მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9363 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ორაგულის სიყმაწვილე

* * * * * * *

 

შუა ქართლში, კავკასიონის ქედის კალთიდან, პატარა წყარომ ცელქად გამოხეთქა, თამაშით დაეშვა ქვემოთ, სამხრეთისაკენ, დაიწყო სწრაფად ჩუხჩუხი ნათეს მინდვრებსა და ტყიან მთებს შუა. 

ჩვენი ჩუხჩუხა წყარო ბროლივით წმინდა იყო; ამიტომ მის ნაპირზე ამოსული ტირიფები ისე ჩანდა წყალში, როგორც სარკეში და მის ძირზე კენჭებს სათითაოდ დათვლიდი. ამ ძირზე ქვებს შუა ათასობით ეწყო თევზის პაწაწა კვერცხები, ანუ ქვირითი. ამ კვერცხებს ნაჭუჭის მაგივრად სიფრიფანა კანი ჰქონდა და ამ კანში ყველაფერი ჩანდა.

შუადღის მზე თავის ცხოველს შუქს ღონივრად ჩაანათებდა ხოლმე ფშანში და ათბობდა წყალსა და ქვებს. ცხელ დღეში რომ იმ ქვირითს დაკვირვებოდი, შიგნით ერთი ბეწო ლიფსიტებს დაინახავდი. თითოეულ ლიფსიტას პირი და თვალები უჩანდა, მაგრამ ფარფლები ჯერ არ ჰქონდა. ახალი ჩასახული ისეთი წვრილი და ბროლივით წმინდა იყო, რომ ცხადად დაინახავდი მისი სისხლის მოძრაობას და ძარღვის ფეთქვას. 

აი, პაწაწა ლიფსიტამ სიფრიფანა რბილი კანიდან გარეთ გამოიტანა ჯერ თავი, მერმე ტანი და ბოლოს კუდი, რომელიც ჯერ ისევ მორკალული იყო, რადგან ქვირითში თევზი რკალივით მოხვეული იწვა, როცა ნელ-ნელა ბოლო გაუსწორდა, ლიფსიტამ იწყო მისი ცემა წყალზე. 

რამდენსამე საათს უკან ქვიშიდან და ქვევიდან ათასობით გამოიცქირებოდნენ პაწაწკინა ლიფსიტები, რომელნიც კვერცხებიდან გამოსვლის შემდეგ, მყუდრო პატარა თხელი ყურისკენ მისრიალებდნენ და იქ დაიწყეს ცურვა. 

ამ ლიფსიტებს არც დედა ჰყავდათ გვერდით და არც მამა, ცურვასაც არავინ ასწავლიდა. ყველა თვითონ სცდილობდა, გზა გაეკვლია ცხოვრებაში.

ჩვენი პაწაწინა ლიფსიტების ქერქი ერთის ფერის არ იყო: გვერდზე მოლურჯო ფერი დაჰკრავდა, მუცელზე - მოწითალო, ზურგზე კი - მოშავო. 

მზეზე ლიფსიტები ვერცხლივით ბრჭყვიალებდნენ, შუბლზე შავი ნიშანი უჩანდათ. ეს ლიფსიტები პატარა ორაგულები იყვნენ. წყალს დაჰქონდა ისინი და არხევდა, როგორც დედა არწევს თავის შვილს აკვანში.

წყალივე ზრუნავდა იმათ საჭმელზე, მიჰქონდა სწორედ იმათ პირთან გემრიელი ჭიები, მატლები, - თევზებს პირის გაღების და ჩაყლაპვის მეტი აღარაფერი უნდოდათ. წყალს ზემოთ მარდად მოექცეოდნენ ხოლმე და მხიარულად ქანაობდნენ თავისი საცურაო ფარფლების საშუალებით. 

ცურვაში მათ ბევრსა შველოდა საცურაო ბუშტი, რომელიც სხეულის შიგნით იყო მოქცეული და გავსებული ჰაერით.

