ერთხმად დაადგინეს დედოფალი კრეუზა ქვებით სასიკვდილოდ ჩაექოლათ.

უხუცესთა მსაჯულების ეს განაჩენი დელფელებმა ერთხმად მოიწონეს და ყველანი კრეუზას ძებნას შეუდგნენ, რომ განაჩენი, რაც შეიძლება, სწრაფად მოეყვანათ სისრულეში.

კრეუზა კი ამ დროს აპოლონ ღმერთის ერთ–ერთ საკურთხეველში იმალებოდა და შიშითა და მღელვარებით მოელოდა თავისი ერთგული მსახურის დაბრუნებას და სასიხარულო ამბავს, იონის სასიკვდილოდ მოწამვლის შესახებ.

იონმა საკურთხეველში მიაკვლია კრეუზას და ხმალამოღებული მიიჭრა მასთან, მაგრამ ამ დროს ტაძრიდან გამოდიოდა ქურუმი ქალი პითია, რომელმაც თავისი აღზრდილი, ტაძრის ყოფილი მსახური შეაჩერა.

პითიამ თავის აღზრდილს ასეთი ალერსიანი სიტყვებით მიმართა: „ჩემო კეთილო ტაძრის მსახურო! ამდენ ხანს ყოვლად მოწყალე აპოლონ ღმერთის სურვილი იყო შენ ჩვენთან ერთად ამ ტაძარში გემსახურნა, ამიტომ ამ კალათს, რომლიდანაც შენ ჩვილი ბავშვი ამოგიყვანე, ტაძარში ვინახავდი. მაგრამ, როცა ახლა ყოვლადმოწყალე აპოლონ ღმერთმა შენ მამა აღმოგიჩინა და დადგა დრო, რომ შენ მამასთან ერთად ათენში გაემგზავრო და აპოლონ ღმერთის ტაძარი დატოვო, ეს კალათი შენვე უნდა დაგიბრუნო. ამ კალათის საშუალებით შენ შეგიძლია შენი მშობელი დედა მოსძებნო!“

სიხარულით ჩამოართვა ტაძრის ყოფილმა მსახურმა თავის საყვარელ აღმზრდელს ყვავილებითა და თაიგულებით შემკული კალათი იმ სრულის იმედით, რომ ამ კალათის საშუალებით თავის საყვარელ დედას მოძებნიდა. მაგრამ სულ მალე ყმაწვილის არსება ბნელმა აზრებმა მოიცვა.

საყვარელმა აღმზრდელმა უწინასწარმეტყველა, რომ ამ კალათის საშუალებით მშობელ დედას მოძებნიო. მაგრამ რა საშინელებაა ეს წინასწარმეტყველება!..

„დედა, რომელმაც იგი ბავშვობიდანვე დატოვა, დედა, რომელმაც თავისი ღვიძლი შვილი თავიდან მოიშორა და თავისი ძუძუებით ტკბილი რძე არ აწოვა, დედა, რომელმაც თავისი საყვარელი პირმშო სხვის ანაბრად დატოვა და დედობრივი ტკბილი ალერსი მოაკლო, განა ასეთი დედა ღირსია, რომ შვილმა მოძებნოს, თავის საყვარელ დედად აღიაროს! განა უმჯობესი არ იქნება, რომ ასეთი დედა სრულიად დაივიწყოს და მის მოსაძებნად არც კი იზრუნოს?!“

ასეთი გულისდამწველი ფიქრები უწამლავდა ახალგაზრდა მსახურს მთელ არსებას და საბრალომ არ იცოდა, რა გზას დადგომოდა.

ბევრი ფიქრისა და ბჭობის შემდეგ იონმა ყოვლადმოწყალე აპოლონ ღმერთის სურვილის შეუსრულებლობა დაუშვებლად მიიჩნია და ბოლოს კიდევაც გადაწყვიტა მშობელი დედის ძებნას შედგომოდა. 

„ყოვლადმოწყალე აპოლონ ღმერთს სურს მშობელი დედა დამიბრუნოს და მეც მოვალე ვარ ასეთ სურვილს ხმაამოუღებლივ დავემორჩილო!“ გადაჭრით წარმოთქვა იონმა და კალათიდან ნივთების ამოლაგებას შეუდგა.

