ორი ბიჭი ყანიდან ბრუნდებოდა. გზაზე თოკი იპოვეს და წაკინკლავდნენ. ერთსაც თავისთვის უნდოდა და მეორესაც.
ჩხუბი დაიწყეს. თოკს ჩააფრინდნენ და აქეთ-იქეთ ეწეოდნენ.
თოკი დამპალი აღმოჩნდა. ვეღარ გაუძლო მოჭიდავეებს და შუაზე გაწყდა.
მოჩხუბრებმა თავი ვეღარ შეიმაგრეს და პირდაპირ შუა ლაფში მოადინეს ზღართანი.
შერცხვენილები ჩუმად წამოდგნენ და თავლაფიანებმა გააგრძელეს გზა.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები