მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1422 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ყავა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ყოველდღიური პროდუქტია, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ არაკეთილსინდისიერი კომპანიები ფალსიფიცირების გზით ცდილობენ შეამცირონ ფასი - ყავის დიდი მოცულობებით რეალიზაციის მიზნით.

ყავის ფალსიფიცირებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დაბალი ხარისხის ნედლეული (სველი, დამწვარი, წუნდებული მარცვლები, ყავის წარმოების ნარჩენები), ასევე ინგრედიენტები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ყავის ინდუსტრიასთან (ალაო, ვარდკაჭაჭა, დამწვარი შაქარი, პარკოსნები და ა.შ.) ...

ასეთი ყავა ძალიან ცუდად იხსნება წყალში და წარმოქმნის ყავისფერ სუსპენზიას, რომელსაც აქვს მწარე, უხეში და უსიამოვნო გემო.

ცრუ-მწარმოებლები გემოსა და არომატის „გაკეთილშობილების“ მიზნით ყავას უმატებენ სხვადასხვა სახის არომატიზატორებს და საკვებ დანამატებს. ასეთ ყავას შეიძლება ჰქონდეს ასე თუ ისე ასატანი გემო და არომატი, მაგრამ შესაძლოა საკმაოდ მაღალი საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის.

ფალსიფიცირებულ ყავას თითქმის არასდროს აქვს კოფეინის ნორმალური შემცველობა. იგი შეიძლება შეყვანილი იყოს ხელოვნურად - ქიმიური დანამატების სახით. 

ზოგიერთი ფალსიფიკატორი უფრო შორსაც მიდის. ისინი თავს არ იწუხებენ და ხელოვნური კოფეინი შეჰყავთ არა ყავის ფხვნილის წარმოების ეტაპზე, არამედ უკვე მზა ყავას უმატებენ დაფქვილ სააფთიაქო კოფეინს (მისი ჩანართების აღმოჩენა არ არის რთული გულდასმით დაკვირვების შემთხვევაში).

ამგვარად გაყალბებული ყავა შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს კოფეინის გადაჭარბებული დოზის გამო და საფრთხე შეუქმნას ადამიანის ნერვული სისტემის, გულის და საჭმლის მომნელებელი სიტემის მუშაობას.

ასეთი მეთოდებით ფალსიფიცირებული ყავა გამოიყენება ხსნადი, დაფქვილი და ყავის მარცვლების წარმოების დროსაც კი.

თუ ხსნადი და დაფქვილი ყავის გაყალბება უფრო მარტივია, ყავის მარცვლების გაყალბება უფრო რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. ყავის მარცვლების ნაცვლად იყენებენ პარკოსნებს და თიხასაც კი. რა თქმა უნდა, ასეთი ყავა ახდენს ორიგინალის მხოლოდ გარეგნულ იმიტაციას მისგან გამამხნევებელი გემრიელი სასმელის მომზადება შეუძლებელია.

გამოცდილ კოფემანებს მარტივად შეუძლიათ აირჩიონ ნამდვილად ხარისხიანი პროდუქტი გარეგნული ნიშნებით, სურნელით, შეფუთვით, და გაარჩიონ ერთმანეთისგან ფალსიფიცირებული და ნატურალური ყავა.

ხოლო მათთვის ვინც ამ საკითხებში ჯერ კიდევ გამოუცდელია, მოკლე და კონკრეტული რეკომენდაციები დაეხმარება გამოიცნოს ფალსიფიცირებული ყავა.

 

როგორ გამოვიცნოთ ფალსიფიცირებული ყავის მარცვლები

 

ყავის მარცვლების გაყალბება ნაკლებად ხდება, ვიდრე დაფქვილი და ხსნადი ყავისა, რადგან ეს რთული პროცესია და მეტ დანახარჯს მოითხოვს, თუმცა მოაქვს გაცილებით მეტი მოგებაც.

რაც შეეხება გაყალბებას, პირველ რიგში ელიტური ჯიშის მარცვლებში ურევენ დაბალი ხარისხის ყავის მარცვლებს, რობუსტას ასაღებენ როგორც არაბიკას (რობუსტაში კოფეინის უფრო მაღალი შემცველობაა, ვიდრე არაბიკაში) და ა.შ. 

