მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6314 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქართული მითოლოგია - ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს - ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება.

თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.

ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (19-20 საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიური და მკაფიოდ ინფივიდუალური სახით.

ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი.

 

არმაზი

 

ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება. "ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წВიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი..." (ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955, გვ. 106).

არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი.

არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე.

არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა.

სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს.

არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

 

 

ამბრი

 

გმირი ქართულ მითოლოგიაში, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით.

ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება "ცოცხლად დამარხვის მოტივი": ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას.

ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი. ხარის კულტთან უნდა იყოს კავშირში - 12 ხარი შეიძლება წელიწადის 12 თვე იყოს!

 

ბარბალე

 

ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას.

ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას.

ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ.

თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში;

ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან ბიბბირრუ - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან.

ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია. ეს კი ნამდვილად წააგავს დედა ღვთაებას - რომელიც გავრცელებული იყო შუმერიდან ანატოლიამდე!

 

ბოჩი

 

ქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება.

ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.

 

ოჩოკოჩი

 

ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე სჭრის.

ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.

ხალხური ნაამბობი: ოჩოკოჩი დიდია და ბანჯგვლიანი, მკერდზე ორი რქა აქვს გამოშვერილი. ტყეში მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. ღამით თუ ტყეში ძლიერი "ვოო!!" ღრიალი გაისმა - ეს ოჩოკოჩია ნამდვილად. ოჩოკოჩი მწყემსთან მიდის, ცეცხლზე თბება (მთქმელი მ.სიჭინავა 70 წლის, სოფ. ლესიჭინე, ჩხოროწყუს რაიონი)

ერთხელ ძროხებს ვმწყემსავდი. ღამით ჩემი ამხანაგები დაკარგული ძროხის საძებნელად წავიდნენ და მარტო დავრჩი კარავში. უცბად რაღაცნაირი - "ვოოს" ძახილი მომესმა. მივხვდი ოჩოკოჩი რომ იყო. შევშინდი და კუთხებში ძროხებთან დავიმალე. კარი გაიღო და ოჩოკოჩი შემოვიდა. საჭმელი შეჭამა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ დამიძახა: "ცეცხლი გინთიაო!" და ოჩოკოჩი ისევ შემოვიდა. ისიც მიუჯდა ცეცხლს, გაითბო ტანი და წავიდა. ოჩოკოჩის ეშვები აქვს (მთქმელი ბ.მალანია 70 წლის, სოფ. ჩხოროწყუ)

მე არ მინახავს, მაგრამ ბევრჯერ გამიგია: ოჩოკოჩი კაცისნაირიაო, დაბღავისო, მთიან და ტყიან ადგილებში ცხოვრობსო. კაცს არ ერჩისო, მაგრამ თუ გააჯავრა, მაშინ შეებრძოლებაო. ოჩოკოჩი ახმახიაო, იტყოდნენმ ფეხშიშველა დადის და ეშვები აქვსო. მკერდზე საფეთელის მსგავსი რქები აქვს წამოზრდილიო. როცა დადის, ყვირის და მიხარხარებს. სადაც კაცი ცხოვრობს, იმ ადგილებში არ დადის. უმეტესად მონადირეები და მეჯოგეები ხვდებიან მას.

 

ოჩოპინტრე

 

ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს.

ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას

 

ზადენი

 

ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე.

ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს.

მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ ყაზადან-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა.

"ზადენი" სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთში).

 

 გაცი და გაიმი

 

 

ქართულ მითოლოგიაში ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ.

გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა.

ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი ყველაზე იდუმალის გამგეებად  მოიხსენიება ამ ლეგენდარული ხის შესახებ თითქმის ყველა მითოლოგიური გადმოცემა მოგვითხრობს, სადაც შესაქმის პროცესია აღწერილი. მსოფლიო ხე ე.წ. ახის მუნდი ან არბორ მუნდი ან მისი რომელიმე იზოფუნქციური სიმბოლო: მთა, ტაძარი, კიბე, ჯვარი, ჯაჭვი... ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა.

 

ადგილის დედა

 

ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთად ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალი, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე.

შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც - ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველებს.

 

ალი

 

ალები ქართულ მითოლოგიაში განსაზღვრულია როგორც ბოროტი სულები, რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებს. ალები შეიძლება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ყოფილიყვნენ. მათ საშინელი შესახედაობა ჰქონდათ (სპილენძის კბილები, შუშის თვალი, დასვრილი თმები).

გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში, შედიან თავლებში, ზოგჯერ მსხვერპლს, რომელსაც ახლო ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ. ქალ ალებს (ალქალებს) იგივე ფუნქციები აქვთ, თუმცა ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ.

ზოგჯერ მათ ქალღმერთ დალის ფუნქციები მიეწერებათ და მის მსგავსად, მშვენიერი ოქროსთმიანი ქალის სახით ეცხადებიან თეთრ კაბაში. ალი ერთგული მსახური ხდება ადამიანის, რომელიც მას თმას და ბრჭყალებს დააჭრის. ალის ბოროტ ძალას წინ აღუდგება მის წინააღმდეგ შელოცვა ან წმინდა გიორგის სახელი.

 

 

ამირანი

 

ამირანი - ქართულ მითოლოგიაში განხილულია როგორც “ამირანიანის” ეპოსის მთავარი გმირი.

ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა კუთხეში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, რაც მიუთითებს მათი ფორმირების შესახებ ქართველი ერის ეთნოგენეზის ადრეულ სტადიაზე (ვარიანტები არსებობს აგრეთვე კავკასიის ქართველებთან მონათესავე ხალხებში).

ამირანის სახე მოსჩანს ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებში (მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი).

ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია (ამირანის ქალწულებრივი ჩასახვის აფხაზურ ვარიანტს ალბათ მატრიარქატის ეპოქისკენ მივყავართ; ზოგიერთ გვიანდელ ვარიანტში ამირანის მამა მჭედელი ან გლეხია).

ნაადრევად დაბადებულმა უმწიფარმა ამირანმა ხარის (ძროხის) კუჭში (ფაშვში) დაასრულა მომწიფება. ამირანის ღვთაებრივ წარმოშობას მიუთითებს მის მხრებზე მზის და მთვარის გამოსახულება, აგრეთვე ის, რომ მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ოქროსია.

ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს (თუმცა ვერც კი მოვა ძალით და სიმაღლით ამბრისთან).

ამირანის ძალა უხშირესად მის მონათვლას მიეწერება (უეჭველია, რომ ნათლობის მოტივმა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განდევნა უფრო ძველი ინიციაციის მოტივი), თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. ამირანის გმირობებში (დევებთან, ვეშაპთან ბრძოლა), რომლებსაც ის სჩადის მის ძმადნაფიცებთან, ბადრისთან და უსიპთან ერთად, ნათლად ჩანს კოსმოგონიურ მოტივებთან კავშირი.

ვეშაპი გადაყლაპავს ამირანს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და განახლებული გარეთ გამოდის. ამასთანავე, ამირანი ნეკნებს შორის განაჭერში დაწნულ ბადეს დგამს, რათა ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა მზემ დაწვას იგი და შეძლოს გარეთ გამოსვლა. ამირანი იტაცებს ზეციურ ქალწულს - ყამარს, რომელიც ციურ ცეცხლს განასახიერებს და ცხოვრობს ზღვის გადაღმა ან ზღვის თავზე დაკიდებულ კოშკში. ამირანი ამარცხებს ყამარის მამას - ამინდის და საავდრო ღრუბლების მბრძანებელ ღვთაებას.

ამირანი ასწავლის ადამიანებს მჭედლობას; იგი თვითონაც შესანიშნავი მჭედელია, რომელსაც ხმლის ჭედვაც შეუძლია (მძიმე ხმალი ამირანის აუცილებელი ატრიბუტია). ამირანის სახეში კულტურული გმირის სხვა თვისებებიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოს და აფხაზურ ვარიანტებში იგი მავნე მცენარეებსაც ანადგურებს.

ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს.

ძველი გადმოცემით შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ამირანი მოწამე გმირის თვისებებს იძენს და იესო ქრისტეს, გიორგის, ილიას და სხვ. ეცილება. ამირანის შესახებ თქმულებებმა ასახვა ჰპოვა შუასაუკუნოვან ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანში”. ამირანი ტიპოლოგიურად პრომეთესთან და აბრსკილთან ახლოს დგას.

 

არმაზი

 

არმაზი ქრისტიანობის გავრცელებამდე აღმოსავლეთ საქართველოს (ივერიის) პანთეონის მთავარი წარმართული ღვთაებაა.

არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. მე-3 ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი.

არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში მთაზე იდგა.

არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა.

სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს.

არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (მე-4 ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

 

ბარბალე

 

ბარბალე ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთია. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას.

ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას.

ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს- ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ.

თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე, ბაბალე და სვანური - ბაბარი, ბარბალი, ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში;

ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან ბიბბირრუ - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება.

ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.

 

ბატონები

 

ბატონები - ბავშვთა ინფექციურ გადამდებ ავადმყოფობათა (წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა, ყივანახველი) საერთო ხალხური სახელწოდებაა.

ქართველთა ძვ. რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებას იწვევდნენ ანთროპომორფული სახის პატარა ზებუნებრივი არსებები ე. წ. ბატონები, ანგელოზები, დაავადებებსაც შესაბამისად ყვავილ-ბატონები, წითელა-ბატონები, ხველა-ბატონები და ა. შ. ეწოდებოდა.

მორწმუნეთა წარმოდგენით, ბატონები ამა თუ იმ სოფელში მობრძანდებოდნენ და რომელ ოჯახსაც ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა ჩნდებოდა.

ბატონები ძველი ქართული ღვთაების, ნანას შვილებად ითვლებოდნენ. ოჯახში, რომლის ერთ-ერთი წევრიც ავადმყოფობს, ბატონების გასამასპინძლებლად ტკბილეულს ამზადებენ, დგამენ საჩუქრებით მორთულ ხეს, ანთებენ ზეთის კანდელს, ავადმყოფის ოთახში წითელ ნაჭრებს ჰკიდებენ, ასრულებენ რიტუალურ სიმღერა-ლოცვას “ბატონებო” (ან “იავ-ნანას”).

ხალხს სწამდა, რომ ბატონებს მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და, თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად გაივლიდა. ამიტომ ავადმყოფის პატრონები ბატონების გასამხიარულებლად მართავდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ე. წ. "ბატონების ხეს", დგამდნენ ტკბილეულით გაწყობილ ტაბლას, უკრავდნენ ფანდურზე, მღეროდნენ ბატონების საგალობელს "ბატონებო", ცეკვავდნენ და გარკვეულ აღკვეთებს იცავდნენ.

ბატონები, ქართველთა უძველესი ნაყოფიერების ღვთაება, დიდი დედა ნანას შვილებად მიაჩნდათ და მსგავსად ითვლებოდნენ "დობილებისა" "ნაწილიან ღვთაებებად".

 

ბაყბაყ-დევი

 

ბაყბაყ-დევი ქართულ მითოლოგიაში ტყის კაცია, ერთ-ერთი დევია.

ბაყბაყ-დევი, რომელიც ბოროტ საწყისს განასახიერებს (მაგრამ ყოველთვის მარცხდება დადებით გმირთან), წარმოგვიდგება მრავალთავიან არსებად, რომლის სიმძიმეს ძლივს უძლებს დედამიწა, კაციჭამიად, რომელიც თავის დამხმარეებთან ერთად ჭამს ადამიანებს.

 

ბედის მწერლები

 

ბედის მწერლები ქართულ მითოლოგიაში წარმოდგენილია ღვთაებად (ან რამდენიმე ღვთაებად), რომელიც ადამიანის ბედს განაგებს.

ბედის მწერლები გარდაცვლილთა სამეფოში ცხოვრობენ და მუდმივად იყურებიან “ბედის წიგნში”. მზის ქვეშ ადამიანის ცხოვრების ბედით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ბედის მწერლები ამის შესახებ გარდაცვლილთა სამეფოს მბრძანებელს (სულეთის ღმერთს) აცნობებენ, რომელიც გზავნის შემხვედრებს (მგრებრებს), რათა ადამიანს ამოაცალონ სული და ჩააბრძანონ გარდაცვლილთა სამეფოში (სულეთში).

ზოგჯერ ბედის მწერლები შეცდომით იძახებდნენ სულეთში ადამიანის სულს, რომლის დედამიწაზე ცხოვრების ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული. ასეთ შემთხვევაში ისინი სულს სხეულს უბრუნებდნენ და ადამიანი აგრძელებდა ცხოვრებას მისთვის განკუთვნილი ვადით.

არსებობს გადმოცემები ადამიანთა შესახებ, რომლებმაც მოინახულეს გარდაცვლილთა სამეფო (მკვდარში ჩართულები), რომლებიც მიწაზე დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველები ხდებოდნენ და სულეთის ამბებს ჰყვებოდნენ. ბედის მწერლების ფუნქციები ზოგჯერ თვითონ სულეთის ღმერთს მიეწერებოდა.

