რეკლამა არის ნებისმიერი ფორმითა და ხერხით გავრცელებული ინფორმაცია, რომელის მიზანია პოტენციური მომხმარებლისა და ფართო მასების ყურადღების მიპყრობა და მათი ინტერესის გაღვივება.
რეკლამა ლათინური სიტყვაა („reclamo“), რომელიც ქართულად ყვირილს (წამოყვირებას) ნიშნავს.
რეკლამა სოციალური ცხოვრებაში დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და ადამიანთა შორის კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი გახდა. რეკლამის ისტორია, რომელიც უკვე ათასობით წლით თარიღდება, მჭიდრო კავშირშია საზოგადოების განვითარებასთან და მის ეკონომიკურ ცხოვრებასთან.
რეკლამის შესახებ არსებული პირველწყაროები უძველესი დროიდან თარიღდება. ეგვიპტური, ბაბილონური, ბერძნული და რომაული კულტურები გაოცებას იწვევენ სარეკლამო ინფორმაციის განვითარების მაღალი მაჩვენებლებით, რომელიც გამოხატული იყო წერილობითი, ვიზუალური და სიტყვიერი ფორმით.
იმ დროში, ძველმა მეწარმეებმა, რომლებიც მონათმფლობელებს წარმოადგენდნენ და მონებით ვაჭრობდნენ, მიზნად დაისახეს მიეპყროთ პოტენციური მომხმარებლების ყურადღება და აიძულებიანთ მათთვის მომგებიანი გარიგება.
ანტიკური სამყაროს პირველ სარეკლამო ინფორმაციას წარმოადგენს ეგვიპტური პაპირუსი, რომელიც იუწყებოდა მონის გაყიდვის შესახებ. ზოგიერთი ეგვიპტოლოგი თვლის, რომ სარეკლამო შეტყობინებები შესაძლოა ქვებზე ყოფილიყო დაწერილი.
ერთი ასეთი ქვა აღმოაჩინეს ქალაქ მემფისში, რომელიც ძველი ეგვიპტის პირველი დედაქალაქი იყო. გარდა ამისა, ამოკაწრული ან საღებავით დაწერილი სარეკლამო ტექსტის ხილვა შეიძლებოდა შენობების კედლებზე და ფილებზე (გრაფიტი). პომპეის გათხრების დროს მკვლევარებმა 1500-ზე მეტი ასეთი წარწერა დააფიქსირეს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე, საბერძნეთსა და რომში სარეკლამო შეტყობინებები იწერებოდა სპეციალურ ხისა და ცვილის დაფებზე, ძვლებზე, თიხის ან სპილენძის ფირფიტებზე, შემდგომში კი პერგამენტზე.
უძველესი ფინიკიური ქალაქების მაცხოვრებლებს სხვადასხვა საქონლის, მომსახურებისა და გართობის გაყიდვის შესახებ აცნობებდნენ თიხის ფირფიტებზე დატანილი წარწერების საშუალებით. ძველი რომის ქუჩებში ქვითკირის კედლები დაყოფილი იყო კვადრატებად, რომლებზეც ვაჭრები და მევახშეები ნახშირით ან მეწამული საღებავით გამოსახავდნენ თავიანთ განცხადებებს (ალბუმი).
სარეკლამო განცხადება/შეტყობებინებებს აკრავდნენ და კიდებდნენ თვალსაჩინო ადგილზე, ხშირად კი ბაზრის მოედნებზე, სადაც ხალხის დიდი თავყრილობები იყო, მაცნეები ხმამაღლა კითხულობდნენ სხვადასხვა სახის განცხადებებს.
რეკლამად ითვლებოდა სავაჭრო დახლებზე თვალსაჩინოდ გამოფენილი პროდუქტები და ნაკეთობები, რომელიც ახდენდა პრიდუქციის დემონსტრირებას.
საიმიჯო რეკლამად შეიძლება ჩაითვალოს შუა საუკუნეების ჰერალდიკაც. ოჯახის გერბში ხშირად მთელი ისტორიები იყო გამოსახული. ჰერალდიკა, როგორც მეცნიერება, შუა საუკუნეებიდან არსებობდა და არსებობს დღემდეც.