თითო გარტყმა ბოლოსი წყალზე ლიფსიტებს შორს ამოაყოფინებდა ხოლმე თავსა. მაგრამ იმათი მარდი ცურვა სრულიად გასაკვირველი არ იყო. თავი მოწვეტიანებული ჰქონდათ, ტანი ნავსავით მოყვანილი, ქერქი მათი იყო ლიპი ლორწოსაგან, რომელიც შეუწყვეტლივ გამოჟონავდა გვერდების ორი ჯირკვლიდან. ამიტომ ლიფსიტები წყალს ადვილად აპობენ და შიგ საკვირველი სისწრაფით დასრიალებდნენ.

მდინარის ნაპირას რომ ტირიფები იდგა, ფესვები ძირს მდინარეში ჰქონდათ ჩაშვებული. ამ ფესვებზე ჩაყოლებით უთვალავი ჭია ჩადიოდა ანკარა წყალში საბანაოდ. ჭიები გადაებმებოდნენ ზედიზედ, თითქო ფერხული დაუბამთო, და ჭყუმპალაობდნენ. 

ჩვენი პატარა ორაგულის ლიფსიტები გასრიალდებოდნენ ხოლმე მათკენ და თავისებურად გაეთამაშებოდნენ. ხან ერთი მხრიდან გამოუქროლებდნენ მობანავე ჭიებს, ხან მეორედან და ყლაპავდნენ, მაგრამ ამას სხვა ჭიები ვერ ამჩნევდნენ სიმრავლისა გამო. 

როცა საღამ-საღამობით კოღოების გუნდი ტრიალებდა წყლის პირად, პაწაწკინტელა ორაგულები შეუმჩნევლად ამოცურდებოდნენ, მარდად შეხტებოდნენ ჰაერში და კოღოებს ჰყლაპავდნენ. რამდენადაც ღონე და სიმარდე ემატებოდათ ჩვენს პატარა თევზებს, იმდენად უფრო გულადნი ხდებოდნენ; 

თანდათან უფრო და უფრო შორს მიდიოდნენ თავის მყუდრო ყურედან, ეჩვეოდნენ დაღარებულ წყალთან ბრძოლასა, სწავლობდნენ ტალღის წინააღმდეგ ცურვას, ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სწრაფს სრიალში, დასდევდნენ თავის საკბილო პატარა წყლის ცხოველებსა და, ვინც იმათში უფრო მარდნი და გულადნი იყვნენ, ისინი წყალს ზევით მაღლა ხტებოდნენ და ჰაერში ბუზებს იჭერდნენ. მაგრამ, თუ დაინახავდნენ ონავარს თევზს, თვალის დახამხამებაზე გაქრებოდნენ და აქეთ-იქით დარნებში მიიმალებოდნენ.

თამაშობას რომ ათავებდნენ, პატარა ორაგულები დიდი სიამოვნებით ისვენებდნენ მივარდნილს ადგილას, ხოლო დიდსა და კრიალა თვალებს ერთს წამსაც არა ჰხუჭავდნენ, განიერს სასას მიუშვერდნენ ხოლმე ტალღებსა და გაუმაძღრივ სვამდნენ წმინდა წყალს. 

პირიდან წყალი შიგნითის მილის საშუალებით ჩადიოდა ლაყუჩებში, რომელიც თევზებს თავს აქეთ-იქით მხარეს ესხათ. ეს ლაყუჩები იმათ წმინდა სავარცხლის კბილებს მიუგავდათ და იმის შემწეობით სწუწნიდნენ წყალში ნარევს ჰაერს.

 

ორაგული სამშობლოდან ზღვისკენ მიდის

* * * * * * *

 

შემოდგომა მოახლოვდა. მთები შავი ღრუბლით შემოიგრაგნა, მიწაზე ასხამდა მსხვილს, კოკურს წვიმასა; ხის ფოთლებს წურწურით ჩამოსდიოდა წვიმის წყალი; აქეთ-იქით ღელეებიდან წვიმის ნაკადულები მორბოდა, გზები გარდაიქცა მდინარეებად, დაბალი ღელეები - ტბად. ჩვენი პატარა მდინარე მრისხანედ აბურცდა და მღვრიე ტალღებს შეუწყვეტლივ სცემდა თავის ვიწრო ნაპირებს.

