მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სასმელის - ყავის შემადგენლობაში შედის ალკალოიდი - კოფეინი, რომლის ზემოქმედების მექანიზმი ორგანიზმზე ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი.
მეცნიერების მიერ არაერთხელ ჩატარებული კვლევების მიხედვით გამოტანილი იქნა კონკრეტული დასკვნები, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კოფეინმა მომავალი დედისა და ნაყოფის ორგანიზმზე:
• კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, რასაც თან დაერთოს პრეეკლამფსია (ორსულობის პერიოდის გართულება, რომელსაც ახასიათებს სხვადასხვა ორგანოების დაზიანება).
• კოფეინი პლაცენტის გავლით ხვდება ნაყოფის ორგანიზმში და ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირეს;
• კოფეინს აქვს ვაზოკონსტრიქტორული (სისხლძარღვთა შევიწროების გამომწვევი) მოქმედების უნარი, რაც გავლენას ახდენს პლაცენტაში სისხლის ნაკადის შემცირებაზე. შესაბამისად, ნაყოფი ვერ იღებს საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის საჭირო რაოდენობას;
ამგვარი რეაქციის შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა).
• ზოგიერთი კველევების მიხედვით ორსულის მიერ ყავის უკონტროლო გამოყენების შემთხვევაში ბავშვს შეიძლება განუვითარდეს მწვავე ლეიკემია;
• ყავა ხელს უშლის ორგნიზმის მიერ კალციუმის და მრავალი სასარგებლო მიკროორგანიზმების, მათ შორის: ფოსფორის, მაგნიუმის, კალიუმის, რკინის ათვისებას. იგი ასევე გამოდევნის ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან სითხეს;
• კოფეინი ზრდის ნერვული სისტემის რეფლექსურ აგზნებადობას.
• კოფეინი შეიძლება გახდეს ბავშვის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი და მისი ასაკი არ შეესაბამებოდეს გესტაციური ასაკს (მუცლად ყოფნის ასაკი).
• კოფეინი წარმოადგენს შარდმდენი საშუალებას, რომელიც ამცირებს ორგანიზმში სითხის მარაგს;
• კოფეინმა შესაძლოა გამოწვიოს ქოშინი, გულისცემის აჩქარება, ნერვიულობა, თავის ტკივილი;
• უზმოზე მიღებული ყავა აჩქარებს კუჭის წვენის სეკრეციას და იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანებას, გულძმარვას;
• ძილის წინ ყავის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის დარღვევასთან და შფოთვიანობა;
• ორსულ და მეძუძურ ქალებში ყავის ხშირმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია.
არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც კოფეინის გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა საფრთხე შეექმნას ორგანიზმის რეპროდუქციულ ფუნქციას. ანუ ადამიანებს, რომლებიც ძლიერ არიან დამოკიდებული ყავაზე, შეექმნათ გარკვეული სირთულეები ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებით.
იგივე კველევებით, დღეში სამი ან მეტი ფინჯანი ძალიან მაგარი ყავა ხელს უწყობს „კონტრაცეფციულ ეფექტს“. ამ მიზეზით, წყვილებმა, რომლებიც გეგმავენ ბავშვის გაჩენას, მაქსიმალურად უნდა შეამცირონ ან საერთოდ უნდა შეწყვიტონ ყავის დალევა.
არსებობს მოსაზრება, რომ თუ დედა ორსულობის პერიოდში მოიხმარდა ზედმეტი რაოდენობის ყავას, ახალშობილი შეიძლება დაიბადოს თანდაყოლილი დიაბეტით.
ქალები, რომლებსაც აქვთ მაღალი წნევა, შესაძლოა მიდრეკილნი იყვნენ გესტოზისკენ (გესტოზი ორსულობის გართულებაა, რომლის დროსაც ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დისფუნქცია).
თუ ასეთი დიაგნოზი დაისვა, მომავალმა დედებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ კოფეინის შემცველი სასმელების და/ან პროდუქციის მიღება.
ყავა ორსულობის სხვადასხვა პერიოდში
მეცნიერები დღემდე ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე, თუ ორსულობის რომელ პერიოდშია ყავა შედარებით სასარგებლო, ან პირიქით, ზიანის მომტანი.
