მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 856 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

აგენორი - ფინიკიის ქალაქ სიდონის (დასავლეთით ახლანდელი პორტ - საიდისა) მეფე, ევროპას მამა.

აგენორი - ალკმეონის პირველი ცოლის არსინოეს ძმა. თავის ძმა პრონესთან ერთად მოჰკლა ალკმეონი, როდესაც მან მიატოვა მათი და არსინოე და სხვა შეირთო ცოლად. აგენორი თავის მხრივ მოჰკლეს ალკმეონის ვაჟიშვილებმა მეორე ცოლისაგან.

ადონისი - კვიპროსის უფლისწული, სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს საყვარელი მშვენიერი ჭაბუკი, რომელიც ნადირობისას დაიღუპა და აფროდიტემ ნაზ ყვავილად აქცია.

ადრასტე - არგოსის მეფე, თებეს წინააღმდეგ შვიდთა ლაშქრობის მთავარსარდალი და ეპიგონების ლაშქრობის მონაწილე.

აიეტი - აიას (კოლხეთის)  მეფე; მზე ღმერთის, ჰელიოსისა და ოკეანოსის ასულის, პერსეისის ძე; კირკეს, პასიფაესა და პერსესის ძმა. მედეას, ქალკიოპესა და აფსირტოსის მამა.

აედონი - თებელი გმირის ზეთოსის ცოლი.

ათენა - (რომაელების მინერვა) - ზევსის ასული, უდედოდ დაიბადა თვით ზევსის თავიდან, სრული საომარი შეჭურვილობით. „ყოვლისშემძლე მამის ასულიო“, - ასე უწოდებდნენ მას. სიბრძნის, ომისა და ყოველგვარი ხელსაქმის ქალღმერთად ითვლებოდა, გმირების ბრძენ მრჩევლად და მათ მფარველად იყო მიჩნეული.

აითრა (ეთრა) - ტროიძენის მეფის პიტთევსის ასული, თეზევსის დედა.

აკარნანი - ალკმეონისა და კალიროეს ძე, თავის ძმა ამფოტერესთან ერთად შური იძია მამის მკვლელობისათვის, მოჰკლა ალკმეონის პირველი ცოლის არსინოეს ძმები და მშობლები.

აკროპოლისი - მაღლობის წვერზე აგებული ციხე-სიმაგრე ათენში.

ალკმენე - თებეს მეფის ამფიტრიონის ცოლი, რომელსაც ზევსისაგან შეეძინა შვილი.

ალკმეონი - ამფიარაეს და ერიფილეს ძე, თებეს წინააღმდეგ მეორე ლაშქრობის მთავარსარდალი. შური იძია მამის სიკვდილისათვის, მოჰკლა თავისი დედა, ორჯერ შეირთო ცოლი, მოკლულ იქნა პირველი ცოლის ძმების მიერ.

ამფიარაე - არგოსელი მისანი. თებეს წინააღმდეგ შვიდთა ლაშქრობის ერთ-ერთი სარდალი. პოლინიკეს მიერ მოსყიდული თავისი ცოლის ერიფილეს დაჟინებითი მოთხოვნით მონაწილეობა მიიღო თებეს წინააღმდეგ პირველ ლაშქრობაში, თუმცა იმთავითვე იცოდა, რომ ეს ლაშქრობა მარცხით დამთავრდებოდა. ბრძოლის დროს ცოცხლად შთანთქა დედამიწამ. მისმა შვილმა ალკმეონმა შური იძია მისი სიკვდილისათვის და მოჰკლა ერიფილე.

ამფიონი - ზევსისა და ანტიოპეს ძე, ნიობეს ქმარი, თებეს ამშენებელი, თავის ძმა - ტყუპთან, ზეთოსთან, ერთად მოჰკლა თებეს მეფე ლიკოსი,და ძმები დაეუფლნენ თებეს.

ამფოტერე - ალკმეონისა და კალიროეს ძე, ძმა აკარნანისა (იხ. აკარნანი).

ამფიტრიონი - თებეს მეფე, ალკმენეს ქმარი.

ანტეოსი - გოლიათი, ძე ზღვათა უზენაესი ღმერთის პოსეიდონისა და გეასი (დედამიწის). იგი ორთა ბრძოლაში ჰერაკლემ მოწყვიტა მიწას და დაახრჩო ჰაერში.

