მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4699 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შვიდი წლის ვიქნებოდი; გაზაფხული იდგა. შემაღლებულ ჯეჯილებს მწვანედ გაჰქონდათ ღაღანი და თავისკენ იზიდავდნენ ადამიანს.

ამ ჯეჯილებში იცოდა ფამფარა, ერთნაირი რძიანი ბალახი, რომელიც გემრიელი საჭმელი იყო ადამიანისათვის. ჩვენი სოფლელნი, ქალები და ვაჟები, ხშირად დაიარებოდნენ მინდვრად ფამფარას მოსატანად.

ერთ კაშკაშა დღეს ჩემი უმცროსი და და ძმა ამიტყდნენ: წაგვიყვანე ფამფარაზედაო. მეც მინდოდა ფამფარა, კარგა ხანი არ მეჭამა და ამიტომ სიამოვნებით ავუსრულე პატარებს სურვილი, ავიღეთ პატარა კალათები და გავსწიეთ დასავლეთით ღაღანა ჯეჯილებისაკენ.

მეზობლის ორი პატარა შვილიც თან გამომყვა. უკან გავიდევნეთ ძაღლებიც, რომ ნადირის შიში არა გვქონოდა.

გადავიარეთ ერთი დიდი ჯეჯილი, გავცდით მეორე ჯეჯილსაც და მივედით რუს პირზე, სადაც უფრო ბევრი და უკეთესი ფამფარა გვეგულებოდა.

ჯერ ფამფარას კრეფა არ დაგვეწყო, რომ ძაღლები ფაცხაფუცხით შეცვივდნენ რუში და იქითა ნაპირს გავარდნენ. გავიხედე ქვევით და იქით ნაპირის მოშორებით გავარჩიე ვეებერთელა ძაღლი, რომელსაც დაღრენილი პირიდან დორბლი გასდიოდა, კუდი ლაჯებსა და მუცელს ქვეშ ჰქონდა ამოძუებული და ბალანი მეტად აბურძგნოდა.

- ვაიმე, დედავ, ცოფიანი ძაღლი, - შიშით წამოვიძახე ხმამაღლა, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, რომ წინდაუხედაობა მომიხდა ამ წამოძახებით, ბავშვებმა შიშისაგან ტირილი მორთეს და ფეხი მოეკვეთათ.

მათმა ტირილმა შიში მეც უფრო კიდევ გამიძლიერა, მაგრამ თავი შევიმაგრე და ვუთხარი ბავშვებს დასამშვიდებლად: "არა, არა, ტყუილია, ცოფიანი არ არის, ისე ძაღლია, გეხუმრეთ. მაინც კი ახლავე შინ უნდა წავიდეთ, რომ არა გვავნოს-რა; მერე მოვალთ და ფამფარა სად წაგვივა", - ბავშვები ისევ მალე დამშვიდდნენ, როგორც მალე აღრიალდნენ.

ბავშვები წინ გამოვიძღოლე და უკან მოვსდევდი. ვეჩქარებოდით, რაც კი შეგვეძლო. მე დიდი იმედი მქონდა ჩვენი დიდი ძაღლებისა, რომელნიც მგელსაც არ შეუშინდებოდნენ, მაგრამ ეს იმედი გამიცრუვდა.

როცა უკან მოვიხედე, დავინახე, რომ ცოფიან ძაღლს ჩვენის ძაღლებისათვის შიშის ზარი დაეცა, წინ გამოერეკა და მოარბენინებდა. დაფეთებული ძაღლები შლაპაშლუპით გამოცვივდნენ რუში. გაგვისწრეს წინ და სოფლისაკენ გარბოდნენ.

ვერც დაყვავებით და ვერც გაჯავრებით მე ისინი ვერ შევაჩერე. დავრჩი უშემწეოდ ოთხი პატარა ბავშვით ცოფიანი ძაღლის მსხვერპლად. ჩვენი გადარჩენა სასწაულით თუ მოხდებოდა.

კიდევ მოვიხედე უკან, რომ შემეტყო, რას სჩადიოდა ცოფიანი ძაღლი. ის ჯერ კიდევ რუს იქით ნაპირს იყო, ხან ზევით აირბენდა, ხან ქვევით ჩაირბენდა, ხიდს ეძებდა გამოსასვლელად; მაგრამ ახლომახლო ხიდის ჭაჭანებაც არ იყო.