შესაძლებელია ყველაზე ძვირდღირებული ყავის მარცვლების გაყალბებაც კი. მაგალითად: რობუსტაში ურევენ ციბეტონს (რომლსაც აქვს მუსკუსის სუნი) და ასაღებენ როგორც „კოფი ლუვაკს“ (Kopi Luwak). არომატი მსგავსია, თუმცა გაცილებით მძაფრი.

ყავის თითოეული მარცვალი უნდა იყოს საღი, დაახლოებით თანაბარი ზომის, შუაში ბუნებრივად არათანაბარი ღარით. არ უნდა იყოს დამწვარი, დამტვრეული, პრიალა და ზეთოვანი. შეფუთვა არ უნდა შეიცავდეს ქერქს, ყლორტს და მცენარის სხვა ნაწილაკებს. 

კარგი ხარისხის ყავის მარცვლებს აქვს მკაფიოდ გამოხატული სასიამოვნო არომატი მინარევებისა და დამწვრის სუნის გარეშე. 

ყავის მარცვლების გაყალბება ხდება სხვადასხვა გზით:

ყავას ამზადებენ ხორბლის, ქერის, სიმინდის და სხვა სახის ცომის გუნდებისგან და აძლევენ მარცვლებს ყავის ფორმას. ასევე გამოიყენება დაფქული ზეთისხილის კურკები და ... თიხა. შემდეგ ამ მარცვლებს ფარავენ  შაქრის ხსნარით, ხალავენ, ღებავენ და ასაღებენ ნამდვილ ყავის მარცვლებად.

 

ყავის მარცვლებს ღებავენ ხელოვნური ან ტყვიის საღებავით. ამის შესამოწმებლად, აიღეთ ყავის რამდენიმე მარცვალი, მოათავსეთ სუფთა თეთრ ხელსახოცზე და კარგად დასრისეთ ქაღალდში მოთავსებული მარცვლები. თუ ქაღალდი დაისვარა და მასზე ფერი გადავიდა, თქვენ ხელში ფალსიფიცირებული ყავა გიჭირავთ.

 

ყავის მარცვლებს აზავებენ  უცხო მინარევებით. თუ შეფუთვას უსიამოვნო სუნი ასდის, ან მასში შეინიშნება უცნობი ნაწილაკები, შესაძლოა ყავის მარცვლებში შერეული იყოს ვარდკაჭაჭა, დამწვარი შაქარი, ალაო, მოხალული რკო, პურის მარცვლები და ა.შ.

იმისათვის, რომ გაიგოთ შეფუთვაში ნამდვილი ყავის მარცვლებია, თუ ხელოვნურად შექმნილი პროდუქტი, მცირე რაოდენობით  მარცვლებს დაასხით ცივი წყალი, აურიეთ, შემდეგ კი ყურადღებით დააკვირდით ჭიქის ფსკერს. ნალექის არსებობის შემთხვევაში, ყავის შემადგენლობაში არის თიხა ან სახამებელი...

გარდა ამისა, კარგად უნდა დააკვირდეთ ყავის მარცვლის სტრუქტურას. მისი გაჭრის დროს მკაფიოდ უნდა ჩანდეს სქელი გარსი და ბირთვი. ბუნებრივი ფერი უნდა იყოს ყავისფერი, ხოლო შავი ან მომწვანო-მოლურჯო ფერი ნიშნავს, რომ ყავა მინიმუმ დაუმწიფებელი და გაფუჭებული, ან გაყალბებულია.

 

როგორ გამოვიცნოთ ფალსიფიცირებული დაფქვილი ყავა

 

დაფქვილი ყავის გაყალბების მეთოდები უფრო ფართოა, მის დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა სახის სუროგატები:

მცენარეული ნივთიერებები შაქრის სოლიდური შემცველობით (რქის ხის მარცვლები (კერატი - კერატის ხე), ლეღვის ჩირი, შაქრის ჭარხალი და ა.შ.

ასევე პარკოსნების თესლი - (ბარდა, ლუპინი და სხვა...) ცხიმით მდიდარი ნივთიერებები (თხილეული), სახამებლით მდიდარი ნივთიერებები (დაფქვილი: რკო, ქერი, შვრია, ხორბალი, სიმინდი, ჭვავი, წაბლი, ალაო და სხვა...), ფესვოვანი მცენარეები (სტაფილო, ვარდკაჭკაჭა, ბაბუაწვერა და სხვა...)

