მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1479 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თუ გაგვიწყრა ღმერთი და ვერ გავდევნეთ მტრის ძალი,

იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი!

გრიგოლ ორბელიანი

 

მე მწადია გიამბოთ ამჟამად ერთი ფრიად სამწუხარო, მაგრამ სასახელო ამბავი, რომელიც მოხდა ასის წლის წინათ, სახელდობრ 1795 წელში. მაშინ საქართველო ჯერ ისევ ცალკე სამეფოს შეადგენდა და მასზე ბრძანებლობდა სახელოვანი მეფე ერეკლე.

მეფე ერეკლე მოხუცობის დროს სამუდამოდ დაუმეგობრდა რუსეთსა და კავშირით შეეკრა (1783 წ. 24 ივლისის ხელშეკრულება (გეორგიევსკის ტრაქტატი); დასდეს პირობა, დასწერეს და დაამტკიცეს. ხელი მოაწერეს: ერთი მხრივ რუსეთის ხელმწიფემ, მეორე მხრივ ქართველთა მეფემ ერეკლემ.

ამ ხელშეკრულების ძალით რუსეთის ხელმწიფე უნდა ყოფილიყო მფარველი საქართველოსი და თავისი ჯარი მოეშველებინა ყოველთვის, როცა მტერი გამოილაშქრებდა ჩვენის ქვეყნის წინააღმდეგ. თავის მხრივ საქართველოს მეფე მოვალე იყო დაეცვა ერთგულება რუსეთისა და თავისი ჯარით მიშველებოდა რუსეთს ყოველთვის, როცა იგი ომს გამოუცხადებდა ან ოსმალეთს, ან სპარსეთს და ან რომელსამე ხალხს კავკასიისასა.

ეს მეგობრული კავშირი არაფრად ეპიტნავა სპარსეთის მეფესა, რომელსაც სპარსულად შაჰი ერქვა. იმ დროს სპარსეთში შაჰად იჯდა მეტად ბოროტი ვინმე, სახელად აღა-მაჰმად ხანი. ამან გამოგზავნა თავისი ელჩი მეფე ერეკლესთან და მოითხოვა მისგან, რომ რუსეთთან მეგობრობა და კავშირი გაეწყვიტა, მიეღო მფარველობა სპარსეთისა და ხარჯიც ეძლია ყოველწლივ.

თავის მხრივ აღა-მაჰმად-ხანი ჰპირდებოდა ერეკლეს მტკიცე მეგობრობას, მჭიდრო კავშირსა და ვალად იდებდა თავისი ჯარი მიეშველებინა ერეკლესათვის ყოველთვის, როცა კი მას რომელიმე მტერი ომს გამოუცხადებდა.

ერეკლე მეფემ, რასაკვირველია, ცივი უარი შეუთვალა სპარსეთის შაჰს აღა-მაჰმად-ხანსა.

შაჰი განრისხდა, დაუყოვნებლივ შეაგროვა აუარებელი ჯარი და გამოეშურა საქართველოს წინააღმდეგ. სპარსეთის ჯარი საოცარი სისწრაფით მოგრიალებდა ჩვენი ქვეყნისაკენ, რადგანაც აღა-მაჰმად-ხანს სწადდა ერეკლეს თავს დასხმოდა ადრიანად, ვიდრე რუსეთის ჯარი ჩრდილო კავკასიიდან მოუსწრებდა და საქართველოს შორეული კუთხეებიდან ჯარები მოეშველებოდნენ თავის გმირს მეფესა.

ამ დროს რუსეთის ჯარი იდგა ჩრდილო კავკასიაში. მეფე ერეკლე კაცს კაცზე გზავნიდა, წერილს წერილზე სწერდა მოკავშირე ჯარის წინამძღოლს გენერალს გუდოვიჩსა, რომ ჩქარა მოშველებოდა თავისი ჯარი

თ, მაგრამ ის რაღაც მიზეზებისა გამო ადგილიდან არ იძროდა.