მეტი ღონე არ იყო, უნდა წყალში გამოეტოპა და დაგვდევნებოდა, მაგრამ წყლის საშინლად ეშინოდა, ვერ შემოებედა რუში და იყო ერთ წვალებაში. ბოლოს, ერთი საზარლად დაიყმუვლა, შემოვარდა რუში და გამოვარდა აქეთა ნაპირზე.

ამ დროს მე ჩემი ბავშვებით გამოცილებული ვიყავი იქითა ჯეჯილს. ამ ჯეჯილის აქეთა ნაპირს პატარა რუ ჩამოდიოდა. ამ რუზე იდო ნერგის ხიდი, რომელზედაც გამოსვლა ძნელი იყო ბავშვებისათვის. აი, როგორც იყო ყველანი გამოვსხი, მეც შევდექი ხიდზე და გამოვდივარ.

სწორედ ამ დროს მოვარდა ძაღლი; წყალს რომ მოახლოვდა, შესდგა; ეტყობოდა, რომ ათრთოლდა, შეშინდა, თვალები აუჭრელდა, დავთრები სულ დაკარგა. ბოლოს მაინც გაბედა და ხიდზე შემოდგა. მე მოვასწარი, ხიდს ხელი ავკარი და წყალს მივეცი.

ძაღლს ორი წინა ფეხი რუში ჩაუვარდა და საშინლად დაიყმუვლა; მერე დაიხია უკან, აიკრიბა ფეხები, გასწორდა ნაპირზე და დაუწყო ძებნა რუს ვიწრო ადგილს, გადმოხტომას აპირებდა; მაგრამ ვერ იპოვა მოხერხებული ადგილი და ზევით დაიოთხა.

ზემოთ, ორი მიწის საქცევზე, ბოგირი იდო; ამ რუზე გამოვიდოდა და მოგვეწეოდა. ამიტომ ვეჩქარებოდით შინისაკენ, რაც კი შეგვეძლო. გადმოვიარეთ ჯეჯილი, მივაღწიეთ ჩვენ კარმიდამოზედა, და თავი გადარჩენილი მეგონა, მაგრამ კინაღამ ამ სამშვიდობოში არ გავხდი იმ წყეულის ძაღლის მსხვერპლი.

სწორედ იმ დროს, როცა სახლში შევდიოდით, ძაღლი მოვარდა ჩვენს კარებთან და კინაღამ არ მომწვდა ფეხში; ერთი ფეხით ძლივს შევასწარი ოთახში და ძლივს მოვასწარი კარების მოკეტვა.

ჩვენზე რომ ვერ იყარა თავისი ბრაზი ცოფიანმა ძაღლმა, დაერია ძაღლებში და არც ერთი დაუგლეჯელი არ გადურჩა. თავის კბილებს უფრო თავსა და პირში უყრიდა და საზარლად ჰკბენდა. უფრო მეტად დაჰკბინა დიდი და ღონიერი ძაღლები, რომლებიც არ შეუშინდნენ მას, ებრძოდნენ და ჰკბენდნენ, რაც კი შეეძლოთ.

ხოლო ცოფიანი ძაღლი თითქოს სულაც არ გრძნობდა ტკივილსა და მოურიდებლივ ჰგლეჯდა თავის მებრძოლთა. ეს მებრძოლნი შემდეგში ყველანი დაცოფიანდნენ და პატრონებმა თოფებით დახოცეს.

მეზობლები, თავზარდაცემულნი, სახლებში შევიდნენ და იქიდან უცქერდნენ ცოფიანის ძაღლის საშინელ ოინებს.

ჩვენც ფანჯრიდან თვალს ვადევნებდით. უცებ ძაღლმა დაინახა წყაროზე კოკით მიმავალი თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ბიჭი. ძაღლებს თავი ანება და გაექანა იმისკენ.

"არიქა, ლექსო (ეს სახელი ერქვა ბიჭს), თავს უშველე! ცოფიანია, ცოფიანი!" - დავუძახეთ ჩვენცა და მეზობლებმაცა. - "ვაი, დედასა, რა ბიჭს გააფუჭებს ეგ შეჩვენებული ძაღლი!" - ისმოდა აქეთ-იქიდან.

