მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3292 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1

 

ორმოცი წლის ამბავს მოგახსენებთ. უტყუარ, ნამდვილ, მომხდარ ამბავს. 1850 წელი იდგა და ენკენისთვის პირველი იყო. სამი ვარიანელი ურემი საღამოს ჟამსა გამოსცილდა სოფელს ავჭალას, რომელიც თბილისის ზემოთ მტკვრის პირას ძევს. ურმებზე ედო ტომრები, სავსე მშვენიერი ვარიანული ფქვილით. ფქვილი მეურმეებს მოჰქონდათ თბილისში გასასყიდად.

წინა ურმის კოფოზე ესკუპა შვიდ-რვა წლის სოფლელი ბავშვი, რომელსაც თუ კარგად დააცქერდებოდით, შეატყობდით, რომ მეტად მგრძნობიარე იყო.

ეს პატარა მეხრე ზანტად, უნდომრად ერეკებოდა ხარ-კამეჩსა, თითქოს წინსვლა სრულიად არ უნდაო. ბავშვს აშკარად ემჩნეოდა, რომ ქეიფზე არ იყო, მაგრამ მისი ურმული მაინც ხშირად გაისმოდა ჰაერში. სიმღერაში ცხადად გაისმოდა საიდუმლო დარდი. ეს დარდი ხანდახან მატულობდა და ბავშვს პირისახე ეღრუბლებოდა. ხოლო რაწამს უკან მიიხედავდა და თვალს შეაჩერებდა გამოვლილს მთებსა და ცასა, ღრუბელი პირისახიდან გადაეყრებოდა და ჩვეულებრივი ბავშვური სიხარული ეფინებოდა.

"კაკო, შეხე, შეხე, რამდენი ჩირაღდანი გამოჩნდა ქვემოთ," - უთხრა ბავშვსა მოხუცმა მეურმემ, რომელიც ურემს გვერდით მისდევდა და შოლტს უტყლაშუნებდა წინა ხარებს. "ის სულ თბილისის სანთლებია და ფარნები.

ჩვენს ვარიანში ღამით ჭრაქიც არსად ბჟუტავს და ქალაქში კი ღამითაც ისეთი ნათელი სდგას, როგორც დღისით. ნეტავი შენ, რომ განათლებულ ქალაქში იცხოვრებ, სკოლაში ივლი და კაცად გამოხვალ", - ოხვრით დაუმატა გლეხმა.

კაკოს კიდევ გადაურბინა პირისახეზე შავმა ღრუბელმა და თავი გაიქნია; ეტყობოდა, რომ ის სხვა აზრისა იყო და სულაც არ ეთანხმებოდა თავის მოხუცს მეურმეს.

 

2

 

თბილისში, მთაწმინდის მოედნის მარჯვნივ, ჩრდილოეთით, ასდევს ერთი ვიწრო ქუჩა, რომელსაც ჰქვია ხევის ქუჩა. იმ დროს ამ ქუჩის თავს განმარტოებით ესკუპა პატარა ოროთახიანი სახლი, რომელშიც ცხოვრობდა მოხუცებული ქვრივი დედაკაცი, ვარიანიდან გამოთხოვებული სიყმაწვილის დროს.

იმავე წლის ღვინობისთვის დამდეგს რომ ამ სახლში შესულიყავით, ტახტზე ნახავდით ლოგინში მწოლიარე პატარა ვაჟს, თითქმის ძვლებად ქცეულს და იმდენად მისუსტებულს, რომ მკვდარი გეგონებოდათ.

მას თავს ეხვივნენ დაღონებულნი: სახლის პატრონი დედაკაცი და რამდენიმე მეზობელი ქალი. ეს მომაკვდავი ვაჟი იყო თქვენი ნაცნობი კაკო.

