მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1511 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველის სახელოვან თხზულებას "ვეფხისტყაოსანს" შეუდარებელი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ჩვენს ლიტერატურაში.

მიუხედავად იმისა, რომ ვეფხისტყაოსნის შექმნიდან რვაას წელიწადზე მეტმა განვლო და მას შემდეგ მრავალმა მაღალ-ნიჭიერმა მწერალმა გაამდიდრა ჩვენი ლიტერატურა საკუთარი ნაწარმოებით, მისი პოემა მაინც დღემდე წარმოადგენს უძვირფასეს და საუკეთესო საუნჯეს ქართველის გონებისა და გულისათვის. 

ამგვარი დაუმჭკნარი მნიშვნელობა ყოველთვის ყოფილა მხოლოდ გენიოსის ხვედრი და რუსთაველიც ყველასაგან აღიარებულია გენიოსად.

შოთას დაბადება, აღზრდა და ცხოვრება ბურუსით არის მოცული და დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. მის შესახებ არავითარი წერილობითი ცნობები არ მოიპოვება. 

"ქართლის ცხოვრება", ფრიად მდიდარია ცნობებით თამარზე და მისი მოვაწეობის პერიოდზე, თუმცა ერთი სიტყვითაც არ იხსენიებს შოთა რუსთაველს...  მხოლოდ ზეპირსიტყვაობით ვიცით დიდ პოეტზე ზოგიერთი რამ.

ჩვენს სასიქადულო პოეტს სახელად რქმევია საალერსო სახელი "შოთა". ქართველებს, როგორც ახლა, ასევე ძველ დროშიც  ძლიერ უყვარდათ საყმაწვილო სახელების ხმარება. როგორც ახლა, ისევე ძველად სამოც-ოთხმოცი წლის მოხუცებულებს ეძახდნენ: კოტე, სანდრო, ვანო, ილიკო და სხვანი. 

აი, ამ ჩვეულების წყალობით რუსთაველს შერჩენია ბავშვობის სახელი "შოთა". რა გვარისა იყო შოთა, ამაზე არავითარი ცნობა არ გვაქვს. ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი მესხეთში და აქედან წარმომდგარა სახელი "რუსთაველი". 

უწინდელ დროში და ახლაც ქართველებს ჰქონდათ ჩვეულებად განთქმულის კაცების გვარის მაგივრად ეხმარათ იმათი დაბადების ადგილის სახელი. შოთას შესახებაც სოფლის სახელი უხმარიათ გვარის ნაცვლად და ამიტომ უკანასკნელი დაკარგულა.

შოთას დედ-მამა ბავშვობის დროსვე დაჰხოცვია და დარჩენილა ობლად. მზრუნველად აღმოსჩენია ბერი ბიძა, რომელსაც თავდაპირველად მიუცია ბავშვი რუსთავის საეკლესიო სკოლაში. 

უნდა იცოდეთ, რომ უწინდელ დროში ბევრს ეკლესიებთან იყო გამართული სკოლები, სადაც მაშინდელი მხნე მღვდლები ასწავლიდნენ წერა-კითხვასა და საღმრთო წერილს. 

საეკლესიო სკოლიდან შოთა გადაუყვანიათ მახლობელ ტბეთის მონასტრის სკოლაში. მაშინდელ დროში ყოველ მონასტერში არსებობდა სკოლა, რომელშიაც დაახლოებით იმდენს ასწავლიდნენ, რამდენსაც ახლა სასულიერო სასწავლებლებში. 

რუსთაველს ტბეთის სკოლა რომ დაუმთავრებია, ბიძას წაუყვანია კახეთში და მიუცია გრემის სასწავლებელში, რომლის კურსი უდრიდა თურმე მეტ-ნაკლებობით ეხლანდელს სასულიერო სემინარიის კურსს. 

აქ შოთას სწავლაში გაუტარებია ხუთი წელიწადი და შემდეგ იგი ბიძას გადაუყვანია იქვე, კახეთში, იყალთოს აკადემიაში, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს არსენ-ეპისკოპოსმა იყალთოელმა დააარსა და უმაღლესი სასწავლებელი იყო მაშინდელი საქართველოში. 

