მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5116 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბავშვობის დროის მოგონება

* * * * * * * * *

 

პატარაობისას თევზაობა ძლიერ მიყვარდა. ჩვენი სოფლის არემარეც ხელს მიწყობდა. თვითონ შუაგულ სოფელში რამდენიმე ვეებერთელა წყარო ამოჩუხჩუხებდა მიწიდან. სოფლის გარშემო ადგილები ხომ სულ სავსე იყო ცივ-ცივი წყაროებით.

წყაროების თავი დაჩრდილული იყო ირგვლივ ჩარგული ნერგებით და ზაფხულში აქ საამური სიგრილე ტრიალებდა. ამ ჩრდილებში დასვენება, ყინულივით ცივი წყლით წყურვილის მოკვლა ზაფხულის პაპანაქებაში სწორედ ნეტარება იყო.

ეს წყაროები სულ სამხრეთისაკენ მიდიოდნენ, გზაზე ერთმანეთში ერეოდნენ და აჩენდნენ მოზრდილს ფშნებსა, რომელთა ნაპირებს ბურვიდა ხშირი თხილის ბუჩქები. ამ ფშნების წმინდა წყალში ჩნდებოდნენ და მრავლდებოდნენ სხვადასხვა თევზები და მათ შორის კალმახიც, უგემრიელესი თევზთა შორის.

სათევზაოდ ჩემს უფროს ძმას დავაწვნევინე ლერწმის პატარა კალათი, წოწლოკინა, ბრტყელი და ისეთი მსუბუქი, რომ ნიავიც კი წაიღებდა. წამოვიდებდი მარჯვენა მხარზე ამ კალათასა, გავსწევდი ქვემოთ და ჩავიდოდი ფშნების პირასა. გავიხდიდი ჩუსტებსა და წინდებსა, გამოვიხვევდი ჩოხის

კალთაში, ჩავხტებოდი ფშნის ბოლოში და შევყვებოდი ზევ-ზევით თევზაობითა. მივაგნებდი დარნებს (ჯილს), ერთი ხელით კალათს მოვიმარჯვებდი, მეორე ხელით ჯოხს შევუჩიჩხინებდი დარნებში და გავუქშევდი თევზებსა. დაფეთებული თევზები გარეთ გამორბოდნენ და სცვივდებოდნენ კალათაში, რომელსაც მე სწრაფად ავაცილებდი ხოლმე ზევით წყალსა. რასაკვირველია, ბევრი თევზი აიცდენდა ხოლმე კალათსა და თავს უშველიდა;

მაგრამ ზოგი კალათაში მოჰყვებოდა ხოლმე და სამუდამოდ გამოესალმებოდა თავის საყვარელ დარნებსა.

მე ძლიერ მომწონდა ცოცხალი თევზების მოყვანა შინა. ამიტომ თან დამქონდა პატარა სპილენძის თუნგი, შუა წელამდე წყლით სავსე და მასში ვყრიდი დაჭერილს თევზებს.

თევზის ჭერას ისე გატაცებით მივსდევდი, რომ ხშირად მთელს დღეს ფშნებში ვაღამებდი და მარტო ხმელი პურის ამარა ვრჩებოდი. იქნება გეგონოთ, თევზის ჭამისათვის სული მიმდიოდა და იმიტომ ვიყავი ასე გატაცებული? სრულიადაც არა. თევზს საჭმელად ძალიან ნაკლებად ვეწყობოდი და ხიზილალა ხომ თვალის დასანახავად მეჯავრებოდა.

მაშ რად მეხალისებოდა ასე ძლიერ თევზის ჭერა? ჯერ იმიტომ, რომ სასიქადულო საქმედ მიმაჩნდა, ყოჩაღობად ვთვლიდი და, მერე იმიტომ, რომ მშობლებისათვის თევზი სანატრელი საჭმელი იყო; ხოლო მე მათ სიამოვნებას და ქებას ძვირად ვაფასებდი.

მე მაშინ ჯერ პატარა ვიყავი და თევზის სიბრალული იოტის ოდენადაც არ მქონდა. მე არ დაგიდევდი მას, რომ თევზიც ქვეყანაზე ღმერთს გაეჩინა მისი სიამისა და ბედნიერებისათვის და არა ჩვენ საწვალებლად და საჭმელად; ამიტომაც შეუბრალებლად ვასალმებდი წუთისოფელს ახლად გაჩენილ თევზებს, ჭიჭყინებს, რომელთაც ჯერედ სიცოცხლით არ გაეხარათ.