რამ ჩააგდო ესე მალე ამ მდგომარეობაში, რისგან იყო ასეთი მძიმე ავადმყოფი? - ვერავის ვერ გამოეცნო. მოუვლელობას და ნაკლებულობას ავადმყოფობა ვერ დაბრალდებოდა: კაკოს სახლის პატრონი იყო მეტად მოსიყვარულე, მადლიანი ადამიანი და შვილსავით ეფერებოდა. ბავშვს არ ჰკლებია ერთის თვის განმავლობაში არც საჭმელი, არც სასმელი, არც ალერსი და არც ფაქიზი მოვლა.

სკოლაში დაჩაგვრასაც ვერ დაემდურებოდა კაკო. იქაც ჰყავდა მფარველად უფროსი კლასის პირველი მოწაფე და მისი უბრალოდ წყენა არავის არ შეეძლო. გაცივების ნიშნები სრულიად არ ეტყობოდა. არც რაიმე მოარულს ჰგავდა ბავშვის ავადმყოფობა.

მხოლოდ სახლის პატრონმა იცოდა კარგად, რომ კაკოს ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ დაეტყო უმიზეზოდ რაღაცა მძიმე დარდი, რომელიც დღითი დღე უძლიერდებოდა...

უწინდელი მხიარულება თანდათან გაქრა, მადა დაეკარგა, სიცქვიტის ნატამალიც აღარ ეტყობოდა, წითური ლოყები დაუყვითლდა, ჩამოხმა და ბოლოს ლოგინადაც ჩავარდა. სახლის პატრონი ბევრს ეცადა, ეთქმევინებინა ბავშვისათვის, თუ რის ჯავრი აწუხებდა და რად ხდებოდა ავად, მაგრამ ვერა გახდა რა.

"შვილო, იქნება შინაურობაზე დარდობ და იმისგანა ხარ აგრე", - ჰკითხა სახლის პატრონმა.

კაკომ არაფერი მიუგო. ცალკე ამ სიჩუმემ და ცალკე იმ გარემოებამ, რომ ბევრს სოფლიდან ახლად ჩამოყვანილს ბავშვს, იქვე მეზობლად მცხოვრებს, აინოინშიაც არ მოსდიოდა თავისი სოფელი და ნათესაობა, აფიქრებდა სახლის პატრონს, რომ აქ სხვა საბაბი მუშაობსო.

ბევრგვარი შინაური წამალი სცადა, ორჯერ-სამჯერ შეალოცვინა, იქნება, თვალნაკრავი იყოსო; რამდენჯერმე ავიდა მთაწმინდის ეკლესიაში, წმინდა სანთელი დაანთო და შეევედრა წმინდა დავითს კაკოს განთავისუფლებაზე, მაგრამ ვერაფერმა ვერ გასჭრა. ბავშვი დღითიდღე სულ უკან-უკან მიდიოდა და სიკვდილამდე დიდი მანძილი აღარ ედო.

ბოლოს ერთი შორეული მეზობელი მანდილოსანი მოვიდა, ნახა უცნაური პატარა ავადმყოფი, კარგად გაშინჯა და უცებ წამოიძახა: "უი, გენაცვალეთ! ეს ყმაწვილი სწორედ ხატის მიზეზით არის ავადა!"

სახლის პატრონმა ნეკზე იკბინა, ისე ჭკუაში დაუჯდა მეზობლის სიტყვა. თანაც ძლიერ გაოცდა, - ასეთ მარტივს და ჭეშმარიტს აზრს მე თვითონ აქამდე რატომ ვერ მივხვდიო და უთხრა მეზობელს: - შენ სწორედ მართალს ამბობ, ამ ბავშვს უთუოდ მიზეზი აქვს, მაგრამ რა ვქნათ, როგორ შევიტყოთ, რომელი ხატი არის მასზე გამწყრალი?

"მაგის შეტყობა ძნელი არ არის, - მიუგო მეზობელმა. - ქიტესაანთ ბაბალეს დავუძახოთ, ფთილას დაასხამს და გამოიცნობს. ფთილის დასხმასა და მიზეზის გამოცნობაში ჩვენს ქალაქში მას ტოლი არა ჰყავს".