ერთნი მიიჩნევენ, რომ ყავის მიღება უნდა შეწყდეს ორსულობის საწყის ეტაპზე. მეორენი დარწმუნებულნი არიან, რომ მე-20 კვირის შემდეგ, დგება კრიტიკული პერიოდი, როცა ყავის გამოყენება საერთოდ არ არის რეკომენდებული.
ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველაზე მეტი სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა პირველ და მესამე ტრიმესტრში, ხლო მეორე ტრიმესტრში, თუ დედის ჯანმრთელობა და ნაყოფის ფიზიოლოგიური მდგომარეობა საშუალებას იძლევა, შესაძლებელია ორსულმა დროგამოშვებით მისცეს თავს ყავის მიღების უფლება.
ყველა მომავალ დედას უნდა ახსოვდეს, რომ ყავა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სასმელი, რომელსაც ქალი მოიხმარს ორსულობის დროს, პლაცენტის მეშვეობით აღწევს მომავალ პატარამდე და ახდენს მასზე გარკვეული სახის ზემოქმედებას.
ამიტომ, საჭიროა საკუთარი და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი და ზომიერების დაცვა.
ყავა პირველ ტრიმესტრში
ცნობილია, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში, მომავალი ბავშვის ორგანიზმში ხდება ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების ჩამოყალიბება.
იმის გამო, რომ ორსულობის ადრეულ ვადებში ნაყოფის სხეული არ არის განვითარებული და მხოლოდ იწყებს მასის მომატებას, მას პრაქტიკულად არა აქვს შანსი გაუმკლავდეს ორგანიზმიდან კოფეინის დამოუკიდებლად გამოდევნას.
მომავალი პატარა, პლაცენტისა და ჭიპლარის დახმარებით იღებს დედის ორგანიზმიდან არა მხოლოდ საკვებ, არამედ მავნე ნივთიერებებს. ამიტომ, ყველა მომავალი დედა ყურადღებით უნდა დააკვირდეს იმ საკვებისა და სასმელის შემადგენლობას, რომელსაც იგი იღებს ამ საპასუხისმგებლო პერიოდში.
თუ ორსულობის მეორე ტრიმესტრში, ყავა (რომელსაც აქვს შარდმდენი მოქმედება) ხელს უწყობს შეშუპების აღმოფხვრას ქალებში, რომელთაც აწუხებთ ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), პირველ ტრიმესტრში კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს უკუშედეგი, რადგან ორსულის ორგანიზმიდან გამოდევნილი დიდი რაოდენობით სითხის გამო პლაცენტა ცუდად მომარაგდება სისხლით.
გარდა ამისა, ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ფორმირება შეუძლებელია კალციუმის გარეშე, რომელიც დიდი დოზით კოფეინის მიღების შემთხვევაში ირეცხება და გამოიდევნება დედის ორგანიზმიდან შარდთან ერთად.
ამიტომ, ორსულობის ადრეულ სტადიაზე რეკომენდებულია ორსულმა უარი თქვას არა მხოლდ ყავის, არამედ შავი ჩაის მიღებაზე.
ყველა მომავალ დედას უნდა ახსოვდეს, რომ უმნიშვნელო რაოდენობით კოფეინის დოზასაც კი შეუძლია ააჩქაროს ნაყოფის გულისცემა.
ამგვარად, ნაყოფის განვითარების ადრულ ეტაპზე საჭიროა ორსულმა ან საერთოდ უარი თქვას ყავის მიღებაზე, ან მაქსიმალურად შეზღუდოს მისი მოხმარება (მაგალითად 3 დღეში ერთხელ რძესთან ერთად).
ყავა მეორე ტრიმესტრში
მეორე ტრიმეტრი ორსულობის ყველაზე მშვიდი პერიოდია. ამ დროს მომავალ დედას აღარ აწუხებს ტოქსიკოზი და შეუძლია მეტი ფიზიკური აქტივობა.
მეორე ტრიმესტრში მთავრდება ნაყოფის შინაგანი ორგანოების ფორმირება, ორსული გაცილებით უკეთესად გრძნობს თავს და ეძლევა ამოსუნთქვის საშუალება.