 

ბერი-ბერა

 

ბერი-ბერა ქართულ მითოლოგიაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (მთიულეთში, გუდამაყარში) ანთროპომორფული ღვთაებაა, რომელიც მოსავლის მფარველია და საქონლის ნაყოფიერებას და მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს.

ბერი-ბერა აგრარული კალენდარული დღესასწაულების ერთ-ერთი პერსონაჟია. წინასაახალწლო რიტუალის დროს მამაკაცთა შორის უფროსი, რომელიც ბერი- ბერას განასახიერებდა, სახლში ჯოხზე გადამჯდარი (ბერბერა) შედიოდა მისალმებებით და კეთილი სურვილებით.

 

ბერიკა

 

ბერიკა ქართულ მითოლოგიაში ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ღვთაებაა; უხშირესად თხის სახით წარმოიდგენდნენ.

ბერიკა ნაყოფიერების და ბუნების აღორძინების საგაზაფხულო აგრარული დღესასწაულის - ბერიკაობის მთავარი პერსონაჟია, რომლის მონაწილენიც თხის და ცხვრის ტყავს იცვამდნენ, ჩლიქებს და რქებს იმაგრებდნენ და სახეს შავად იღებავდნენ.

 

ბოსელი

 

ბოსელი ქართულ მითოლოგიაში შინაურ ცხოველთა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაებაა. ქართული სამესაქონლეო და აგრარული დღესასწაულის – ბოსლობის, აგრეთვე ღვთაების სახელის და ეპითეტების ანალიზის საფუძველზე ბოსელის, როგორც ღვთაების თავდაპირველი სახე მწარმოებელი ხარის სახით წარმოგვიდგება.

საახალწლო დღესასწაულთა ციკლში ბოსელს აგრეთვე ბერი და ბასილი ეწოდება.

 

ბოჩი

 

ბოჩი ქართულ მითოლოგიაში ღვთაებაა, რომელიც კავკასიონის ქედის შვიდ მწვერვალზე სუფევს.

ბოჩის სახელს უკავშირდება გარეულ ცხოველთა ყოფა- ცხოვრებაში შემორჩენილი სახელები “ოჩი” და “ვოჩი”. რიგი მკვლევარებისა თვლის, რომ ბოჩი მესაქონლეობის და მიწის ნაყოფიერების უძველესი ღვთაების სახელია.

 

გველისფერი

 

გველისფერი ქართულ მითოლოგიაში ღვთაების დამხმარეა, რომელიც ჯაჭვით დაბმული გველის ან გველეშაპის სახით გვევლინება.

გველისფერი განგმირავს ღვთაების მტრებს, ხოლო მის ერთგულ მსახურებს გასაჭირში ეხმარება. ამასთან ერთად, ჯაჭვიდან აშვებული გველისფერი სჯის ღვთაების ურჩ თაყვანისმცემლებს.

 

გიორგი

 

გიორგი ქართულ მითოლოგიაში წმინდა გიორგისთან (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ) იდენტიფიცირებული პერსონაჟია.

რიგ მკვლევართა აზრით, გიორგის სახელი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ მოტივთა და სიუჟეტთა უმეტესობა, ქრისტიანობამდელი წარმოშობისაა.

გიორგის ხალხურმა კულტმა თავის თავში გააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელი.

მოტივმა ღვთაება-მხედარზე, მონადირეზე, რომელიც თავისი ყოველწლიური სიკვდილით და აღდგომით განასახიერებდა ბუნების ყოველწლიურ კვდომას და აღორძინებას, უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ტრანსფორმაცია განიცადა ლეგენდად წმინდა გიორგის წამებაზე.

ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნა გაბნეული, აშენდა ტაძრები. მრავალ ისტორიულ წყაროში (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) დაფიქსირებულია წარმოდგენა სამსხვერპლო ცხოველთა შესახებ, რომლებიც თითქოს თავისი ნებით მიდიან დასაკლავად გიორგისადმი მიძღვნილ ტაძრებში; თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალებმა წაბილწეს იგი, გასინჯეს რა მისი სამსხვერპლო ხორცი, გიორგიმ ირემი ხარით შეცვალა.

ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია - ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად. ქრისტიანული წმინდა გიორგის კულტის გავრცელების შემდეგ ამ უკანასკნელთან იგივდებოდა მრავალი ძველი ღვთაება - ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან), ქართველ მთიელთა ლოკალური ღვთაებები (ჯვარი).