საბეჭდი დაზგის გამოგონებამ რეკლამა კიდევ უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახადა. მან მთლიანად შეცვალა ადამიანის ცხოვრება: წიგნები გაიაფდა, განათლება გახდა უფრო ხელმისაწვდომი, ახალი ამბების გავრცელება უკვე შესაძლებელი იყო გაზეთების დახმარებით... ამავდროულად გაჩნდა პირველი საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც თანამედროვე სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წინაპრებად შეიძლება ჩაითვალოს.
მე-19 საუკუნეში პირველად გამოჩნდა რეკლამა "მწარმოებლებისგან". ექსპერტები ამ ტენდენციას მოქალაქეების განათლების დონის ზოგად ზრდას და მეტ-ნაკლებად თავისუფალი ბაზრის გაჩენას უკავშირებენ. მყიდველებს ადვილად აღარ სჯეროდათ იმის, რასაც კითხულობდნენ. მათ სჭირდებოდათ ხარისხის, საიმედოობის, მოხერხებულობის და სხვა ფუნქციური მახასიათებლების დადასტურება.
მწარმოებლებისთვის ბევრად უფრო ადვილი იყო მომხმარებლების დარწმუნება, რომ სწორედ მისი პროდუქტი იყო საუკეთესო. ამავდროულად, რეკლამამ განიცადა ცვლილება და დაემორჩილა პრინციპს - „this is the reason why“ („სწორედ ამ მიზეზით“). ამგვარად მწარნოებლები მომხმარებლებს მოუწოდებდნენ ეყიდათ მათი პროდუქტი და არა კონკურენტის ანალოგი. აღსანიშნავია, რომ ეს პრინციპი დღესაც მუშაობს.
მწარმოებლებმა დაიწყეს მუშაობა საკუთარ იმიჯზე, გამოჩნდა რეკლამის სახეობა - საიმიჯო რეკლამა. მე-19 საუკუნეში დაიწყეს ბრენდების გამოჩენა, რეკლამებზე აქა-იქ ჩნდებოდა „ცნობადი სახეები“, რისი დახმარებითაც ბევრად გაადვილდა მომხმარებლების მოზიდვა.
მაცნეებიდან ცნობადი ადამიანების სახემდე, საეკლამო სფერომ დიდი გზა გაიარა, რათა გამხდარიყო ისეთი, როგორიც დღეს არის.
ანტიკური კულტურის აყვავებასთან ერთად რეკლამა სულ უფრო და უფრო რთულ ფორმებს იღებდა. ამჟამად რეკლამა ვერბალური, ხმოვანი, წერილობითი და ვიზუალურ-გამომსახველობითი ხერხების (ტექნიკის) მთელი კომპლექსია, რომელიც მიზნად ისახავს რეკლამირებული ობიექტის (იმიჯის) შექმნას.
რეკლამის ისტორიაში გლობალური ეტაპი დაიწყო სტამბის გამოგონების და ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების მასობრივი გამოცემის შემდეგ.
1450 წელს იოჰან გუტენბერგმა შექმნა მსოფლიოში პირველი საბეჭდი დაზგა, რაც მასობრივი კომუნიკაციისა და რეკლამის ახალი ეპოქის დასაწყისს წარმოადგენდა. უკვე აღარ იყო საჭირო დიდი დრო და რუტინული შრომა, რადგან საბეჭდი დაზგა იძლოდა წიგნებისა და ბროშურების მასიური გამოცემის საშუალებას.
XV საუკუნის მეორე ნახევარში, გუტენბერგმა სათავე დაუდო რამდენიმე ტიფოგრაფიულ მიმართულებას, რომელიც შემდგომში სწრაფად გავრცელდა ევროპაში: იტალიაში 1465 წელს, შვეიცარიაში 1468 წელს, საფრანგეთში 1470 წელს, უნგრეთში, პოლონეთში და ბელგიაში 1473 წელს. 1476 წლიდან ბეჭდვითი საწარმოები გამოჩნდა ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინგლისი, ჩეხეთი და სხვა...
ინგლისში პირველი ბეჭდვითი რეკლამა 1472 წელს გამოჩნდა. ლონდონში, ერთ-ერთი ეკლესიის კარზე განთავსებული იყო განცხადება ლოცვანების გაყიდვის შესახებ.