როცა იღბლიანი დღე დამიდგებოდა და თუნგს ცოცხალი თევზით ავავსებდი, ჩემ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. მე ამ დროს ჩემი თავი ალექსანდრე მაკედონელი მეგონა და სოფელში ისე წელგაშლილი და თამამი გამოვივლიდი ხოლმე, თითქოს დიდს ომში გაუმარჯვნიაო.

მაგრამ თუ ნავსიანი დღე დამიღამდებოდა და თუნგი ცარიელი მომქონდა, მგლოვიარესავით დაღონებული მოვდიოდი.

ნაფოტა თევზი, ფიჩხული, მურწა, შავი თევზი და სხვა წვრილმანი თევზები ხშირად ჩადიოდნენ ჩემს კალათში და კალათიდან ჩემს თუნგში მოექცეოდნენ ხოლმე, მაგრამ მე მაინც გულნაკლულად ვიყავი და ჩემს თავს ნამდვილ მეთევზედ არ ვთვლიდი. რატომ? იმიტომ, რომ ვერა და ვერ ვეღირსე კალმახის დაჭერას.

ბევრჯერ მოვასწარ კალმახს დარანში, რამდენჯერმე კიდეც ჩავაგდე კალათში, მაგრამ, მინამ მე კალათას წყალს ზევით ავაცილებდი, სწრაფი კალმახი ელვასავით ავარდებოდა კალათიდან და გაქრებოდა.

რამდენადაც ძნელი გამოდგა კალმახის დაჭერა, იმდენად უფრო მიძლიერდებოდა სურვილი მისი დაჭერისა. ზაფხულის პაპანაქებაში უდაბნოში მყოფს ირემს ისე არ ენატრებოდა დაწაფება ცივი წყლისა, მშიერ კატას ისე ძლიერ არ მისდის სული თევზის შესუსვნისათვის, დამშეული კაჭკაჭი ისე არ ეტანება წიწილის ჩაგდებას თავის კლანჭებში, როგორც მე მინდოდა კალმახის დაჭერა, მაგრამ ვერ იქნა და ვერა.

- ზაქრო, ერთი კალმახის დაჭერა მასწავლე და, რასაც მთხოვ, მომცემი ვარ, - შევეხვეწე მე ჩემს მეზობელს გლეხს კოკაურს, რომელიც კალმახის მარჯვე ჭერაში განთქმული იყო არამც თუ ჩვენს სოფელში, არამედ გარშემო სოფლებშიც; იგი ყოველთვის კალმახით უმასპინძლდებოდა ხოლმე თავის მებატონეებს და სოფლის სხვა მსხვილ სტუმრებს.

- ხა! ხა! ხა! ხა! - ჩაიხარხარა კოკაურმა. - მაგ კალათით უნდა კალმახი დაიჭირო?! იმ უგემრიელესი თევზის დაჭერა რომ მაგრე ადვილი იყოს, მისი სახსენებელიც კი აქამდე ათასჯერ გაწყდებოდა დედამიწის ზურგზე.

მე თევზაობაში დავბერდი, ხოლიხის ხმარებაში, - კვეხნით არ ვიტყვი, - ტოლი არა მყავს, და მეც კი საქმეს საშინლად მიჭირებს ხოლმე. ჯერ მისი ჩაგდებაა ხოლიხში ძნელი და მერე აღარ ამოშვება.

თუ ნახევარი წუთით ხოლიხის ზემოთ ამოკვრა დავაგვიანე, კალმახი ელვასავით ამოვარდება და თავს უშველის. სამ კალმახში, ხოლიხში მოქცეული, ორი მაინც ისევ წამივა ხოლმე, და შენ შვიდის წლის ბაღანამ და მაგ სამასხარო კალათით როგორ უნდა დაიჭირო ასეთი სწრაფი და მარდი თევზი?

არა, კაკო, კალმახს თავი დაანებე, შენი საკბილო არ არის, იჭირე პატარა ზანტი ჭიჭყინები, მეტი შენ ჯერ არა მოგეთხოვება რა.

კოკაურის სიტყვებმა არამცთუ ხელი არ ამაღებინა ჩემს წადილზე, კიდევ უფრო გამიცხოველეს კალმახის დაჭერის სურვილი.

"ან მოვკვდები და ან კალმახს დავიჭერ ამ კალათით და დავუმტკიცებ კოკაურს, რომ მარტო მას არ შეუძლია კალმახის დაჭერა", - გადავწყვიტე მე ჩემს გულში და უფრო ბეჯითად შევუდექი თევზის ჭერას.