ანტიგონე - თებეს მეფის ოიდიპოსისა და იოკასტეს ასული. თავისი ძმის პოლინიკეს სიკვდილის შემდეგ, რომელიც ეტეოკლესთან, თავის ძმასთან, ორთა ბრძოლაში დაიღუპა, ანტიგონემ, თებეს მეფის კრეონტის აკრძალვის მიუხედავად, მიწას მიაბარა პოლინიკე, რისთვისაც ცოცხლად დამარხულ იქნა ლაბდაკიდების საგვარეულო აკლდამაში, და იქ თავი მოიკლა.

ანტიოპე - 1) თებეს მეფის ნიქტევსის ასული, ზევსისაგან შეეძინა ტყუპი ვაჟები - ზეთოსი და ამფიონი და ცოლად გაჰყვა სიკიონის მეფეს ეპოპევსს. მას სდევნიდნენ ბიძა ლიკოსი და მისი ცოლი დირკე. შური იძიეს ლიკოსსა და დირკეზე ანტიოპეს ვაჟებმა - ზეთოსმა და ამფიონმა.

2) ამორძალი, თეზევსის პირველი ცოლი. 

აპოლონი - სინათლის, მზის, მეცნიერებისა და ხელოვნების ღმერთი, ძე ზევსისა და ლეტოსი.

აპულეუსი - გამოჩენილი რომაელი პოეტი. დაიბადა ახალი წელთაღრიცხვის 125 წელს.

არგოსი (არგუსი) - ასთვალა ურჩხული.

არესი - (რომაელების მარსი) - ზევსისა და ჰერას ძე, ომის ღმერთი.

არკადია - მხარე პელოპონესის ცენტრალურ ნაწილში.

არსინოე - არკადიის მეფის ფეგევსის ასული, ალკმეონის პირველი ცოლი. არსინოეს ძმებმა - აგენორმა და პრონემ მოჰკლეს ჯერ ალკმეონი და მერე არსინოეც.

არტემიდე (რომაელების დიანა) - ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის და; ნადირობის, ცხოველთა და მთვარის ქალღმერთი, ქალწული; შეიარაღებული იყო, თავისი ძმის აპოლონის მსგავსად, მშვილდისრით.

აფარევსი - იდასისა და ლინკევსის მამა, მეფე მესენიისა. 

აფარიდები - მეფე აფარევსის ვაჟები - იდასი და ლინკევსი.

აფროდიტე (რომაელების ვენერა) - ზევსისა და დიონეს ასული. სხვა თქმულებით, ზღვის ქაფიდან და ურანოსისაგან წარმოიშვა, პირველად კუნძულ კვიპროსზე გამოჩნდა; სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთად ითვლებოდა.

აქელოე - შუა საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში იმავე სახელის მდინარის ღმერთი. ებრძოდა ჰერაკლეს დეიანირას გამო, მაგრამ ძლეულ იქნა ჰერაკლეს მიერ. ალკმეონის ცოლის კალიროეს მამა იყო.

აქილევსი - პელევსისა და თეტიდას ძე, ტროას ომის მთავარი გმირი.

 

 

ბელე - ეპაფეს ძე, ეგვიპტის მეფე, ეგვიპტოსისა და დანაეს მამა.

ბორიო (ბორეასი) - ჩრდილოეთის ქარის ღმერთი.

 

 

გალატეა - ზღვის ნიმფა, მშვიდი ზღვის განსახიერება; მას თავისი სიყვარულით სდევნიდა ცალთვალა კიკლოპი პოლიფემი.

გორგონები - სამი და, ურჩხულები. მათი ერთი შეხედვა ყოველ სულდგმულს აქვავებდა. ამ სამში ერთი - მედუზა მოკვდავი იყო. მას თავი მოჰკვეთა გმირმა პერსევსმა.

 

 

დანაე - ეგვიპტის მეფის ბელეს ძე, ორმოცდაათი ქალიშვილის მამა (იხ. დანაიდები).

დანაიდები - დანაეს ორმოცდაათი ქალიშვილი. ცოლებად მათი შერთვა უნდოდათ მათ ბიძაშვილებს ეგვიპტოსის ორმოცდაათ ვაჟიშვილს. დანაიდები გაექცნენ ეგვიპტიდებს. ჯერ თავი შეაფარეს არგოსში, შემდეგ, როდესაც ეგვიპტიდებმა დაამარცხეს არგოსელები, დათანხმდნენ ბიძაშვილებზე დაქორწინებას, მაგრამ მამის ბრძანებით ქორწინების პირველ ღამესვე მოჰკლეს თავისი ქმრები. მხოლოდ ერთმა დამ ჰიპერმნესტრამ არ შეასრულა მამის ბრძანება.

დაფნე - ნიმფა, აპოლონის სატრფო, რომელიც ხედ იქცა. „დაფნეს ხე“ აპოლონის ღვთაებრივი ხეა.

