ციფრული წიგნიერება ნიშნავს ადამიანის უნარს, სწორად გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები - კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, სხვადასხვა სახის პროგრამები და სერვისები: - ცოდნის მისაღებად, ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასაზიარებლად, სამუშაოდ და საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.
დღეს ციფრული წიგნიერება ისეთივე აუცილებელი გახდა, როგორც წერა-კითხვა იყო წინა საუკუნეებში. ის მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენების უნარს, არამედ იმასაც, თუ როგორ გამოვიმუშაოთ ამ ტექნოლოგიებთან მუშაობის ჩვევები, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სანდო და არასანდო ინფორმაცია და როგორ დავიცვათ თავი ონლაინ თაღლითობისგან.
ბოლო დროს ბევრი ჩვენთაგანი იქცა საკუთარი მშობლების ან ბებია-ბაბუების “ტექნიკურ ასისტენტად” და მათაც აითვისეს, თუ როგორ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები ონლაინ რეჟიმში, როგორ გაერკვნენ საკუთარი ჯანმრთელობის ნიუანსებში, ჩაეწერონ ექიმთან ტელეფონით, ან როგორ მოძებნონ Google-ში საყვარელი კერძის რეცეპტი.
ერთგან მეგობარი გვთხოვს ვასწავლოთ Zoom-ის ჩართვა, სხვაგან მეზობელი გვეკითხება, როგორ დავფაროთ გადასახადები საბანკო ბარათით, ან კიდევ ნათესავი გვთხოვს გავაცნობიეროთ როგორ გამოიყენოს AI, რათა გაერკვეს საკუთარ ჯანმრთელობაში და მოამზადოს ექიმისთვის დასასმელი შეკითხვები,
არაერთმა ასაკოვანმა ადამიანმა პირველად ისარგებლა მობილური ტელეფონის აპლიკაციით და განახორციელა საბანკო ოპერაციები, რითაც თავი დააღწია ბანკში რიგში დგომის რუტინას.
ეს ყველაფერი ციფრული წიგნიერებაა - უნარი, რომელსაც წლების განმავლობაში უყურადღებოდ ვტოვებდით, ახლა კი ყოველდღიურობის ისეთივე ნაწილი გახდა, როგორც სახლის ან მანქანის გასაღები ან სათვალე.
რატომ გახდა ციფრული წიგნიერება ასეთი აუცილებელი?
დღესდღეობით თითქმის ყველაფერი ციფრულად ხდება:
• ექიმთან ჩაწერა;
• გადასახადების გადახდა;
• საბანკო ოპერაციები;
• სამსახურის ძებნა;
• ყოველდღიური კომუნიკაცია;
• სწავლა, ინფორმაციის მიღება და გართობაც კი - ეს ყველაფერი ინტერნეტზე და ციფრულ მოწყობილობებზეა დამოკიდებული.
მაგრამ ამ ყველაფერს თავისი წესები აქვს. ვინც ამ წესებს არ იცნობს, ციფრულად მოწყვლადია. მაგალითად:
• შეიძლება პირადი მონაცემები შეიყვანოთ თაღლითურ საიტზე და დაკარგოთ ფული;
• ვერ გაარჩიოთ ერთმანეთისგან ცრუ, არასანდო და ჭეშმარიტი ინფორმაცია;
• ვერ მიხვდეთ, რატომ "ჭედავს" მოწყობილობა ან როგორ დაიცვათ თავი ვირუსებისგან;
• ვერ გამოიყენოთ ის ფართო შესაძლებლობები, რომლებსაც იძლევიან დღეს არსებული ტექნოლოგიები;
• და სხვა...