მკვლევარების უმრავლესობის აზრით, ევროპაში ბეჭდვითი რეკლამის დამფუძნებელია ფრანგი ექიმი თეოფრასტ რენოდო, რომელმაც 1630 წელს პარიზში გახსნა ცნობათა ბიურო, სადაც იბეჭდებოდა სარეკლამო განცხადებები ფრანგული გაზეთისთვის „La Gazette“.
პირველი სარეკლამო შეტყობინება, რომელიც გაზეთში გამოქვეყნდა, იყო განცხადება 12 მოპარული ცხენის პოვნისთვის დაწესებული ჯილდოს შესახებ. მოგვიანებით ეს განცხადება ლონდონის ერთ-ერთ გაზეთშიც დაიბეჭდა.
მალე გაზეთში დაიწყო მრავალფეროვანი სარეკლამო განხადებების ბეჭდვა, რომელიც იუწყებოდა პურის, ფქვილის, ჩაის, ყავას, ორცხობილების და სხვა... გაყიდვის შესახებ.
პირველი რეკლამები ძირითადად შაბლონური იყო და მხოლოდ რაიმე სახის ნივთის ან პროდუქტის გაყიდვის შესახებ იუწყებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთი რეკლამები არაპროდუქტიული გახდა და რეკლამისტებმა დაიწყეს სხვადასხვა ხრიკების მოგონება მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო: მყიდველისთვის სარეკლამო ინფორმაციის ოსტატურად მიწოდება იგავების, ანდაზების, მცირე სიუჟეტური ისტორიების სახით.
XV საუკუნეში, ევროპაში პირველი სტამბების გამოჩენის შემდეგ, ქალაქის კედლებზე დაიწყო სხვადასხვა სახის განცხადებების განთავსება. ასევე გაჩნდა ხალხისთვის სარეკლამო ინფორმაციის მიწოდების ახალი მეთოდები. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იყო ჯოხის შუაში გაყოფილ ბოლოზე ბროშურის დამაგრება და მისი ამგვარად ჩვენება ქუჩაში მყოფი დიდი რაოდენობის ხალხისთვის.
XVIII საუკუნეში პარიზის ქუჩებში მრავლად ნახავდით სარეკლამო განცხადებებს, რომლითაც მომხმარებელს სთავაზობდნენ სტუმრობას იაფფასიან ტავერნებში, სადაც შეიძლებოდა ღვინის დაგემოვნება.
1954 წელს დაფუძნდა სარეკლამო სამყაროს მთავარი მოვლენა - კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი (Cannes Lions International Festival of Creativity).
მძიმე, მასიური ლომის ფიგურა რეკლამის სფეროს წარმომადგენლებისთვის არანაკლებ სანუკვარი და მნიშვნელოვანია ვიდრე კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ და „ოქროს პალმის რტო“ კინომატოგრაფებისთვის.
სხვათა შორის, სწორედ კანის კინოფესტივალის მაგალითმა შთააგონა კონკურსის დამფუძნებლები, მოეწყოთ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, მაგრამ სარეკლამო ინდუსტრიის ფარგლებში.
ფესტივალი ნამდვილად წააგავს კინემატოგრაფიულ კონკურსს. ვითარება საზეიმოა, მღელვარე, წარმოდგენილია დიდი რაოდენობით სტუმრები.
„კანის ლომები“ იმართება ფესტივალებისა და კონგრესების ცნობილ სასახლეში (თავისი წითელი ხალიჩებით). ღონისძიება ტარდება ივნისის მესამე კვირას. ეს არის დრო, როდესაც კანი განსაკუთრებით მომხიბვლელი და სტუმართომყვარეა.
რეკლამის სფეროში ჩართული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლის აღიარება და დაჯილდოვება ხდება ნომინაციების მიხედვით. ამასთან, ფესტივალზე რეკლამა ფასდება არა მხოლოდ განხორციელების ხარისხით, არამედ ეკონომიკური ეფექტის მაჩვენებლებით.
რეკლამის ისტორია აშშ-ში
აშშ თანამედროვე რეკლამის სამშობლოა. ამერიკელთა ცხოვრებაში არაფერია უფრო თავსმოხვეული, ხმაურიანი და გარდაუვალი, ვიდრე რეკლამა.