დეიანირა - კალიდონის ( ეტოლია) მეფის ოინევსის ასული, ჰერაკლეს ცოლი. მშვენიერი იოლეთი გატაცებული ქმრის, ჰერაკლეს, სიყვარულის დაბრუნების მიზნით ურჩხულ ნესოსის სისხლით ჟღენთს ძვირფას წამოსასხამს და საჩუქრად უგზავნის ჰერაკლეს. ჰერაკლეს სხეული სასიკვდილოდ იშხამება ნესოსის შხამით. დეიანირა, რა წამს გაიგებს თავის უნებლიე დანაშაულს, თავს მოიკლავს.

დელფოსი - ქალაქი, აპოლონის სამისნოთი სახელგანთქმული.

დემეტრე (რომაელების ცერერა) - კრონოსისა და რეას ასული, დედამიწისა და ჭირნახულის ქალღმერთი, პერსეფონეს დედა.

დემოფონი - თეზევსისა და ფედრას ძე. მიიღო და მფარველობა გაუწია ჰერაკლიდებს არგოსის მეფის ევრისთევსის დევნისაგან.

დიომედე - ტიდევსის ძე, თებეს წინააღმდეგ ეპიგონების ლაშქრობის მონაწილე.

დიონე - ოკეანეს ასული, ზევსისაგან შეეძინა აფროდიტე.

დიოსკურები - ზევსის ტყუპი ვაჟები - პოლიდევკე (პოლუქსი) და კასტორი (იხ. პოლიდევკე და კასტორი).

დირკე - თებეს მეფის ლიკოსის ცოლი. იგი სდევნიდა ანტიოპეს. დირკე ამისათვის ანტიოპეს ვაჟიშვილებმა, ზეთოსმა და ამფიონმა, მიაბაწრეს გახელებული ხარის რქებს და მისი დაფლეთილი გვამი მდინარეში გადააგდეს. ამ მდინარეს დირკე ეწოდა.

დრიადები - ტყის ნიმფები.

 

 

ეგვიპტოსი - ბელეს ძე, ეგვიპტის მეფე, რომლის ორმოცდაათმა ვაჟიშვილმა ძალდატანებით შეირთეს ცოლებად თავისი ბიძის დანაეს ორმოცდაათი ასული - დანაიდები.

ეგიალევსი - არგოსის მეფის ადრასტეს ძე, თებეს წინააღდეგ ეპიგონების ლაშქრობის მონაწილე.

ევრიალე - მეკისტევსის ძე, ეპიგონების ლაშქრობის მონაწილე.

ევრიდიკე - თებეს მეფის კრეონტის ცოლი; თავისი ვაჟის ჰემონის სიკვდილი რომ გაიგო, თავი მოიკლა.

ევრიპიდე - საბერძნეთის უდიდესი დრამატურგი. ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის 480-406 წლებში.

ევრისთევსი - მიკენის მეფე, მხდალი და მუხანათი ადამიანი, რომელსაც ჰერაკლე მონა-მსახურად ჩაუგდო ხელში ჰერამ. ჰერაკლემ ევრისთევსის მძიმე სამსახურში თორმეტი საგმირო საქმე შეასრულა და საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ჰერაკლეს სიკვდილის შემდეგ ევრისთევსი სდევნიდა მის შთამომავალთ - ჰერაკლიდებს.

ევროპა - ფინიკიის ქალაქ სიდონის მეფის აგენორის ასული. მისდამი ტრფობით აღსავსე ზევსი ხარად გადაიქცა, შეისვა ზურგზე, გაცურა ზღვა, კუნძულ კრეტაზე მიიყვანა და იქ დააბინავა, სადაც ზევსისაგან სამი ვაჟი შეეძინა - მინოსი, რადამანთი და სარპედონი.

ევროსი - აღმოსავლეთის ქარის ღმერთი. 

ელევსინი - დაბა ატიკაში, ათენის მახლობლად, ქალრმერთ დემეტრეს საკურთხევლით სახელგანთქმული.

ელინი - ბერძენი ხალხის მითიური წინაპარი. მისგან მიიღო ბერძენმა ხალხმა სახელი - ელინები.

ეპაფე - ზევსისა და იოს ძე, ლიბიას და ბელეს მამა.

ეპიგონები - სიტყვა „ეპიგონები“ ნიშნავს - „შემდეგ დაბადებულნი“. თებეს წინააღმდეგ შვიდთა ლაშქრობის მონაწილეთა შთამომავალნი, თებეს წინააღმდეგ მეორე ლაშქრობის მონაწილენი.