ყველაზე ხშირად ყავის მაგივრად მთავარ ინგრედიენტად იყენებენ ვარდკაჭკაჭას, რომლის ფესვებსაც რეცხავენ, ჭრიან, აშრობენ, ხალავენ და ავლებენ ზეთში ან სიროფში, შემდეგ კი ურევენ ყავაში, ან პირიქით, ყავას ურევენ ვარდკაჭკაჭაში ))

ზოგიერთი ფალსიფიკატორი იმდენად შორს მიდის, რომ აყალბებს ვარკაჭაჭასაც კი, რადგან იგი შეუცვლელი ინგრედიენტია ყავის ფალსიფიკაციისთვის.

ვარდკაჭკაჭას ურევენ შაქრის ჭარხლის ნარჩენებს, თალგამს და ქვიშასაც კი, რათა გაზარდონ ყავის მასა და ღირებულება.

ყურადღებით დაკვირვების შემთხვევაში ფალსიფიცირებული დაფქვილი ყავის გამოცნობა მარტივად არის შესაძლებელი.

შეფუთვა არ უნდა იყოს გამჭვირვალე ან დაზიანებული. მასზე დატანილი უნდა იყოს შტრიხ კოდი და პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაცია: მისი შემადგენლობა, მოხალვისა და დაფქვის მეთოდი, ჩამოთვლილი იყოს შემცვლელები (რაც პრაქტიკაში ხშირად არ ხდება).

ყავის დაფქვილ ნაწილაკებს უნდა ჰქონდეს ერთნაირი ზომა, ერთგვაროვანი სტრუქტურა და ყავის სასიამოვნო არომატი.

ფალსიფიცირებულ დაფქვილ ყავაში შესაძლოა იყოს კოფეინის დაბალი შემცველობა, რაც ნიშნავს, რომ ყავა შეიცავს უცხო დანამატებს.

ნამდვილი დაფქვილი ყავა, ცივ წყალში მოხვედრისას არ ილექება, რჩება წყლის ზედაპირზე და აძლევს მას მსუბუქ ყავისფერ შეფერილობას. თუ წყალი ძალიან გამუქდა, ე.ი. ყავაში გარეულია ვარკაჭაჭა ან  დამატებულია საღებავები.

გარდა ამისა, ყავის ნაწილაკების ფერი მუდამ ერთგვარია, რაც მოხალვის ხარისხზე მიუთითებს. შეგიძლიათ ერთი მწიკვი დაფქვილი ყავა მოსრისოთ თითებით. ნატურალური ყავა შეინარჩუნებს სტრუქტურას, ხოლო ფალსიფიცრებული - ფქვილად გადაიქცევა.

 

როგორ გამოვიცნოთ ფალსიფიცირებული ხსნადი ყავა

 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად ხდება სწორედ ხსნადი ყავის გაყალბება. ფალსიფიცირების მეთოდები პრაქტიკულად იგივეა, რაც დაფქვილი ყავის შემთხვევაში.

ხსნადი ყავის შეძენის დროს პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ შეფუთვას. შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. მნიშვნელობა აქვს ასევე  ყავის სტრუქტურას. თუ ქილის ფსკერზე ყავის მტვერი შენიშნეთ, ეს ნიშნავს რომ დამზადების დროს დარღვეული იქნა წარმოების ტექნოლოგია.

ყავის ფხვნილს, ან სუბლიმაციას უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი ღია-ყავისფერი შეფერილობა. თეთრი წინწკლების არსებობა - ხელოვნური კოფეინის არსებობაზე მიუთითებს.

ნამდვილი ხნადი ყავა ცივ წყალში ფსკერზე არ ილექება. იგი დარჩება და ნელ-ნელა გაიხსნება ზედაპირზე. 

ამიტომ, იმისათვის, რომ გაარკვიოთ შეფუთვაში არსებული ყავა ორიგინალია თუ ფალსიფიცირებული, ერთ ჭიქა ცივ წყალში დაუმატეთ ერთი კოვზი ყავა. თუ ფხვნილი დაილექა ჭიქის ფსკერზე და წყალი გაფერადდა, მას დამატებული აქვს ვარდკაჭკაჭა ან სხვა შემცვლელები (სხვათაშორის ეს შემცვლელები ყოველთვის არ არის ნატურალური).