რეკლამის განვითარების ისტორია შეერთებულ შტატებში ძალიან საინტერესოა. ამ ქვეყანაში საბაზრო ურთიერთობების ფორმირება მინიმალურად იყო შეზღუდული, ამიტომ ინფრასტრუქტურა სწრაფად იზრდებოდა, წვიმის შემდეგ სოკოებივით ჩნდებოდნენ ახალი მეწარმეები და, შესაბამისად, სარეკლამო სააგენტოები. ბაზარი იყო უზარმაზარი იყო - და მისი დახმარებით ადვილი იყო ადამიანების გონებაში მოქმედი მექანიზმების შესწავლა.
1704 წელს ამერიკულ კოლონიებში გამოჩნდა გაზეთი - Boston News-Letter, რომელიც მთლიანად რეკლამაზე იყო ორიენტირებული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში რეკლამის განვითარებასთან ასოცირდება ბენჯამინ ფრანკლინი, რომელმაც 1729 წელს შექმნა გაზეთი „პენსილვანიური გაზეთი“ („Pennsylvania Gazette“), რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი ტირაჟი და ყველაზე მეტი ბეჭდური რეკლამა, რაც კი იმ დრომდე არსებობდა..
XVIII საუკუნის შუა წლებში ინგლისში, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია. ვაჭრებმა ნელ-ნელა გააცნობიერეს რეკლამის ნამდვილი ძალა და მისი გამოყენების ეფექტურობა მოგების უზრუნველყოფის მიზნით.
დროთა განმავლობაში ბეჭდური რეკლამა შეიცვალა, რაც გამოწვეული იყო 1839 წელს ფოტოგრაფიის გამოგონებით. რის შემდეგაც სარეკლამო ინფორმაციის გავრცელება დაიწყო კონკრეტული პროდუქტის სურათებთან ერთად, რაც კიდევ უფრო მეტ ნდობას ქმნიდა პროდუქციის მიმართ.
1884 წელს გამოიგონეს ტელეგრაფი, რამაც შესაძლებელი გახადა დიდი ქალაქების შორეული რაიონების ცენტრთან დაკავშირება. ამის შემდეგ, რეკლამა პრივილეგირებულ საზოგადოებაში მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და მძლავრი იარაღი გახდა, რომელიც ეხმარებოდა ელიტას ინდივიდებისთვის საჭიროებების შექმნაში.
დროა განმავლობაში სარეკლამო საქმიანობით დაკავდნენ სპეციალიზებული ფირმები და სააგენტოები. დაიწყო სავაჭრო კომპანიების, ორგანიზაციებისა და გამომცემლობების ცალკეული სარეკლამო განყოფილებების შექმნა.
XIX საუკუნიდან სარეკლამო სააგენტოებმა დაიწყეს მიწების შესყიდვა მისი შემდგომი გადაყიდვის მიზნით, რამაც მათ უზარამაზარი შემოსავალი მოუტანა.
პირველი სარეკლამო სააგენტო შეერთებულ შტატებში გაიხსნა 1940 წელს, მისი დამფუძებელი გახლდათ ვოლნი ბ. პალმერი (Volney B. Palmer), გამომცემელი და მეწარმე პენსილვანიიდან, რომელიც გადავიდა ფილადელფიაში (ამერიკული სამხრეთის დედაქალაქი) ახალი სარეკლამო ბიზნესის განვითარების მიზნით.
პალმერის სააგენტო ყველაზე ახლოს იდგა დღევანდელ, თანამედროვე სააგენტოებთან: იგი მოქმედებდა როგორც შუამავალი გამომცემელსა და რეკლამის განმთავსებელს შორის.
პალმერმა 1841 წელს, ფილადელფიაში, სარეკლამო სივრცის შესაძენად გააფორმა ხელშეკრულებები გაზეთებისა და ჟურნალების გამომცემლებთან, რომელსაც შემდგომ 25% საკომისიოს დამატებით ჰყიდდა რეკლამის განმთავსებლებზე.
მანამდე, რეკლამის განმთავსებლები დამოუკიდებლად უკავშირდებოდნენ გამომცემლობებს რეკლამის განთავსებისთვის. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, სარეკლამო აგენტებმა დაიწყეს დამკვეთებისთვის რეკლამის დამზადება.
