არსებობს ციფრულ სამყაროში შესასვლელი სამი ძირითადი კარი: კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და ტაბლეტი, რომლებიც ერთი დიდ ოჯახს მიეკუთვნებიან და ციფრული მოწყობილობები ეწოდებათ.
ეს ინსტრუმენტები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და დღეს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ციფრული მოწყობილობები არა მხოლოდ კომფორტი, არამედ ყოველდღიური საჭიროებაა.
ციფრული მოწყობილობები ხელს გვიწყობენ ინტერნეტთან წვდომაში, ინფორმაციის მიღება-გაზიარებაში, კომუნიკაციებში, ურთიერთობებში, მუშაობაში, გართობაში და სხვა მიზნებში.
თუმცა, სანამ ციფრულ ცხოვრებაში შეაბიჯებთ და მათ გამოყენებას გადაწყვეტთ, საჭიროა გაერკვეთ, რა განსხვავებაა კომპიუტერს, მობილურსა და ტაბლეტს შორის, რა შესაძლებლობები გააჩნიათ და რაში გეხმარებათ თითოეული მათგანი, რათა შეძლოთ მათი გაცილებით უფრო სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენება.
საფუძველი ძალიან მარტივია:
ყველა მოწყობილობა - კომპიუტერიც, მობილური ტელეფონიც და ტაბლეტიც, ერთ საქმეს ემსახურება: ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გაზიარება. სხვაობა მხოლოდ იმაშია, როგორ, რამდენად სწრაფად და რა პირობებში აკეთებს ამას თითოეული მათგანი.
კომპიუტერი (ლეპტოპი)
ლეპტოპი ყველაზე მრავალფუნქციური და სერიოზული მოწყობილობაა. იგი საუკეთესოა მაშინ, როცა საჭიროა სიღრმისეული მუშაობა: საოფისე საქმიანობა, ტექსტების ბეჭდვა, ცხრილების მომზადება, სხვადასხვა ფორმატის ფაილების და მონაცემების ვიზუალიზაცია, საჭირო მასალებისა და დოკუმენტაციების დამუშავება, პრეზენტაციები, ინფორმაციისა და დოკუმენტების სტრუქტუირება, ელ-ფოსტასთან სერიოზული მუშაობა, ინტერნეტში სიღრმისეული ძიება და სხვა...
ლეპტოპის მთავარი უპირატესობა არის ეკრანის ზომა და მართვის სიზუსტე - მომხმარებელი სწრაფად და კომფორტულად მუშაობს მაუსისა და კლავიატურის საშუალებით. ლეპტოპი აუცილებელია მაშინ, როცა საქმე დეტალურ, ზუსტ და მოცულობით სამუშაოს მოითხოვს.
ლეპტოპის მინუსი კი არის მისი მაღალი ფასი და ნაკლები მობილურობა - სამუშაო მაგიდას ან ჩანთას თან ვერ ატარებთ.
მობილური ტელეფონი (სმარტფონი)
მობილური ტელეფონი, რომლითაც ადრე მხოლოდ დარეკვა შეიძლებოდა, დღეს ყველაზე გავრცელებული მაღალტექნოლოგიური ციფრული მოწყობილობაა. მისი მთავარი თვისება მუდმივი და სწრაფი ხელმისაწვდომობაა.
მობილური ტელეფონით ადამიანებს შეუძლიათ მუდმივი კომუნიკაცია (ზარი, სმს, Facebook, WhatsApp, Viber, Facebook და სხვა..), ინფორმაციის მიღება და გადაცემა, გუგლის რუქით სარგებლობა, რესურსების სწრაფი მოძიება, ელ-ფოსტით სარგებლობა, მუსიკის მოსმენა, ვიდეოსა და ფილმების ყურება, თარჯიმნით სარგებლობა, ფოტოების და სელფის გადაღება, ბილეთების შეძენა, უამრავი პროგრამის (აპლიკაციის) უსაფრთხოდ გამოყენება და სხვა...
სმარტფონის უპირატესობა მისი მოქნილობა და კომპაქტურობაა. სმარტფონის სრულფასოვნად გამოყენება შეიძლება ყველგან - სახლში, ქუჩაში, კაფეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აგარაკზე, პიკნიკზე და სხვა...