სახლის პატრონს მოეწონა ეს აზრი და მაშინვე მოიწვია განთქმული ფთილის დამსხმელი. ამანაც არ დააგვიანა, მოვიდა, დახედა ავადმყოფს და კვერი დაუკრა: - "საწყალი ბავშვი სწორედ მიზეზს მიუმკვდარებიაო. ღვთისა და წმინდა გიორგის შეწევნით ახლავე შევიტყობ, რომელი ხატია წყრომით და რომელს უნდა შევავედროთ ბავშვი, რომ განთავისუფლდეს სენისაგან".

ბაბალემ მოითხოვა ბამბა, ჯამი, წყალი და წინდის ჩხირები; ბამბისაგან გააკეთა სამი ფთილა და წინდის ჩხირებს გარს შემოახვია. ჯამი ნახევრად მოყარა წყლითა და ზედ გადასდო გარდიგარდმო სამივე ფთილა: შემდეგ ჯამს ზემოდან დააფარა სარკე, პირქვე მოქცეული, და მაგიდაზე დადგა.

პირველი ფთილა იყო ვარიანის ღვთისმშობლის სახელობაზე, მეორე გორიჯვრის წმინდა გიორგისა და მესამე გერის წმინდა გიორგის სახელობაზე. ქალები სიჩუმეს მიეცნენ და უცდიდნენ, თუ რომელი ხატი იჩენდა თავს.

გავიდა თხუთმეტიოდე წამი. ბაბალემ ახადა სარკე ჯამს და პირველი ფთილა გამოხსნილი დახვდა და წყალში ჩაშვებული. - "აი ვენაცვალე ვარიანის ღვთისმშობელს! იმისი მიზეზი ჰქონია ამ ბავშვს", - წარმოსთქვა ბაბალემ და პირჯვარი გამოისახა.

"ჭირი მოვჭამე იმის სახელს, - სთქვა სახლის პატრონმა, - უთუოდ წამოსვლის დროს სალოცავად არ მივიდა ეკლესიაში, არ შეევედრა ღვთისმშობელს და ამის გამო გაუწყრა ხატი", - დაუმატა მან. ამის შემდეგ სწრაფად მოიტანა წმინდა სანთელი, დააკრა ზედ აბაზიანი და გადადო საწირავად.

- "ოღონდ კი მოწყალე თვალით გადმოგვხედოს და მომირჩინოს ჩემი კაკო და ხვალვე მოვნახავ ვარიანელს ურემსა, დავუსვამ ზედ და სალოცავად გავგზავნი ვარიანში", - დააბოლოვა სახლის პატრონმა.

 

3

 

საოცარი, სასწაულებრივი მოქმედება იქონია ბავშვზე ამ უკანასკნელმა სიტყვებმა: "ვარიანში გავგზავნიო"... როგორც უეცრად ამოვარდნილი ქარიშხალი მიფანტ-მოფანტავს ხოლმე შავს ღრუბელსა და ცაზე კაშკაშს დააწყებინებს ბრწყინვალე მზეს, ისე ამ სიტყვებმა მთლად და უცებ გადაუყარა გულიდან ავადმყოფს ბავშვს საშინელი ჯავრი, რომელიც მას მაჯლაჯუნასავით აწვა და ულმობლად ჰკლავდა.

ნაცვლად ამ ჯავრისა, ბავშვის გულში დაიბადა და აენთო უძლიერესი სიხარული. მოშავბედებული პირისახე გაუნათლდა, ოდნავ მოძრავმა გულმა ღონივრად დაუწყო ცემა, მისუსტებულმა მაჯამ ძალა მოიცა, გაცივებულს ძარღვებში საამო სითბო დაუტრიალდა, გაფითრებულ პირისახეს წითური ფერი დაეტყო.