პალმერის ბიზნესი სწრაფად განვითარდა: რეკლამის განმთავსებლებმა დააფასეს და სწორად შეაფასეს სარეკლამო სააგენტოსთან მუშაობის უპირატესობა, რაც მნიშვნელოვნად ზოგავდა მათ დროს და ხარჯებსაც კი.
1850-იან წლებში პალმერის კომპანიის ფილიალები მოქმედებდნენ ბალტიმორში, ბოსტონში და ნიუ-იორკში. მოგვიანებით, ბიზნესმენმა წინ წასწია არა მხოლოდ საკუთარი მომსახურება, არამედ "სარეკლამო სისტემის" იდეა.
პალმერს არ იღლებოდა მუდმივად აეხსნა მეწარმეებისთვის მათი პროდუქციის რეკლამირების მნიშვნელობა და მუდმივად ესაუბრებოდა მათ სამიზნე აუდიტორიის, სეზონური ფაქტორების, გამომცემლობის არჩევისა და სარეკლამო კამპანიის შემუშავების წესების შესახებ. სწორედ პალმერმა შემოიტანა ტერმინი „სარეკლამო სააგენტო“.
XIX საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო სარეკლამო აგენტი იყო ჯორჯ პრესბერი როუელი (George Presbury Rowell), ნიუ-ჰემფშირის მკვიდრი, რომელიც ფერმაში გაიზარდა. როუელმა საკუთარი სარეკლამო სააგენტო გახსნა ბოსტონში 1865 წელს.
იმ დროისთვის, სარეკლამო აგენტებისთვის ამა თუ იმ გაზეთის ტირაჟის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთული იყო.
1869 წელს, ჯორჯ როუელმა გამოსცა „როუელის ამერიკული საგაზეთო ცნობარი“. ეს იყო პირველი ცნობარი/კატალოგი სავაჭრო რეკლამის შესახებ, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას 5000-ზე მეტი ამერიკული და კანადური გაზეთების ტირაჟის შესახებ.
როუელის მიერ გამოცემული ცნობარი გახდა საყოველთად მიღებული და ავტორიტეტული. სწორედ ეს ცნობარი გახლდათ წინამორბედი ფრენსის უეილენდ აიერის (F.Wayland Ayer) ცნობარისა.
1875 წელს ფრენსის აიერმა (სარეკლამო სააგენტოების პრაქტიკაში დანერგა რევოლუციური ინოვაცია, რომელსაც ეწოდა "ღია კონტრაქტი".
ღია კონტრაქტი იყო ფინანსური ხელშეკრულება სარეკლამო სააგენტოსა და გამომცემელს (რეკლამის დამკვეთს) შორის, რომელიც ადგენდა სარეკლამო აგენტის საკომისიოს %-ის ოდენობას (თავდაპირველად 12.5%, ხოლო შემდგომ 15%) და გამომცემლის მიერ დადგენილ ფასებს (ადრე ფასები გასაიდუმლოებული იყო).
ასეთი მიდგომის შემდეგ ბევრმა გამომცემელს უარი თქვა სარეკლამო სივრცის დამოუკიდებლად მოძიებაზე და მიენდო ღია კონტრაქტით მომუშავე სარეკლამო სააგენტოებს. მალე ამ ტიპის ხელშეკრულებები საყოველთაოდ აღიარებული გახდა მთელ ქვეყანაში.
1960-იანი წლებისთვის ამერიკულ სარეკლამო ბიზნესში უკვე რამდენიმე მოთამაშე იყო. 1864 წელს უილიამ ჯეიმს კარლტონმა დაიწყო სარეკლამო სივრცის გაყიდვა რელიგიურ ჟურნალებში, ხოლო 1869 წელს მეწარმე ფრენსის აიერმა 20 წლის ასაკში გახსნა პირველი სრული სერვისის სარეკლამო სააგენტო ფილადელფიაში, სახელწოდებით N.W. Ayer & Son.
