მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 43879 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?

 

რას ნიშნავს სიყვარულირას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული? - ამ კითხვაზე ყველა ადამიანი ვერ გაგცემთ პასუხს.

რას ნიშნავს ეს დუმილი? - იმას ხომ არა, რომ არასოდეს ყვარებიათ? იქნებ ეს იმის მიზეზია, რომ ბავშვობაში იყვნენ მოკლებული სიყვარულსა მზრუნველობას, რამაც ჩაკეტილობა და გრძნობების ბლოკირება გამოიწვია.

სხვა საქმეა, როცა ადამიანს უყვარს და არ აღიარებს ამას. კიდევ უფრო უარესი - როცა არ უყვარს და ცდილობს საწინააღმდეგო დაამტკიცოს.

სამწუხაროდ, უამრავ ადამიანს დედამიწის ზურგზე არა აქვს უნარი გამოსცადოს სიყვარულის მშვენიერი გრძნობა, თუმცა ამას უსათუოდ ყველა იმსახურებს.

მათი განსჯა, ვისაც სიყვარული არ შეუძლია, არ შეიძლება, რადგან ისევე, როგორც ყველა სიკეთე, ადამიანს სიყვარულის უნარიც ღმერთისგან მიეცემა და ის, რაც ღმერთმა არ მისცა, არ შეიძლება იყოს ადამიანის ბრალი.

სიყვარული უპირველეს ყოვლისა გრძნობით იწყება, რომელიც ზოგჯერ ადამიანის გულში, ყველაზე წარმოუდგენელ მომენტში იბადება და მას არ შესწევს ძალა წინ აღუდგეს ამ გრძნობას.

მართალია გრძნობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიყვარულს, მაგრამ გულში გაჩენილ გრძნობას ლტოლვა მოჰყვება ხოლმე, ხოლო თუ ლტოლვა სიყვარულში გადაიზარდა, ადამიანს შეუძლია უბედნიერესად ჩათვალოს საკუთარი თავი.

სიყვარულია - როცა ვერ წარმოგიდგენია საკუთარი თავის მის გარეშე, ვინც გიყვარს და სიცოცხლეც მხოლოდ იმ ადამიანის გამო გიხარია, რომელიც ყოველ დილით გაიძულებს დაიწყო დღე ღიმილით და გიხაროდეს ყოველი წამი. მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია დაგანახოს სიცოცხლის აზრი, მხოლოდ მისი ღიმილი და გამოხედვა აიძულებს გულს აჩქარებით დაიწყოს ცემა.

სიყვარული არ არის, როცა ყველაფერი „გონიერების ფარგლებშია“, მას არ სჭირდება საზღვრები და სივრცე. სიყვარულია როცა შეგიძლია საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირო საყვარელ ადამიანს.

სიყვარული თავგანწირვაა და არ არსებობს რამე უფრო სასიამოვნო დედამიწის ზურგზე, ვიდრე საყვარელი ადამიანისთვის თავის გაწირვა, როცა ყოველ გადალახულ სიძნელეს მოაქვს ათასჯერ მეტი სიხარული და ხელს გიწყობს მის უკეთ შეცნობაში.

თუ ადამიანი არ არის მზად ამგვარი მსხვერპლისთვის, იგი ვერასდროს შეძლებს სრულად დატკბეს სიყვარულის გრძნობით.

სიყვარული - ჰარმონია და ეიფორიაა - ერთდროულად! უნდა შეძლო, დაინახო და შეიგრძნო იგი სადღაც, საკუთარი ქვეცნობიერის სიღრმეში. ეს ძალიან ფაქიზი უნარია და მასშიც დევს სიყვარულის უნარის ნიჭი.

სიყვარულია, როცა თავად კი არ გსურს იყო ბედნიერი, არამედ ბედნიერი გახადო სხვა ადამიანი. ეს არ არის ბრმა თაყვანისცემა - დაფასება და მისი სწორად შეფასების უნარია.

რა არის სიყვარულისიყვარული არ არის რევერანსი იდეალის მიმართ...

სიყვარული გაცნობიერებაა, რომ შენს გვერდით დგას არა უნაკლოება, არამედ ცოცხალი, ხორცშესხმული ადამიანი და მიიღო იგი ყველა თავისი შესაძლო ნაკლოვანებებით.