 

დალი

 

ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. 

საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. 

დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.

 

დობილნი

 

ქართულ მითოლოგიაში (აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში) ღვთაებათა დამხმარე სულები. 

გადმოცემების თანახმად, დობილნი პატარა ბავშვების და ქალების სახეს იღებენ. მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს ისინი მოლზე გამოდიან ბურთის სათამაშოდ. შემთხვევით მათ შორის მოხვედრილ ადამიანს ისინი თელავენ, რის შედეგადაც იგი ავად ხდება. 

როდესაც მთის მწვერვალებიდან მზის პირველი სხივები გამოჩნდება ხოლმე, დობილნი სოფლებს შეესევიან და მათ მცხოვრებლებს ავადმყოფობებს უგზავნიან. 

 

თედორე (თევდორე)

 

ქართულ მითოლოგიაში აგრარული ღვთაება; თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ, როგორც მიწათმოქმედების მფარველს, მოგვიანებით კი, როგორც ცხენების მფარველსაც. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღვთაების ხალხური კულტი თანამოსახელე ქრისტიანული წმინდანის (წმინდა თევდორეს) კულტს შეერწყა. 

თედორე ითვლება “დიდ მშრომელ-მიწათმოქმედად” და მოიხსენიება, როგორც “დიდი ბატონი”. თედორეს ეპითეტი “შავი”, “შავგვრემანი” მიწის შავ ფერს შეესაბამება. 

თედორეს ეძღვნება საგაზაფხულო კალენდარული დღესასწაული “თედორობა”, რომელიც დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს ემთხვევა. ამ დღეს აცხობდნენ სარიტუალო პურს სასოფლო-სამეურნეო იარაღების და ცხოველთა (ცხენების) გამოსახულებებით, აწყობდენ რიტუალურ თესვას.

 

ვეშაპი

 

ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ზოომორფული არსებები, ურჩხულები. ძველ კოლხეთში უზარმაზარი თევზის სახით გამოსახავდნენ. ხშირად ვეშაპი მრავალთავიანი არსების სახით გვევლინება. 

განარჩევენ თეთრ, წითელ და შავ (ყველაზე ძლიერ) ვეშაპებს. ვეშაპები წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებული და იტაცებენ წყალს ჭებიან, მდინარეებიდან, ტბებიდან, წყლის სარგებლობისთვის ითხოვენ ქალწულის მსხვერპლად შეწირვას. 

ისინი შთანთქავენ მზეს, მტრობენ კეთილ გმირებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათთან მარცხდებიან. ვეშაპების ბოროტი ფუნქციები ხშირად დევებზე გადადის. 

ზოგ სიუჟეტში გმირების მფარველთა როლში გვევლინებიან, მაგრამ მათი საჩუქრები გმირებისთვის აკრძალვას შეიცავს. გმირის მიერ აკრძალვის დარღვევა მის სიკვდილს იწვევს. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ვეშაპი ურწმუნოების და კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლოა.

 

ყამარი

 

ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწული, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟი.

ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს - ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და ქაჯების მბრძანებელს.

ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედან სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან).

 

დედაბერი

 

ქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში მოხუცი ქალები.

ზოგი დედაბერი კაცთმოყვარეა, კეთილგანწყობილი და ეხმარება გმირებს, ზოგი კი პირიქით, ადამიანთა მიმართ მტრულად არის განწყობილი. ამ უკანასკნელთ ემორჩილებიან ბუნებრივი სტიქიები, რომელთაც ისინი იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ გმირს მიზნის განხორციელებაში.

 

იახსარი

 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების (ფშავ-ხევსურეთი) მითოლოგიაში ღვთაება ხვთისშვილთა (ღმერთის შვილთა) რიგიდან. სხვა ხვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა.

იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს.

ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა. შ.) გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო და ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში და სხვა რაიონებში.

იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში.

ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები.

 

კუდიანი

 

კუდიანები ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ფოლკლორში გრძნეულ ქალებს წარმოადგენენ.

კუდიანები მახინჯები და კუზიანები არიან, დიდი კბილები და ეშვები აქვთ, მიწამდე სიგრძის თმები და მხრებზე გადაკიდებული ძუძუები.