ცოტა მოგვიანებით სარეკლამო ინდუსტრიაში გამოჩნდა ლეგენდარული ჯეიმს ვალტერ ტომპსონი რომელმაც კარიერა ბუღალტერად დაიწყო სააგენტო Carlton & Smith-ში, რომელიც ყოველკვირეულ გაზეთებში რეკლამის განთავსებით იყო დაკავებული. ტომპსონი სწრაფად გახდა ტოპ-სელერი, რის შემდეგაც კარტოლისგან ფირმა 500 დოლარად შეისყიდა, ხოლო 800 დოლარი დაუმატა ოფისისა და ავეჯისთვის.
1896 წელს სააგენტოს ეწოდა „ჯ. ვალტერ ტომპსონის კომპანია“. დღესდღეობით გლობალური ქსელური სააგენტო „J. Walter Thompson Company“ შედის ბრიტანულ ჰოლდინგ WPP-ს შემადგენლობაში.
პირველი სარეკლამო სააგენტო, რომელიც მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობდა, 1891 წელს ნიუ-იორკში დააარსა ჯორჯ ბატენმა (George Batten). მისი სააგენტო მომხმარებელს არა მხოლოდ რეკლამის განთავსებას, არამედ ტექსტის შედგენას, მის მხატვრულად გაფორმებას და დასაბეჭდად მომზადებას. ბატენის ფირმა („Batten, Barton, Durstein and Osborne“) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი სარეკლამო გიგანტი გახდა. 1986 წელს ეს ფირმა იყო სიდიდით მეოთხე სარეკლამო სააგენტო მსოფლიოში, წლიური ბრუნვით 3,26 მილიარდი დოლარი.
1890-იან წლებში დაფუძნდა ამერიკული სარეკლამო ინდუსტრიისთვის საკულტო სააგენტო „Calkins and Holden“. მისმა დამფუძნებლებმა - ერნესტ ელმო კალკინსმა და რალფ ჰოლდენმა შეიმუშავეს თანამედროვე სარეკლამო სააგენტოების მუშაობის პრინციპები. მათ გააერთიანეს კამპანიის დაგეგმვის წესი, ტექსტების შექმნისა და მხატვრულად გაფორმების ახალი ტენდენციები, მაღალ დონეზე აიყვანეს სააგენტოსა და კლიენტის შორის ურთიერთობის კულტურა.
1886 წელს, Stanford White-ის შენობაში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ Empire State Building აშენდა, ლანჩზე რეგულარულად იკრიბებოდა რვა უმსხვილესი სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელი, ერთმანეთისთვის მომგებიანი ბიზნეს იდეების გასაზიარებლად. მათ საკუთარ გაერთიანებას სფინქსის კლუბი (Sphinx) უწოდეს. 10 წლის შემდეგ კი მათ არაფორმალურ ასოციაციას ეწოდა - Advertising Men's League („მამაკაცთა სარეკლამო ლიგა“).
1906 წელს ჯგუფმა დაიწყო სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, რაც ახალგაზრდა თაობის პროფესიული განათლების ამაღლებაში გამოიხატებოდა. მათ ნიუ-იორკის უნივერსისტეტში გაუშვეს საგანმანათლებლო კურსები რეკლამის შესახებ, ხოლო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მარკენტიგული კურსი ახალგაზრდა ვეტერანებისთვის, რომელთაც უნდოდათ დაევიწყებინათ გამოვლილი კოშმარი და ეპოვათ საკუთარი თავი.
1911 წელს The Advertising Club of New York-მა დააარსა სპეციალიზებული ორგანიზაცია - The Advertising Vigilance Committee - პირველი მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია შეერთებულ შტატებში. (მსოფლიოში პირველი ასეთი ორგანიზაცია დაარსდა დიდ ბრიტანეთში 1900 წელს).
თავისი საქმიანობის წყალობით კლუბი იმდენად ცნობილი გახდა, რომ მის შეხვედრებზე მომხსენებლების რანგში ხშირად იწვევდნენ ისეთ საპატიო და გავლენიან სტუმრებს, როგორებიც იყვნენ: აშშ-ს პრეზიდენტები ეიზენჰაუერი და ტრუმენი, უელსის პრინცი, ნიუ-იორკის მერები და სხვა...
1964 წელს სარეკლამო კლუბმა დააფუძნა დაჯილდოვების საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი ANDY Awards, იგი დღემდე, ყოველწლიურად იმართება ნიუ-იორკში.