სიყვარულია, როცა გსურს არა საყვარელი ადამიანის ხშირად ნახვა, არამედ მასთან ერთად ცხოვრება.

სიყვარული არ არის დღევანდელობა, იგი ერთობლივი მომავლის განჭვრეტის სურვილია.

შეყვარებული ადამიანი არ შეიძლება იყოს მრისხანე და არამიმტევებელი. იგი ლმობიერია, ლმობიერება წარმოშობს პატიებას და პატიება სწორედ ის კარებია, რომლის უკანაც ცხოვრობს სიყვარული.

სიყვარული ჰუმანიტარული ტერმინია - მას ვერასოდეს აღწერ სიტყვებით და ვერ გადმოსცემ წერილობით. დღემდე ეს ვერავინ შეძლო.

 

სიყვარულის არსი

 

სიყვარულის არსიადამიანების უმრავლესობას დღესაც არასწორად ესმის სიტყვა - სიყვარულის მნიშვნელობა და ვერ არჩევს მას ლტოლვისაგან. ეს კი სხვადასხვა ცნებებია.

ლტოლვა - უფრო ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, სიყვარული კი - სულიერი მდგომარეობა.

ლტოლვა - მხოლოდ ჰორმონების თამაშია. და ამ შემთხვევაში რა არის ნამდვილი სიყვარული? 

როცა ადამიანი განიცდის სიყვარულს, მისი ქცევის ძველი მოდელი აბსოლიტურად იცვლება, იგი შეიგრძნობს იგივეს, რასაც გრძნობს მისი სიყვარულის ობიექტი და გადააქვს მისი ყველა ტკივილი თუ სიხარული საკუთარ თავზე.

სიყვარული გარკვეულწილად თვითმკვლელობაა, დიახ! ეს არის გარკვეულწილად საკუთარი „მეს“ და საკუთარი ინდივიდუალურობის მკვლელობა (თუმცა ბევრი საწინააღმდეგოდ ფიქრობს).

სიყვარული - საკუთარი განვითარების სხვა ადამიანის განვითარებისთვის მსხვერპლად შეწირვა, მის ნერვულ სისტემასთან ერთგვარი მიერთება, ტკივილი, ტანჯვა და გმირობაა.

და მაინც, როგორ შეიძლება ლტოლვა გავარჩიოთ სიყვარულისგან? ლტოლვა და გატაცება ყოველთვის არ გადადის სიყვარულში, თუმცა ძალიან ხშირად მას სწორედ სიყვარულად მიიჩნევენ ხოლმე.

ყველაფერი ეს ინფანტილური ადამიანებისგან მოდის, რომელთაც გადააქციეს სიყვარული ერთგვარ "love" - ებად, წითელ გულებად, მშვილდისრიან ანგელოზებად, მდაბიო ვიდეორგოლებად, ათასგვარ ცარიელ ციტატებად და ა.შ.

ერთი სიტყვით, თავად საზოგადოებამ გაამარტივა, გააუბრალოვა და ყოფით წვრილმანებამდე დაიყვანა მისი მნიშვნელობა.

მოხდა სიყვარულისა და ლტოლვის ცნებების ერთმანეთში აღრევა. თუ სიყვარული  - რაღაც ამაღლებულია, ლტოლვა, გატაცება და ვნება - ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია, ზუსტად ისეთი, როგორიცაა - შიმშილი, ძილი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ა.შ.

ეს უბრალო, პრიმიტიული გრძნობებია, პირველყოფილი ინსტიქტი, და მასობრივი კულტურა დიდწილად აგებულია სწორედ ადამიანის მიმართ ლტოლვის პრიმიტიულ გრძნობაზე. სწორედ ამ კულტურის შედეგად მოხდა მისი დეგრადირება და დაყვანა ადამიანურ ფიზიოლოგიურ გრძნობამდე და მოთხოვილემამდე.

დიახ, ლტოლვა სინამდვილეში ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, რომელიც ჰორმონალური აფეთქებითაა გამოწვეული.