ციფრული წიგნიერების მაგალითები რეალურ ცხოვრებაში:
• უკვე იცით, რომ როცა ვიღაც წერს “თქვენ მოიგეთ iPhone ან სხვა ნივთი”, არ უნდა გადახვიდეთ ლინკზე;
• ხვდებით, რომ არ შეიძლება ვირუსიანი პროგრამის გადმოწერა უცნობი ვებ-გვერდიდან;
• იყენებთ რთულ პაროლებს (მაგალითად 12345, ან დაბადების თვე და რიცხვი) და იცით, რომ ერთი და იგივე პაროლის გამოყენება ყველგან არ შეიძლება;
• გუგლში (ან სხვა საძიებო სისტემებში) ეძებთ კითხვებს და ახერხებთ ინფორმაციის გაფილტვრას - ანუ არჩევთ სანდო და არასანდო ინფორმაციას;
• იყენებთ „ღრუბლის“ სერვისებს (მაგალითად, Google Drive, Microsoft OneDrive და სხვა...), რომ არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი ფაილები.
• და სხვა...
ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ტექნიკური ცოდნა. ბევრი თვლის, რომ ციფრული წიგნიერება ნიშნავს მხოლოდ კომპიუტერის სრულყოფილად ათვისებას, მაგრამ ეს ციფრული წიგნიერების მხოლოდ მცირე ნაწილია.
ციფრული წიგნიერება მოიცავს:
• კრიტიკულ აზროვნებას - რაც დაგიცავთ მანიპულაციებისა და ტყუილებისგან;
• ინფორმაციის მართვას - როგორ მოძებნოთ, გააზიაროთ, შეინახოთ;
• კომუნიკაციის ეთიკას - როგორ მოიქცეთ ონლაინ სივრცეში, როგორ დაიცვათ სხვები და საკუთარი თავი;
• ციფრულ უსაფრთხოებას - როგორ აარიდოთ თავი თაღლითობასა და ინფორმაციულ საფრთხეებს.
ქართულ რეალობაში არსებული გამოწვევები
საქართველოში ციფრული წიგნიერების დონე საკმაოდ განსხვავებულია თაობებსა და რეგიონებს შორის. მაგალითად, თუ ერთ რეგიონში ბავშვი უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მეორეში - ვერ არჩევს რეალურ ბანკს თაღლითური საიტისგან, სატელეფონო ზარისგან ან ბმულისგან.
ასეთი განსხვავება რისკების შემცველია არა მხოლოდ რიგითი ადამიანებისთვის, არამედ ზოგადად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.
როგორ დავეუფლოთ ციფრულ წიგნიერებას?
განვითარება ეტაპობრივად ხდება - პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ ძირითადი ტერმინებს და ტექნოლოგიებს. სწავლა სულაც არ არის ასაკზე დამოკიდებული; დღეს 70 წლის ადამიანსაც წარმატებით შეუძლია დაეუფლოს ციფრულ ტექნოლოგიებს.
ინტერნეტში სწორი რესურსების შერჩევა მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელი საკუთარი ცოდნის შემოწმება და პრაქტიკა. მხოლოდ ინფორმაციის წაკითხვა არ არის საკმარისი, საჭიროა გაბედოთ, სცადოთ და გადადგათ პრაქტიკული ნაბიჯები, რაშიც Aura.Ge დაგეხმარებათ, რომლის მიერ მომზადებული ციფრული წიგნიერების მასალები: მარტივია, მაგრამ სიღრმისეული და იძლევა არა მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას, არამედ დეტალურად განიხილავს სხვადასხვა შინაარსის თემებს და გაგარკვევთ როგორ ხდება ციფრულ სამყაროში ფუნქციონირება.
დასკვნა:
ციფრული წიგნიერება არის ახალი საუკუნის დედაენა. ამიტომ ნუ შეგაშინებთ ტექნოლოგიები, პირიქით, მოინდომეთ და შეეცადეთ სრულყოფილად დაეუფლოთ მისი მართვის შესაძლებლობებს.
დღესდღეობით, როცა ციფრული სამყარო ელვის სისწრაფით ვითარდება, ნუ ჩამორჩებით დროს. დღეს უფრო წარმატებული, დაცული და დამოუკიდებელია ის, ვინც ფლობს ცოდნას და კარგად ერკვევა ციფრულ ტექნოლოგიებში.