საქართველოს შორეულ კუთხეებიც მაგრე რიგად არ იწუხებდნენ თავსა, არა ჩქარობდნენ ჯარის მოკრებას და გამოგზავნას, რადგანაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთის ჯარი დროზე მიეშველებოდა ერეკლე მეფესა, შეუერთდებოდა მის მცირე ჯარსა და შეერთებული ძალით ქართველები და რუსები სულ ბოლს აადენდნენ სპარსელებსა. მარტო თავისი მცირე ჯარით ერეკლე მეფემ რამდენჯერ ასროლინა კუდით ქვა სპარსელებსა, რამდენჯერ დააყენა შავი დღე და ახლა მეტსაც უზამს, რუსეთის ჯარი რომ დაეხმარებაო, ფიქრობდნენ ბევრნი ქართველნი და ადგილიდან არ იძროდნენ.

სპარსეთის შაჰსაც ეს უნდოდა. ის თავის ჯარით გამოვიდა არეზის მდინარესა, გადმოლახა ყარაბაღის და განჯის ქვეყნები და თბილისის ახლო დაიბანაკა სამოცდაათი ათასი ჯარით. ამ დროს ზაფხული მიწურული იყო და შემოდგომა დგებოდა.

ერეკლემ კი ძლივს-ძლიობით მოასწრო ხუთი ათასი კაცის მოგროვება.

ამ მცირე ჯარში ერთი რაზმი იქცევდა განსაკუთრებულს ყურადღებას. ეს რაზმი შესდგებოდა მთლად გლეხებისაგან და განირჩეოდა სხვა ჯარისაგან პირველივე შეხედულებით. მაღალი და სწორე ტანი, განიერი მხარ-ბეჭი, მამაცური შეხედულება, ვაჟკაცური მიხვრა-მოხვრა, ხმამაღალი ლაპარაკი, რკინის ჩაჩქანი ტანზე აშკარად ჰხდიდნენ, რომ იგინი იყვნენ თავისუფალი მთის შვილები. ყველაზე მეტი იმედი ერეკლესა და ქართველობას ამ გლეხებისა ჰქონდათ. ვინ იყვნენ ეს გლეხები? ისინი იყვნენ არაგვისპირელნი მთიულნი და ფშავ-ხევსურნი.

ერეკლე მეფე მთელს ქართველობას ღმერთივით უყვარდა. მაგრამ იმოდენა სიყვარულს და თაყვანისცემას კი, რასაც მისდამი მთიულნი და ფშავ-ხევსურნი გრძნობდნენ, ვერავინ ვერ დაიკვეხებდა, მთელი მთიულეთი და ფშავ-ხევსურეთი სავსე იყო ერეკლეს დიდებით. აუარებელს საგმირო ლექსებში თავისუფალნი შვილნი მთისანი ხატავდნენ თავის უსაზღვრო ერთგულებას ერეკლესადმი, თავის აღტაცებას მისი საარაკო სიმამაცით, თავის ამპარტავნობას იმითი, რომ, მათ ჰყავდათ მეფედ ასეთი სახელგანთქმული გმირი.

მხურვალედ მოყვარული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა, მთიულნი და ფშავ-ხევსურნი სწორედ აღმერთებდნენ ერეკლეს, როგორც დაუძინებელს, უშიშარს და თავდადებულს დამცველს თავისი ერის თავისუფლებისას, დამოუკიდებლობისას. მთელს ფშავ-ხევსურეთსა და მთიულეთში ვერ მოსძებნიდი ვაჟკაცს, რომელიც მზად არ ყოფილიყო თავისი სიცოცხლე შეეწირა მეფე ერეკლესათვის.

ამის გამო, მივიდა თუ არა ფშავ-ხევსურეთში ხმა, რომ სპარსეთის შაჰი აუარებელი ჯარით მოდის ერეკლეზეო, საუკეთესო ვაჟკაცნი დაუყოვნებ-ლივ აღიჭურვნენ, ჩაჯდნენ იარაღში თავით ფეხამდე, გადმოვიდნენ არაგ-ვის ხეობაში და მოვიდნენ დუშეთში. აქ მათ მიემატნენ არაგვისპირელნი და შესდგა სამასიანი რაზმი გლეხებისა, რომელიც საჩქაროდ ჩამოიჭრა თბილისში.

მეფე ერეკლე მამობრივი გრძნობით მიეგება მთიდან ჩამოსულს რაზმსა და ჩააყენა მოწინავე ჯარის შუაგულში, რომელსაც გზა უნდა შეეკრა მოახლოებულ სპარსელებისათვის. ამ რაზმის წინამძღოლად იყო ერეკლეს შვილი ვახტანგი, მაშინდელი მმართველი მთიულეთისა და ფშავ-ხევსურეთისა. ომის დაწყების წინათ ამ რაზმის მეომართ შეჰფიცეს ერთმანეთს მეფის წინაშე: თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავსძლიეთ მტრის ჯარი, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგან ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო. ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო.

იერიში პირველად მტერმა მოიტანა ერეკლეს შვილს იოანეზე, რომლის ჯარს ეჭირა გზის პირად მაღლობი ადგილი, თბილისის სამხრეთით, კრწანისის მინდვრების ვიწროებში. ბევრს მტერს აუტირეს დედა ამ მოწინავე ქართველებმა, მაგრამ თვითონაც ბევრი დაჰკარგეს და ამის გამო უკან-უკან დაიწყეს წევა. სწორედ ამ დროს მთის ქართველნი გაექანენ ხმალამოღებულნი სპარსელებისაკენ. შეუტიეს და დაუწყეს ჩეხა. სპარსელები შედგნენ და წინ ერთი ნაბიჯიც ვეღარ წამოდგეს. 

მოწინავე ჩვენს ჯარს ახლა მიეშველა, მეფის ბრძანებით მაჩაბელი თავისი ჯარით. ეს მაჩაბელი მამაცი მეომარიც იყო და ამასთან სახელოვანი მელექსე-საზანდარიც. მან მხიარულად დაუკრა ჩონგური, ზედ გულის ასაძგერი ლექსები დაამღერა და საოცარი სისწრაფით მიესია სპარსელებს თავისი ჯარით მთის ქართველებთან ერთად. ქარ-თველებმა გააპეს მტრის რაზმები, აქეთ-იქით გროვა-გროვა დააყენეს დახოცილი და დაჭრილი სპარსელებისა და გაექანენ შუა გულისაკენ, სადაც თვითონ შაჰი ეგულებოდათ.

მტრის საშინელი მუსვრით მიუახლოვდნენ თვითონ შაჰის კარავსა, წაართვეს მის თვალწინ სპარსელებს ბაირაღები და თვით შაჰის დაჭერასაც ლამობდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ქართველებს წინ გადაეღობა საუკეთესო ჯარი სპარსელებისა, რომელიც ამ დრომდე შაჰის კარავს უკან იდგა, ომში მონაწილეობას არ იღებდა და დასვენებული იყო.

„მე არ მახსოვს, რომ რომელიმე ჩემი მტერი ასეთი გმირობით შემბრძო-ლებოდესო“, წარმოსთქვა შაჰმა, როდესაც დაინახა მიახლოვებულნი ქართველნი, რომელნიც მუსრს ავლებდნენ მისს ჯარსა.

სპარსელებს მრავალი ახალ-ახალი ჯარი ემატებოდათ; ქართველებს კი მალე გამოელიათ მისაშველებელი ჯარი. ერთი ქართველი იბრძოდა თოთხმეტ-თხუთმეტი სპარსელის წინააღმდეგ. ქართველთა გამარჯვება ძნელი მოსალოდნელი იყო, რადგანაც ერთი, რაც უნდა დიდი მამაცობით და თავ-განწირულობით იყოს აღჭურვილი, ვერა სძლევს თოთხმეტ-თხუთმეტსა. და ვერც სძლიეს ჩვენებმაცა. ვერც სძლიეს იმიტომაც, რომ მეფე ერეკლე ამ დროს იყო არა უწინდელი ძალღონით სავსე არწივი, არამედ ოთხმოცი წლის მოხუცი.

ქართველებმა თავგანწირულს ბრძოლაში მრავალი მეომარი დაჰკარგეს და უკან-უკან დაიწყეს დაწევა. სპარსელები თბილისს თანდათან უახლოვდებოდნენ. ბრძოლამ გასტანა დილიდან ბინდამდე. საღამოზე სპარსელები მიადგნენ თვით კედლებს თბილისისას. სამჯერ უკანვე აქციეს ქართველებმა მტერი თბილისის გალავნიდან, მაგრამ სამჯერ მან განაახლა თავისი იერიში.

მწუხარებით შეპყრობილი ოთხმოცი წლის ერეკლე არ აპირებდა ბრძოლის ველი დაეტოვებინა და უნდოდა ებრძოლა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე.