ჩვენი ორაგულების წყნარს ყურეს ვეღარ იცნობდი. ისიც ისე შფოთავდა, როგორც მთელი მდინარე, და ორაგულებს ქვევით ერეკებოდა.

თევზები ჯერ სცდილობდნენ, თავიანთ სამშობლოს არ მოჰშორებოდნენ და როგორმე გამაგრებულიყვნენ, ძველს საყვარელს ადგილზე, მაგრამ ტყუილად. ქარიშხალი ტირიფებსა ჰგლეჯდა, მდინარეს საშინლად აღელვებდა და ტალღებს ჩვენის ორაგულების ყურეში მიჰქონდა: შლამი, ქვიშა, ხის ტოტები და ქვები. 

პატარა ორაგულებმა ახლა კი იკადრეს მოკურცხვლა ქვემოთ, გორის გვერდით გამოატანა და მისცა მტკვარსა. მტკვარი მდორედ მოდიოდა, პატარა ორაგულებს წინ არ ერეკებოდა და ამიტომ ამათ კარგად დაისვენეს; მაგრამ სამშობლოში დაბრუნება კი აღარ უნდოდათ. ძლიერ მოეწონათ მოგზაურობა და სხვადასხვაგვარი სანახავები;

სამშობლო შორს დარჩათ, ქვეყანა დიდი იყო, მდინარის პირის ქუჩებიდან განუწყვეტელი ჟრიამული ისმოდა, ქალაქი მოძრაობითა და სიცოცხლით სდუღდა, წყალი გაუჩერებლივ მიდიოდა სადღაცა უცნობს ადგილს.

ჩვენს ორაგულებს ყველა ეს მოსწონდათ და სულ წინ მისრიალებდნენ. მეტადრე გააცვიფრა და ასიამოვნა თბილისის ჟრიამულმა. არა ერთხელ ამოჰყვეს თავები წყლიდან, რომ დაენახათ დიდი ქალაქი. 

მართალია, განსაცდელიც არ აკლდათ, მაგრამ არ ეპუებოდნენ. აქ მარდად გაუსხლტებოდნენ ონავარ თევზსა, იქ თავს დააძვრენდნენ მეთევზის ბადესა. უცებ წააწყდნენ კლდეებს, რომლებიც გამწკრივებული იყო ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე. ამ კლდეებზე აქაფებული წყალი ადიოდა და მერმე ძირს ჩაქუხდა, ჩახრიალებდა. 

ორაგულები ჩაყვნენ წყალსა ზევით, გადისრიალეს კლდეებზე და მერმე ზვირთებთან ერთად ჩაცვივდნენ ქვემოთ მორევში. ეს იყო სალიანთან. ცოტა შეისვენეს და მერმე ისევ სწრაფად გასწიეს წინ. ბოლოს გემები დაუხვდათ წინ. აქაც იხერხეს, ღრმად ჩაიყურყუმელავეს. ძირ-ძირ იარეს და მხოლოდ მაშინ მოექცნენ ზევით, როცა გემებს მოშორდნენ.

უცებ ორაგულები გაშტერებულნი გაჩერდნენ. რა მოხდა? წინ დაჰხვდათ მლაშე წყალი. მათ მიატანეს შესართავს, სადაც მდინარე ჩადიოდა მლაშე ზღვაში, რომელსაც კასპიის ზღვა ჰქვია. ორაგულებმა უკან დაიწიეს, რადგან მლაშე წყალი ეუცხოვათ და წინ წასვლისაც ეშინოდათ. 