ერთი სიტყვით, მობილური ტელეფონი ჯიბეში მოთავსებული მინი კომპიუტერი, ანუ მთელი სამყაროა.
მისი მინუსი პატარა ეკრანია, რის გამოც ტექსტზე ხანგრძლივი მუშაობა რთული და დამღლელია. გარდა ამისა, იგი სწრაფად იტვირთება, ეკრანის ხშირი ცვლა თვალს ღლის, ზოგჯერ მრავალფუნქციური (მრავალფანჯრიანი) მუშაობა თითქმის შეუძლებელია.
ტაბლეტი (პლანშეტი)
პლანშეტი გარდამავალი (შუალედური), ჰიბრიდული მოწყობილობაა სმარტფონსა და ლეპტოპს შორის. იგი ლეპტოპზე პატარაა და არ არის სმარტფონივით კომპაქტური, თუმცა აქვს დიდი ეკრანი და მოსახერხებელი კლავიატურა; ამიტომ, ბევრი ციფრული წიგნიერების სამყაროში სწორედ პლანშეტის დახმარებით დგამს პირველ ნაბიჯებს.
პლანშეტს ხშირად იყენებენ ისინი, ვისაც სჭირდება კითხვა, ვიდეოს ყურება, ფოტოების დათვალიერება, ონლაინ ლექციებზე დასწრება, პრეზენტაციის ჩვენება და სხვა.
პლანშეტის უპირატესობა არის მისი ეკრანის ზომა - ის მეტ ინფორმაციას აჩვენებს და მომხმარებელი უკეთესად აღიქვამს შინაარსს, ვიდრე სმარტფონი. ამავდროულად, პლანშეტი მსუბუქია და კომპიუტერზე გაცილებით მობილურია.
მინუსი - პლანშეტს არა აქვს სრულფასოვანი კლავიატურა, ხანგრძლივად ტექსტის აკრეფა არასასიამოვნოა. ასევე, ნაკლებად გამოსადეგია რთულ ფაილებთან მუშაობისთვის.
ლეპტოპის, პლანშეტის და სმარტფონის ძირითადი დეტალები
მიუხედავად იმისა, რომ ლეპტოპი, სმარტფონი და პლანშეტი განსხვავდებიან, მათი ძირითადი დეტალები თითქმის იდენტურია.
ეკრანი - რაც უფრო ნათელია ეკრანი და აქვს უკეთესი გარჩევადობა (რეზოლუცია), მით უფრო სასიამოვნო და კომფორტულია მუშაობა.
ოპერაციული სისტემა - მოწყობილობის „გონებაა“. სწორედ Windows, Android და iOS მართავენ პროცესებს, რასაც ეკრანზე ხედავთ. ისინი განსაზღვრავენ, როგორ იმუშავებს პროგრამა, როგორ გაიხსნება ფაილი და როგორ მოახერხებთ ინტერნეტზე წვდომას.
მეხსიერება - როგორც ადამიანის ტვინს, მოწყობილობასაც აქვს დროებითი მეხსიერება (RAM) და მუდმივი საცავი (შიდა მეხსიერება, SSD ან HDD). რაც მეტი მეხსიერება აქვს მოწყობილობას, მით მეტი ინფორმაციის შენახვა და ოპერაციების შესრულება არის შესაძლებელი.
ბატარეა - ენერგიის წყარო. მნიშვნელოვანია, რომ კარგად იმუხტებოდეს და დიდხანს ძლებდეს. რეკომენდებულია გააჩნდეს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია, განსაკუთრებით სმარტფონისთვის და პლანშეტისთვის.
კლავიატურა ან სენსორული ღილაკები - ინფორმაციის შეყვანისთვის. კომპიუტერზე - ფიზიკური (ზოგ შემთხვევაში ჰიბრიდული), მობილურსა და ტაბლეტზე - სენსორული.
როგორ ავირჩიოთ მოწყობილობა - ვინ რას საჭიროებს?