ერთი სიტყვით, უძლური მოღონიერდა, მომაკვდავი მოცოცხლდა, და ეს საოცარი ცვლილება ისე სწრაფად მოხდა, რომ ჯერ ერთი საათი არ გასულიყო სანატრელი სიტყვების გაგონების შემდეგ, რომ ბავშვმა წამოიწია ლოგინიდან და თავის სახლის პატრონს უთხრა: "მშია, დედი!" საჭმელი მაშინვე მიუტანეს და ავადმყოფი მადიანად მიაძღა. შემდეგ ისევ ლოგინში ჩაწვა და საბანი თავზედაც წაიხურა, რომ უფრო დაუბრკოლებლივ მისცემოდა ტკბილს ოცნებებს.

რაზე ოცნებობდა ბავშვი?

კაკო ოცნებობდა იმაზე, რომ ხვალ-ზეგ განშორდება უცხო, გულქვა და წყეულ ქალაქს, ჩაჯდება ვარიანულ ურემში, ავა თავის საყვარელ სოფელში, ყელზე ჩამოეკონწიალება სანატრელს დედას, მიესალმება და მოეხვევა საყვარელს მამას, დებსა და ძმებს და მოექცევა მათ შუა, ვინც სულით და გულით უყვარს და ვისაც მხურვალედ უყვარან.

"ქალაქის ვიწრო და მტვრიან ქუჩების მაგივრად, - ფიქრობდა ბავშვი, - მე ვირბენ ჩრდილიან ორღობეებში და მწვანით შემოსილ მინდორში, მღვრიე მტკვრის წყლის მაგივრად მე ვსვამ ჩვენს ცივსა და ანკარასავით წმინდა წყაროს, კინტოების საზიზღარი ბაიათების ნაცვლად მე მოვისმენ მხიარულ და მშვენიერ სუფრულ სიმღერას. გუთნურს, ოროველას და ურმულს;

ფურნის მჟავე პურის მაგივრად ვჭამ თონეში დაბრაწულ პურს; ქალაქის მყრალი და მტვრიანი ჰაერის ნაცვლად ვისუნთქავ წმინდა ჰაერს; ვისმენ წყლების ჩხრიალს და შხუილს, ფრინველების მხიარულ ჟივილ-ხივილს და გალობას..."

სახლობის ნახვის შემდეგ ყველაზე მომეტებულად ახარებდა ბავშვს რთველი, რომელიც მაშინ მოახლოვებულიყო. კაკო ცხადად იდგენდა თვალწინ მთელის ოჯახის წასვლას ვენახში, ახლად დაწნული კალათებით, დანებით, შემწვარი გოჭებით, გამტკიცული პურებით, ნაზუქებით და სხვა გემრიელი ხორაგეულობით.

აი, ის მთელ სახლობასთან ერთად მიესია ვაზებს, სწრაფად ჭრის პატარა მჭრელი დანით მტევნებს და ფრთხილად ყრის პაწია კალათაში, კალათა გაევსო, მიიტანა და ჩაყარა ყურძენი დიდ გოდორში; დიდი გოდორიც მალე მოიყარა პირამდე, მოჯამაგირეს აჰკიდა და ამანაც მიიტანა და ჩაცალა გარეცხილ და მოკრიალებულ საწნახელში.

ბავშვი თავისი ოცნებით ჭრიდა მრავალ აკიდოს, აბამდა ერთმანეთზე, აკეთებდა ჯაგნებსა და კიდებდა დიდ ვაშლის ტოტებზე, რომელიც შუა ვენახში იდგა.

კრიფეს ერთი დღე, მეორე დღე, მესამე დღე და ბოლოს გაათავეს კარგა მოზრდილი ვენახი. საწნახელი მთლად აივსო ყურძნით, თეთრითა და შავით. ბოლოს ფეხები დაიბანეს მამაკაცებმა, შესდგნენ ყურძენს ზედა და მხიარული ხტუნვით და სიმღერით დაუწყეს წურვა.