მალე გავაორკეცე ჩემი ხერხი, ჩემი სიმარჯვე, მაგრამ ცოტა ხანს შემდეგ ერთმა შემთხვევამ ისეთი თავზარი დამცა, რომ არამც თუ კალმახის დაჭერაზე, თვით თევზაობაზედაც სრულიად ხელი ამაღებინა.

ერთხელ იმდენი თევზი დავიჭირე, რომ თუნგი ყელამდე მოიყარა, შინ მივდიოდი და სოფელს რომ მივუახლოვდი, ფეხში დიდი ეკალი შემერჭო და ძლიერ ღრმად წამივიდა.

ეკალმა შემაწუხა და ფეტვის მჭადივით დამღრიჯა. როცა ამ სახით ჩვენის მეზობლის ეზოს დავუპირდაპირდი, ბებერმა მელანიამ ბაკის ღობიდან დამინახა დაღრეჯილი სახით და მიკიჟინა: - ცარიელი მოდიხარ, განა?

მე შევუხვიე მის ეზოში და თავმოწონებით დავუდგი წინ თევზით სავსე თუნგი.

მელანია შურიანი ადამიანი იყო, არაფრად ეპიტნავა ამდენი თევზის დაჭერა და, რომ გული წაეხდინა ჩემთვის, მითხრა: - მაგ თევზაობას თავი დაანებე, თორემ ფშნებში გველი იცის, გიკბენს როდისმე, დაგშხამავს და ისე სწრაფად გაგგუდავს, რომ ზიარებასაც ვეღარ მოგასწრებენ.

თუმცა მელანიას შურიანობა კარგად ვიცოდი, მაგრამ მისი სიტყვები მაინც ტყვიასავით მომხვდა გულში და ძლიერ შემაშინა.

მთელი ორი კვირის განმავლობაში სათევზაოდ აღარ გამივლია. მოკლებული ჩემს უპირველეს სიამოვნებას, მე დიდს მოწყენილობას ვგრძნობდი, ბოლოს ვიფიქრე: ეს კოკაურიანთ ზაქარა ამდენი ხანია ხშირად დაიარება სათევზაოდ და, თუ შხამიანი გველი იცის ფშნებში, რატომ ერთხელ მაინც არ უკბენია მისთვის? და განვაახლე თევზაობა, თუმცა გულში შიში ისევ მიტრიალებდა.

ერთხელ ძლიერ ნავსიანი დღე დამიდგა. მთელი დილა ვითევზავე, მაგრამ ოციოდე პაწია ჭიჭყინას მეტი ვერა ვიგდე რა ხელში; გულზე მოვედი, გავბრაზდი და ცხარედ დავიწყე ტაკება ჯოხისა დარნებში და ფშნის ნაპირებში.

უცებ მარჯვენა ფეხზე რაღაც მეჩოთირა, რაღაც ლიპი და ცივის რისამე შეხება ვიგრძენი. მე მეგონა თევზია-მეთქი და კალათი მოვიმარჯვე; დავიხედე და თქვენს მტერს ნუ დაანახვა ის, რაც მე დავინახე. მკლავის სიმსხო წითელი გველი მეხვეოდა მარჯვენა კანჭზე.

ერთი საშინელი დავიკივლე, კალათი ხელიდან გავაგდე, მარჯვენა ფეხი გავიქნიე, რაც ძალი და ღონე მქონდა და ისეთ მაღალ ნაპირზე ამოვხტი, რომ მშვიდობიანს მდგომარეობაში ეს ჩემთვის ყოვლად შეუძლებელი იყო.

ჩუსტები და თუნგი ვიღას მოაგონდებოდა, ფეხშიშველი გავეშვი მდინარეზე და გავრბოდი შინ, რაც კი შემეძლო. შიში მუხლს მოჰკვეთავს ხოლმეო, ამბობენ, მე კი შიშმა ფრთები შემასხა და ისე სწრაფად ჩემს სიცოცხლეში არ მირბენია.

სირბილის დროს ბევრი ეკალი მერჭობოდა შიშველა ფეხებში, პირიანი ქვებიც მისერავდნენ ფეხებს, მაგრამ ამას იოტისოდენა ყურადღებასაც არ ვაქცევდი.

მე დარწმუნებული ვიყავი, რომ გველმა დამშხამა და რამდენსამე წამის შემდეგ სრულიად გამოვესალმებოდი წუთისოფელს. ჩემი ნატვრა იყო მხოლოდ - მინდორში არ დამელია სული, მიმეღწია შინ, ვზიარებულიყავი და დედის კალთაში მოვმკვდარიყავი.