ეპოპევსი - სიკიონის მეფე, ანტიოპეს ქმარი.

ერეხთევსი - ათენის მითიური მეფე.

ესქილე - საბერძნეთის უდიდესი დრამატურგი. ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის 525-456 წლებში.

ეტეოკლე - 1) ოიდიპოსისა და იოკასტეს ძე, განდევნა თავისი ძმა პოლინიკე თებედან. 2) იფისის ძე, თებეს წინააღმდეგ შვიდთა ლაშქრობის ერთ-ერთი სარდალი.

 

 

ვერგილიუსი - შესანიშნავი რომაელი პოეტი. ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის 70-19 წლებში.

 

 

ზევსი (რომაელების იუპიტერი) - კრონოსისა და რეას ძე, ყოვლისმპყრობელი, ღმერთთა ღმერთი. მან დაამხო კრონისი, დაამარცხა საშინელ ბრძოლაში ტიტანები და შეიქნა სამყაროს მბრძანებელი. მისი ეპითეტებია „ღმერთებისა და ადამიანთა მამა“, „ელვისმტყორცნელი“, „ღრუბელთმკრეფელი“, მისი კავშირისაგან ქალღმერთებსა და მოკვდავ ქალებთან წარმოიშვა მრავალი ღმერთი და გმირი: აპოლონი, ჰერმესი, დიონისე, პერსევსი, ჰერაკლე და სხვ.

ზეთოსი - ზევსისა და ანტიოპეს ძე, ძმა - ტყუპი ამფიონისა. ამფიონთან ერთად მოჰკლა თებეს მეფე ლიკოსი (იხ. ამფიონი).

ზეფიროსი - დასავლეთის ქარის ღმერთი.

 

 

თებე - ქალაქი შუა საბერძნეთში.

თეზევსი - ატიკური მითების მთავარი გმირი, ათენის ლეგენდარული მეფე, ეგეოსის ძე.

თერსანდრე - პოლინიკეს ძე, ოიდიპოსის შვილიშვილი, ლაბდაკეს უკანასკნელი შთამომავალი. ეპიგონების მიერ თებელების დამარცხების შემდეგ გამეფდა თებეში, შემდეგში მონაწილეობა მიიღო ტროას ომში და ამ ომში დაიღუპა.

თეტიდა - ზღვის ღვთაების ნერევსის ასული, პელევსის ცოლი, თესალიელი გმირის აქილევსის დედა.

 

 

იანუსი - რომაელების ღვთაება. ორპირსახიანს უწოდებდნენ და ასედაც სახავდნენ. „ორპირსახიანი იანუსი“ კარების, ყოველგვარი საქმიანობის დასაწყისისა და დასასრულის ღვთაებად იყო მიჩნეული.

იაზონი - არგონავტების წინამძღოლი ოქროს საწმისის ძიების დროს; ქართა ღვთაება ეოლოსის ჩამომავალი, ესონის ძე. მამამისი იყო აესონი, იოლკუსის ძლევამოსილი მეფე.

იდასი - აფარევსის ძე, ლინკევსის ძმა (იხ. აფარიდები).

ილიონი - ტროადის სამეფოს მთავარი ციხე-ქალაქი.

ინაქე - არგოსის უძველესი მეფე, იოს მამა.

იო - არგოსის მეფის ინაქეს ასული, რომელიც შეიყვარა ზევსმა და გადაქცეულ იქნა ძროხად.

იოკასტე - მეფე ლაოსის მეუღლე და ოიდიპოსის დედა და ცოლი. ოიდიპოსმა არაფერი იცოდა რა, ისე მოჰკლა მამა და ცოლად შეირთო დედა. როდესაც ეს საშინელი დანაშაული გამომჟღავნდა, ოიდიპოსმა თვალები დაითხარა, იოკასტემ კი თავი ჩამოიხრჩო. ოიდიპოსისაგან იოკასტეს შეეძინა შვილები: ანტიგონე, ისმენე, ეტეოკლე და პოლინიკე.

იოლაოსი - ჰერაკლეს ძმისწული და მისი მრავალი ბრძოლის თანამონაწილე. ჰერაკლეს სიკვდილის შემდეგ იოლაოსი გამოექომაგა მის შვილებს და დაიცვა ევრისთევსის დევნისაგან.