ცნობილია, რომ როცა ერთ ადამიანს უყვარდება მეორე ადამიანი, მის ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონს - ოქსიტოცინი, რომელიც იწვევს რომანტიულ მიზიდულობას, აძლიერებს ადამიანურ ნდობას, ამაღლებს რწმენას, ამცირებს შიშის განცდას და ზოგადად, ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობის დამყარებას სხვა ადამიანებთან.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ოქსიტოცინი გამოიყოფა არა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს, არამედ მამაკაცებს შორის ურთიერთობის დროსაც. ნუ იჩქარებთ ნაადრევი მცდარი დასკვნების გამოტანას :-) აქ იგულისხმება მეგობრული ურთიერთგაგება და ურთერთპატივისცემა, რაც ყალიბდება ხოლმე მამაკაცებს შორის.

ოქსიტოცინის მოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება, როცა მისი გამოყოფა ხდება პარალელურ რეჟიმში ალკოჰოლის მიღებასთან ერთად (სულ ერთია, ამ დროს მამაკაცები შეექცევიან ალკოჰოლს, თუ ქალი და მამაკაცი). ალკოჰოლი სტიმულს აძლევს ოქსიტოცინის მოქმედებას, რომელიც იწვევს სიყვარულის მსგავს სიმპატიას.

(ქართულ ენაზე ამას - „დათვრა და ქალი მოუნდა (ან კაცი მოუნდა)“ ჰქვია :))

ადამიანს იზიდავს მეორე ადამიანი, თუ წარმოიქმნება ახალი მოთხოვნები ოქსიტოცინზე და დოფამინზე (ნეირომედიატორი - ნორადრენალინისა და ადრენალინის ბიოქიმიური წინამორბედი), მაგრამ შემდგომ, ძირითად შემთხვევებში მისი მოქმედება ქრება.

სიყვარულისიყვარულს ხშირად მიაწერენ ხოლმე სექსუალურ ლტოლვას, თუმცა იგი არ განისაზღვრება სექსუალური ლტოლვის ხარისხით.

შეიძლება ადამიანის მიმართ არ განიცდიდე აბსოლიტურად არავითარ ინტიმიური სიახლოვის სურვილს, ამ დროს კი გიყვარდეს იგი და პირიქით.

აი მაგალითად: ზოგიერთი ქალი ამბობს - „მას აღარ ვუყვარვარ“, „მან სხვაზე გამცვალა“. სინამდვილეში მამაკაცს იგი არასოდეს ჰყვარებია. უბრალოდ გრძნობდა მის მიმართ ლტოლვას, რომელიც გაქრა, გაიარა...

ან კიდევ - „მე ის მიყვარს, ჩვენ ნამდვილი სიყვარული გვაქვს“, მაგრამ პირველივე ფორს-მაჟორის დროს, ეს „ნამდვილი სიყვარული“ სადღაც გამქრალა და მისი ადგილი წყენას და იმედგაცრუებას დაუკავებია.

ასე ხდება ხოლმე, როცა ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიურ ლტოლვას აქვს ადგილი და არა სიყვარულს.

როცა ერთი პიროვნება შეისუნთქავს მეორე პიროვნების ფორომონებს (ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ნივთიერებები, რომელთა უმეტესი ნაწილი გამოიყოფა იღლიის ფოსოსა და ბოქვენის მიდამოში, განაპირობებენ ქალის ინდივიდუალურ სუნს და იზიდავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს), იწყებს სექსუალური ლტოლვის შეგრძნებას, რადგან ლტოლვა ასე თუ ისე, საბოლოოდ მაინც ითვალისწინებს მოსალოდნელ სქესობრივ აქტს, ანუ განუწყვეტლივ დაკავშირებულია ამ ფაქტთან და წარმოადგენს მხოლოდ სქესობრივი აქტის ჩამოყალიბების სტადიას მამაკაცსა და ქალს შორის.

ლტოლვა (ვნება) თავისთავად გულისხმობს გარკვეული ჰორმონების სეკრეციას (გამოყოფას). მაგალითად, ამბობენ ხოლმე - „მისი გულისთვის წავალ ქვეყნის დასალიერში!“ - და მიდიან კიდეც! წავიდნენ, არაფერი ცუდი რა თქმა უნდა ამ ფაქტში არ არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მიდიან არა სიყვარულის, არამედ ლტოლვისა და მიზიდულობის მაღალი ხარისხის გამო, რომელიც გამოწვეულია დიდი რაოდენობით ჰორმონების - ბუნებრივი ნარკოტიკების (ენდორფინი, სეროტონინი, დოფამინი) გამომუშავებით.