შეფუთვა არ უნდა იყოს გამჭვირვალე, აუცილებლად უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული და შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას ყავის წარმოშვების, შემადგენლობის, შენახვის ვადის და სხვა მახასიათებლების შესახებ.

 

ფოლგის პაკეტებში დაფასოებული ფალსიფიცირებული ყავა

 

დღესდღეობით, ბევრი მწარმოებელი აფასოებს ყავას ფოლგის პაკეტებში და იყენებს სპეციალურ სარქველს, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს ყავის არომატი.

ამგვარი სარქველის არსებობა, ძალიან კარგი მაჩვენებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ მწარმოებელს არ ეშინია საკუთარი პროდუქციის ხარისხის დემონსტრირების. 

ზოგიერთ ფალსიფიცირებულ ყავას აქვს არა ნამდვილი სარქველი, არამედ მისი იმიტაცია რადგან აქტიური, ფაქიზი ჭრილის ნაცვლად მას აქვს ორი მცირე ზომის დახურული ღიობი). 

დაფქვილი ყავის ფოლგის პაკეტი უნდა იყოს მყარი, ჰერმეტული. ჩვეულებრივ, მწარმოებელები ტუმბავენ ჰაერს ამგვარი პაკეტებიდან და გამოდის საკმაოდ მკვრივი „ბრიკეტები“.

პაკეტში ჰაერის არსებობა ნიშნავს, რომ შეფუთვა დარღვეულია, ყავას დაწყებული აქვს დაჟანგვა და იგი იქნება მინიმუმ გამოფიტული, ხოლო მაქსიმუმ - საეჭვო წარმოშვების.

ყურადღება მიაქციეთ პაკეტის გადაკეცილ ბოლოებს. ორიგინალი პაკეტის ბოლოები არ არის გადაკეცილი, რადგან შეფუთვები მზადდება უშუალოდ პაკეტების ყავით შევსებამდე. ფალსიფიცირებული ყავის შეფუთვები კი მზადდება წინასწარ და პაკეტები არის დაკეცილ მდგომარეობაში.

გვხვდება ფალსიფიცირებული პაკეტის ყავა, რომლის ბოლოებიც არის გადაკეცილი, თუმცა საღებავი დატანილია შაგრენით, ხოლო ზედაპირი ტალღოვანია და არა თანაბარი და გლუვი.

ორიგინალზე, პროდუქტის დამზადების დრო და შენახვის ვადა დატანილია ქარხნული წესით და ადვილად წაშლადი მელნით, რომლის ფერი შესაძლოა უკვე იყოს ოდნავ გადასული.

 ფალსიფიცირებულ პაკეტზე კი დამზადების დრო, შენახვის ვადა და პარტიის ნომერი ხშირად დაბეჭდილია სურათის სახით - მკვეთრი, მდგრადი საღებავით.

ორიგინალი შეფუთვის ბოლო დანიკბულია (დაკბილულია) მსხვილი ან წვრილი ნიკბებით, უხარისხო პატენტი კი სწორადაა გადაჭრილი.

საქმე იმაშია, რომ ნამდვილი მწარმოებლის ცენრტში, პროდუქტის დაფასოება, შეფუთვა და თავის გადაბეჭდვა ერდროულად ხდება. შესაბამისად, მჭრელ მექანიზმს ტალღისებური ნიკბები გააჩნია და ასეთივე კვალს ტოვებს შეფუთვაზე.

გაყალბებული ყავის შეფუთვა-დაფასოება კი ხშირად  ხელით, კუსტარულად ხდება, ამ დროს გამყალბებლები იყენებენ, მზა, წინასწარ საგანგებოდ დაჭრილ პაკეტებს. რასაკვირველია ცარიელი შესაფუთი მასალის დაჭრის დროს დატვირთვა გაცილებით ნაკლებია და გადაჭრაც იდეალურად სწორად ხდება.