მართლაც, ლექსო თავის ტოლებში პირველი ბიჭი იყო ტანადობით, სიმარჯვით, ღონით, სიტყვა-პასუხით, ზრდილობით და ამასთან საოცარს უშიშრობას იჩენდა ხიფათის დროს. სხვათა შორის, საცა გველს მოასწრებდა, მოკვდებოდა და ცოცხალს არ გაუშვებდა. გველის სინსილა თითქმის გაწყვიტა ჩვენს სოფელში.

ყველა ამ ღირსების გამო ლექსო მთელი სოფლის საყვარელი იყო. კიდეც ამიტომ უკვდებოდა გული ყველას, ვინც კი ხედავდა, რა საშინელი ხიფათი დაატყდა თავს ამ სამაგალითო ბიჭს. როგორ უნდა გადაერჩინა თავი? ჯოხი არსად ჰქონდა, შენობები შორს იყო, ვერსად შეეფარებოდა,

მაგრამ ლექსომ აქაც გამოიჩინა სამაგალითო სიმარჯვე და დაამტკიცა, რომ ის სწორედ ღირსი იყო საყოველთაო სიყვარულისა.

დაინახა თუ არა ცოფიანი ძაღლი მისკენ გაქანებული, ლექსომ საჩქაროდ დადგა კოკა წყაროს თავზე და მაშინვე დაავლო ხელები ორს მოზრდილ ქვას. ჩაირბინა წყაროს თავიდან ქვემოთ, იქით ნაპირს და შეჩერდა.

წყარო მაღლობის ძირში დიდ ნაკადულად გადმოდიოდა და ეს ნაკადული მიდიოდა ორს ამოშენებულ მაღალს ნაპირს შუა. მაღალი ნაპირები შორი-შორს იყო ერთმანეთისგან და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადახტომას მოახერხებდა მხოლოდ ძლიერ მარდი ბიჭი.

ლექსო იდგა იქით ნაპირსა. რაწამს ძაღლი წყაროს თავიდან მისკენ დაეშვა, ლექსომ ისკუპა და აქეთ ნაპირს გადმოხტა.

ძაღლმაც მოინდომა გადახტომა, თან გადაყოლა, მაგრამ ვერ გაბედა, რადგანაც გადასახტომი განიერი დახვდა და თვითონაც გაძლიერებულის ცოფისაგან და ძაღლებთან ბრძოლისაგან მისუსტებული იყო. საჩქაროდ ჰქნა პირი ზემოთ, ავარდა წყაროს თავზე და ახლა აქედან მოუარა ლექსოს.

ამან ხელახლად ისკუპა და იქითა ნაპირს მოექცა. გაბრაზებულმა ძაღლმა თავი ახლა კი ვეღარ შეიმაგრა და თვითონაც გადაეშვა. მაგრამ დახე ბედსა, წელი ვეღარ მიატანა და მხოლოდ წინა ფეხებით უწია იქითა ნაპირს, უკანა ფეხები კი წყალში ჩაუვარდა.

მოისმა ერთი საშინელი ღმუილი. ლექსომ მოასწრო და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, შიგ შუბლში სთხლიშა ვეებერთელა ქვა; იმ წამსვე ზედ დააყოლა მეორე ქვაც და ძაღლი იმდენად გაბნიდა, რომ წყალში ჩაიოთხა.

დასტაცა ხელები ლექსომ ქვებსა და ძაღლს სულ სეტყვასავით დააყარა. რამდენსამე წამს შემდეგ ცოფიანი ძაღლი წყალში ეგდო მთლად გაგუდული.

"მოკვდა, მოკვდა, გამოდით, ნუ გეშინიათ!" - მხიარული ხმით დაგვიძახა მეზობლებს ლექსომ.

არამც თუ მახლობელი მეზობლები, მთელი სოფელი მოასკდა წყაროს თავზე. ყველა ლექსოს აქებდა, ყველა მას შეჰხაროდა: დიდი და პატარა, ქალი და კაცი და, მართლა, ქების ღირსიც იყო.

ვინ იცის, რამდენი კაცი და ქალი დაეგლიჯა ცოფიანს ძაღლს და უსაშინელესი სიკვდილი მიეყენებინა, რომ უშიშარს და მარჯვე ლექსოს არ მოესწრაფებინა მისთვის დღე.

ლექსოს კი უკვირდა ამოდენა ქება-დიდება და ამბობდა: - რა ვქნა, რა დიდი რამა ვქენი, ცოფით მიმკვდარებული ძაღლი მოვკალი, მეტი ხომ არაფერიო.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