კუდიანებს ნებისმიერი სახის მიღება და ადამიანის მოჯადოება შეუძლიათ. ისინი ბნელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ და გადაადგილდებიან კატაზე, მამალზე, მგელზე ან სხვა ცხოველებზე ამხედრებულები ან გადაადგილებისთვის საყოფაცხოვრებო საგნებს იყენებენ - ქოთანს, როდინს, ცოცხს და სხვ. მათი წინამძღოლის - როკაპის დაძახებაზე კუდიანები ტაბაკონის მთაზე იკრიბებიან.

 

კოპალა

 

წინაქრისტიანული სათემო ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. ქართულ მითოლოგიაში ფშაველთა (ფხოველთა) ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავსა (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკის ხეობა, ჭალაისოფელი).

სალოცავი ლიქოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზვავში მოყოლისგან, მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ. კოპალას სამლოცველოები იყო აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ქართლ-კახეთის ჩრდილოეთ ზოლში.

მორწმუნეთა წარმოდგენით, კოპალა გაღვთიშვილებულ ხორციელად ითვლებოდა, რისთვისაც იახსართან (იახსარი ფშაური ღვთაებაა) ერთად მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება. მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვის ბოროტი ძალებისაგან.

იმავე წარმოდგენით, კოპალა, როგორც სათემო ღვთაება, თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. ამ ფუნქციათა დამთხვევის გამო კოპალა და იახსარი მოძმე ღვთიშვილებად მიაჩნდათ. კოპალას ჰქონდა მამულები, სათიბები, ზვრები კახეთში, კურატების ჯოგი, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ-საკულტო ნაგებობანი, სამეურნეო ინვენტარი, ფლობდა განძს და ა. შ.

 

კვირია

 

ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების - ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. 

კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ. 

დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. 

დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.

 

მამბერი

 

მამბერი ქართულ მითოლოგიაში მგლების მბრძანებელია. მას თაყვანს სცემდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები.

როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.

 

მაცილი

 

მაცილი ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულია საიქიოდან. ისინი აშინებენ მგზავრებს და მონადირეებს, ააცდენენ მათ სწორი გზიდან, კლავენ ბავშვებს, აჯადოებენ ადამიანებს და საქონელს.

მაცილებს მოსდევს კოპალა, რომელიც მათ კეტით და მშვილდ-ისრით კლავს. მაცილთა დედა ზოგჯერ დევების დედად მოიხსენიება; მას ეძღვნება სალოცავი სოფელ როშკაში, სადაც ქალები მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს.

 

მზეთუნახავი

 

მზეთუნახავი ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ოქროსთმიანი მშვენიერი ქალია, რომელიც სასწაულებრივად იბადება მცენარეებიდან.

მზეთუნახავი ჩაკეტილია ცხრა მთას იქით მიუვალ ციხე-კოშკში; გმირმა მის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს ურთულესი დავალება ან გამოიცნოს მისი გამოცანები.

ხშირად მზეთუნახავი მოჯადოებულია და გადაქცეულია ირმად, მტრედად, გველად და ა.შ.

მისი მომაჯადოებელი ბოროტი არსების განადგურების შემდეგ მზეთუნახავი, ჯადოსნური სიტყვის ან მოქმედების შედეგად, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი. ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც მიჰყვება ცოლად.

 

მინდორთ ბატონი

 

მინდორთ ბატონი ქართულ მითოლოგიაში მინდვრების და ველური ყვავილების მფარველია.

მინდორთ ბატონს მშვენიერი ქალიშვილი ჰყავს (მინდორთ მბრძანებელი), რომელიც იმდენად მსუბუქია, რომ ყვავილებზე დადის; იგი მცენარის მტვრით იკვებება და მცენარის წვენს სვამს.

ხალხური გადმოცემებით, მინდორთ ბატონის ქალიშვილი იღუპება, როდესაც მას ადამიანი დაიჭერს.

 

მიჭპა

 

მიჭპა ქართულ მითოლოგიაში (სვანებში) ღვთაებაა და მსხვილი რქოსანი საქონლის მფარველია ზამთრის პერიოდში.

 

ნაწილიანი

 

ნაწილიანი ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველია, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი “წილები”, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით.

ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე.

ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.

 

 

პირქუში

 

პირქუში ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელია. სახელი და ეპითეტი (ცეცხლოვანი) პირქუშის ქტონურ ძალებთან (დევებთან, ქაჯებთან და სხვ.) კავშირზე მიუთითებს.