დალოცვილმა ტკბილმა იქუხა, გამოვარდა მილიდან და დაიწყო დენა ოცკოკიანს თაღარში, ანუ ჭურში; კაკო მალ-მალ უშვერს ჯამს ტკბილს, ავსებს და სვამს, გაუმაძღრად.

ამგვარმა ოცნებამ და ფიქრებმა ისეთს აღტაცების მორევში ჩააგდო ბავშვი, რომ წამდაუწუმ სიხარულის წკმუტუნი გაჰქონდა. სახლის პატრონი, ამ სიხარულის წკმუტუნის გამგონი, გაოცებიდან იყო გამოსული, ხშირად ისახავდა პირჯვარს და მხურვალედ ამბობდა: "დიდება შენს ძლიერებას, ღვთისმშობელო ვარიანისაო!"

ბავშვი მეტისმეტმა სიხარულმა დიდი ხანი არ დააძინა. მხოლოდ შუაღამისას მოუვიდა ძილი, მაგრამ რა ძილი? სავსე უსიამოვნესი სიზმრებით.

ბავშვის სული მთლად ვარიანში გადაფრინდა. იქ ეხვეოდა თავის ნათესავებს, შეჰხაროდა არემარეს, დასდევდა ჭრელს პეპლებს, მახეს უგებდა ჩიტებსა, აბრუნებდა კვახის ბორბლებს ჩახრიალებზე, თევზაობდა პატარა კალათით ფშნებში, სჭრიდა ყურძნის აკიდოებს, ამბობდა თავის ტოლებში "ცანგალა-გოგონასა" და სხვა სიმღერებს.

ძილშიაც ხშირად გაისმოდა კაკოს უცნაური სიხარულის წკმუტუნი. სახლის პატრონი მთელი ღამე სულგანაბული უგდებდა ყურს ბავშვის საარაკო ცვლილებას და ადიდებდა ხატის ძლიერებას.

 

4

 

მეორე დღეს კაკო გვიან გამოერკვია თავის უსიამოვნეს ძილს. პირველად რომ თვალი აახილა, ჯერ ვერ გაიგო, სად იყო: თავისი თავი ვარიანში ეგონა;

როცა კარგა შეიგნო, რომ ის თბილისშია და არა თავის სოფელში, ერთი ღრმად ამოიოხრა და ისეთი ტანჯვა დაეტყო პირისახეზე, თითქოს სამოთხიდან ჯოჯოხეთში ჩავარდაო, მაგრამ მალე მოაგონდა გუშინდელი დაპირება სახლის პატრონისა ვარიანში გაგზავნაზე, გულიდან კვლავ გადაეყარა სამშობლოს ჯავრი და სიხარული ისევ დაუბრუნდა.

მოითხოვა საჭმელი ლოგინში. ისაუზმა, მერმე ტანს ჩაიცვა თვითონვე, მარდად წამოდგა ლოგინიდან და სახლის პატრონს მხიარულად უთხრა: "დედი, აი მზად ვარ ვარიანში წასასვლელად!"

"ამ დროულად მოვიყარე დედაკაცი და ჯერ არ მინახავს და არც გამიგონია ასეთი საოცარი სასწაულმოქმედება, ხატის ასეთი სიძლიერე", - ამბობდა სახლის პატრონი, და თან უმატებდა: "დიდება შენსა ძლიერებასა, ღვთისმშობელო ვარიანისაო!"

რას მოვიგონებდი მაშინ, თუ შემდეგში, როცა სწავლა გამიტკბებოდა, მე ვარიანზე მეტად შემიყვარდებოდა თბილისი, როგორც სწავლის და განათლების კერა.

რას მოვიგონებდი-მეთქი, ვამბობ, იმიტომ რომ ეს პატარა კაკო ვიყავი მე და ეს ამბავი სიყმაწვილის დროის შემთხვევის მოგონებაა და სხვა არაფერი.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