XX საუკუნეში The Advertising Club of New York-ის წევრები იყვნენ ცნობილი ბიზნესმენები და რეკლამის დამკვეთები: Doyle Dane Bernbach (DDB) სააგენტოს დამფუძნებელი და Volkswagen Beetle-ისთვის შექმნილი „Think Small“ სარეკლამო კამპანიის ავტორი უილიამ ბერნბახი, JC Penney Stores უნივერმაღების ქსელის დამფუძნებელი ჯეიმს ქეშ პენი, CBS-ის დამფუძნებელი უილიამ პეილი და ა.შ.
ამჟამად კლუბის წამყვანი წევრები არიან: Cheil Worldwide-ის კრეატიული დირექტორი მალკოლმ პოინტონი, Facebook გაყიდვების ხელმძღვანელი დევიდ ლავენდა, McCann Erickson-ის ტოპ მენეჯერი მეტ რაკოვი. მთლიანობაში ორგანიზაციაში გაწევრიანებულია დაახლოებით 4,5 ათასი წევრი.
1922 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-მა ნიუ-იორკის რადიოსადგურ WEAF-ზე გაუშვა პირველი რადიო რეკლამა. რადიო რეკლამა შეიცავდა რიგითი ადამიანების თითქოსდა რეალურ სატელეფონო საუბრებს, რომლის მიღმაც იმალებოდა კორპორაცია Queensboro-ს უძრავი ქონების რეკლამა. 5 ამგვარი რეკლამისგან შემდგარი კომპლექტში დამკვეთმა სულ რაღაც $50 გადაიხადა (24 წლის შემდეგ, WEAF - NBC ქსელის ფასიანი რადიო რეკლამის ფლაგმანი გახდა).
მე-19 საუკუნის ბოლოს სამომხმარებლო საქონლის რეკლამის სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო მის გავრცელების მრავალტირაჟიანი ჟურნალების საშუალებით. 1885 წელს გამოიცემოდა მხოლოდ 4 ჟურნალი 100 000-ზე მეტი ტირაჟით. 20 წლის შემდეგ კი უკვე 20 ჟურნალი, რომელთა საერთო ტირაჟი ხუთ მილიონს აჭარბებდა.
მათ შორის ყველაზე მსხვილი იყო საირუს კერტისის მიერ გამოცემული ორი ჟურნალი: ქალთა ჟურნალი „Ladies Home Journal“, რომელსაც 1990-იანი წლების შუა პერიოდისთვის თითქმის ორჯერ მეტი მკითხველი ჰყავდა, ვიდრე სხვა ჟურნალებს, და ჟურნალი, რომელიც ძირითადად მამაკაცებს ეთმობოდა, „Saturday Evening fast"; მისი ტირაჟი რედაქტორ ჯორჯ ლორიმერის ხელმძღვანელობით 15 წელიწადში 2200-დან ორ მილიონამდე გაიზარდა.
1941 წელს გამოჩნდა პირველი ვიდეო რეკლამა, რომელმაც ტელეეკრანებზე გავიდა Brooklyn Dodgers და Philadelphia Philliesს შორის ბეისბოლის მატჩის დაწყებამდე. ეს იყო ბულოვას (Bulova) საათების 10 წამიანი რეკლამა, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობის ტელევიზორებთან მოკალათებულმა ამერიკელმა ნახა. ეს ვიდეო რეკლამა, კომერციული სატელევიზიო რეკლამის ეპოქის გარიჟრაჟის დასაწყისი გახდა.
1960 წელს გამოჩნდა პირველი თრილერები ფილმებისა და სერიალებისთვის. რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკის საუკეთესო ფილმების თრილერები თითქმის ისეთივე საინტერესო იყო როგორც თავად ფილმები. სწორედ ასეთ კატეგორიებს მიკუთვნება ფილმ „ფსიქოს“ ფსიქოლოგიური თრილერი. გამოცემა The Drum-ის თანახმად, ჰიჩკოკი გახლდათ მარკეტინგის ოსტატი, რომელსაც შეეძლო საკუთარი შემოქმედება განსაკუთრებულად იდუმალად და საშიშად წარმოჩინა, თუმცა „ფსიქო“ იმდენად მნიშვნელოვანი იყო რეჟისორისთვის, რომელიც თითოეული მაყურებლისთვის სიურპრიზის მოწყობას აპირებდა, რომ მისი რეკლამა არ შეიცავდა არც ერთ კადრს ფილმიდან.
