მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 828 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1

 

არწივი ყველა ფრინველის მეფედ ითვლება და ამ დიდებული სახელის ღირსიც არის. იგი მძლავრი, გულადი და ამპარტავანი ფრინველია. ტანი მოშავო ფერის აქვს, კისერზე ოქროსფერი ზოლით; ნისკარტი მოკაუჭებული და ძალიან მაგარი, ბრჭყალები - ბასრი და ღონიერი. 

მისი ცეცხლოვანი და ბრდღვიალა თვალებიდან ძალა და სიმამაცე იღვრება. ფრთები გრძელი აქვს, მოყვანილი და ღონიერი, ბრჭყალებამდე ბუმბულით დაფარული...

არწივს საცხოვრებლად მაღალი მთიანი ადგილები უყვარს. სადაც ერთხელ დაბინავდება, იქ ზამთარ-ზაფხულ ცხოვრობს; ადგილის გამოცვლა მალ-მალე არ იცის.

არწივი ყოველგვარ მოძრაობაში ძალიან სწრაფია. მშვენივრად ფრინავს, მიწაზე სიარული უშნოდ იცის. ჯდომაც ლაზათიანი აქვს: ზის სწორად, კაცივით ამართული, ფრთებაკრეფილი და ამპარტავნულად აქეთ-იქით იცქირება. ამიტომ მჯდომარე არწივი მშვენიერი სანახავია.

გამოჩნდება თუ არა რომელიმე ადგილას არწივი, შიშის საშინელ ზარს სცემს ყველა ფრინველსა და წვრილ ოთხფეხს. რა წამს ფრინველები და პატარა ცხოველები გაიგონებენ არწივის ხმას, მაშინვე აქეთ-იქით გულგახეთქილები იფანტებიან.

მაგრამ არწივის ბრდღვიალა თვალებს რა დაემალება! ფრინველების მეფე დინჯად და ამაყად ტრიალებს თავლმიუწვდელელ სიმაღლეზე, თუმცა მისი გამჭრიახი თვალი დაკვირვებით დასცქერის ქვემოთ მთელ მინდორს და როგორც კი მსხვერპლს დაინახავს, ფრთებს შეკუმშავს და ალმაცერად, ისარივით სწრაფად დაეშვება. 

ამ დროს საშინელი ძალით და სიჩქარით აპობს ჰაერს, რომელსაც შხუილი გააქვს. ბასრი ბრჭყალები გაშლილი აქვს, რომ საჩქაროდ ჩაარჭოს საწყალ მსხვერპლს, რომელიც თავის ლუკმად ამოირჩია.

არწივი თავს ესხმის ყველა ცხოველს, რომლის მორევა და წაღებაც კი შეუძლია. არ შეიცოდებს არც მოთამაშე პატარა ბავშვს, არც ცქვიტსა და მკბენარა მელიას, თუმცა მელია ხანდახან ბევრს ანანებს ხოლმე: ზოგჯერ, ჰაერში ატანილი მელია არწივს შიგ ყელში წვდება მარდად და ყელს გამოღადრავს ხოლმე.

შველი, გარეული გოჭები, ციკნები, ბატკნები, კურდღლის ბაჭია და კატა სისხლისგან იცლებიან ხოლმე ამ საშინელი მონადირის ბრჭყალებში. ფრინველებიდან არწივი იტაცებს ბატს, იხვს, წეროს, გარეულ ქათამს და ყველა შინაურ ფრინველს. არწივის საყვარელი საჭმელი ცხოველების სისხლია; ამიტომაც ზოგჯერ არწივი წყალს მთელი კვირაობით არ სვამს.

 

2

 

ადვილი წარმოსადგენია, რა საშიშია არწივი თავის საკბილო ცხოველებისთვის მაშინ, როცა ბარტყებს ზრდის. როდესაც მხოლოდ თავისი თავი აქვს შესანახი, წვრილ ცხოველებს მაშინაც არ აძლევს მოსვენებას და ახლა ხომ სულ სისხლს უშრობს! 

დედალ-მამალი არწივი ახალი ბუდის კეთებას ან ძველი ბუდის გასუფთავებას მარტშივე იწყებს. თუ არწივი მთებში ცხოვრობს, ბუდეს მაღალ და მიუვალ კლდეებში აკეთებს: თუ ბინა ვაკე ტყეში აქვს, მაშინ მაღალ და მიუდგომელ ხეებზე იშენებს ბუდეს.

არწივები ჯერ დიდ გამხმარ ხის ტოტებს აწყობენ, მერე წვრილ, ღრმა ბუდეს აკეთებენ. შიგ მატყლსა და ჩალას აგებენ. ბუდე არ არის ოსტატური ნახელავი, მაგრამ დიდია და ისეთი მაგარი, რომ ზედ დაწოლილ ადამიანსაც კი გაუძლებს.