ჰორმონებით მთვრალი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ადამიანი მიდის ნებისმიერ სიგიჟეზე საკუთარი სიყვარულის ობიექტის გამო და თუ მოხდა ისე, რომ ობიექტმა იგი მოულოდნელად მიატოვა, ამ ჰორმონების ნარკოტიკული შიმშილის გამო, იგი მზადაა მიმართოს რადიკალურ ზომებს - ზოგჯერ თვითმკვლელობასაც კი.

როგორ წესი, ეს ძირითადად ხდება პუბერტატულ პერიოდში (სქესობრივი მომწიფების პერიოდი), როდესაც ჰორმონალური აფეთქებები ისედაც მაღალია და დამატებით ხდება ამ საშიში გრძნობით მისი სტიმულაცია.

ნამდვილი სიყვარულინამდვილი სიყვარული არამც და არამც არ არის დაკავშირებული მხოლოდ სექსუალურ ლტოლვასთან!

თუმცა, სიყვარულის განსაზღვრის ერთ-ერთი ვარიანტი ნამდვილად არის ქალისა და მამაკაცის მისწრაფება და უზარმაზარი სურვილი - გახდნენ ერთნი - ერთიანი და მთლიანი, შეერთდნენ სისხლით (I have got you under my skin).

ამიტომ, სიყვარულში არც სექსუალური მხარის იგნორირება შეიძლება.

მის გარეშე, ერთმანეთისადმი ლტოლვა ვერ ჩაითვლება სრულყოფილ სიყვარულად. თუმცა გავიხსენოთ, რომ მსოფლიოში არსებობს ე.წ. "პლატონური სიყვარულის" (სიყვარული სქესობრივი კავშირის გარეშე) ლამაზი მაგალითები.

მართალია სიყვარული ადამიანის გრძნობებისგან განცალკევებული მოვლენაა, თუმცა შესაძლოა (და ხშირად ასეც ხდება) თან ახლდეს გარკვეული სახის გრძნობები, იქნება ეს: სექსუალური ლტოლვა, მიჩვევა, მშობლის ინსტიქტები... ზოგჯერ კი მრისხანება, წყენა...

დიახ, მაშინაც კი თუ წყვილები ხშირად ჩხუბობენ, ფიქრობენ რომ ვერ იტანენ და მოსწყინდათ ერთმანეთი - სიყვარული არსად მიდის, რადგან იგი არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ გრძნობის (როგორც კარგის, ასევე ცუდის) ხარისხზე.

სიყვარული არის ნიჭი მსხვერპლად გაიღო ვინმეს მიმართ ყველაზე ძვირფასი, რაც გაგაჩნია. ყველაზე ძვირფასი კი ადამიანისთვის არის საკუთარი სიცოცხლე. შესაძლოა გულწრფელად გჯეროდეს, რომ გძულს სხვა ადამიანი, მაგრამ რთულ სიტუაციაში თავი გაწირო მის გამო - და ეს სიყვარულია.

სხვა ყველაფერი ტყუილი ენის მოჩლექა და ვარდისფერი სათვალეებია.

 

სიყვარული და ქორწინება

 

სიყვარული და ქორწინებასიყვარული ქორწინებაში - არ არის მხოლოდ ვნებისა და სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება, ეს ღრმად ჰუმანიტარული ტერმინია, ხოლო ვნება სრულიად მატერიალურია და აიხსნება ამა თუ იმ ჰორმონების გამომუშავებით.

თითქმის ყველა დროში და ხალხებში ადამიანები ქორწინდებოდნენ არა მხოლოდ სიყვარულით, არამედ სხვადასხვა უცნაური წეს-ჩვეულებებით, ანგარებით, ანგარიშიანობით და ა.შ.

ერთიანდებოდა ოჯახები, სახლები, კაპიტალები. მაგრამ ცხოვრობდნენ, აჩენდნენ ბავშვებს და იქმნებოდა მყარი ოჯახებიც.