აქ რომ სწავლა დაუმთავრებია, შოთა გაუგზავნიათ საბერძნეთში, რომელიც მაშინდელ დროში პირველი ქვეყანა იყო სწავლა-განათლებით და სადაც მიდიოდა ნასწავლი ახალგაზრდობა ყველა ქვეყნიდან უმაღლესი სწავლისა და მეცნიერების შეძენისთვის.

შოთა მისულა ქალაქ ათინაში, სადაც შეუსწავლია: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, პოეზია, მჭევრმეტყველება, ვარსკვლავთმრიცხველობა, შეუთვისებია ბერძნული და ლათინური ენები. როცა შოთას დაუმთავრებია უმაღლესი სწავლა, იგი ჩამჯდარა გემში და შავი ზღვით მოსულა თავის ქვეყანაში ჩინებულად მომზადებული ქვეყნის სამსახურისათვის.

რუსთაველის სამშობლოში დაბრუნება მომხდარა თამარის შუა მეფობაში. ამ დროს თამარისა და საქართველოს ძლიერება და ბედნიერება უმაღლეს ხარისხამდე იყო ასული. 

სახელოვან დედოფალს მთელი ერი აღმერთებდა, აღტაცებით აქებდნენ და ადიდებდნენ მაშინდელი მგოსნები და მწერლები. თამარის სულისა და სხეულის სიმშვენიერეს და ბრძნულ მეფობას ამგვარსავე აღტაცებაში მოუყვანია შოთას ყმაწვილური გული და გონება.

მან უძღვნა დედოფალს რამდენიმე ლექსი, რომელშიც გამოიჩინა დიდი ხელოვნება და ამითი მიიქცია თამარის ყურადღება, რომელიც ნიჭს დიდად აფასებდა და ფართო გზას უხსნიდა. 

თამარმა ჩააბარა შოთას ერთი უმთავრესი თანამდებობა, სახელდობრ, მოლარეთუხუცესობა, რომელიც  არ დაურღვევდა პოეტს მყუდრო ცხოვრებასა და მწერლობაში ხელს არ შეუშლიდა. (არსებობს მოსაზრება, რომ შოთა იყო საქართველოს სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესი, ე. ი. ფინანსთა მინისტრი.)

შოთა მალე შეუდგა პოემის წერას. მან მოიწადინა გამოეხატა თამარი თავისი მშვენიერებით, სათნოებით და სიბრძნით, საქართველოს წარჩინებულნი პირნი და აგრეთვე ღირსებანი და თვისებანი ქართველთა ერისა. 

რადგანაც თანამედროვე პირობების პირდაპირი დასახელება მოუხერხებელი იყო, მან პოემას მისცა არაკის ფორმა, მოქმედება გადაიტანა არაბეთში და სხვა უცხო ქვეყნებში ხოლო მოქმედნი პირნი არაბების სახელებით გამოიყვანა. 

თავის ქმნილებას დაარქვა "ვეფხისტყაოსანი», რადგანაც უმთავრეს პირს პოემისას ტარიელს ვეფხის ტყავი აცვია. 

როცა თავისი თხზულება დაამთავრა, მშვენივრად გადაწერილი წარუდგინა დედოფალს. თამარმა გამართა ნადიმი, მოიწვია განთქმულნი და წარჩინებულნი პირნი და მათ წინაშე ავტორს წააკითხა იმისი თხზულება. 

პოემა ყველამ ფრიად საუცხოვო ნაწარმოებად ჩათვალა. მსმენელთ აკვირვებდა მდიდარი და ღრმა შინაარსი, ფრიად ხელოვნური გამოხატულება, მშვენიერი ლექსთწყობილება და სამაგალითო ენა; აგრეთვე ძლიერ მოსწონდათ მიმართულება პოემისა. რომელშიც ნათლად იყო დახატული მაშინდელი ქართველების ღირსებანი: პატივისცემა ქალისა, მფარველობა დაბალი წოდებისა, ძვირად დაფასება ნიჭისა, სამაგალითო ძმობა ჭირსა და ლხინში, ძლიერება სულისა, უშიშრობა ხიფათის წინაშე და სხვანი. 

ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ამისთანა მაღალი ღირსებით სავსე თხზულება ჯერ ქართულ ენას არ უნახავსო, და აღიარეს რუსთაველი პირველ პოეტად. თამარმა წაიძრო ხელიდან ძვირფასი ბეჭედი და უბოძა ავტორს ნიშნად მადლობისა და წყალობისა; მისმა მეუღლემ დავითმა მოიხსნა ხმალი და თავის ხელით შემოარტყა. დამსწრე საზოგადოებამ საჩუქრად მიართვა ძვირფას ქვებში ჩასმული კალამი.