1980 -იანი წლები ამერიკული მარკეტინგული ინდუსტრიისთვის ღირსშესანიშნავი იყო სამი ძირითადი პროექტით. ერთ -ერთი მათგანია ლეგენდარული Pepsi-ის კამპანია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სერიალის "უკან მომავალში“" მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა მაიკლ ჯეი ფოქსმა. კამპანია ჩატარდა საერთაშორისო დონეზე და ათწლეულის ერთ -ერთი საუკეთესო პროექტი გახდა, რომელმაც მსახიობს მოზარდებში ფავორიტის ტიტული და დიდი აღიარება მოუტანა.
მეორე პროექტი გახლდათ 1984 წელს Apple-ის მიერ გამოშვებული Macintosh-ის პერსონალური კომპიუტერის პირველი სატელევიზიო რეკლამა. სარეკლამო რგოლის რეჟისორი იყო ინგლისელი რეჟისორი რიდლი სკოტი, ხოლო კრატიული კონცეფცია შეიქმნა Chiat/Day-ში. ვიდეო რგოლში გამოყენებულია ჯორჯ ორუელის ანტიუტოპიური რომანის „1984“ სახელწოდება და სიუჟეტი. გამოცემა The Drum-ის თანახმად, ამ ნამუშევარმა დიდი აღიარება მოუტანა სახელგანთქმულ ბრენდს დიდების და მაგალითი გახდა სხვა კრეატორებისთვი,
მესამე საკულტო სარეკლამო კამპანიად მიიჩნევა 1985 წელს, ტანსაცმლის ბრენდ Levi's-ის სარეკლამო ვიდეო რგოლი სახელწოდებით „სამრეცხაო“ - 501 ჯინსის მოდელის მხარდასაჭერად. BBH New York-ის დამფუძნებელი, სინდი გალოპი მიჩნევდა რომ სწორედ ეს რეკლამა გახლდათ ეტალონი თანამედროვე მარკეტოლოგებისთვის.
WPP Holding-ის ხელმძღვანელმა სერ მარტინ სორელმა, ბოლო მომენტად, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მარკეტინგული ინდუსტრიისთვის, დაასხელა კომპანია Google- ის დაბადება, რომელიც დაფუძნდა 1998 წელს, სტენფორდის კურსდამთავრებულების - ლარის პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ.
მომდევნო 20 წლის განმავლობაში, გუგლის საძიებო სისტემა გახდა ყველაზე მძლავრი კომპანია მსოფლიოში, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა რეკლამირების განვითარებაზე.
ინტერნეტ რეკლამა, რომელმაც გაუსწრო სატელევიზიო რეკლამას (რომ აღარაფერი ვთქვათ ჟურნალ-გაზეთებისა და რადიო რეკლამაზე), ვერ მიაღწევდა მაღალ შედგებს Google AdWords-ის გარეშე. სორელის აზრით, გუგლის სხვა სერვისები - Google Earth, Google Maps, OS Android და სხვა, ამტკიცებს, რომ Google რჩება 21 -ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ კომპანიად.
დღეს ნიუ-იორკის ცენტრში მდებარობს ამერიკის უმსხვილესი სარეკლამო სააგენტო, სადაც ოცდაათ ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული! აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის თითქმის ყველა ქალაქში არის მინიმუმ ერთი მსხვილი სარეკლამო სააგენტო.
მსოფლიოში ყველაზე დიდი სარეკლამო სააგენტოებია:
WPP, London
Omnicom Group, New York City
Publicis Group, Paris
Accenture Accenture Interactive – New York City
IPG (The Interpublic Group of Companies), New York City
Dentsu Group lnc, Tokyo Japan
PwC Digital Services, New York
Deloitte Digital, New York
IBM iX, Armonk (N.Y)
Hakuhodo (Company Headquarters Location) Tokyo, Japan
Havas, Paris
BlueFocus Communication Group
და სხვა...
