იოლე - ევბეის მეფის ევრიტოსის მშვენიერი ასული. ჰერაკლემ მოისურვა იოლეს ცოლად შერთვა, მაგრამ ამისათვის ევრიტოსს უნდა შეჯიბრებოდა მშვილდოსნობაში და ეჯობნა მისთვის. მიუხედავად იმისა რომ ევრიტოსი შესანიშნავი მშვილდოსანი იყო, ჰერაკლემ აჯობა მას, მაგრამ ევრიტოსმა თავისი ასული მაინც არ მისცა. მაშინ ჰერაკლემ ომი აუტეხა მას, დაამარცხა და იოლე ტყვედ წმოიყვანა. გზაში ჰერაკლე მოკვდა (იხ. დეინარა). ჰერაკლემ იოლე თავის ვაჟს ჰილეს უანდერძა ცოლად.

იონი - აპოლონისა და კრეუზას ძე, იონელთა ტომის წინაპარი.

ისმენე - ოიდიპოსისა და იოკასტეს ასული, ანტიგონეს და.

იფიკლე - ჰერაკლეს ნახევარძმა, ამფიტრიონისა და ალკმენეს ძე. 

იფისი - არგოსის მეფე.

 

 

კადმოსი - ფინიკიის მეფის აგენორის ძე, ევროპას ძმა, თებეს დამაარსებელი, მოხუცებულობისას გველეშაპად იქცა.

კალიროე („ლამაზად მიმდინარე“) - მდინარის ღმერთის აქელოეს ასული, ალკმეონის მეორე ცოლი.

კაპანევსი - თებეს წინააღმდეგ შვიდთა ლაშქრობის ერთ-ერთი სარდალი.

კასტორი - ტინდარევსისა და ლედას ძე, პოლიდევკეს ძმა.

კენტავრი - მითიური არსება - ნახევრად - ცხენი და ნახევრად - ადამიანი. ასეთი იყო, მაგალითად, აქილევსის აღმზრდელი ქირონი.

კეიკოსი - ქალაქ ტრაქინეს მეფე, რომელთანაც თავი შეაფარა ჰერაკლეს ცოლმა დეიანირამ თავისი შვილებით.

კეფისი - მდინარე ატიკაში და ღმერთი ამ მდინარისა.

კიკლოპები - ცალთვალა გოლიათები, ურანოსისა და გეას შვილები, როლებმაც ზევსისათვის გამოსჭედეს ელვა და მეხი. მათ რიცხვს ეკუთვნის პოსეიდონის ძე პოლიფემი.

კლიტოსი - ალკმეონისა და არსინოეს ძე. მამის დაღუპვის შემდეგ გაიქცა და ელიდაში დასახლდა.

კრეონტი - იოკასტეს ძმა, ოიდიპოსის ცოლისძმა. ოიდიპოსის შვილების დაღუპვის შემდეგ მართავდა თებეს.

კრეუზა - ათენის მეფის ერეხთევსის ასული, რომელსაც აპოლონისაგან შეეძინა ვაჟი იონი.

კრონისი - (რომაელების სატურნი) - ცისა (ურანოსის) და დედამიწის (გეას) შვილად ითვლებოდა. ურანოსის დამხობის შემდეგ მთელს სამყაროს (კოსმოსს) განაგებდა, ქვეყნიერების უზენაეს ღვთაებად, მის მომწყობ-მომწესრიგებლად ითვლებოდა. ცოლად შეირთო თავისი და რეა (რომაელთა ოპსი), რომლისგანაც შეეძინა სამი ვაჟი - ჰადესი, პოსეიდონი და ზევსი, სამი ქალი - დემეტრე, ჰესტია და ჰერა.

 

 

ლაბდაკე - თებეს მეფე, ლაოსის მამა, ოიდიპოსის პაპა.

ლაოდამოსი - თებეს მეფე, ეტეოკლეს ძე, ოიდიპოსის შვილიშვილი, ებრძოდა ეპიგონებს, თებეს წინააღმდეგ მეორე ლაშქრობის მონაწილეებს. მოკლულ იქნა ეპიგონების ლაშქრობის მთავარსარდლის ალკმეონის მიერ. 

ლაოსი (ლაიოსი) - თებეს მეფე, ოიდიპოსის მამა. მოჰკლა საკუთარმა შვილმა ოიდიპოსმა.

ლედა - სპარტის მეფის ტინდარეოსის ცოლი, კასტორისა და კლიტემნესტრას დედა: ზევსისაგან შეეძინა პოლუქსი (პოლიდევკე) და ელენე.

ლეტო (ლატონა) - აპოლონისა და არტემიდეს დედა.

ლიკოსი - თებეს მეფე, ანტიოპეს ბიძა, მოჰკლეს ძმებმა - ტყუპებმა ზეთოსმა და ამფიონმა.