მალე რუსთაველისა და მისი "ვეფხისტყაოსნის"  ქება მთელს ქვეყანას მოეფინა. საუბრისა და მსჯელობის დროს, საკუთარი აზრის დასამტიკიცელად ქართველებმა დაიწყეს "ვეფხისტყაოსნის" სიტყვებისა და ფრაზების მოყვანა სწორედ ისე, როგორც საღმრთო აზრების შესამოწმებლად დაბადებიდან მოჰყავდათ ტექსტები.

ამის გამო ბევრი ნათქვამი რუსთაველისა მშვენიერ ანდაზად გადაიქცა.

პოემის დიდებულებას ძლიერ შველოდა თვითონ ავტორის იშვიათი პიროვანი ღირსებანი. ისტორიკოს ბარათაშვილის გამოკვლევით, რუსთაველი იყო უმშვენიერესი ვაჟკაცი, ფრიად ზრდილი, დარბაისელი, სავსე ჭკუითა და მიმზიდველობით. ამასთან იყო ისეთი სწავლული, რომელსაც ტოლი არა ჰყავდა მთელს სამეფოში.

"ვეფხისტყაოსანი" ამტკიცებს, რომ რუსთაველი იყო არა მარტო უნიჭიერესი პოეტი, არამედ ბრძენი, რომელიც აზროვნებით ბევრად წინ უსწრებდა თავის დროს. მოგვყავს რამდენიმე მაგალითი:

მაშინდელს დროში მამაკაცებს დედაკაცები დაბალ არსებად მიაჩნდათ და ორი სქესის თანასწორობა უარყოფილი იყო. რუსთაველი კი თავის პოემაში ქალს ერთ სიმაღლეზე აყენებს ვაჟთან და როსტევან მეფის ასულ თინათინზე ამბობს:

"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია."

მაშინდელს დროში ძარცვა-გლეჯა, სხვისი ქონების მითვისება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. წინააღმდეგ ამისა შოთა ჰქადაგებდა:

"რასაცა გასცემ, შენია, რას არა, დაკარგულია!"

ძველი კაცობრიობის ცხოვრება დამყარებული იყო მონობაზე, ბატონ-ყმობაზე. «ვეფხისტყაოსანში» კი ვკითხულობთ:

"მიეც გლახაკთა საჭურჭლე,ათავისუფლე მონები."

უწინდელს დროში ბევრნი ფიქრობდნენ, რომ ცოცხალი ძაღლი სჯობია მკვდარს ლომსაო, რუსთაველი კი სხვაგვარად სჯიდა:

"სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ დროს გვარიშვილობას. თანამდებობაში განწესება და საზოგადო პატივი დამყარებული იყო შთამომავლობაზე. შოთა კი თავის ერთს განსაკუთრებულს პატარა ლექსში პიროვნულ ღირსებას ყველაფერზე მაღლა აყენებს და არაფრად აგდებს გვარიშვილობას:

"ათასად გვარი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა,

თუ კაცი თვითონ არ არის, ცუდია გვარიშვილობა."

რა დროც გადის, "ვეფხისტყაოსანს" ფასი და მნიშვნელობა კიდევ უფრო ემატება. იგი თარგმნილია ბევრ ევროპულ ენაზე. ერთ წარჩინებულ გერმანელს ისიც კი უთქვამს, რომ მეთორმეტე საუკუნეში ევროპას არ ჰქონია არც ერთი "ვეფხისტყაოსნის" თანასწორი თხზულება და რომ მასში გამოთქმულია იმისთანა მაღალი აზრები, რომელიც ღირსი არის მთელს კაცობრიობაში მოიფინოსო.

როდესაც ხანი და ჟამი რომელიმე ქმნილებას ფასსა და მნიშვნელობას არ უკარგავს და პირიქით, უმატებს კიდეც, ეს იმისი უტყუარი ნიშანია, რომ ამ ქმნილებას აზის ბეჭედი ნამდვილის გენიოსობისა.

გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველი ცხოვრების ბოლო წლებში იერუსალიმში გაემგზავრა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. იქ ერთ-ერთ სვეტზე ახლაც შემონახულია მისი ფრესკა.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