ქორწინება მყარია იმ შემთხვევაში, თუ დგას მყარ ფუნდამენტზე, მაგრამ თუ ქორწინების ფუნდამენტი მხოლოდ ლტოლვა, ვნება და ჟინის დაკმაყოფილებაა, გატაცება სწრაფად გაივლის ხოლმე და ასეთი ოჯახი მალე დაინგრევა.

სამწუხაროდ ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც (50%-ზე მეტი უკვე განქორწინებაზე მოდის და არა ქორწინებაზე). ეს სრული კატასტროფაა და ქვეყნის გენოფონდს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს.

მყარი, წარმატებული ქორწინების საფუძველი უნდა იყოს ორი ძირითადი პუნქტი: შვილები და საოჯახო მეურნეობა.

მეორე პუნქტი საკმაოდ ლოგიკურია, რადგან ორი ადამიანი ოჯახურ საქმეებს ერთობლივი ძალებით და კაპიტალის გაერთიანებით უფრო მარტივად მოაგვარებს, ვიდრე ერთი.

უხეშად რომ ვთქვათ - ქორწინება არის საწარმო ერთობლივი კაპიტალით, რომელიც შემდგომში მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავლობას.

პირველი პუნქტი კი ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ადამიანები აფორმებენ ქორწინებას, მათ მიზანს საზოგადოების ახალი წევრების გაჩენა და აღზრდა წარმოადგენს.

ამიტომ, ვალდებული არიან საკუთარი თავი მიუძღვნან შვილებს და სწორედ ეს ხაზი უნდა გასდევდეს მთავარ მოტივად მათ ქორწინებას. ასე იყო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ხალხებში და სახელმწიფოებში ჩვენს პლანეტაზე.

დღესდღეობით, თანამედროვე ქორწინება აღარ არის ისეთი, როგორიც იყო მაგალითად თუნდაც 100 წლის წინათ. ეს განსაკუთრებით ეხება დიდ ქალაქებს.

მოდით მოკლედ ჩამოვაყალიბოთ რა სახის ქორწინებები გვხვდება დღეს:

ე.წ. საცდელი ქორწინება - როცა ძალიან ახალგაზრდა წყვილები ცხოვრობენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად ისე, რომ იურიუდიულად არა აქვთ გაფორმებული საკუთარი ურთერთობა.

ე.წ. სამოქალაქო ქორწინება - როცა ზრდასრული და სოლიდური ასაკის ადამიანები ცხოვრობენ ერთად და ასევე არა აქვთ ურთიერთობა გაფორმებული იურიდიულად.

ე.წ. ქორწინებათა კასკადი - უკვე აღარ არის გამონაკლისი და საკმაოდ მომრავლდა (ქორწინებათა ჯაჭვი მთელი სიცოცხლის განმავლობაში)- ქორწინება - განქორწინება - ქორწინება - განქორწინება და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ ქორწინება გახდა პოლიგამური.

ქორწინების შიდა ცვლილებები - მკაცრი მონოგამია (ერთქორწინება) (ცალკეული, მეტ-ნაკლებად შემთხვევითი ცოლქმრული ღალატით) იცვლება ნახევრადლეგალური ქორწინების ფორმით - პრინციპით - ქორწინება+ქორწინების გარეთ სასიყვარულო ურთიერთობები.

სულ უფრო მეტი ქალი და მამაკაცი აღარ წარმოადგენს ერთმანეთისთვის ერთადერთ ქალს ან ერთადერთ მამაკაცს და გადადიან მთავარი ქალის ან მთავარი მამაკაცის რანგში.

ანუ უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, მეუღლეები იღებენ მთავარი (მაგრამ არა ერთადერთი) ქალის, ან მთავარი (მაგრამ არა ერთადერთი) მამაკაცის სტატუსს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პარტნიორების მხრიდან თანხმობის საფუძველზეც კი ხდება.

პს. ქორწინების ინსტიტუტის ყველა ეს ცვლილებები არ არის ზნე-ჩვეულებების დაცემის შედეგი. უბრალოდ მიმდინარეობს ცხოვრების წესების ღრმა ლიბერალიზაციის პროცესი, ფართოვდება ადამიანის თავისუფლების სფეროები, მათ შორის სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობის სფეროების.