კრეუზა სწორედ იმ დროს, როცა პითიამ ტაძრის ახალგაზრდა მსახურს კალათი გადასცა, საკურთხევლის წინ იდგა და მათ ლაპარაკს ყურს უგდებდა. გახარებული კრეუზა შეშლილივით გაექანა თავისი საყვარელი შვილისაკენ.

„დაიჭირეთ! დაიჭირეთ! – შეჰკივლა აპოლონ ღმერთის ტაძრის ყოფილმა მსახურმა. - გაქცევას აპირებს!“

მაგრამ სიხარულისაგან გონებადაკარგული კრეუზა უკვე იკრავდა გულ-მკერდში თავის ამდენ ხანს დაკარგულ საყვარელ შვილს და სიხარულის ცრემლების ფრქვევით მხურვალედ კოცნიდა და კოცნიდა თავის პირმშოს.

„ეს რა ამბავია? - კვლავ გაჰყვირის იონი: ხედავთ, დამნაშავეს, რომელსაც სიკვდილით დასჯა მოელის, ახლა ჩემს შეპყრობას აპირებს!“

„არა, შვილო, შენ ვერ გაიგე, რას ჩავდივარ მე! აი, ამ სანეტარო წუთს მე ვიპოვე ჩემი საყვარელი შვილი! შენ ჩემი ძვირფასი, ჩემი ფასდაუდებელი საუნჯე ხარ!“ - სიხარულის ცრემლების ღაპაღუპით ეხმატკბილება ბედნიერი დედა ასე ანაზდეულად ნაპოვნ თავის პირმშოს.

„სტყუი, სტყუი, მატყუარა და თვალთმაქცო ქალო! ნუთუ მართლა ფიქრობ შეცდომაში შემიყვანო და სასჯელს თავი დააღწიო!’ - მრისხანედ შეუყვირა კრეუზას იონმა.

„არა, ჩემო საყვარელო შვილო, შენ ცდები! ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად შენ შეგიძლია ჩემს მაგივრად ეს კალათი აალაპარაკო! ახადე თავი კალათას და შემეკითხე აბა რა არის ამ კალათაში ჩალაგებული, ყველაფერს სისწორით გეტყვი!

კალათაში შენ ნახავ ჯერ კიდევ სრულიად მოუთავებელ ქსოვილს, რომელიც შუაგულში ჩემს მიერ მოქარგულია გორგონის გამოხატულებით. გორგონის ირგვლივ ამოქარგულია გველების სახეები. კალათაში შენ დაინახავ ქალღმერთ ათენას მიერ ნაჩუქარ ოქროს ორ პატარა გველეშაპს. ეს არის ახალდაბადებული ბავშვის ყელსამკაული. აქვე დაინახავ ათენის აკროპოლისზე აღმოცენებულ ზეთის ხის ტოტებისაგან დაწნულ გვირგვინს. ეს ტოტები მოტეხილია ათენა პალადას იმ ზეთის ხისგან, რომელიც მუდამ ჟამს ჰყვავის, არასოდეს არ ჭკნება!“

იონმა, როცა ყოველივე ეს თავისი საკუთარი თვალით შეამოწმა და სწორი აღმოჩნდა, სიხარულით ერთი ხმამაღლად შეჰყვირა: „ჩემო, ძვირფასო, ჩემო დღემდე უნახავო, საყვარელო დედა!“ და ელვის სისწრაფით ყელზე შემოეჭდო თავის ბედნიერ დედას.

კრეუზამ ახლა კი თავის საყვარელ შვილს გულახდილად გაუმჟღავნა, რომ მამამისი აპოლონ ღმერთია და არა ქსუთოსი.

კრეუზა, ქსუთოსი და იონი სიხარულით აღსავსენი გაემგზავრნენ ათენში, სადაც ტახტის ნამდვილი მემკვიდრე იონი დაუყოვნებლივ მეფედ იქნა გამოცხადებული. მშვიდად, წყნარად და გონივრულად განაგებდა იონი ათენის სამეფო ტახტს.

ხალხი დიდად პატივსა სცემდა თავის მიწიერ მეფეს და ნიშნად ამ პატივისცემისა ელინთა ერთ-ერთ ძლევამოსილ ტომს იონელების სახელწოდება მიენიჭა. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