ლინკევსი - 1) ეგვიპტოსის ერთ-ერთი ვაჟი, ჰიპერმნესტრას ქმარი (იხ. ჰიპერმნესტრა), 2) აფარევსის ძე, იდასის ძმა (იხ. აფარიდები).

 

 

მაკარეა - ჰერაკლეს და დეიანირას ასული, ნებაყოფლობით მიიტანა თავი სამსხვერპლოზე, რათა ამით მოეპოვებინა ჰერაკლიდების დამცველი ათენელებისათვის ევრისთევსზე გამარჯვება.

მიკულა სელიანინოვიჩ - რუსული თქმულებების გმირი.

მინოსი - ზევსისა და ევროპას ძე, უფროსი იყო ძმებს შორის, წილად კუნძულ კრეტა ერგო. სიკვდილის შემდეგ ქვესკნელის მრისხანე მსაჯული და განმკითხველი.

მინოტავრი - კაციჭამია, ნახევრად - ხარი, ნახევრად - ადამიანი კუნძულ კრეტაზე.

მედეა - კოლხეთის მეფის, აიეტის ასული. ჰელიოსის შვილიშვილი. მზე-ღმერთის, ჰელიოსის ძე აიეტმა კოლხეთში დასახლების შემდეგ თავდაპირველად ცოლად შეირთო კავკასიელი ნიმფა ასტეროდეა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი აფსირტოსი. მეორე ცოლმა, ოკეანიდა იდიიამ, მას უშვა ორი ასული, ქალკიოპე და გრძნეული მედეა.

მოსხი - ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნის ბრძენი პოეტი.

 

 

ნაიადები - წყლის ნიმფები.

ნარგისი (ნარცისი) - თავის თავზე შეყვარებული ჭაბუკი, სიკვდილის შემდეგ გადაიქცა ყვავილად.

ნერეიდები - ზღვის ღმერთის ნერევსის ასულები.

ნიმფები - წყაროების, ტყეების, მთების და სხვ. ქალღმერთები.

ნიობე - ტანტალეს ასული, თებეს მეფის ამფიონის ცოლი, შვიდი ქალისა და შვიდი ვაჟის დედა. აპოლონმა და არტემიდემ დაუხოცეს შვილები.

ნიქტევსი - ლაბდაკეს მცირეწლოვანების გამო განაგებდა თებეს. ანტიოპეს მამა. ომი აუტეხა ანტიოპეს ქმარს ეპოპევსს, მაგრამ დამარცხებულ იქნა.

ნოტოსი - სამხრეთის ქარის ღმერთი. 

 

 

ოვიდიუს ნაზონი - სახელგანთქმული რომაელი პოეტი, ცნობილი „მეტამორფოზების“ (მითიური გარდაქმნების) და სხვა შესანიშნავ ნაწარმოებთა ავტორი. ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის 43 წლიდან ახალი წელთაღრიცხვის 17 წლამდე.

ოიდიპოსი - თებეს მეფის ლაოსისა და იოკასტეს ძე. არ იცნობდა თავის მშობლებს, მოჰკლა მამა და ცოლად შეირთო დედა. გამოიცნო სფინქსის გამოცანები და გახდა თებეს მეფე, მაგრამ, როდესაც გამომჟღავნდა მისი უნებლიე დანაშაული, თვალები დაითხარა.

ოკეანე - მითიური მდინარე, რომელიც გარს უვლის მთელ დედამიწას. ზღვათა, მდინარეთა და წყაროთა ყველა ღმერთთა წარმომშობი.

ოლიმპო - მთა ჩრდილოეთ საბერძნეთში, თესალიასა და მაკედონიას შორის. ძველი ბერძნები ღმერთების ადგილ-სამყოფელად თვლიდნენ, ამიტომ მათ, ამ ღმერთებს ოლიმპელები ეწოდებოდათ.

 

 

პანი (რომაელების ფავნი) - ჰერმესისა და ნიმფა პენელოპეს ძე. ტყის, საძოვრების, ჯოგებისა და მწყემსების ღმერთად ითვლებოდა. აგრეთვე „პანიკური შიშის“ ღმერთი იყო.

პართენოპე - თებეს წინააღმდეგ შვიდთა ლაშქრობის ერთ-ერთი სარდალი, არგოსის მეფის ადრასტეს ძმა.

პეგასი - ფრთოსანი ცხენი. წარმოიშვა მედუზა გორგონას სისხლისგან. მეორე ვერსიით პეგასი პოსეიდონისა და მედუზას ვაჟიშვილია.

პელევსი - აქილევსის მამა, თეტიდას ქმარი.