სწრაფად გადავირბინე ერთი ვერსის სიგრძე მინდორი. გავირბინე სოფელი, მივვარდი ჩვენ სახლთან და შევვარდი დარბაზში ისეთი სახით, რომ გადარეული ვეგონებოდი ადამიანს.

შინ დედის მაგივრად მამა დამიხვდა. გავექანე, კალთაში ჩავუვარდი და მივაძახე: ვკვდები, მამილო, ვკვდები!

- რა არის, შვილო, რა დაგმართნია? - მკითხა მამამ ისეთი მშვიდობიანი კილოთი, რომ ცოტა არ იყოს, იმედი მომეცა.

 - გველმა დამშხამა და ვკვდები.

- სად და როგორ?

მე ვუამბე ლუღლუღით, კანკალით და ნაწყვეტ-ნაწყვეტად.

- ტყუილად შეგშინებია, ჩემო კარგო, სულ ტყუილად, წყლის გველს არც შხამი აქვს და არც კბენა იცის. ჩემს სიცოცხლეში თუნდა ხუთჯერ-ექვსჯერ მომხვევია წყალში გველი ფეხზე, მაგრამ ფეხი გამიქნევია, მომიშორებია და გათავებულა ამით საქმე.

წყლის გველს კაცის ფეხზე დახვევა უყვარს საკბენად კი არა, სითბოს გულისათვის, აბა, მარჯვენა ფეხი გაშალე და კარგად გასინჯე, თუ სადმე ნაკბენი ეტყობოდეს.

მე ტახტზე გავჭიმე ფეხი, დავაცქერდი კარგად მარჯვენა კანჭსა, მაგრამ ერთი ბეწო გაფხაჭნილი და დასისხლიანებული ვერსად შევამჩნიე. თვალებს მაშინვე არ დავუჯერე, რადგანაც ძლიერ ვიყავი დარწმუნებული, რომ გველმა მიკბინა და დამშხამა.

თვალები მოვიფშვნიტე, მოვიწმინდე და ხელმეორედ გავსინჯე კანჭი. ახლაც იგი სრულიად საღი და უვნებელი გამოდგა. მაშინ კი დავიჯერე, რომ გველის კბენა და დაშხამვა ტყუილად მომლანდებოდა და სულ უსაბუთოდ დამცემოდა შიშის ზარი.

დავშოშმინდი, მაგრამ ამ საშინელმა შიშმა მაინც თავისი გაიტანა. ჯერ ერთი ის, რომ ციება დამაწყებინა და მთელი ორი კვირა მაცივა; მეორედ - დამჩემდა გველის შიში იმდენად, რომ მისი სახელის გაგონებაც კი შემაძრწუნებდა ხოლმე; მესამედ - ჭირივით შემძულდა კოკაურიანთ მელანა, ამ უსაფუძვლო და საშინელის შიშის თავი და თავი მიზეზი.

ამ დღიდან სრულიად ხელი ავიღე თევზაობაზე.

თუმცა მე სხვადასხვა მუშაობას მივსდევდი და ჯაფაში გართული ვიყავი, მაგრამ მაინც მოწყენა აშკარად მეტყობოდა, რადგანაც უსაყვარლეს გასართობს მოვაკლდი.

ერთხელ კერესელიანთ ლექსუამ, რომელიც ჩვენს სოფელში პირველი მომწყერავე იყო დაღონებული დამინახა და მითხრა:

- კაკო, რატომ შენს ქეიფზე აღარა ხარ? იქნებ თევზაობა მოგწყინდა? აგრე იცის, კაცს გულს მალე აუცრუებს ხოლმე. სრულიად სხვაა მწყერაობა. რამდენიც ბევრს მწყერაობ, იმდენი უფრო გინდა და გინდა.

მწყერაობა ისეთი სასიამოვნო რამეა, რომ თევზაობა ნარეცხადაც არ მოვა მასთან. აბა შეგირდად მომებარე და ისეთი ოსტატური მწყერაობა გასწავლო, რომ შენი მოწონებული.

ამის შემდეგ ლექსუა მწყერობაზე მარტო აღარავის უნახავს რამდენსამე წლის განმავლობაში. მას ყოველთვის თან დასდევდა ამხანაგი და ეს ამხანაგი ვიყავი მე.

მაგრამ მწყერაობაზე საუბარი სხვა დროისათვის გადავდოთ.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