მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 15442 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთობის ძალა

 

ძველ დროში მთელი საქართველო, შავი ზღვიდან დაწყებული ლეკეთის საზღვრამდე, ერთ შეკრულ სახელმწიფოს შეადგენდა.

კახელნი, ქართლელნი, იმერელნი, გურულნი, რაჭველნი, მესხნი, მეგრელნი, სვანნი და თვით აფხაზნიც შეერთებულნი იყვნენ ერთი დროშის ქვეშ, ემორჩილებოდნენ ერთ მბრძანებელს, ერთ მეფეს, ძმურად, თამნხმობით და სიყვარულით ეპყრობოდნენ ერთმანეთს და ერთნი იყვნენ ჭირშიც და ლხინშიც.

ამ ერთობის გამო საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, მტრებზე ბრწყინვალედ იმარჯვებდა, მისი სახელი უცხო ქვეყნებშიც ქუხდა და შინაც ჰყვაოდა, კეთილდღეობით ტკბებოდა. მაშინდელი საქართველო მოგაგონებდათ იმ მაგრად შეკრულ ისრების კონას, რომელსაც ერთმა ძლიერმა მეფემ ვერაფერი დააკლო, ვიდრე არ გახსნა კონა და ისრები არ გააცალკევა. ამისთანა სანატრელ მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვეყანა მეტადრე ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებელისა და დიდებულის თამარის დროს.

მტრებს სწადდათ საქართველო შეესუსტებინათ, დაემხოთ, დაენაწილებინათ და გაეყოთ. მტრებმა კარგად იცოდნენ, რომ ვიდრე ქართველებში ერთობა სუფევდა, თავის გულისწადილს ვერ აისრულებდნენ. ამიტომ გაიძვერობას მიმართეს, ყოველგვარი ხრიკებით მუდმივად ცდილობდნენ, ძმები ერთმანეთისთვის დაეშორებინათ, მათ შორის შური და განხეთქილება ჩამოეგდოთ და საქართველოში შინაური ბრძოლა აეტეხათ.

 

განცალკევება შობს უძლურებას

 

მტრებს ხელი შეუწყო იმ დიდკაცების თავმოყვარეობამ, რომელთაც მეფობა სწყუროდათ ან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელში ჩაგდება სურდათ. მათ ბოროტ განზრახვას დაეხმარა სხვა ქართველების წინდაუხედაობა. მალე ცალ-ცალკე გაიწიეს კახეთმა, ქართლმა, იმერეთმა, მესხეთმა, ანუ სამცხემ, გურიამ, რაჭამ, სამეგრელომ, სვანეთმა, აფხაზეთმა.

თითეულმა მხარემ დაისვა საკუთარი მეფე, ან მთავარი. ერთობა გაქრა, ქართველთა შორის ძმობა მოისპო, მაგრად შეკრული და გაუტეხელი ეროვნების კონა დაიშალა და ადვილად სალეწი გახდა. უბედურება ამითაც არ გათავდა. ძმებმა, რომლებიც დაჩვეულები იყვნენ მტერთან საერთო ბრძოლას, ერთმანეთს დაუწყეს ომი. გახშირდა შინაური შფოთი, ძმებისაგან ძმების სისხლის ღვრა. კახეთის მეფე ებრძოდა ქართლისას, ქართლისა - იმერეთისას, იმერეთის მეფეს ხშირად ჰქონდა ომი სამეგრელოს ან გურიის მთავართან, და სხვა; დაუძლურდა ჩვენი ქვეყანა: მაღალი ღობე დაბალ ღობედ  გადაიქცა. მტრებმა დაიბრიყვეს საქართველო, თელვა დაუწყეს. ქვეყნის წინათ ნაქები სახელი გატყდა, გათახსირდა.

გულმხურვალე მამულიშვილებს გული უკვდებოდათ, როდესაც ამისთანა სავალალო ყოფაში ხედავდნენ საქართველოს. ისინი სულ იმის ფიქრში იყვნენ, თუ როგორ მოესპოთ ქართველების გაცალკევება და წინანდებურად გაერთიანებულიყო მეფის ბრძანებლობის ქვეშ მთელი ქვეყანა, გაეძლიერებინათ იგი დ ისევე მაღალ ღობედ გაეხადათ.