ამ დროს მას შეუძლია მიირთვას ფინჯანი ყავა რძით, რომლისგანაც მიღებული სიამოვნება ასოცირდება სისხლში გამოყოფილ ენდორფინთან (ბედნიერების ჰორმონთან). დედის სიამოვნება კი ასევე გადაეცემა მომავალ პატარას და დადებითად მოქმედებს მის მდგომარეობაზე.
თუ ორსულს ჯანმრთელობა ხელს უწყობს, მას შეუძლია ზომიერად მიირთვას მცირე რაოდენობის ყავა (რეკომენდებულ დოზად ითვლება არაუმეტეს 100 მგ კოფეინი დღეში). რადგან ორსულობის მეთექვსმეტე კვირიდან, სრულად ჩამოყალიბებული პლაცენტა ხელს უშლის გარე გარემოდან მავნე ნივთიერებების შეღწევას ნაყოფამდე.
ყავა მესამე ტრიმერსტრში
სპეციალისტების ერთი ნაწილის მოსაზრებით, ამ პერიოდში კოფეინის მიღება შეზღუდული ან საერთოდ შეწყვეტილი უნდა იქნას, რადგან კოფეინი გავლენას ახდენს ბავშვის ნერვულ სისტემაზე (რომელიც სწორედ მესამე ტრიმესტრში ყალიბდება).
მედიკოსების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თუ მომავალი დედისა და ბავშვის ყველა სამედიცინო მაჩვენებელი ნორმაშა, შესაძლოა ყავის მცირე დოზების მიღება მესამე ტრიმესტრშიც.
სხვათა შორის არაფრით დასტურდება მოსაზრება, რომ მესამე ტრიმესტრში ყავის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დღენაკლული ბავშვის დაბადება.
ამიტომ, ორსულის რაციონიდან ყავის გამორიცხვა არის მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათის. უბრალოდ საჭიროა ზომიერების დაცვა.
ორსულობის დროს ყავის მიღება არ არის რეკომენდებული თუ:
• ორსულობა მიმდინარეობს ტოქსიკოზით, რომელსაც ახლავს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ღებინება;
• საშვილოსნოს ჰიპერტონუსის შემთხვევაში (რამაც შეიძლება გამოწვიოს პლაცენტის აშრევება და სისხლდენა);
• მაღალი არტერიული წნევის დროს;
• ორსულს აქვს გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული პათოლოგიების ისტორია;
• შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში;
• ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების შემთხვევაში;
• გასტრიტისა და მაღალი კუჭის მჟავიანობის დროს;
• ნაყოფის სხეულის დაბალი მასის შემთხვევაში;
კოფეინის დადებითი გავლენა ორსულობაზე
საუბარი ორსულობის პერიოდში ყავის სარგებლობის შესახებ პირობითია.
• დაბალი არტერიული წნევის დროს - აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ თავად ექიმები საუბრობენ დაბალი არტერიული წნევის დროს ყავის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ.
თუ მომავალი დედა მიეკუთვნება ასეთი ადამიანების რიცხვს, მას ძალიან გაუჭირდება სრულიად უარი თქვას ყავის მიღებაზე.
• მწვავე აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ორსულმა იცის, რომ ყავის მიღება იხსნის ზედმეტი ძილიანობისგან ან მტანჯველი თავის ტკივილისგან, ქიმური მედიკამენტის ნაცვლად მას შეუძლია მიიღოს პატარა ფინჯანი ნატურალური, დაფქვილი ყავა რძესთან ერთად.
• ყავას აქვს შიმშილის დათრგუნვის უნარი (განსაკუთრებით მაშინ, თუ მას დამატებული აქვს შაქარი და ნაღები).
ზოგიერთი ორსული, რომელსაც აქვს მაგალითად წონასთან დაკავშირებული პრობლემები, შუძლია საუზმის და ზოგჯერ სადილის ნაწილი ჩაანაცვლოს ყავით.
• ამცირებს შეშუპებას (ყავა - დიურეტიკია, რომელსაც შეუძლია გამოდევნოს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან)
• რძიანი ყავა წარმოადგენს კალციუმის დამატებით წყაროს, რომელიც აუცილებელია როგორც ორსულისთვის, ასევე მომავალი პატარისთვის.
