ოვიდიუს ნაზონი - „მეტამორფოზები“
სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთ აფროდიტეს შეუყვარდა კვიპროსის უფლისწული ადონისი, უმშვენიერესი ჭაბუკი, რომელსაც სილამაზით ვერც ერთი მოკვდავი ვერ შეედრებოდა, რომელიც თვით ოლიმპელ ღმერთებზე ულამაზესი იყო.
აფროდიტეს თავდავიწყებით უყვარდა ადონისი. თვით ნათელმოსილი ოლიმპიც კი ანაცვალა მან ადონისს. სულ მასთან იყო, მასთან ერთად დადიოდა სანადიროდ კვიპროსის მთებსა და ტყეებში, ვით ნადირობის ქალღმერთი არტემიდე.
აღარ ახსოვდა და არარად თვლიდა აფროდიტე თავის ოქროს სამკაულებს, თავის მომხიბლავ სილამაზეს. მცხუნვარე მზეში ნადირობდა იგი კურდღლებზე, მშიშარა ირმებსა და ქურციკებზე. მრისხანე ლომებსა და გარეულ ტახებზე ნადირობას კი თავს არიდებდა.
ადონისსაც თხოვდა მორიდებოდა ლომებს, დათვებსა და ტახებს, რომ ხიფათი რამ არ შემთხვეოდა. იშვიათად ტოვებდა ქალღმერთი უფლისწულს, და თუ დატოვებდა ცოტა ხნით, ყოველთვის ევედრებოდა, მისი თხოვნა არ დავიწყებოდა.
ერთხელ, როდესაც აფროდიტე არ იყო ადონისთან, იგი სანადიროდ წავიდა. ანაზდად მისი ძაღლები უზარმაზარი ტახის კვალს წააწყდნენ. წამოაგდეს ნადირი და გაშმაგებული ყეფით გამოუდგნენ.
ადონისს უხაროდა, რომ ასეთ შესანიშნავ ნადავლს იგდებდა ხელთ, ის კი არ იცოდა, რომ ეს მისი უკანასკნელი ნადირობა იყო. აი სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა ყეფა, აი უკვე ბუჩქებში გაიქროლა ვეება ტახმა.
ადონისი უკვე მზად იყო ეტყორცნა თავისი შუბი გახელებული ნადირისათვის, მაგრამ უეცრად ეძგერა მას ტახი და უზარმაზარი ეშვებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მოკვდა ადონისი საშინელი ჭრილობისაგან.
როგორც კი გაიგო აფროდიტემ ადონისის სიკვდილის ამბავი, ენით გამოუთქმელმა მწუხარებამ მოიცვა იგი და უმალ კვიპროსის მთებში გაეშურა საყვარელი ჭაბუკის ცხედრის საძებრად.
მთის ფლატეებზე, პირქუშ ხევებში, უფსკრულთა ნაპირებზე მიდიოდა აფროდიტე, წვეტიანმა ქვებმა და ბასრმა ეკლებმა დაუსერეს ნაზი ფეხები ქალღმერთს.
ბოლოს, მიაკვლია აფროდიტემ ადონისის ცხედარს. დიდი იყო მისი მწუხარება, მწარედ დაქვითინებდა იგი უდროოდ დაღუპულ მშვენიერ ჭაბუკს.
მის უკვდავსაყოფად აფროდიტემ ბრძანა ადონისის სისხლიდან აღმოცენებულიყო ნაზი ყვავილი ანემონი (ყაყაჩორა, ხაშხაში), იქ კი, სადაც ქალღმერთის გასისხლიანებული ფეხებიდან სისხლი დაეწვეთა, ყველგან საუცხოო ვარდები აღმოცენდა, - ალისფეროვანი, ვით აფროდიტეს სისხლი.
შეეცოდა ყოვლისშემძლე ზევსს დამწუხრებული სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე. უბრძანა თავის ძმას ჰადესს და მის მეუღლეს პერსეფონეს ყოველ წელიწადს გამოეშვათ ადონისი აჩრდილთა სამყაროდან დედამიწაზე.
და აი იმ დროიდან მოყოლებული ადონისი ნახევარ წელიწადს რომ ჰადესის სამფლობელოში ატარებს, მეორე ნახევარს დედამიწაზე ცხოვრობს ქალღმერთ აფროდიტესთან.
მთელი ბუნება ჰხარობს და ჰყვავის, როდესაც დედამიწასა და მზის ცხოველმყოფელ სხივებს უბრუნებდა ოქროსთმიანი აფროდიტეს გულის სატრფო, ახალგაზრდა, მშვენიერი ადონისი.
* * * * * * *
მითი ადონისსა და აფროდიტეზე ბერძნებს გადმოღებული აქვთ ფინიკიელებისაგან.
სახელი ადონისი არ არის ბერძნული, ფინიკიურია და „ბატონს“ ნიშნავს. ფინიკიელებმა თავის მხრივ, ეს მითი ბაბილონელებისაგან გადმოიღეს;
მათ ჰქონდათ მითი სიყვარულის ქალღმერთის იშთარისა და მშვენიერი ჭაბუკის თამუზეს შესახებ, რომელიც კვდებოდა და ყოველ გაზაფხულს აღდგებოდა ხოლმე მკვდრეთით.
ბერძნულ მითში ადონისს ჰკლავს გარეული ტახი. ეს ვეება, ჯაგარაყრილი მხეცი, რომელმაც სიცოცხლე მოუსპო ადონისს, სუსხიანი ზამთრის სიმბოლოა, ყოველ სასიცოცხლეს დროებით რომ ჩაკლავს ხოლმე ბუნებაში.
მთარგმნელი: შალვა გვინჩიძე