როცა ტალღა ზღვიდან მოგორავდა, თევზები ზევით-ზევით იწევდნენ; როცა ტალღა უკან დაბრუნდებოდა, თევზებიც წინ წაიწევდნენ ხოლმე. რამდენნაირი ზღვის ცხოველი სცურავდა აქა და სულ იმისთანები, რომლებიც ორაგულებს თავის დღეშიაც არ ენახათ. 

შიმშილმა რომ ძალა დაატანა, ორაგულებმა წინ წასვლა გაბედეს და ზღვის პატარა ცხოველებზე ნადირობა დაიწყეს. ცხოველები გაექცეოდნენ ხოლმე, ორაგულები გამოუდგებოდნენ. უნებურად შედიოდნენ ზღვაში და ცოტ-ცოტათი ეჩვეოდნენ მლაშე და მწვანე წყალს; 

თანდათან უფრო შორს შეჰბედეს ზღვაში და ისე გამამაცდნენ, რომ ძირშიაც ჩაიყურყუმელავეს. საჭმელი აქაც ბევრი იპოვეს. ერთს ადგილას შესთქვლიფეს ზღვის ქორფა ზღარბი, მეორე ადგილას - კიბო, მესამე ადგილას დაიჭირეს ზღვის ლამაზი ლოკოკინები, რომელნიც გაუფრთხილებლივ იცქირებოდნენ თავიანთი ჭრელი ოთახებიდან. 

უცებ ზღვის ძირზე დაინახეს ვეებერთელა თევზი და გულგახეთქილები ელვასავით გამოექანნენ ზევით, მაგრამ პატარა ხანს უკან ისეთივე სისწრაფით ჩაიყურყუმელავეს ძირს, რადგანაც თვალი მოჰკრეს, რომ იმათ დასაჭერად ზევიდან თევზიყლაპია წამოვიდა.

რადგანაც საჭმელი ზღვაში ბევრი ჰქონდათ, ამიტომ ჩვენი ორაგულები მალე დაიზარდნენ. მაისში ხომ კვერცხებიდან გამოვიდნენ და თიბათვეში თითოეული მათგანი სამს გირვანქას აიწონიდა. ენკენისთვეში სიმძიმე ერთიორად მოემატათ. ამის შემდეგ კი ნელ-ნელა იზრდებოდნენ და ნახევარ ფუთზე ზევით არც ერთი არ წასულა.

 

ორაგული ზღვიდან სამშობლოში ბრუნდება

* * * * * * *

 

კეთილს ცხოვრებაში იყო ორაგული ზღვაში. გემრიელი საჭმელი ბევრი ჰქონდა, გარშემო უთვალავი ცხოველი ეხვია, ზღვის ზვირთებში ქანაობდა, როგორც აკვანში, გაუზომელს სიღრმეში ხალვათად ყურყუმელაობდა და სცურავდა. 

მაგრამ ყველა ამ სიკეთემ მაინც ვერ დაავიწყებინა სამშობლო. მალ-მალე იგონებდა ქვით მოფენილს პატარა მდინარეს მთებში, იდგენდა თვალწინ მყუდრო ყურეს წყლის ნაპირს, გაახსენდებოდა ხოლმე პატარა ჭიები ტირიფის ფესვების გარშემო და კოღოების გუნდი, რომლებიც საღამოობით წყალს დაჰბზუოდნენ. 

სამშობლოს ნატვრა ორაგულს ყოველდღე უცხოველდებოდა და გული შინისკენ ეწეოდა. ბოლოს თევზი მიუახლოვდა მდინარის შესართავსა და აქ შეჰხვდა თავის ამხანაგებს, რომლებთანაც ერთად შემოვიდა ზღვაში წინათ. მაშინ ზღვაში აქეთ-იქით დაიქსაქსნენ, ახლა კი ისევ ერთად შეჰყარა საზოგადო სურვილმა; ყველას უნდოდა დაბრუნებულიყო იქ, სადაც დაიბადა.