• კოფეინი აუმჯობესებს გონებრივ აქტიურობას (ორსულ ქალებში ყურადღების კონცენტრაცია მცირდება, ამიტომ ფინჯანი ყავა შესანიშნავია მდგომარეობის გამოსასწორებლად).
• ამაღლებს სისხლში დოფამინის დონეს (ანიჭებს სიმხნევეს და კარგ განწყობას).
თუმცა, რაც არ უნდა თვალსაჩინო იყოს ყავის მიღებით გამოწვეული სარგებელი, მაინც არ არის რეკომენდებული ამის გაკეთება მკურნალ გინეკოლოგთან კონსულტაციის გარეშე.
რა შემთხვევაშია დასაშვები ორსულობის დროს ყავის მიღება
კოფენის უსაფრთხო დოზის დამოუკიდებლად განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა კვლევის ჩატარება სპეციალისტთან, ანალიზების ჩაბარება, სისხლში კოფეინის დონის განსაზღვრა, ნაყოფის ფიზიოლოგოიური მდგომარეობის დიაგნოსტირება, დედის მდგომარეობის ანალიზი, ყველა შესაძლო რისკის გათვლა და ა.შ...
ორსულობის დროს ყავის მიღება შესაძლებელია, თუ მომავალი დედა აკონტროლებს დასაშვებ „ლიმიტს“ და მიირთმევს არაუმეტეს 1 ფინჯან ყავას (200 მლ-მდე) დღეში;
ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, დღეში ყავის მინიმალური პორციის მიღება არავითარ საფრთხეს არ უქმნის ნაყოფს და ანიჭებს ორსულს ენერგიულ განწყობას.
თუ მომავალი დედა თავს გრძნობს კარგად და არა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ექოსკოპიაზე დაყრდნობით ბავშვის მდგომარეობაც ნორმების ფარგლებშია, მას შეუძლია მიიღოს:
• დღეში არაუმეტეს ერთი ფინჯანი;
• მხოლოდ ნატურალური დაფქვილი ყავა;
• აუცილებლად რძესთან ან ნაღებთან ერთად;
• დილით, ნოყიერი საუზმის შემდეგ და არა უზმოზე;
• დაბალი არტერიული წნევის დროს (მკურნალ გინეკლოგთან შეთანხმებით);
კოფეინის რაოდენობა სხვადასხვა სასმელებში
• 1 ფინჯანი ხსნადი ყავა - 100 მგ;
• 1 ფინჯანი ფილტრის ყავა - 140 მგ;
• 1 ფინჯანი ჩაი - 75 მგ;
• 1 ქილა კოკა კოლა - 40 მგ;
• 1 ქილაენერგეტიკული სასმელი (250 მლ) - 80 მგ-მდე - დიდი ქილაშეიძლება შეიცავდეს 160 მგ-მდე კოფეინს.
• ერთი სტანდარტული ფინჯანი ამერიკანო (70 მლ), ესპრესო (30 მლ) და კაპუჩინო (180 მლ) შეიძლება შეიცავდეს 50-70 მგ. კოფეინს.
აქ მოყვანილი მონაცემები პირობითია და არ წარმოადგენს სტანდარტს (იხილეთ სტატია: კოფეინის იდეალური დოზა), რადგან ერთი ფინჯანი ყავა შეიძლება შეიცავდეს როგორც 100 მგ, ასევე 60მგ, 150 მგ და ა.შ... კოფეინს (გააჩნია ყავის ჯიშს, მოხალვის ხარისხს და მომზადების მეთოდს).
ორსულობა და ხსნადი ყავა
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ყავა არ წარმოადგენს სახიფათო სასმელს ორსულებისთვის, თუ მას გონივრული პერიოდულობით მოიხმარენ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მომავალ დედები იღებენ მხოლოდ ბუნებრივ ნედლეულისგან დამზადებულ ყავის პროდუქტს.
რაც შეეხება ხსნად ყავას, სამწუხაროდ მისი მოხმარება კიდევ უფრო მეტ რისკებთან არის დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ ექსპერტების აზრით, ხსნადი ყავა შეიცავს ნატურალური პროდუქტის მხოლოდ 15%-ს. დარჩენილი 85% არის ქიმიური ელემენტები, რომლებსაც უმატებენ ხსნად ყავას გემოს გასამდიდრებლად და გასამრავალფეროვნებად.