ქორწინების ინსტიტუტი მხოლოდ ეწყობა და ეგუება სასიყვარულო ურთიერთობების ასეთ ცვლილებებს.

სიყვარული ქორწინებაშისიყვარული ქორწინებაში - არ არის მხოლოდ გატაცება და ლტოლვა - ეს მსხვერპლია, საკუთარი პირადი სივრცის, დროის, კომფორტის ზონის და ინდივიდუალურობის ნაწილის - შვილებისთვის და მეუღლისთვის მსხვერპლად შეწირვის ნიჭი.

შემთხვევითი არ არის ტერმინი „ცოლ-ქმრული მოვალეობა“ რომელიც ვალდებულებას ითვალისწინებს. სიყვარულის გარეშე კი ეს ვალდებულება ხშირად ტვირთად იქცევა ხოლმე, რადგან შეიძლება არ დაემთხვეს პიროვნულ სურვილებს...

როცა ოჯახი და ცოლ-ქმრული მოვალეობა ტვირთად გადაიქცევა, იქ სიყვარულის ადგილი აღარ რჩება...

მიუხედავად ამისა, არ შეიძლება კატეგორიული მტკიცება, რომ ქორწინება სიყვარულით, ყველა შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ანგარიშიანი (გონებით და არა გულით) ქორწინება.

სიყვარული - ქორწინების აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა ერთადერთი. ქორწინებისთვის სხვა აუცილებელი პირობებიცაა საჭირო: საცხოვრებელი, ფინანსური, ერთობლივი მიდგომა ბავშვების მიმართ, ადამიანური ურთიერთგაგება და სხვა.

ამიტომ, არ შეიძლება დაუპირისპირდე ანგარიშიან ქორწინებას. ქორწინება შეიძლება და უნდა შედგეს კიდეც როგორც სიყვარულით, ასევე ანგარიშიანობით.

მოდით ცოტა ხნით გავყვეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ქალმა შექმნა ოჯახი არა სიყვარულით, არამედ ანგარიშიანობით (ან იძულებით). აქ შეიძლება ყველაფერი განვითარდეს ორი სცენარით:

პირველი - როცა მეუღლეები ეტაპობრივად აღწევენ ორმხრივ სიყვარულს (მინიმუმ ურთიერთგაგებას)...

მეორე - როცა ქორწინება ემსგავსება წამებას...

პირველ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ორიოდე სიტყვით შევეხოთ მეორე სცენარს.

რა უნდა გააკეთოს ქალმა ამ დროს? ამ კითხვის დასმა დღეს სირცხვილიც კია. როგორ შეიძლება აიტანო ჯოჯოხეთი? - ვისი გულისთვისაც არ უნდა იყოს ეს - საზოგადოების, ნაცნობ-მეგობრების, მშობლების, და შვილების გამოც კი - დიახ, შვილების გამოც!

შვილზე საყვარელი რა თქმა უნდა არავინაა, მაგრამ ჯერ ერთი - რატომ უნდა აღიზარდოს ბავშვი სრულყოფილი ისეთ გარემოში, სადაც სიყვარულის და სიკეთის ნაცვლად უყურებს გულცივობას, უპატივცემულობას, სკანდალს და ცრემლებს?

და მეორე - რაც არ უნდა ჰარმონიულ ოჯახში იყოს აღზრდილი ბავშვი, რაც არ უნდა გადაყოლილი იყოს მასზე და ჯაჭვებით ჰყავდეს მიბმული, მშობელს მაინც ყოველთვის გამოეპარება მომენტი, როცა იგი ხელიდან დაუსხლტა (და ძალიანაც კარგი თუ დაუსხლტა. ჭკვიანი მშობელი პირიქით, ხელს შეუწყობს ამაში).

და რა რჩება შემდეგ? დანგრეული და გაუბედურებული ცხოვრების და დათრგუნული პირადი „მეს“ გარდა?

ამიტომ, არა აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება თუ მამაკაცი, უნდა შეძლოს და რაც შეიძლება დროულად და ლამაზად მოუღოს ბოლო ასეთ ურთიერთობას.