 

აზნაური იოთამ ზედგინიძე

 

ერთი ასეთი გულმხურვალე მამულიშვილი იოთამ ზედგინიძე  ცხოვრობდა მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში. მაშინ საქართველო სულ ახალი დანაწევრებული იყო სამეფოებად; ქართლ-კახეთის მეფედ იჯდა გიორგი მერვე.

გიორგი მოწადინებული იყო, გაეერთიანებინა ქვეყანა: პირველად მესხეთი, ანუ სამცხე დაემორჩილებინა, რომლის მთავარი ყვარყვარე ათაბაგი განზე გაუდგა; მერე დაეპყრო იმერეთის სამეფო და ბოლოს შემოეერთებინა საქართველოს სხვა კუთხეებიც.

აზნაური იოთამ ზედგინიძე აღტაცებაში მოჰყავდა გიორგი მეფის განზრახვას. მის ოცნებაში მთელი საქართველო უკვე შეერთებულ სამეფოდ იხატებოდა, ხოლო მის ერთადერთ მეფედ - გიორგი, რომელიც შემუსრავდა საქართველოს ყველა გარეშე მტერს, გააძლიერებდა ქვეყანას და დაამყარებდა მტკიცე ერთობას, სანატრელ ძმობას იმერთა და ამერთა შორის.

ამის გამო იოთამი გიორგის უერთგულესი ქვეშევრდომი იყო, მისი სრული მორჩილი და ყველა მბრძანების აღმასრულებელი. ამასთან იოთამს გიორგი მეფე ძლიერ მოსწონდა, როგორც ადამიანი და მის მიმართ მხურვალე მეგობრულ სიყვარულს გრძნობდა. მეფე-მეგობრისათვის იოთამი არ დაიშურებდა არც გულს და არც სულს და მისი სიცოცხლის დაუძინებელი დამცველი იყო.

გიორგი მეფე თავისი ჯარით იდგა ახლანდელ ჯავახეთში, ფარავნის ტბის აქეთა მხარეს; იქითა მხარეს კი დაბანაკებული იყო ყვარყვარე ათაბაგი.

დღეს-ხვალ ძმათა შორის ომი უნდა მომხდარიყო.

 

საზარელი შეთქმულება

 

გიორგი მეფის მტრებს ომის ეშინოდათ და დამარცხება რომ თავიდან აეშორებინათ, საშინელ ღონისძიებას მიმართეს: მათ არ ითაკილეს საზიზღარი შეთქმულება და განიზრახეს, ღამით ჩუმად მიეგზავნათ მოსყიდული მკვლელები, მოესპოთ გიორგის სიცოცხლე და ამოეჟლიტათ მისი მხლებლებიც.

იოთამ ზედგინიძემ, რომელიც სულ იმის ზრუნვაში იყო, მეფეს ხიფათი არა შეემთხვეს - რაო, ეს შეთქმულება შეიტყო, ძლიერ შეშფოთდა და მაშინვე მოახსენა მეფეს დაწვრილებით.

მეფე თვითონ იყო კეთილი გულის პატრონი, სულგრძელი, სხვებიც თავისავით სულგრძელი ეგონა და ამიტომ არ დაიჯერა საზიზღარი ღალატი.

ბევრს ეცადა იოთამი, დაერწმუნებინა მეფე თავის სიმართლეში, მაგრამ ამაოდ. მეფემ ეჭვიც კი არ შეუშვა გონებაში.

იოთამი ხედავდა, რომ მეფეს სიკვდილი არ ასცდებოდა, საქართველოს შეერთების გეგმა ჩაიშლებოდა და თვითონ მას პირადად მოაკლდებოდა მზრუნველი მამა და მეგობარი. ამის გამო საშინელ მწუხარებას გრძნობდა. იოთამმა თქვა: "მეტი ღონე არ არის, თავი უნდა გავწირო მეფისათვის და ჩემი სიკვდილით დავიცვა მისი ძვირფასი სიცოცხლე".

შემდეგ მივიდა მეფესთან და მოახსენა: "თუ მე ვცდები და ჭეშმარიტი არ არის ჩემი სიტყვა, მაშინ გევედრებით, მომცეთ ნება, რომ ამ ღამეს მე დავწვე სამეფო საგებელში".

მეფე დათანხმდა, რადგანაც სრულიად დარწმუნებული იყო, რომ არავითარი შეთქმულება მის წინააღმდეგ არ არსებობდა და იოთამი ტყუილ ეჭვიანობას შეეპყრო. 