რა თქმა უნდა ეს არ ეხება ნებისმიერი ბრენდის ხსნად ყავას, მაგრამ რისკების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია თუ მომავალი დედა საკუთარი და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის არჩევანს ნატურალურ დაფქვილ ყავაზე გააკეთებს. (სხვათა შორის ეს ეხება ყველას და არა მხოლოდ ორსულებსა და მათ მომავალ პატარებს).
ორსულობა და უკოფეინო ყავა
ყავა, რომელიც არ შეიცავს კოფეინს, წარმოების პროცესში განიცდის ქიმიურ დამუშავებას. დეკოფეინიზაციის მეთოდები მრავალფეროვანია და წარმოების დროს ხშირად გამოიყენება მეთილენქლორიდი, ეთილაცეტატი და სხვა გამხსნელები.
მართალია არსებობს უკოფეინო ყავის წარმოების სხვა უსაფრთხო მეთოდებიც, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ სრულიად უკოფეინო ყავა არ არსებობს და ნებისმიერი მათგანი მაინც შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობის კოფეინს (0.5-3%).
მართალია კოფეინის ასეთი მცირე რაოდენობა არ წარმოადგენს საშიშროებას, თუმცა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს თავად ყავის მარცვლები, რომლის აქტიური ნივთიერებებით დამუშავების დროსაც ხდება კოფეინის გამოდევნა.
უკოფეინო ყავის ხშირი მიღებისას მომავალ დედას შესაძლოა განუვითარდეს ათეროსკლეროზული ფოლაქები, ბავშვს კი ალერგიული რეაქციები.
მნიშვნელოვანი ფაქტები
ყავის ხშირი მოხმარება იწვევს ნერვული სისტემის სტიმულირებას, რასაც ხელს უწყობს მცენარეული წარმოშობის ნივთიერება - კოფეინის ალკალოიდი.
ბრიტანელი მეცნიერების კვლევების მიხედვით, თუ ორსული ნებისმიერ ტრიმესტრში დღის განმავლობაში მოიხმარს 100 მგ კოფეინს (ერთი ფინჯანი შავი ყავა), ბავშვის მასა დაბადებისას კარგავს 50 გრამს. 300 მგ კოფეინის მოხმარების შემთხვევაში კი ბავშვი იბადება 70 გრამით ნაკლები.
ცხოვრების პირველივე დღეებიდან წონის ამგვარი დეფიციტი შესაძლოა პრობლემა გახდეს ახალშობილის ჯანმრთელობისთვის.
თუ მომავალ დედას არ შეუძლია უარი თქვას ყავაზე და აქვს ჩვევა, რომ დღეში მიირთვას 4-7 ფინჯანი ყავა, არის ალბათობა (33%), რომ ნაყოფი დაიღუპოს ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნის პერიოდში.
კოფეინის ზემოქმედების შემცირება
ორსულისთვის, რომელიც მიირთმევს დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველ სასმელებს, რეკომენდებულია დღიური დოზის შეცირება მინიმუმ 200 მგ-მდე.
ეს ეხება არა მხოლოდ ლატეს, კაპუჩინოს, ესპრესოს და ა.შ, არამედ ჩაის, კაკაოს, შოკოლადს, სნეკს, კოლას, კოფეინის შემცველ დესერტებს ენერგეტიკულ სასმელებს და ა.შ.
ეს ყველაფერი მომავალმა დედამ უნდა გაითვალისწინოს და სიფრთხილე გამოიჩინოს ამ პროდუქტების მიღების დროს.
რადაგან ამ სიაში ყველაზე მნიშვნელოვან კოფეინის წყაროს ყავა წარმოადგენს, სასურველია მისი რძით ან ნაღებით გაზავება. ამ შეთხვევაში, ხდება ორგანიზმიდან გამოდევნილი კალციუმის კომპენსაცია.
გარდა ამისა, რეკომენდებულია ყავის გაფილტვრა ქაღალდის ფილტრით, რომელიც შთანთქავს ცხიმოვან ნივთიერებებს, რომლებიც საშიშია სისხლში ქოლესტერინის დონის მომატების თვალსაზრისით.
შესაძლებელია თუ არა ორსულმა მიიღოს რძიანი ყავა?