მხლებლებმა მოახსენეს მეფესა: ყოველმა ქართველმა უწყის შენი საოცარი გულადობა და იცის ისიც, რომ შენ მუდამ წამს მზადა ხარ, მამულისათვის თავი დასდო, მაგრამ თუ მუხთალმა ბედმა გვიღალატა, შენი დაღუპვით მაინც ნუღარ გაუსამკეცებ სიხარულს მტერსა და ნუ მოუკლავ გულს შენს მათაყვანებელს ერსა.

მეფე ყურს არ უგდებდა. სპარსელებმა კი ერეკლეს აქეთ-იქიდან მოუარეს და გარშემო მთებისაკენ მიმავალ გზებს იჭერდნენ, რომ ქართველს ჯარს გაქცევა აღარ შესძლებოდა. მაშინ ერეკლე ხმაამოუღებლივ გაექანა მტრისაკენ ხმალამოღებული, ეკვეთა მას თავგანწირულად და უთუოდ დაღუპვა მოელოდა, თუ შვილიშვილს არ დაეხსნა სიკვდილისაგან თავისი სახელოვანი პაპა. სამასი ცხენოსანი ქართველით ბატონიშვილი იოანე შევარდა მტრის გუნდში, როდესაც ის მეფეს გარს ერტყმოდა, და მოხუცი ერეკლე თითქმის ხელიდან გამოსტაცა მათ.

ძალისძალით გაიყვანეს ერეკლე ქალაქიდან, გადაატარეს ავლაბრის ხიდი და საჩქაროდ გაუყენეს მთიულეთის გზასა. ეჩქარებოდნენ, რადგანაც ფიქრი ჰქონდათ სპარსთა მდევრისა. უცებ ერეკლემ უკან მოიხედა და თვალი მოჰკრა ცეცხლსა, რომელიც სპარსელებს მოეკიდებინათ თბილისის სამხრეთის ნაწილისათვის. ერთი საშინლად ამოი

კვნესა, სწრაფად მოატრიალა უკან ცხენი და გამოაჭენა თბილისისაკენ, რათა მტერს ზედ შეჰკვდომოდა და თავის დედაქალაქთან ერთად დამარხულიყო. მაგრამ მხლებელნი მოეწივნენ, უტაცეს ხელი ცხენსა და პირი ისევ მთისაკენ აქცევინეს. ერეკლეს თან ახლდნენ ორმოცდაათნი მეომარნი, რომელნიც თავის სათაყვანო მეფისათვის მზად იყვნენ ლუკმა-ლუკმა აკუწულიყვნენ.

აღა-მაჰმად-ხანმა დაიპყრო თბილისი.

რა დაემართა ჩვენს მთის გმირებსა? მტკიცედ და სავსებით აასრულეს თავისი მამაცური ფიცი, თუ ზოგის მათგანის გული შედრკა გმირულად სიკვდილის წინაშე?

არც ერთს მათგანს ზურგი არ უჩვენებია მტრისათვის, არც ერთს არ მოსვლია ფიქრად თავს ვუშველო გაქცევითო და არც ერთი მათგანი ცოცხლად არ ჩავარდნია მტერს ხელში. იგინი საოცარის თავგანწირულობით იბრძოდნენ დილიდან ხშირ-ბინდამდე. ყოველი ნაბიჯის წინ გადმოდგმა მათ მტერს დაუსვეს მეტად ძვირად. ბევრი სპარსელი გამოასალმეს სიცოცხლეს და თვითონაც ზედ შეაკვდნენ მათ პირველიდან დაწყებული უკანასკნელამდე.

დიაღ, სამასი ვაჟკაცი ერთი და იმავე გმირული სიკვდილით გამოესალმა წუთისოფელს ბრძოლის ველზე, კრწანისის მინდორში. ზოგმა მათგანმა თავისი სიცოცხლე დასდო მამულისათვის დილით, პირისპირ სპარსეთის შაჰისა, ზოგი მტერს შეაკვდა დღისით, როცა იგი მოიწევდა თბილისისაკენ, ხოლო დანარჩენთ თავი დასდეს ქვეყნისათვის საღამოთი თბილისის ქუჩებში, სადაც იგინი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ებრძოდნენ შემოსეულს სპარსელებსა.

არც ერთი არ გადაურჩა სიკვდილს, არც ერთი არ შეიქმნა მოწამე თბილისის აოხრებისა, არც ერთმა არ წაიღო მთაში ამბავი ქართველების დაძლევისა სპარსელებისაგან, არც ერთი არ ჩაუვარდა მტერს ხელში. ყველამ მტკიცედ, სავსებით და ვაჟკაცურად დაიცვა ფიცი, ყველამ ბრძოლის ველზე დალია თავისი გმირული სული, ყველამ თავის სამშობლოს შესწირა სიცოცხლე.