ბუდის მასალა ორივე არწივს მოაქვს. როცა მუშაობით იღლებიან, დედალ-მამალი არწივი ზევით ჰაერში მიდის დასასვენებლად და ერთმანეთს ოსტატური ფრენით სიამოვნებას ანიჭებენ. ასეთივე ფრენით ართობს მამალი დედალს, როდესაც ის კვერცხებზე ზის.

როგორც წესი, დედალი ბუდეში დებს ორ-სამ წაბლისფერ კვერცხს. ახალი გამოჩეკილი ბარტყები უფრო მატყლის გორგალს გვანან, ვიდრე ფრინველს... მთელი ტანი დაფარული აქვთ ხშირი თეთრი ბუმბულით, მაგრამ თავი მალე მიიღებს ამპარტავნულ გამომეტყველებას. მშობლები კარგად უვლიან ბარტყებს, აჭმევენ ხორცს, რომელსაც ჯერ თავისი პირით კარგად ღეჭავენ და პირში ისე უდებენ, ვიდრე ისინი პატარები არიან.

ბარტყები სანამ კარგად არ დაიზრდებიან, ბუდეს არ შორდებიან. ფრთები რომ ამოუვათ, დედ-მამა ჯერ ფრენას ასწავლის კარგად, მერე ნადირობას. ამ დროს არწივები ძალიან ავდებიან, გულადობა და შეუპოვრობა ერთი სამად ემატებათ და არც ფრინველებს, არც პატარა ცხოველებს მოსვენებას აღარ აძლევენ. 

მონადირე ძალიან გამოცდილი და გამბედავი უნდა იყოს, რომ არწივს ბარტყები მოპაროს და ცოცხალი გადარჩეს. არწივები ადამიანს სასიკვდილოდ დაჭრიან და დაამახინჯებენ ხოლმე.


აი ერთი უცნაური მოთხრობა არწივებთან ბრძოლის შესახებ


ერთმა მონადირემ მაღალ კლდეზე არწივის ბუდე შეამჩნია და იქიდან ბარტყების ამოყვანა მოინდომა. რადგან ქვემოდან ბუდეს ვერ მიწვდებოდა, შეეცადა, როგორმე ზემოდან ჩასულიყო. მონადირე რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად წავიდა, თან კანაფის მსხვილი თოკი წაიღო. როცა კლდეზე ავიდნენ, ახალგაზრდებმა მონადირეს თოკი შემოარტყეს, იღლიებში ამოსდეს და ფრთხილად, ნელ-ნელა ძირს, ბუდისკენ ჩაუშვეს. 

გამბედავ მონადირეს ხმალი ერტყა, რომ არწივები მოეშორებინა, თუკი უცებ გამოჩნდებოდნენ და ბრძოლას დაუწყებდნენ. როცა ბუდემდე ჩავიდა, ორი ბარტყი ამოიყვანა, პარკში ჩასვა და თავის ამხანაგებს ანიშნა, რომ თოკი ზემოთ აეწიათ. კლდის წვერს ბევრი აღარ აკლდა, როცა დედალ-მამალი არწივი გამოჩნდა და მონადირეს საშინელი ყვირილით მიესივნენ. 

მონადირე ხმალს ხან აქეთ იქნევდა, ხან იქით და ერთი არწივი მოკლა კიდეც, მაგრამ მეორე არწივი გაფრთხილდა და უფრო კაპასი ბრძოლა დაუწყო. 

მამაც მონადირეს იმედი ჰქონდა, ამასაც ბოლოს მოვუღებო, მაგრამ ამ დროს გარშემო თვალი გადაავლო და საშინლად შეძრწუნდა, რადგან დაინახა, რომ თოკი ხმლით გადაუჭრია და მხოლოდ მის მეოთხედზე ჰკიდია საშინელი უძირო ხრამის თავზე... 

მონადირეს შიშით გული წაუვიდა. ხმალი ხელიდან გაუვარდა და ამხანაგებმაც ცოცხალ-მკვდარი ზემოთ აიტანეს. მონადირე ძლივსღა იცნეს, რადგანაც შიშის გამო თმა უცებ სრულიად გასთეთრებოდა...


ზოგადად არწივზე ნადირობა ძალიან ძნელია. ძალიან ფრთხილი ფრინველია და მიუდგომელ ადგილზე ჯდება; იშვიათად ხდება, რომ მონადირე სასროლ მანძილზე მიეპაროს. ცოცხლის დაჭერა კიდევ უფრო ძნელია. ზოგან არწივს ხაფანგით იჭერენ, შინ მიყავთ და აშინაურებენ. არწივი ადვიალდ შინაურდება. მას ნადირობას ასწავლიან: აჭერინებენ კურდღელს, მელას და მგლის ლეკვებსაც კი.

არწივი დიდხანს ცოცხლობს. ერთ ქვეყანაში მოშინაურებული ჰყავდათ არწივი, რომელმაც ას ოთხი წელიწადი იცოცხლა. ტყესა და მინდორში რომ თავისუფლად ყოფილიყო, რასაკვირველია უფრო ბევრს იცოცხლებდა.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