მაგრამ ორაგულებისათვის სამშობლოსკენ მოგზაურობა ბევრად უფრო ძნელი იყო, მინამ ადიდებული მდინარის ჩამოყოლა ზღვამდე. მივიდნენ თუ არა მდინარის შესართავთან, შეამჩნიეს ორაგულებმა, რომ გადაჩვეულიყვნენ მდინარის წყალსა მლაშე ზღვის წყალში ყოფნის დროს. 

მეტი ღონე არ იყო, რამდენსამე ხნით უნდა გადაედოთ თავისი მოგზაურობა, ვიდრე შეეჩვეოდნენ უბრალო წყალს. ამის გულისათვის ორაგულები ზღვის ზვირთებს შეჰყვებოდნენ მდინარეში და მერმე ისევ უკან გაჰყვებოდნენ ხოლმე.

მდინარისა და ზღვის მიჯნაზე იმდენი ხანი იტრიალეს, ვიდრე კარგად არ შეეჩვივნენ მდინარის წყალს. მერე კი დამწკრივდნენ და გასწიეს წინ, ღონივრები წინ მიდიოდნენ, უღონონი კი უკან მისდევდნენ. ყველა ტალღა უძნელებდა მათ მდინარის პირშეღმა ცურვას; 

სამშობლოში დაბრუნება ითხოვდა განუწყვეტელს ბრძოლას და ისინიც ღონივრად სცემდნენ წყალზე თავიანთს ბოლოს, მდინარეს აპობდნენ და მისრიალებდნენ.

უცებ მიადგნენ სალიანის ჩახრიალას, სადაც წყალი მაღლიდან მეტად სწრაფად ჩარბოდა; მდინარე აქ კლდეებს შუა ძლივს იკვლევდა გზას და შხუილი გაჰქონდა; ორაგულები ერთმანეთს ახლო მიეკედლნენ და შეერთებული ძალით ჩანჩქარს ბრძოლა დაუწყეს. 

სწორედ იმ წამს, როცა მათი ყოველი ღონე და ძალა ბრძოლაში იყო გაბმული, სათევზაო ნავები მიუახლოვდა აქეთ-იქიდან დაქანცულს ორაგულებს. შეუბრალებელმა ადამიანებმა მოასწრეს თევზებს გაჭირვებულს დროს და ჩაჰყარეს მდინარეში წვეტიანი ჩანგლები რომლებიც მოგროვილს ორაგულებს ზურგში ჩაერჭო და წყალი წითლად შეიღება. 

შეიქმნა გულმოსაკლავი ფართხალი, მაგრამ დაჭრილმა თევზებმა თავს ვეღარ უშველეს და მეთევზეებმა აიტანეს ისინი მაღლა ნავებში; დაუჭრელს ორაგულებს კი ხიფათმა ღონე ერთიორად გადაუქცია, ისინი მომატებული ძალით გაექანენ წინ, სახიფათო ჩანჩქარი აირბინეს და ავიდნენ გაგანიერებულს მდინარეში, რომელმაც მფარველობა გაუწია.

მაგრამ მშვიდობიანმა მოგზაურობამ ბევრს ხანს არ გასტანა. ჩქარა ახალმა დაბრკოლებამ შეუკრა მათ გზა. ისინი წააწყდნენ ქვის კონსა, რომელიც მდინარის ერთი ნაპირიდან მეორემდე იყო გაბმული, აქაფებული მდინარე გადადიოდა პირდაპირს აყვანილს კონზე, საშინელი სახით ჩაჰქუხდა ქვემოთ და გაცოფებულივით ტრიალებდა. 

ორაგულები ხან აქ მოცურავდნენ, ხან იქ, დიდი ყურადღებით სინჯეს კონი, მაგრამ ასავალი ვერსად იპოვეს. რა უნდა ექნათ საწყლებს? მაგრამ ტყუილად არ არის ქართული ანდაზა ნათქვამი: "გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო". ისინი დაემზადნენ მაღლა ღონივრად შეხტომისათვის. მოკაკვეს თავიანთი ლაპლაპა ტანი, ბოლო პირში ჩაიდეს, მერე უცებ გაუშვეს, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ბოლო წყალს გაარტყეს და შეხტნენ. მაღლა, ძალიან მაღლა შეხტნენ, მაგრამ კონი უფრო მაღალი გამოდგა, ორაგულები ძირს დაეცნენ და წყალმა უკან გააქანა. 