როდესაც ახალი ციფრული მოწყობილობის შეძენას აპირებთ, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ საკუთარ საჭიროებას და არა ფასს:
მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის - საუკეთესოა ლეპტოპი ან პლანშეტი (კლავიატურით). მოწყობილობით შესაძლებელი უნდა იყოს ტექსტზე მუშაობა, ონლაინ გაკვეთილებში მონაწილეობა და პრეზენტაციების მომზადება.
სამსახურისთვის - პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი, რომელიც ოპტიმიზირებულია საოფისე პროგრამებზე: Word, Excel, PowerPoint, Zoom და სხვა. რაც უფრო სტაბილურია სისტემა, მით უკეთესია.
მძღოლებისთვის, მოგზაურებისთვის, გადამზიდავებისთვის - სმარტფონი - რეგულარული სატალეფონო ზარებისთვის, შეტყობინებების მისაღებად, GPS ნავიგაციისთვის.
ბებია-ბაბუებისთვის - ბებია-ბაბუებისთვის განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთი პლანშეტი ან მობილური ტელეფონი, რომელსაც დიდი ეკრანი და მარტივად გასაგები მენიუ აქვს.
ბავშვებისთვის - პლანშეტი მშობლის მიერ გამართული და უსაფრთხო სისტემით. არ არის რეკომენდებული სამუშაოდ განკუთვნილი მოწყობილობის ბავშვზე მორგება.
პირველი ნაბიჯები - როცა ახალ მოწყობილობით სარგებლობას იწყებთ
პაროლის დაყენება - არასოდეს დატოვოთ მოწყობილობა დაუცველად. უსაფრთხოების დაცვა პირველივე ეტაპზე უნდა დაიწყოთ. პაროლად შეიძლება გამოიყენოთ ციფრული პაროლი ან ბიომეტრია (თითის ანაბეჭდი/სახე).
ენების არჩევა - სასურველია ქართულ ენასთან ერთად ინგლისური კლავიატურაც გქონდეთ ჩართული.
Wi-Fi-ის დაკავშირება - ინტერნეტის გარეშე მოწყობილობა მხოლოდ ნახევრად ფუნქციონირებს, ამიტომ პირველ რიგში საჭიროა ქსელთან დაკავშირება.
მთავარ ეკრანზე ორიენტირება - პირველ ეტაპზე საჭიროა მოწყობილობს მთავარ ეკრანზე ძირითადი ელემენტების გაცნობა - სად არის პარამეტრები, კამერა, შეტყობინებები, აპლიკაციების განლაგება, ელ-ფოსტის გახსნა, Google-ში ძიება და სხვა. ნუ შეგეშინდებათ, ყველაფრის ათვისება მარტივად შეიძლება.
დასკვნა
ციფრული მოწყობილობები - კომპიუტერი, სმარტფონი და პლანშეტი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. როცა ციფრულ მოწყობილობას პირველად იღებთ ხელში, ბუნებრივია ბევრი რამ არ იცით, მაგრამ ციფრულ ტექნიკასთან ურთიერთობა წორედ ასე იწყება. ნუ შეშინდებით, რომ ვერ შეძლებთ გაერკვევას, ნუ იფიქრებთ, რომ ეს არ არის თქვენი საქმე, ან უკვე გვიანია სწავლა.
საწყის ეტაპზე არ არის აუცილებელი ყველაფერი იცოდეთ, საკმარისია პირველი ნაბიჯის გადადგმა. არასწორია მიდგომა - „ვერასდროს ვისწავლი“, სწორია - „საიდან დავიწყო“, მთავარია გაგაჩნდეთ ინტერესი და ყველაფერის დაძლევთ. როცა ინტერესი გაქვთ, სწავლა უბრალოდ დროის საკითხია.
გახსოვდეთ რომ ციფრული ტექნიკა თქვენთვის არის შექმნილი და დღეს ცოდნის და ზოგადად სამყაროსთან კავშირი იმ პატარა თუ დიდ ეკრანზე გადის, რომელიც ჯიბეში ან მაგიდაზე გიდევთ. მართალია ეს მოწყობილობები თქვენს ნაცვლად ვერ იფიქრებს, მაგრამ თუ სწორად შეძლებთ მათ გამოყენებას, თქვენს წინაშე გაიხსნება ცოდნის გაღრმავების, მუდმივი კავშირისა და ახალი შესაძლებლობების კარი.