ბევრი დიეტოლოგი მიიჩნევს, რომ ყავა რძით არის საუკეთესო კომპრომისი ყავის მოყვარულთათვის: გემო და არომატი შენარჩუნებულია, რძე კი ანაზღაურებს ორგანიზმის მიერ კალციუმის დანაკარგს..
ამ შემთხვევაში მოქმედებს წესი: რაც მეტი რძე, მით უკეთესი. მაგრამ თუნდაც დელიკატურად მომზადებული რძიანი ყავის მიღება რეკომენდებულია ორსულობის მეორე ნახევარში და ზომიერად პორციებით.
ზოგადადაც, უმჯობესია ორსულმა უარი თქვას მაგარი ყავის სასმელებზე და უპირატესობა მიანიჭოს რძიანი ყავის სასმელებს: კაპუჩინო, ლატე, რაფ-ყავა და სხვა...
ყავის ალტერნატივა ორსულებისთვის
მცენარეული ჩაი - თუ ქალბატონებს მოსწონთ ყავა მისი ცხელი, სასიამოვნო ოხშივარის გამო, რომელიც ათბობს ხელისგულებს და სიამოვნებას ანიჭებთ მისი სურნელი, შესაძლებელია მისი ჩანაცვლება ბალახის ჩაით. არავითარი შავი ან მწვანე, არამედ ნატურალური ბალახზე ან ნაყოფზე დაყენებული: მოცხარის, პიტნის, ასკილის, ჟოლოს, ძახველის და ა.შ... მცენარეული ჩაი, რომელიც გამოირჩევა განუმეოებელი გემოთი და არომატით.
გარდა საუცხოო საგემოვნო თვისებებისა, ასეთ ჩაი ეხმარება ორსულის ნერვულ სისტემას და უქმნის მას პოზიტიურ განწყობას.
ვარდკაჭაჭა - კიდევ ერთი ალტერნატივაა ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus). ამ მცენარის ფხვნილი არა მხოლოდ ფერითა და გემოთი ჰგავს ყავას, არამედ ზრდის ჰემოგლობინს, ასტაბილურებს შაქრის დონეს, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და ასტიმულირებს ღვიძლის მუშაობას.
უკუნაჩვენებია მხოლოდ იმ ორსულთათვის, რომლებსაც აქვთ კუჭის წყლული, გასტრიტის სიმპტომები ან ვარიკოზული ვენები.
სასმელი წყალი - ყველაზე კარგი ალტერნატივა კი სუფთა სასმელი წყალია, რომელიც ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება მომავალ დედებს წყურვილის მოკვლაში. საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, აქრობს ისეთ უსიამოვნებას, როგორიცაა თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
ყავის მიღება მეძუძური დედებისთვის
ცალკე საუბრის თემაა კოფეინის შემცველობა მეძუძური დედების რაციონში.
საქმე იმაშია, რომ ყავაში ემავალი კომპონენტები დედის რძესთან ერთად შეილება მოხვდეს ბავშვის ორგანიზმში, რამაც გამოიწვიოს პატარას გაძლიერებული შფოთვა, ძილის ციკლის დარღვევა და პრობლემები საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
ამიტომ, საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და ყავის გამორიცხვა რაციონიდან, თუ:
• ბავშვს ცუდად სძინავს, შფოთავს და ზედმეტად აღგზნებულია;
• თუ ბავშვს აღენიშნება ალერგიული გამონაყარი;
• თუ ბავშვს აქვს პრობლემები კუჭის მოქმედებასთან დაკავირებით;
• თუ ექიმმა ბავშვს დაუნიშნა მედიკამენტი, რომელიც შეიცავს კაოფეინს (ამ შემტხვავაში საჭიროა დოზის კორექტირება);
პს
ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, შეიძლება თუ არა ყავის მიღება ორსულობის პერიოდში, არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ ფაქტზე, თუ როგორი იყო მომავალი დედის ჯანმრთელობა ორსულობის დადგომამდე და როგორ გრძნობს თავს ორსულობის პროცესში.
ქალბატონებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ საერთოდ უარი თქვან ყავის მიღებაზე, იდეალურ ვარიანტად ითვლება ერთი ფინჯანი ყავის მიღება 2 დღეში ერთხელ ნაღების ან რძის დამატებით (მხოლოდ ორსულობის მეორე ნახევარში).