მალე ისევ დაბრუნდნენ და ხელმეორედ ისკუპეს და შეხტნენ. ბოლოს ისე მარჯვედ მოახერხეს შეხტომა, რომ კონზე გადაფრინდნენ და ზევით მდინარეში მოექცნენ, დიდი სიხარული შეუდგათ და უნდოდათ, ცურვა გაეგრძელებინათ; მაგრამ უეცრად შენიშნეს, რომ დიდს ბადეში გაბმულიყვნენ. 

ამ ბადეზე ება პატარა თოკი, რომელიც ზარზე იყო მიბმული. გაანძრიეს თუ არა ორაგულებმა ბადე, ზარმა რეკა დაიწყო და ნაპირზე მყოფ მეთევზეებს თევზების მახეში გაბმა შეატყობინა. მინამ მეთევზეები ნავებით მიცვივდებოდნენ, ზოგმა ორაგულმა თავს უშველა, ზოგნი კი მეთევზეების მსხვერპლნი შეიქმნენ.

რამდენიც ზევით მიცურავდნენ გადარჩენილი ორაგულები, იმდენად მდინარე უფრო თხელდებოდა და პატარავდებოდა. ამდენმა ვაი-ვაგლახმა ორაგულები ძალიან დააშინა. უბრალო ჭიის შეჭმის დროსაც კი იმას ფიქრობდნენ, ჩანგალი ხომ არ არის დამალულიო.

ბოლოს, როგორც იყო, ძლიერ შეთხელებული ქარავანი ორაგულებისა მიუახლოვდა სანატრელ სამშობლოს. თევზები დიდს სიხარულს მიეცნენ, როცა მიადგნენ ნაცნობს ნაპირებს, დაინახეს ტირიფები, თაგვისყურა ყვავილები და შენიშნეს მდინარის ძირზე უწინდელი ლამაზი და სუფთა ქვები.

ტყუილად არ არის ნათქვამი: "ჩიტი სადაც გაიზრდება, იმისი ბაღდადი ის არისო" აქ დასვენებას მიეცნენ ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილი ორაგულები. 

დედალი ორაგულები აქამდე ცეცხლისფრად ბზინავდნენ, ეხლა მათ ოქროსფერი მიეცათ, თითქოს სამშობლოში მოსვლას დღესასწაულობდნენ და იმიტომ მოირთვნენო. როცა დილისა და საღამოს ბინდი მოიცავდა ხოლმე მდინარეს და იმის მცხოვრებლებს, მაშინ დედალი ორაგულები სთხრიდნენ გრძელსა და ღრმა ორმოებს ქვიშიანს ძირში და შიგ ჰყრიდნენ კვერცხებს, ანუ ქვირითს. 

ქვიშასა და წვრილ ქვას აკვნის მაგიერობა უნდა ექმნა ქვირითისათვის, მზეს უნდა ლიფსიტები გამოეჩეკა და წყალი ყოფილიყო იმათი ძიძა. წყალი შეინახავდა იმათ, გაზრდიდა და შემდეგ ზღვისკენ წაასხამდა.

ორაგულებმა სიხარულის შემდეგ შენიშნეს, რომ სამშობლო მდინარე მათთვის პატარა იყო და ვერც საკმაო საჭმელს აძლევდა; ჭიები და კოღოები, რითაც ისინი აქ პატარაობის დროს იზრდებოდნენ, კუჭს ვეღარ უძღობდნენ. ამიტომ, გაათავეს თუ არა ქვირითის დაყრა, დაჰყვნენ ისევ მდინარეს და ხელახლა გასწიეს გაუზომელი ზღვისაკენ მეორე გაზაფხულამდე.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