დევების მიერ დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის საგნებს ჭედავს.

ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით. პირქუშს მიეწერება ფიალების, თასების, ქვაბების და სხვა საგნების დამზადება.

 

რაში

 

რაში ქართულ მითოლოგიაში გმირების სწრაფი და ყოვლისშემძლე ცხენია; მათ სახელს ირანული და ტაჯიკური მითო-პოეტური ტრადიციების ლეგენდარული ცხენის რახშის სახელთან მივყავართ.

რაშები არაჩვეულებრივად ჩნდებიან: ისინი იბადებიან ადამიანის კუნთებიდან, ამოდიან ზღვიდან, იზრდებიან მიწიდან. განარჩევენ მიწიერ, ზღვის და ზეციურ რაშებს. მიწიერი რაშები კეთილი ფუნქციებით ხასიათდებიან, გამჭრიახები არიან და წინასწარმეტყველური უნარი აქვთ; ისინი ეხმარებიან გმირებს და მათ ყველა დავალებას ასრულებენ.

ზღვის რაშები ველური ბუნებით ხასიათდებიან; გმირებს ისინი ზღვის სიღრმიდან ჯადოსნური აღვირით ან მიწიერი რაშების

დახმარებით ამოჰყავთ. ზღვის რაშის რძე სამკურნალოა, მაგრამ მისი მოპოვება ხიფათთან არის დაკავშირებული. ზეციური რაშები ჩვეულებრივ ფრთოსანნი და ცეცხლის მფრქვევლები არიან. მათი გახედვნა ძალიან ძნელია, მაგრამ მოთვინიერების შემდეგ გმირების ერთგული მსახურნი ხდებიან და მათ ყველა სურვილს ასრულებენ.

 

როკაპი

 

როკაპი ქართულ მითოლოგიაში კუდიანების მეთაურია, რომლებსაც მისთვის ადამიანთა გულები მოაქვთ. ღმერთის მიერ დასჯილი როკაპი მიწაში ღრმად ჩასობილ რკინის ბოძზეა მიბმული. როკაპი ყოველ წელს ცდილობს ბოძის ამოგლეჯას და განთავისუფლებას, მაგრამ როდესაც თითქმის ახერხებს ამას, ბოძზე ჩიტი ჯდება; როკაპი მას ჯოხს მოუქნევს, ჩიტი გაფრინდება, ხოლო ბოძი კვლავ ღრმად ჩადის მიწაში.

 

სამძიმარი

 

სამძიმარი ქართულ მითოლოგიაში ქაჯეთიდან მოტაცებული ქალი-ქაჯია. სამძიმარის მოტაცება ხახმატის გიორგის სახელს უკავშირდება.

ამ წარმოდგენაში, ისევე, როგორც სამძიმარის შემდგომი ნათლობის სიუჟეტში აისახა წმინდა გიორგის მიერ წარმართი მეფის მოქცევის გავრცელებული მოტივი. სამძიმარი შეიძლება უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, შემდეგ კი პატარძლად შედის ოჯახში და დოვლათი და იღბალი შეაქვს.

როდესაც გაირკვევა, რომ იგი მოკვდავი ქალი არ არის, სამძიმარი ტოვებს სახლს.

 

სახლის ანგელოზი

 

სახლის ანგელოზი ქართულ მითოლოგიაში ოჯახის, კერძოდ ცოლ-ქმრული ურთიერთობების მფარველი ღვთაებაა. ოჯახის წევრებს შორის ჩხუბი სახლის ანგელოზის განრისხებას მიეწერებოდა.

ამ შემთხვევაში მას ცხვარს ან გოჭს სწირავდნენ და მსხვერპლის სისხლს სახლის კარს და კედლებს უსვამდნენ.

 

ტყაში-მაფა

 

ტყაში-მაფა ქართულ მითოლოგიაში ტყის დედოფალია, გარეულ ცხოველთა მბრძანებელია. ხალხური წარმოდგენებით ტყაში-მაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი.

ტყაში-მაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს.

ტყაში-მაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაში-მაფას დალისთან და უსახელო “ტყის ქალის” სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.

 

ფასკუნჯი

 

ფასკუნჯი ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში დრაკონის მსგავსი ფრინველია. ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა.

უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა.

ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება.

ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს. ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება.

არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.

 

ქაჯი

 

ქაჯი ქართულ მითოლოგიაში სული და უსიამოვნო გარეგნობის ანთროპომორფული არსებაა.