ამაზე მეტი სიმამაცე და თავდადებულობა ქვეყნისათვის არც ერთი უცხო ერის შვილებს არ გამოუჩენიათ, ხოლო მსგავსი გმირობა კი ჩაუდენიათ მათაც, რასაკვირველია.

ფრიად შესანიშნავია, რომ სამასის თავდადებულება საგმირო ისტორიაში ხშირად იმეორება. დავასახელებთ რამდენსამე მაგალითსა.

ძველ საბერძნეთში, ქრისტეს დაბადების წინათ სამასმა სპარტელმა ბერძენმა თავი შეაკლა აუარებელს ჯარს სპარსელებისას ფერმოპილის ვიწროებში, სამასნივე დაიმარხნენ აქვე და მათს საერთო ძეგლზე

მადლობელმა ბერძნებმა ამოსჭრეს შემდეგი გულის ასაძგერი სიტყვები: „მგზავრო, აუწყე სპარტელებს, რომ ჩვენ ვმარხივართ აქ. აღმასრულებელნი მოვალეობისა სამშობლოს წინაშე“. ჩვენ დროშიაც, ორმოცი წლის წინათ, მოხდა ამისთანავე თავდადება სამასი იტალიელისა. ესენი შეუდგნენ სამშობლოს განთავისუფლებასა, მაგრამ მტრის ჯარი შემოერტყა მათ გარსა და ყველამ არჩია სახელოვანი სიკვდილი დამორჩილებასა.

ეს თავდადებულობა ერთმა იტალი-ელმა პოეტმა მშვენივრად გამოხატა ერთ თავის ჩინებულს ლექსში, რომელიც მრავალ ენაზე გადაითარგმნა და რომელიც ქართულს ენაზე რუსულიდან გადმოიღო ოცდაათის წლის წინათ აწ განსვენებულმა გიორგი წერეთელმა.

ეს ლექსი, რომელიც სწორედ ზედ გამოჭრილია თვით ჩვენს გმირს გლეხობაზედაც, იუწყება ასე:

ისინი იყვნენ სამასნი, სულ დარჩეულნი ვაჟკაცნი,

ერთიანად დაიხოცნენ, ამდენი პირ-მზე მამაცნი.

არც ჩვენი თავდადებული გლეხობის გმირული ღვაწლი დაივიწყა სამშობლომ. ჩვენმა მაღალ ნიჭიერმა პოეტმა გრიგოლ ორბელიანმა უკვდავჰყო მათი სახელოვანი სიკვდილი შემდეგი მშვენიერი ლექსით, რომელიც შეადგენს საუკეთესო ადგილს მისი სახელოვანი პოემისას “სადღეგრძელო”.

აი ეს ლექსი:

"აი სამასნი გმირები, დუშეთით თბილისს მოსულნი,

მეფის შეწევნად და მის წინ მისთვისვე შეფიცებულნი,

თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა გავნდევნეთ მტრის ძალი,

იყვეს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი.

და გარდიწერეს პირჯვარი, ვაჟკაცებრ ხმალი იშიშვლეს

და შავარდენებრ მივარდნენ სპარსთა ურიცხვთა სიმრავლეს.

შესძრეს... გაფანტეს... მაგრამა ზედ თავიც თვისი დააკლეს.

ფიცი ვაჟკაცთა წმინდა არს... მათაც სიკვდილით შემოწმეს.

თავგანწირულმა გმირობამ ვერა დასძლია შავ მხვედრი,

წახდა თბილისი და მასთან დაემხო ძველი ივერი!..

და სად დასთხიეს გმირთ სისხლი, აწ ვჰმზერთ სიამით ბაღთ მწვანეთ,

მუნით მოისმის ლხინის ხმა გულ-უზრუნველთა მოლხენით.

და მას წმინდასა ალაგსა თაყვანსა ცემსა ღირსებით,

გლახ-უმეცრება ფეხ ქვეშე ჰსთრგუნავს გულითა უგრძნობით!

გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება!

თქვენთა სახელთა ამაყად წარმოსთქვამს ჩამომავლობა!"

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