მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 729 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პატარა მაროს მისმა ძმამ მერცხლის ბარტყი მიუყვანა.

მაროს ძლიერ უყვარდა პატარა ფრინველები, ამიტომ სათუთად გაზარდა მერცხალი და მოაშინაურა.

სრულიად მიჩვეული მერცხალი არხეინად დაფრინავდა ოთახში და თავისი ჭიკჭიკით ამხიარულებდა მთელ სახლს. მარო ანებივრებდა მერცხალს, ეალერსებოდა და საუკეთესო საჭმელს არ აკლებდა. მერცხალმაც ძლიერ შეიყვარა პატარა კეთილი გოგონა და სულ მის გარშემო ტრიალებდა; ხან თავზე აჯდებოდა, ხან ხელზე, ხან წინ გაუფრენდა, ხან უკან მოექცეოდა, ხან ზევიდან დასტრიალებდა, თითქოს თავს ევლებაო.

ასე ტკბილად ატარებდნენ დროს დიდი ხნის განმავლობაში პატარა გამდელი და მისი ჭიკჭიკა შვილობილი; მაგრამ ამ სიტკბოებას  საუბედუროდ მალე ბოლო მოეღო.

ერთხელ მარო ტახტზე იყო ჩამომჯდარი და ბანქოების ხუხულას აკეთებდა. უნდოდა, აეგო ჩინებული ორსართულიანი ბანქოს შენობა. მაროს ამისთანა შენობის დამთავრება ძლიერ გაუძნელდა, თუმცა  ხუხულების კეთებაში ბადალი არ ჰყავდა. ათჯერ მაინც აიყვანა ხუხულა ზემო ბანამდე, მაგრამ სწორედ დახურვის დროს ჩამოეშლებოდა ხოლმე და ამდენი შრომა და წვალება ფუჭად მისდიოდა. სხვა ამ საქმეს თავს დაანებებდა, მაგრამ მარო მეტად შეუპოვარი ბავშვი იყო და რასაც მოიწადინებდა, უთუოდ უნდა შეესრულებინა. ამიტომ ხუხულას თავი არ დაანება და იქამდე ეცადა და იწვალა, ვიდრე გულის წადილს ეწეოდა. აიყვანა მაღალი კედლები, გაუკეთა კარები და ბოლოს ბანი ზემოდან ისეთი სიფრთხილით გადახურა, რომ არც ერთი ბანქო იოტის ოდენად არ შეუნძრევია. დამთავრდა, დასრულდა მაღალი, ორსართულიანი და მეტად შნოიანი ხუხულა; მაგრად და ლამაზად იდგა და ჩამოშლის შიში აღარ იყო.

მაროს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. დიდებულის მცხეთის ტაძრის აღმშენებელიც კი იმაზე მეტ სიხარულს არ გამოივლიდა, რასაც ამ წამს მარო გრძნობდა.

„როგორ გაიხარებს დედაჩემი, როცა ამ მშვენიერს ხუხულას ნახავს“, - იფიქრა მარომ, და ზეზე ადგომა იწყო, რომ დედისაკენ გაქანებულიყო, მოეყვანა, ენახებინა თავისი ხუხულა, თავი მოეწონებინა და გაეხარებინა. მაგრამ სწორედ ამ დროს თაროდან წამოვარდა მერცხალი და უნდოდა ხელზე დაჯდომოდა მაროს. ამითი უნდა ეჩვენებინა მერცხალს თავისი გამდელისთვის, რომ მასაც მოსწონდა მისი ჩინებული ხუხულა და მის სიხარულს თავის სიხარულსაც უერთებდა. მაგრამ ღმერთმა თქვენს მტერსაც ნუ მისცეს ის სიხარული, რაც მერცხალმა მაროს მიაყენა: ხელზე დაჯდომის დროს ფრთა მოახვედრა ხუხულის ბანს და ერთის თვალის დახამხამებაში მთელი შენობა რახა-რუხით ჩამოიშალა ბანიან-კედლებიანად.

მცხეთის ტაძარი რომ დანგრეულიყო მისი დასრულების დროს, მისი სახელოვანი ოსტატიც კი არ გამოცდიდა იმაზე მეტს სიმწარეს, რაც პატარა მარომ იგრძნო თავისი ხუხულის დანგრევით. ჯერ თითქმის გული შეუწუხდა, მერე ეს გულის წუხილი სიბრაზედ გადაექცა და თავისი ბრაზი იყარა იმაზე, ვინც უნებლიეთ ხუხულა ჩამოუშალა. მისწვდა თავის საყვარელ მერცხალს, სტაცა ხელი და რამდენჯერმე დაურიდებლად ჩაარტყა თავში. ნაზმა ფრინველმა ვერ აიტანა ცემა, დაეცა ძირს, დაიწყო საცოდავად ფართხალი, მერე გაიშოტა და სული დალია.

„ვაიმე, დედავ, მოვკალი ჩემი ჭიკჭიკა,“ - ამოიკვნესა მარომ და წასკდა მდუღარე ცრემლი თვალებიდან; მერე ხვეწნა დაუწყო თავის საყვარელ ფრინველს: ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო, მოცოცხლდი, გამოიღვიძე და გეფიცები, რომ არასოდეს ხელს აღარ გახლებ და სიყვარულის მეტს არაფერს გიჩვენებო. მაგრამ მერცხალი გაშეშებული იყო და ვეღარ მოასულიერა მაროს ალერსმა და ტირილმა.

მარომ გამოიტირა თავისი უბედური შვილობილი, მერე წაიღო და ბაღჩაში ალუბლის ქვეშ დამარხა. ხშირად დადიოდა შემდეგში მერცხლის საფლავზე და წუხდა თავის დანაშაულზე.

ეს უბედური შემთხვევა ისე ღრმად დარჩა გულში მგრძნობიარე მაროს, რომ ამის შემდეგ ჭირივით შესძულდა გაბრაზება.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