მართალია, არ არის ოჯახის დანგრევა მარტივი და უმტკივნეულო საქმე, მაგრამ გაცილებით და გამოუსწორებლად მტკივნეულია ასეთი ოჯახის შენარჩუნება.

მამაკაცები ამას უფრო მარტივად ახერხებენ, მაგრამ ქალები?...

„მე მომწონს როგორ მიდიან ლამაზი და მაღალი ქალები, სწრაფად და მიზანმიმართულად, ქუსლების კაკუნით და კარების ჯახუნით... შეიძლება შემდეგ ისინი სიმწრისგან ხმამაღლა ტირიან, მაგრამ ისინი მიდიან შესანიშნავად!.“
რემარკი

მართალი რემარკმა ეს მაღალ და ლამაზ ქალებზე თქვა, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა - ქალი იქნება, კაცი, დაბალი, მაღალი, ლამაზი თუ შეუხედავი. ეს ყველას ეხება. დასანგრევი დროზე უნდა დაინგრეს და არც ზედმეტად ტირილი და მოთქმაა საჭირო.

არავინ ამბობს, რომ არ უნდა განიცადო, მაგრამ არა ისე, რომ შენი განცდები ყველასთვის მომაბეზრებელი გახდეს. ადამიანმა წინ უნდა იყუროს. მაღალი ოპტიმიზმით აღიჭურვოს და შეეცადოს შეცდომები აღარ გაიმეოროს.

რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როცა არ ყალიბდება სიყვარული, მაგრამ წყვილები პატივისცემით არიან განმსჭვალული ერთმანეთის მიმართ და მათ შორის სრული ურთიერთგაგებაა ოჯახურ (და არა მხოლოდ) საკითხებთან დაკავშირებით.

ამ შემთხვევაში, ასეთი ოჯახი რა თქმა უნდა არ უნდა დაინგრეს და არ ინგრევა კიდეც. მილიონობით წყვილი ცხოვრობს დედამიწის ზურგზე, რომელთა შორისაც შეიძლება არ არის სიყვარული, მაგრამ სუფევს თანხმობა და ოჯახებიც საკმაოდ მყარია ხოლმე

წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის ინსტიტუტს, როგორც ასეთი, საფრთხეც დაემუქრებოდა.

სიყვარული და ქორწინებანამდვილი სიყვარული მონობის ტოლფასია! - ყური ხომ არ მოგჭრათ ამ ფრაზამ, ხომ არ გეხამუშათ ან დისკომფორტი შეგიქმნათ? შემთხვევით ხომ არ მიიღეთ საკუთარ თავზე? 

ხომ ფაქტია, რომ ბევრ ოჯახში ისეა მიღებული, რომ ცოლი (ან ქმარი) მეუღლისთვის წარმოადგენს თითქმის საკუთრებას და მისი დანიშნულება მხოლოდ თხოვნების და დავალებების შესრულებაა.

მაგრამ, ნამდვილი სიყვარული  მონობის ტოლფასია - ოღონდ ორმხრივი მონობის! როცა მონობა ორმხრივია, ანუ როცა მეუღლეები თანაბრად წარმოადგენენ ერთმანეთის მონებს, იქ არ არსებობს ექსპლუატაციის საფრთხე.

ეს არ ნიშნავს ისეთ მონობას, როცა არსებობს ბატონი და მონა. ეს ნებაყოფლობითი, ორმხრივი მონობაა. არსი მხოლოდ ამაშია!

როცა მეუღლეთაგან ერთ-ერთი წყვეტს მონობას და იწყებს მხოლოდ მოთხოვნების წამოყენებას, იგი ავტომატურად ხდება ბატონი და სიყვარულიც ქრება.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი (არა აქვს მნიშვნელობა ქალი თუ კაცი) ისე ღრმად არის ჩაფლული საკუთარ ეგოიზმში, რომ შესაძლოა ასეთი ფორმულირება მისთვის ველური აღმოჩნდეს - “როგორ შეიძლება ვიყო მონა?“. და ვერც მიხვდეს, რომ სიტყვა „მონა“ აქ გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული.

დიახ, ასეთი ადამიანები აღიქვამენ პარტნიორს როგორც კერძო საკუთრებას, როგორც მონას და ამავდროულად არ სურთ, თავადაც გახდნენ მონა.

