მაშინაც წვიმდა...
ახლა ნაღვლიან
ხმაზე მღერიან
რკინის თაღები,
მძიმე ანძები
დაბლა დახრილან,
ხელისგულივით ცაა ღარიბი.
მაშინაც წვიმდა....
ახლა ძალიან
ძალიან ჰგვანან ცრემლებს წვეთები,
იზრდება წვიმა და მე ცარიელ
შესახვევებში მივეხეტები.
მაშინაც წვიმდა....
ახლა ბოლომდი
მივყვები ქუჩას
ჩრდილებით მდიდარს....
ახლაც გაწვიმდა,
მაგრამ ბოროტი
ხმები ამბობენ:
მაშინაც წვიმდა!
