ქაჯების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქაჯეთი ეწოდება. ქაჯებს შეუძლიათ დღის - ღამედ, ღამის კი - დღედ ქცევა, ზღვაზე ქარიშხლის გამოწვევა. ისინი ძირავენ ხომალდებს, თავისუფლად გადაადგილდებიან წყლის ზედაპირზე, აქვთ გადაქცევის და გაუჩინარების უნარი.

განარჩევენ მიწიერ და წყლის ქაჯებს. მიწიერი ქაჯები ტყეებში და მიუვალ კლდეებში ცხოვრობენ, მტრობენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემენ ან აგიჟებენ მათ.

წყლის ქაჯები მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ. ისინი ნაკლებ ბოროტები არიან და ხშირად ეხმარებიან მეთევზეებს. ქალი-ქაჯები სილამზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს.

 

ღმერთი

 

ღმერთი ქართულ მითოლოგიაში ცის უზენაესი ღვთაება და ღვთაებების მამაა, სამყაროს მბრძანებელია, შემოქმედია, ბუნების და ადამიანთა სიცოცხლის გამგებელია.

ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები, გაანათა ისინი ქალწული მზის - მზექალის შუქით, შექმნა დანარჩენი ღვთაებები - ხვთისშვილები.

ღმერთი მეცხრე (მეშვიდე) ცაზე ცხოვრობს და ოქროს ტახტზე დაბრძანდება. იგი განაგებს სამყაროს და ადამიანთა საქმეებს და თავის ნება-სურვილს ხვთისშვილების მეშვეობით გამოთქვამს.

ის ჭექა-ქუხილის და ციური ცეცხლის მფლობელი და მართლმსაჯულების ღვთაებაა. ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს, აძლევს მათ მოსავალს, დღეგრძელობას, ნაყოფიერებას და იცავს მათ ყოველივე ცუდისგან. იგი ყველგან მყოფი და ყველაფრის მცოდნეა, ერთიანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი თავის “ნაწილებში”, რომელთა საშუალებით ნებისმიერი არსების სახით შეიძლება მოგვევლინოს.

ღმერთს თან ახლავს მისი ერთგული ძაღლები (ან მგლები), რომლებსაც ის ადამიანთა საშველად ან დასასჯელად აგზავნის. ღმერთი წარმოდგენილია ოქროს პირით და საშინელი, ანთებული თვალებით. მისი წმინდა ცხოველი და სავარაუდო ზოომორფული წინასახე ბუღა-ხარია.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ბიბლიურ მამა-ღმერთთან გაიგივდა.

 

ყამარი

 

ყამარი ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწულია, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟია. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს – ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და

ქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედანაა სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან).

 

ჯვარი

 

ქართულ მითოლოგიაში (ხევსურებში) ლოკალურ ღვთაებათა საერთო სახელწოდება.

ჯვართან ერთად იხმარება აგრეთვე ტერმინები “ხვთისშვილი”, “ღვთისნადები”. ჯვრები მორიგე-ღმერთს ემორჩილებიან, ითვლებიან მხარის, თემის, სოფლის მფარველებად. ხევსურთა საყოველთაო ღვთაებად ითვლება გუდანის ჯვარი სოფელ გუდანში.

გუდანის ჯვარი მეომარი ღვთაების სახით გვევლინება, რომელიც ეხმარება ხევსურებს მტრის წინააღმდეგ ლაშქრობებში და გიორგისთან იდენტიფიცირდება.

ფართოდ არის აგრეთვე გავრცელებული კარატის ჯვრის კულტი. ჯვრის შესახებ წარმოდგენებმა შეითავსა აგრეთვე მარიამის და სხვა ქრისტიანულ პერსონაჟთა თვისებები. ფშავში და თუშეთში ჯვარს ხატი შეესაბამება.

 

ხვთისშვილი

 

ხვთისშვილი ქართულ მითოლოგიაში მეორეხარისხოვან ღვთაებათა (კოპალას, იახსარის და სხვ.) საერთო სახელწოდებაა.

ჩვეულებრივ, ხვთისშვილები უზენაესი ღმერთის შვილებად ითვლებიან.

 

* * * * * * *

 

საქართველოს სხვადასხვა მხარეში წმინდა ხედ ითვლებოდა: მუხა, ცაცხვი, ვაზი, ტირიფი, ალვა, იფანი...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