მთელს მსოფლიოში ცნობილია როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს მაღალხარისხიანი ვისკი. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ირლანდიაში ამზადებენ სახელგანთქმულ ირლანდიურ ყავას.
მართალია ოფიციალურად ირლანდიური ყავის ისტორია 1930-იან წლებიდან იწყება, თუმცა, მსგავსი რეცეპტით ყავას გაცილებით ადრეც ამზადებდნენ.
წინა საუკუნეში, ჩრდილოეთ ფრიზიაში, ნორდსტრანდის რაიონში მსახურობდა ასკეტური ცხოვრების მიმდევარი პასტორი გეორგ ბლაიერი, რომელიც ფანატიკურად გმობდა ყოველგვარ მანკიერებას, განსაკუთრებით სიმთვრალეს.
ამიტომ მისი გარემოცვა და მრევლი არ ეკარებოდა ალკოჰოლურ სასმელს და სვამდნენ მხოლოდ ყავას. ერთხელაც, 1872 წელს, ერთ-ერთი ბავშვის ნათლობაზე, ნორდსტრანდის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, რომელიც დაიტანჯა მუდმივი სიფხიზლით, გამოიჩინა საზრიანობა და შავ ყავას ყავისფერი იამაიკური რომი დაუმატა და მრისხანე პასტორს რომ ეჭვი არ აეღო, ზემოდან ცხიმიანი ნაღები ჩაასხა.
არავინ იცის, შემთხვევით მოხდა თუ ეჭვი აიღო, მაგრამ ბლაიერმა მაგიდიდან სხვისი ფინჯანი აიღო და პირველივე ყლუპის მოსმის შემდეგ წამოიყვირა: „ოი, ფარისეველნო“. „ცოდვიანი ყავა“ ნორდსტრანდის საფირმო ნიშანი გახდა, ხოლო შემდეგ ირლანდიურ ყავას Pharisees - უწოდებენ. არსებობს კიდეც გერმანული ყავა სახელწოდებით Pharisees Coffee.
ოფიციალური ვერსიის თანახმად - ირლანდიური ყავა პირველად გამოჩნდა ლიმერიკის საგრაფოს პატარა დასახლებაში - ფოინსი, რომელიც ატარებდა ახლოსმდებარე მსხვილი ირლანდიური საზღვაო პორტის სახელს.
1930-1940-იან წლებში პორტი იღებდა არა მხოლოდ გემებს, არამედ ჰიდროპლანებს (ჰიდრო თვითმფრინავებს), რომლებიც ანხორციელებდნენ ფრენებს ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ფოინსს სტუმრობდნენ: ჰამფრი ბოგარტი, ელეონორა რუზველტი, ერნესტ ჰემინგუეი, დუგლას ფერბენკსი და სხვა ცნობილი ადამიანები.
ფოინსი არ იყო საბოლოო დანიშნულების პუნქტი, იგი წარმოადგენდა სატრანსპორტო კვანძს, სადაც ხდებოდა იმ თვითმფრინავების საწვავით მომარაგება, რომლებიც აგრძელებდნენ გზას.
ჰიდროპლანების დაშვების შემდეგ, იმისთვის, რომ დალოდებოდნენ საწვავის შევსებას, მგზავრებს უხდებოდათ ნავებით ნაპირზე გადასვლა. ცივი ზამთრის პირობებშიც კი. ამიტომ, მათ სჭირდებოდათ არა მხოლოდ ცხელი კერძები, არამედ ცხელი სასმელიც.
1942 წელს ფოისში გაიხსნა შესანიშნავი რესტორანი, რომლის შეფ-მზარეულიც გახლდათ ჯო შერიდანი.
ერთხელაც, ფოინსის პორტიდან ნიუფაუნლენდში გაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც უამინდობის გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.
დაღლილ-დაქანცულ და სიცივისგან შეწუხებული მგზავრებს ჯო შერიდანმა ცხელი ყავა შესთავაზა, რომელშიც ცოტაოდენი ირლანდიური ვისკი ჩაუმატა. ჩანაფიქრი გენიალური აღმოჩნდა - ახლა სასმელი არა მხოლოდ ამხნევებდა, არამედ ათბობდა კიდეც.
როცა ჯომ სასმელი თავად გასინჯა, აღნიშნა, რომ სასმელი არ იყო იდეალური და მას ახლად ათქვეფილი ნაღებიც დაუმატა.
ერთ-ერთი სტუმარი დაინტერესდა და იკითხა - იყო თუ არა ყავა ბრაზილიური. „ეს ირლანდიური ყავაა სერ! - ამაყად უპასუხა ჯო შერიდანმა.
ჯო შერიდანმა ყავას “Irish Coffee” (ირლანდიური ყავა) უწოდა და ისტორიაში შევიდა როგორც ადამიანი, რომელმაც გამოიგონა ირლანდიური ყავა. ბარის კედელს დღესაც ამშვენებს მემორიალური დაფა, ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად.
საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ყავის კოქტეილი პორტ ფოინსის საფირმო სასმელად ითვლებოდა. ხმებმა უჩვეულო ყავის შესახებ კი მალე გააღწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თუმცა 1945 წელს აეროპორტი დაიხურა და ირლანდიური ყავის რეცეპტი რარაც დროის გამავლობაში დავიწყებული იქნა.
ირლანდიური ყავით მალე დაინტერესდა ამერიკელი მწერალი სტენტონ დელაპლეინი, რომელმაც წაუღო იგი თავის მეგობარ ჯეკ კეპლერს, რომელიც სან-ფრანცისკოში ფლობდა ბარს „Buena Vista“.
მეგობრებმა ბევრი იწვალეს და მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტები ჩაატარეს, თუმცა წარმატება არ მოდიოდა: ხან გემო არ იყო მისაღები, ხან ნაღები აიჭრებოდა და მიდიოდა ჭიქის ფსკერისკენ, როცა სასმელის თავზე უნდა ეცურა ნარნარად.
მეგობრები ირლანდიაში ჯო შერიდანს ესტუმრნენ და იქედან დაბრუნების შემდეგ მალევე რეცეპტი, რომელიც დღემდე ირლანდიური ყავის სახელითაა ცნობილი მზად იყო.
შეცდომის მიზეზი კი აღმოჩნდა ვისკ გარეულ ყავაში ნაღების დამატების წესი. ანუ ნაღები ოდანვ უნდა ათქვეფილიყო და სადესერტე კოვზის საშუალებით ჩაესხათ ჭიქაში ნელი ჭავლით.
არსებობს ირლანდიური ყავის მომზადების მხოლოდ ერთი, ორიგინალური რეცეპტი. სხვა ყველა დანარჩენი წარმოადგენს ვარიაცებს თემაზე.
ირლანდიურ ყავის მომზადებას ფაქიზი მიდგომა და ზუსტი შესრულება სჭირდება, თუმცა დღეს ამას პრაქტიკულად არავინ აკეთებს. ყავას ან მაგრად ათქვეფილ ნაღებს უმატებენ, ან პირდაპირ ჭურჭლიდან ასხამენ ყავაში; ურევენ შოკოლადის ნაღებს, ლიქიორს, დარიჩინს და ა.შ თუმცა ეს არ არის ირლანდიური ყავა.
ირლანდიური ყავის რეცეპტი:
საჭიროა:
30 მლ ნაზად ათქვეფილი ნაღები (ნაღები ცხიმიანი უნდა იყოს, რომ მიქსის ფენები არ აირიოს), 80 მლ ცხელი ესპრესო, 40 მლ ირლანდიური ვისკი და ერთი ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი.
ყავა მოადუღეთ ჯეზვეში. ჭიქებში გამოავლეთ ცხელი წყალი, ჩაასხით მოდუღებული ყავა, დააყარეთ ერთი კოვზი ყავისფერი შაქარი და დაუმატეთ ვისკი (სასმელის მთელი მოცულობის არა უმეტეს ერთი მესამედი).
ამის შემდეგ, ზემოდან ფრთხილად და ფაქიზად დაასხით ნაღები გადმობრუნებულ (ბარის ან დესერტის) კოვზს ისე, რომ თანაბარ ფენად დაედოს თავზე ყავის ზედაპირს. მთავარია ნაღები არ წავიდეს ქვემოთ, არ აიჭრას.
ყავა შეგიძლიათ მიირთვათ საწრუპავი მილის საშუალებით, ან მის გარეშე. არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, არავითარ შემთხვევაში სასმელი არ აურიოთ (არ შეანჯღრიოთ).
არსებობს ირლანდიური ყავის მომზადების სხვა საინტერესო მეთოდებიც:
ინგრედიენტები იგივეა, რაც ზემოთ მოყვანილ კლასიკურ რეცეტში.
პირველ შემთხვევაში - ყავა მოადუღეთ ჯეზვეში. ყავის ბოკალში ჩადეთ შაქარი, დაასხით ვისკი და მიღებული ნაზავი გააცხელეთ ღია ცეცხლზე. მას შემდეგ, რაც შაქარი გადნება, ირლანდიურ ვისკის ბოკალშივე უნდა მოუკიდოთ ცეცხლი. ამ პროცედურის შემდეგ კი ბოკალში დაუმატოთ ცხელი ყავა, ბოლოს კი ნაღები (კოვზის საშუალებით).
მეორე შემთხვევაში - 300 მლ მოცულობის გაცხელებულ ყავის ბოკალში ჩაასხით ცხელი ყავა, შემდეგ დაუმატეთ ვისკი და ბოლოს, ფრთხილად დანის პირით დაასხით ნაღები.
ამ მეთოდებით მომზადებული ირლანდიური ყავის გემო და არომატი იქნება შესანიშნავი.
ირლანდიური ყავის ცნობილი ბრენდებია: Ariosa, Baobab, Bell Lane, 3fe, Badger & Dodo, Bell Lane, Imbibe Coffee, Cloudpicker, Red Rooster Coffee, West Cork Coffee, Upside, Silverskin, Two Spots, Craft Coffee და სხვა...
