პერსევსი - ზევსის ძე დანაესაგან, მოჰკლა მედუზა.

პერსეფონე (რომაელების პროზერპინა) - ზევსისა და დემეტრეს ასული, ჰადესის მეუღლე.

პითია - აპოლონის ქურუმი ქალი, მისანი დელფოში.

პითონი - გველეშაპი, რომელიც მოჰკლა აპოლონმა.

პოლიდევკე (პოლუქსი) - ზევსისა და ლედას ძე, ძმა კასტორისა.

პოლინიკე - ოიდიპოსისა და იოკასტეს უფროსი ვაჟი. იგი თებედან განდევნა მისმა ძმამ ეტეოკლემ, თავი შეაფარა არგოსის მეფეს ადრასტეს, რომლის ასულთანაც იქორწინა. თებეს წინააღმდეგ ლაშქრობის დროს ეტეოკლესთან ორთა ბრძოლაში დაიღუპა მასთან ერთად.

პოლიფემი (პოლიფემოსი) - ცალთვალა კიკლოპი, ზღვის უზენაესი ღვთაების პოსეიდონის ძე.

პოსეიდონი (რომაელების ნეპტუნი) - კრონოსისა და რეას ძე, ზღვათა უზენაესი ღვთაება.

პრომაქოსი - პართენოპეს ძე, ეპიგონების ლაშქრობის მონაწილე.

პრონე - ალკმეონის პირველი ცოლის არსინოეს ძმა. 

პსოფიდა - ქალაქი არკადიაში.

 

 

რადამანთი - ზევსისა და ევროპას ძე, დატოვა კრეტა და გადასახლდა ბეოტიაში, სადაც დიდი სახელი მოიხვეჭა როგორც კანონმდებელმა და მოსამართლემ.

რეა (რომაელების ოპსი) - კრონოსის ცოლი, ზევსისა და სხვა ღმერთების დედა.

 

 

სარპედონი - ზევსისა და ევროპას ძე. ძლიერი სახელმწიფო დაარსა ლიკიაში.

სატირები - ვაზის, ღვინისა და მოლხენის ღმერთის დიონისეს თხის ფეხებიანი მხლებელნი.

სიკიონი - ქალაქი პელოპონესის ჩრდილოეთ მხარეში, კორინთოს უბის სანაპიროზე.

სოფოკლე - საბერძნეთის უდიდესი დრამატურგი. ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის 496 -406 წლებში.

სფინქსი - ნახევრად - ქალი და ნახევრად - ფრინველი, რომელიც თებეს მახლობლად კლდეზე ბინადრობდა და გამოცანებს იძლეოდა. კლდიდან გადაიჩეხა, როდესაც ოიდიპოსმა გამოიცნო მისი გამოცანები.

 

 

ტარტაროსი - ჯოჯოხეთი, ქვესკნელი, საიქიო, აჩრდილთა სამყარო.

ტერფსიქორე - ცეკვის მუზა.

ტიდევსი - კალიდონის მეფის იონევსის ძე. გაიქცა კალიდონიდან არგოსში, სადაც ცოლად შეირთო ადრასტეს ასული. თებეს წინააღმდეგ შვიდთა ლაშქრობის ერთ-ერთი სარდალი.

ტირეზია - თებეს სახელგანთქმული ბრმა მისანი, რომელმაც გამოამჟღავნა ოიდიპოსის დანაშაული.

ტიტანი - დევგმირი, ბუმბერაზი. ტიტანები აუჯანყდნენ ზევსს. მოიწადინეს მიეღწიათ ზეცამდე და ჩამოეგდოთ ზევსი. მთა მთაზე შედგეს, კლდე კლდეზე და გაუმართეს საშინელი ბრძოლა ზევსს, მაგრამ ყოვლისშემძლე ზევსმა სძლია ისინი და ტარტაროსში ჩაჰყარა.

ტიფონი - ასთავიანი ურჩხული, რომელიც ცეცხლს აფრქვევდა პირიდან. აღუდგა ზევსს. ზევსმა სძლია იგი და ტარტაროსში ჩააგდო.

ტროა - სამეფო მცირე აზიაში. 

ტროფონი - ხუროთმოძღვარი, რომელმაც ააგო დეფოს ტაძარი. სიკვდილის შემდეგ გაღმერთებულ იქნა. სამისნო ტროფონისა სახელგანთქმული იყო მთელს საბერძნეთში.