შევიდა საღამოს იოთამ ზედგინიძე მეფის საძინებელში და დაწვა მის ქვეშაგებში.

მეფემ კი იმ ღამეს სხვაგან დაიძინა ტკბილი და მშვიდობიანი ძილით, რადგანაც ფიქრობდა, რომ იოთამს არაფერი დაუშავდებოდა და მეორე დღეს მიულოცავდა დილას მშვიდობისას.

 

სახელოვანი სიკვდილი ზედგინიძისა

 

წევს იოთამი მეფის ქვეშაგებში, ელის მკვლელებს და თან ავედრებს ღმერთს საქართველოს, მეფეს, თავის შვილებსა და თავის თავს. 

შუაღამე გადავიდა, მაგრამ მკვლელები ჯერ არსად სჩანან, იგვიანებენ. იოთამს ეჭვი შეეპარა, იქნებ, მართლა ტყუილი გამოდგეს შეთქმულებაო.

კიდევ კარგა ხანი გავიდა, ასე რომ, ირიჟრაჟა. შორი-ახლო დაყენებულ მცველებს ძილი მოერიათ და თავი ვეღარ შეიმაგრეს, რადგანაც შეთქმულება ტყუილი ეგონათ.

ყველა მცველს ღრმად ჩაეძინა. ჩასთვლიმა იოთამსაც. სწორედ ამ დროს ბინდბუნდში გამოჩნდა რამდენიმე ჩრდილი, ფეხაკრეფით, ერთი მეორის უკან რომ მიიპარებოდა მეფის საწოლისაკენ.

აი, მიუახლოვდნენ მას და შეჩერდნენ. სული განაბეს, გაფაციცებით დაათვალიერეს გარშემო ადგილები და სმენად გადაიქცნენ. არსაიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ყველა სულდგმული დილის ღრმა ძილს მისცემოდა.

დაიძრნენ ისევ ჩუმად და მივიდნენ მეფის საწოლი ოთახის კართან ისეთი სიფრთხილით, რომ ბურანში მყოფმა იოთამმა ვერაფერი შეიტყო.

უცებ შეაღეს კარები, ერთი თვალის დახამხამებაში შეცვივდნენ ოთახში და დაუშინეს ხანჯლები ლოგინში მწოლიარეს, რომელიც გიორგი მეფე ეგონათ. მაგრამ მალე ხმაზე იცნეს იოთამი, თავიანთი შეცდომა გაიგეს, ხანჯლების ცემა შეწყვიტეს, გამოცვივდნენ გარეთ და გაქრნენ ღამის სიბნელეში.

მეორე დღეს, სისხამ დილაზე, მეფე გაეშურა იოთამისაკენ. ეგონა, ან ტკბილ დილის ძილში იქნება, ან ახლად გამოღვიძებული დამიხვდებაო. აი, მეფემ შეაღო კარები და თვალთ დაუბნელდა, ისეთი საზარელი სანახავი დახვდა. საწყალი იოთამი, ბევრგან ხანჯლით დაჭრილი, საკუთარ სისხლში ცურავდა; ჯერ კიდევ სული ედგა, მაგრამ სიკვდილამდე ცოტაღა დარჩენოდა.

თავზარდაცემული მეფე საშინელ სინანულში ჩავარდა; თავის თავს აბრალებდა ერთგული ყმისა და მეგობრის სიკვდილს, თვალებიდან ცრემლის ნაკადული წასკდა და მხურვალედ მოეხვია მომაკვდავ იოთამს.

მეფის ასეთმა მოპყრობამ იოთამი ცოტა ხნით მოასულიერა და დაუტკბო სიცოცხლის უკანასკნელი წამები. მეფემ მომაკვდავს შეჰფიცა: შენს მკვლელებს ხელთ ვიგდებ და სამაგალითოდ დავსჯი, შენს შვილებსაც გავაბედნიერებო.

თავდადებულმა იოთამმა თავისი საყვარელი მეფის ხელში დალია სული, რომელიც მან გასწირა სამშობლოსა და მეფის ბედნიერებისათვის.

გიორგი მეფემ იოთამს სავსებით აღუსრულა თავისი აღთქმა. მისი მკვლელები იმავე დღეს შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. ომის დასრულების შემდეგ იოთამის უფროს შვილს თავადობა დაუმკვიდრა და დიდძალი მამულები უბოძა.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