მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9639 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პროზისა და პოეზიის ნიმუშები

(წაუკითხეთ თქვენს პატარებს!)

აღნიშნულ მეცადინეობაზეც შემაჯამებელი სამუშაო წარიმართება. ამჯერად პედაგოგი ბავშვებს განამტკიცებინებს დარჩენილი ათი სიტყვისა და გამოსახულების ცოდნას. იგი საკითხთან  დაკავშირებით აქაც პოეზიისა და პროზის ნიმუშებს შემოიტანს გაკვეთილის პროცესში.

მშობლების ფუნქცია ბავშვების შემზადებაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ წაუკითხონ და შეასწავლონ თავიანთ პატარებს აქ წარმოდგენილი და სხვა მოთხრობები, ლექსები და ამბები, რათა ბუნებრივად ჩართონ ისინი შემაჯამებელი გაკვეთილების მსვლელობაში.

ამ გაკვეთილზე განამტკიცებენ მეექვსე ეტაპზე ნასწავლ მეორე ათ სიტყვას. ესენია: პეპელა, ყაყაჩო, ჯეჯილი, თავთავი, მზესუმზირა, ტყემალი, კოკორი, ჩამიჩი, ყურძენი, ხეხილი.

ყმაწვილი  და  პეპელა

ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა.

მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა,

ალერსით უთხრა: - პეპელავ,

თავს რითი ირჩენ შენაო?

როგორ არა გღლის ყოველ დღე

მოუსვენარი ფრენაო?

პეპელამ უთხრა: - მინდორში

ვცხოვრობ მე უზრუნველადო,

იქ ყვავილები გაშლილან

ჩემს საზრდოდ, საწუწნელადო.

რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ,

ჩემს ნებაზედა დავფრენო,

მაგრამ დღეგრძელი არა ვარ,

გამიშვი, ნუღარ მაცდენო!

ყმაწვილმა ხელი გაუშვა,

გაფრინდა ნაზი პეპელა

და თითქოს ნიშნად მადლობის

თავს ევლებოდა ნელ-ნელა.


პეპელა

მტერმა რომ უცებ ვერ იცნოს,

ყვავილებს შეხამებია.

ღამე იქ გაუთევია,

სადაც დღე შეხამებია.

ნუ შეეხები, არ მოკვდეს, 

შენ შემოგევლოს ბებია,

ამ ქვეყანაზე პეპლები

ისედაც ადრე კვდებიან.


მფრინავი  ყვავილი

პეპელა ვარ პატარა,

კოხტა და კაფანდარა.

მფრინავი ყვავილი ვარ,

რტოა ჩემი ქანდარა.

რტოს რომ დავაფრინდები,

ყვავილში ვერ გამარჩევ,

ვცდილობ ბადით დაჭერას,

ეგებ ასე გადავრჩე.

 

ყაყაჩოსა სიწითლითა

ყაყაჩოსა სიწითლითა

ყანა დაუმშვენებია,

ყმაწვილსა კარგი სწავლითა

სახლი გაუხარებია.

 

ჯეჯილის  ყაყაჩო

ხალიანო ყაყაჩო,

ჩემი ბაღი არა სჯობს?

გადმოსახლდი, თორემ მანდ

ყანის ღელვა გადახრჩობს.


მზესუმზირა

ამ ყვავილმა მზეს უმზირა,

მისთვის ჰქვია მზესუმზირა.

არ იციან რაინდებმა

მზისთვის თვალის არიდება.

გამოცანა

სულ მზისაკენ მოღერილი

თავზე ადგას ხონჩა,

ხონჩიდან კი გემრიელი

საკნატუნო მოსჩანს.


ცხვირს მაღლა ვინ იწევს

მამა და შვილი შემოსული ყანის პირას იდგნენ. შვილი დააცქერდა ყანას და ჰკითხა: „მამილო, ეს რისგან არის, რომ ზოგი თავთავი ძირს არის დაშვებული, ზოგი კი ზევით აშვერილაო“?

მამამ უპასუხა: „რომელი თავთავიც სავსეა მარცვლებით, ის თავდაღუნულია; ცარიელი, ფშუტე თავთავი კი ზევით არის აშვერილი“.

- ჰო, ახლა კი მივხვდი, ჩვენი უვიცი მეზობელი ცხვირს მაღლა რად იწევსო, - თქვა ბავშვმა.

 
ჯეჯილი

იზარდე მწვანე ჯეჯილო,

დაპურდი, გახდი ყანაო!

იხაროს მისმა მარჯვენამ,

ვინც გთესა, მოგიყვანაო.
 