 

ძირითადი რეკომენდაციები

 

ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციებით, შეძლებთ გამოიცნოთ ყალბია თუ არა თქვენს მიერ შეძენილი ყავა, მაგრამ იმისათვის, რომ არ შეცდეთ სწორედ შეძენის პროცესში, დასკვნის სახით კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ მოკლე რეკომენდაციები, რაც მაქსიმალურად აგარიდებთ ფალსიფიცირებული ყავის შეძენის რისკებს:

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ფასს. კარგ ყავას უბრალოდ არ შეიძლება იყოს იაფი. ეს აქსიომაა. ამიტომ, თუ მას ადევს საეჭვოდ დაბალი და მიმზიდველი ფასი, სავარაუდოდ თქვენს წინაშე გაყალბებული ყავის ნიმუშია.

ასე, რომ უმჯობესია გადაიხადოთ რამდენადმე მეტი და დატკბეთ ნამდვილი ყავის თვისებებით, ვიდრე გააკეთოთ ეკონომია საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

ყავის შემადგენლობაში არ უნდა იყოს ჩენჩო, მტვერი, ხის წკირები, კოშტები (გამაგრებული გუნდა), ვულკანური ქვიშა და სხვა უცხო კომპონენტები.

გარდა იმისა, რომ ასეთი ყავამ შეიძლება დააზიანოს და მწყობრიდან გამოიყვანოს ყავის აპარატი, იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

შემდეგი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს არის შეფუთვა. ხარისხიანი ყავა შეფუთულია მინის ან თუნუქის ქილებში და ჰერმეტულ ფოლგის პაკეტებში, რაც ხელს უწყობს ყავის დახვეწილი გემოსა და არომატის დიდი ხნის განმავლბაში შენარჩუნებას.

ფალსიფიცირებული ყავა ძირითადად დაფასოებულია პლასტმასის გამჭვირვალე ქილებში ან პოლიეთილენის პარკებში.

თავი შეიკავეთ ყავის შეძენისგან, რომლის შეფუთვაზეც მიკრულია წებოვანი სტიკერი ან ეტიკეტი.

ყავის ეტიკეტი უნდა იყოს ხარისხიანი. შეფუთვაზე ბუნდოვანი და გაურკვეველი, ან პირიქით ძალიან მკვეთრი ფერები ნიშნავს, რომ  მისი შიგთავსი არ გამოირჩევა ხარისხით.

ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული: დამზადების ვადა, შენახვის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და შტრიხ-კოდი (შტრიხ-კოდის პირველი სამი ციფრი უნდა ემთხვეოდეს მწარმოებელი ქვეყნის კოდს).

კარგად დააკვირდით ყავის დასახელებას და დიზაინს. ზოგიერთი ცრუ-მწარმოებელი, საეჭვო ხარისხის პროდუქციის გასაღებას, სწორედ ორიგინალი ბრენდის მსგავსად გაფორმებული დიზაინით ან მაქსიმალურად მიახლოებული  (თითქმის იგივე ჟღერადობის) სახელწოდების საშუალებით ცდილობს.

მსგავსი „პლაგიატი“ არ ლაპარაკობს ხარისხის სასარგებლოდ და ყავა დიდი ვარაუდით ფალსიფიცირებულია.

იმისათვის, რომ არ გადააწყდეთ ფალსიფიცირებული ყავას, იგი უნდა შეიძინოთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში, რომელიც მარაგდება სანდო და გამოცდილი მომწოდებლების მიერ.

 

პს

 

ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ყავის სპეციალიზებული ლაბორატორიები, სადაც ფასდება ყავის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები (გარეგნული იერ-სახე, ფერი, გემო, სუნი და სხვა...), 

ასევე: მასა ნეტო (პროდუქტის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე), ტენიანობა, ექსტრაქტიული ნივთიერებების შემცველობა, ნაცრის მასობრივი წილი, დაფქვის ხარისხი, კოფეინის, რკინის, უცხო და მავნე მინარევების შემცველობა.

ასევე მოწმდება ტოქსიკური ელემენტები, რადიონუკლიდები, აფლატოქსინ В1.

მაგრამ თუ ასეთი ლაბორატორიის კომპეტენტური დასკვნა და სერთიფიკატი არ არსებობს, ვიმედოვნებთ, რომ ეს მასალა გარკვეულწილად დაგეხმარებათ ფალსიფიცირებული ყავის აღმოჩენაში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