 

 

 

 

ფეგევსი - არკადიის მეფე, რომლის ასული არსინოე იყო ალკმეონის პირველი ცოლი. როდესაც ალკმეონმა მიატოვა არსინოე და შეირთო კალიროე, ფეგევსმა მოაკვლევინა თავის ვაჟებს ალკმეონი. სამაგიერო გადაუხადეს ალკმეონის შვილებმა, - მათ მოჰკლეს თვით ფეგევსი და მისი ვაჟები.

ფილირა - ოკეანის ასული, დედა კენტავრ ქირონისა.

ფლორა - ყვავილთა ქალღმერთი რომაელებისა.

 

 

ქირონი - კრონოსისა და ფილირას ძე, უბრძნესი კენტავრი, რომელმაც აღზარდა აქილევსი და ზოგიერთი სხვა გმირიც.

ქსუთოსი (ქსუთე) - კრეუზას ქმარი.

 

 

ჰადესი (რომაელების პლუტონი) - ჯოჯოხეთის, ქვესკნელის, აჩრდილთა სამყაროს უზენაესი ღვთაება.

ჰარმონია - ასული არესისა და აფროდიტესი, თებეს მეფის კადმოსის ცოლი. მოხუცებულობისას, მსგავსად კადმოსისა, გველეშაპად იქცა.

ჰელიოსი - მზის ღმერთი.

ჰერა (რომაელების იუნონა) - ასული კრონოსისა და რეასი, ღმერთთა ღმერთის, ყოვლისმპყრობელი ზევსის და, აგრეთვე მისი ცოლი. ქორწინების მფარველი ქალღმერთი.

ჰერაკლე (რომაელების ჰერკულესი) - ძე ზევსისა და ალკმენესი, საბერძნეთის უდიდესი გმირი.

ჰერაკლიდები - ჰერაკლეს შვილები და შთამომავალნი, რომლებმაც თავი შეაფარეს ათენში გმირ თეზევსს, ჰერაკლეს ძველი მტრის ევრისთევსის დევნისაგან. ათენელებმა სასტიკად დაამარცხეს გათავხედებული ევრისთევსი და იხსნეს ჰერაკლიდები ამ დევნისაგან. 

ჰემონი - თებეს მეფის კრეონტის ძე, ანტიგონეს საქმრო. როდესაც კრეონტის ბრძანებით ლაბდაკიდების საგვარეულო აკლდამაში ცოცხლად დამარხულმა ანტიგონემ თავი ჩამოიხრჩო, ჰემონმა მის ცხედართან განიგმირა მკერდი.

ჰერმესი (რომაელების მერკური) - ძე ზევსისა და ტიტან ატლანტეს ასულის მაიასი, ღმერთების მოციქული, მიცვალებულთა მეგზური საიქიოს, ვაჭრობის, მოგზაურობის, მჭერმეტყველების, სიზმრის, გამომგონებლობის, ხელობის, მეჯოგეობის, საძოვრების მფარველი ღმერთი.

ჰეპესტო (რომაელების ვულკანი) - ზევსისა და ჰერას ძე, ცეცხლისა და სამჭედლო ოსტატობის ღმერთად ითვლებოდა.

ჰილე - ჰერაკლესა და დეიანირას ძე. ჰერაკლეს ანდერძით ცოლად შეირთო მამის ტყვე ქალი იოლე. მამის სიკვდილის შემდეგ გამოექომაგა ჰერაკლიდებს ევრისთევსის წინააღმდეგ და ათენელების დახმარებით დაამარცხა ეს ბოროტი მეფე.

ჰიპერმნესტრა - დანაეს ერთ-ერთი ასული. თავის დებს შორის ერთადერთი იყო, მამის ბრძანება რომ არ შეასრულა, - არ მოჰკლა თავისი ქმარი ლინკევსი. (იხ. დანაიდები).

ჰიფსიპილე - კუნძულ ლემნოსის დედოფალი. ლემნოსზე ქალებმა ყველა მამაკაცი მოჰკლეს და დედოფლად თვით ჰიფსიპილე აირჩიეს. მაგრამ გამოირკვა, რომ მან თავისი მამა თოასი არ მოჰკლა, ამისათვის იგი ლემნოსელებმა დასაჯეს, - სამშობლოდან გააძევეს. შემდეგ ამისა მეკობრეებმა მოიტაცეს ჰიფსიპილე და მიჰყიდეს ნემეის მეფეს ლიკურგს, რომელმაც ძიძად მიუჩინა იგი თავის ნორჩ ვაჟიშვილს.

ჰომეროსი - საბერძნეთის უდიდესი პოეტი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის IX საუკუნის მახლობელ ხანებში ცხოვრობდა, ავტორი პოემებისა - „ილიადა“ და „ოდისეა“. 

 

შეადგინა: შალვა გვინჩიძემ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