ჟუჟუნა  წვიმა

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,

დიდი მინდორი დანამა,

ჯეჯილმა მუხლი იყარა,

ფერი იცვალა ყანამა.



*******
„ჭალა-ჭალა ხოხბის გუნდი,

ველ-მინდორი ზვრებიანი.

ყანები და ყანის პირი,

ხეობები გზებიანი“.


*******
"ვით მე არ ვცვლი ვარდს ეკალში

და ვინატრი მისსა ლხენას,

ნურც შენ გასცვლი ნურაფერში

სამშობლოს და დედა-ენას".


*******
“ვარდო კოკობო, ყოვლთა მჯობო,

მომხედე კრულსა,

მე შენსა მჭვრეტსა,

განარეტსა თვალ-დაურულსა”!


*******
„იქ ცხოვრება სირცხვილია,

სადაც ვარდთა სიმცირეა,

ვიწყენ ხოლმე, ყვავილები

როცა აღარ  მიცინიან“.

 

იავნანა

ბულბული ვარდის კოკორზე

მღეროდა იავნანასო,

კატამ თქვა: - მივეპარები

და გადავსანსლავ ამასო.  –

ამის გამგონე ბულბულსა

ნისკარტში ჩაეცინაო,

ხმას აუწია და კატას

მკვდარივით ჩაეძინაო.

 

ტყემალი

ტყემლის სხვადასხვა ჯიშის ხეები მთელ საქართველოში მრავლადაა, თუმცა მისი საწებელის კულტი დასავლეთ საქართველოში უფრო  იგრძნობა.

ტყემლის პირველი ნაყოფი გაზაფხულის შუა პერიოდში გამოჩნდება ხოლმე. ცოცხალ, მკვახე ტყემალს ერთ-ერთი უგემრიელესი ხორცის კერძის - ჩაქაფულის მოსამზადელად იყენებენ, გაზაფხულის ბოლოს კი დიასახლისები უკვე ხარშავენ ახალი ტყემლის საწებელს, რომელსაც მწვანე ტყემალს ეძახიან. მისით ანელებენ ასევე იმერეთში ძალზე პოპულარულ ფხალს - ეკალას, რომელიც გაზაფხულზე ტყემალთან ერთად შემოდის.

ტყემალს, როგორც ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საწებელს, დამსახურებულად უწოდეს ქართული ნაციონალური სოუსი. ვინც ერთხელ მაინც  გასინჯავს, მისი სპეციფიური მომჟავო-სუნელებიანი გემო არასოდეს დაავიწყდება.

 

„ტყე - მალი“

„იყო ერთი მონადირე, წავიდა ტყეში სანადიროდ. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ჩამოჯდა წყლის პირას დაღონებული, რა უიღბლო დღე მაქვს ამდენი ხანია დავდივარ და ჯერ არაფერი შემხვედრიაო...

სად იყო და სად არა, უცებ უკნიდან მოესმა ხმა, გაიხედა და ხედავს მისკენ მორბის გამძვინვარებული და აღგზნებული ვეფხვი. ეცა ამ მონადირეს და სულ ძვლებში  დაამტვრია.

სწორედ ამ ძვლების მტვრევის დროს, მონადირეს მოძვრა ხერხემლის ერთ-ერთი მალი და დაეცა მიწაზე... მონადირე  გადარჩა, მაგრამ ეს მალი იქ დარჩა, ტყეში...

ეს ისტორია ყველამ გაიგო... გავიდა დრო. სწორედ იმ ადგილას, სადაც ეს მალი დავარდა, ამოვიდა უცნაური ხე, როგორიც ჯერ არ ენახათ. მალე ამ ხემ ნაყოფიც გამოისხა...

მივიდა ხალხი ამ  ხის სანახავად და ყველას გაახსენდა მონადირის ამბავი... იფიქრეს, იფიქრეს და ამ უცნაურ ხეს "ტყეში დაკარგული მალი ''დაარქვეს... მაგრამ, შემდეგ იფიქრეს ეს ძალიან გრძელიაო, შეამოკლეს და დაარქვეს „ტყეში - მალი“. დროთა განმავლობაში ამ სახელმა “შ“ თანხმოვანი დაკარგა და დარჩა „ტყე-მალი“.

დღემდე ასე მოვიხსენიებთ ამ დალოცვილ  ხეს“...



ციალას  წერილი

ძვირფასო და სანატრელო, საყვარელო ბები!

დაგკოცნი და დამიკოცნე ყველა ნაცნობები!

ბები, ჩემო ტკბილო ბები! აგრემც გენაცვლები!

მე ცალკე გამომიგზავნე თეთრი ჩურჩხელები!

სხვა  ხილიც არ დაივიწყო: კომში, ვაშლი, მსხლები,

ჩამიჩი და ლეღვის  ჩირი, თხილი და კაკლები!

აბა, სხვა რაღა მოგწერო, ჩემო კარგო ბები,

გთხოვ, მალე გამომიგზავნო, რასაც გეხვეწები!

ბები! დედას გეფიცები, მუდამ მეყვარები!

ოქროს სათვალეს გიყიდი, როცა გავიზრდები.


*******
„ნიკას უყვარს ყურძნის ჭამა

კუმპალ-კუმპალ,

მარცვალ-მარცვალ!

მისცემ? ბების დაგიძახებს,

თუ არადა, ბებინაცვალს“.

 

*******
“ყურძენი დამწიფებულა,

დახე, როგორ წითლად ღუის,

ჩქარა, ჩქარა რთველი, თორემ

კოღო, ბუზი თავს დაჰბზუის“.


მელა და ყურძენი

დამშეული კუდა - მელა  ვენახში  მიიპარება...

მოცუნცულებს ნელა-ნელა, ღობე-ყორეს ეფარება.

ბოლოს შეძვრა... ნახა კარი, მაგრამ აზრი კი წაუხდა:

ბაღი იყო სულ მაღლარი და დაბლარი არ დაუხვდა.

ყურძენი რომ მაღლა ნახა მომწიფებულ - მინაბდული,

დაუღო მას წუწკი ხახა, აუძგერდა მსუნაგს გული.

ხან დაწვება, ხან  ადგება, ნდომის  ნერწყვი პირს ადგება,

კბილები მთლად აექავა, მაგრამ მაღლა ხომ ვერ გავა?

დარჩა ამოძუებული... მაგრამ აღარ გაიტეხა

კუდიანმა ვითომ გული და ურცხვად ეს დაიკვეხნა:

„რომ არ ვსჭამე, კარგა ვქენი, გეფიცებით შვილებსაო;

მკვახე იყო ის ყურძენი და მომკვეთდა  კბილებსაო“!


ხეხილი - (ხე) ხილნარი, მრავლობით მდგარი ბაღია.

„მოირბინა პაწაწინა ბაჭიამ... იასამანს დაუსკუპდა წინ.

ისე მოსწონს ბუჩქი ყვავილოვანი, აღარ უნდა, რომ წავიდეს შინ...

შინ კი დედა ელოდება საწყალი. წუხს, რომ სადღაც მოუკლავენ შვილს.

ოღონდ ნახოს, არც კი ეტყვის საყვედურს, ტკბილებს აჭმევს, სტაფილოს და ხილს“.

 

ხილთა ცილობა

იმ სისხამ დილით ხეხილის

ბაღში ამტყდარა ცილობა:

- ვინ არის ჩვენში პირველი,

ვის ეთქმის ხილთა ხილობა?


ვაზს უთქვამს: - ღვინის დედა ვარ,

ლხინიც მჩვევია ფრთალაღი,

თავს იმიტომაც არ ვიქებ,

კვეხნა რომ კიტრად არა ღირს.


სულ ახორკლილა სიბრაზით

კიტრი მუცელზე ნაგდები:

- ფერით თუ სიგრილით,

რითი ვარ სხვაზე ნაკლები?


საზამთრო ჩაბჟირებულა,

თურმე იმდენი იცინა:

- მაისის მზეზე რომ ჭკნები,

შენ სიგრილისა იცი რა?!


საზამთრო ნესვს გაუკენწლავს:-

რა ზაფხული და ზამთარი?

გემოს და სურნელს მიქებენ,

თაფლისფრადავარ ჩამტკბარი.

არც ქვა მჭირდება, არც - კბილი,

სხვა ვინ გინახავთ ამგვარი?


ქვის ხსენებაზე კაკალმა,

სულ რაკარუკი ატეხა:

- დიახ, ვერ გამტეხთ ადვილად,

ვინ თქვა ვაჟკაცის გატეხა?!


ამ აურზაურს ღიმილით

უსმენდა თურაშაული.

ეს უთქვამს: ქება თავისა

გახვრეტილია შაური.


გახსოვდეთ, ჩვენი მომყვანი

თვითვე ამბობდა მართალსო:

- თურაშაულის პატრონი

ტყეში ეძებდა პანტასო.

 

მზე, მთვარე და ვარსკვლავები

მზე დედაა ჩემი,

მთვარე  მამა  ჩემი,

ეს  წვრილ-წვრილი

ვარსკვლავები -

და და ძმაა ჩემი.

 

ყაყაჩო

ყაყაჩოსა სიწითლითა

ყანა დაუმშვენებია,

ყმაწვილსა კარგი სწავლითა

დედა გაუხარებია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