სხვადასხვა გარემოში და როლში, მონობა შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს - ზოგადად ქალი გამოირჩევა სიმშვიდით და თვინიერებით, მამაკაცი კი დამცველი და საყრდენია.

რა თქმა უნდა სიყვარული ტოლფასია მონობის და არა მონობაა კლასიკური გაგებით :)

სიყვარულით ქორწინების არსი - საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაში და პარტნიორის მხრიდანაც მსხვერპლის მიღებაშია, რაც ძალიან ბევრს არ გამოსდის. როგორც ამბობენ: "ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას ჰგავს, ყველა მასზე საუბრობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს საკუთარი თვალით..."

სამწუხაროდ არ არის მარტივი ჰარმონიული ოჯახის შექმნა, პირიქით, ძალიან რთულია და ალბათ ამიტომაც გვხვდება ასეთი ოჯახები იშვიათად.

 

ნორმალური და არანორმალური სიყვარული 

 

ნორმალური და არანორმალური სიყვარულისიყვარულით გამოწვეული მოქმედების არეალი თავისი საფუძვლით ნორმალურია და ამავდროულად გულისხმობს ნორმიდან გარკვეულ გადახრებს - პათოლოგიამდეც კი.

არსებობს გარკვეული სირთულე იმ ფაქტის განსაზღვრაში, რა არის ნორმალური სიყვარულში და რა არა.

ნორმალური სიყვარული  - სქესობრივი სიყვარულია (ქალსა და მამაკაცს შორის), რომელიც მხარს უჭერს, შეაქვს ჰარმონია ყოველდღიურ ცხოვრებაში და წარმოშობს ახალ სიცოცხლეს. ერთი სიტყვით, ნორმალური სიყვარული ორმხრივი, ერთმანეთში გადანაწილებული სიყვარულია ქალსა და მამაკაცს შორის.

არ შეიძლება ფიქრი, რომ ნორმალური სიყვარული ერთნაირია ყველასთვის, რომ ესა თუ ის ნორმა იდეალური სიყვარულის ნიმუშია და სწორედ ამგვარი უნდა იყოს სიყვარულის ყველა ფორმა.

ნორმალური სიყვარული ერთობლივი და მრავალსახოვანია, ტიპიური და ინდივიდუალური, სერიული და უნიკალური.

ნორმა სიყვარულში - შუალედია უკიდურესობას, ერთიანობას და დინამიკურ წონასწორობას შორის და იმის გამო, რომ არ არსებობს იდეალური შუალედი და იდეალური წონასწორობა, არ არსებობს იდეალური სიყვარულიც.

რეალური სიყვარული ყველაზე კარგ შემთხვევაში ცოტათი მაინც განსხვავდება იმ სიყვარულისგან, რაც ადამიანს წარმოედგინა იდეალურად. ეს წარმოდგენა კი სხვადასხვაა ყველა ადამიანის წარმოსახვაში.

ნორმას წარმოადგენს არა მხოლოდ სქესთა თანასწორობა, არამედ გარკვეული დომინირება ერთ-ერთი მხარის მხრიდან. ასევე ნორმალურია არა მხოლოდ სულიერი და ფიზიკური წონასწორობა, არამედ ერთის ან მეორის გარკვეული სიჭარბე.

შეიძლება ზოგ წყვილს ჰქონდეს უფრო გამოხატულად ესთეტიური (დისტანტური) სიყვარულის დასაწყისი, სხვა წყვილს კი გრძნობითი-ხელშესახებითი (კონტატური).

ასევე ნორმალურია გასხვავება მშვიდ და მგზნებარე სიყვარულს შორის. სრულიად დასაშვებია განსხვავება ეგოცენტრული გადახრით სიყვარულს (როცა ადამიანს მეტად უყვარს საკუთარი თავი, ვიდრე პარტნიორი) და ალტრუისტული გადახრით სიყვარულს შორის (როცა ადამიანს პარტნიორი უფრო უყვარს, ვიდრე საკუთარი თავი).

და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ...

რაც შეეხება არანორმალურ სიყვარულს, ეს სულ სხვა ტიპის სიყვარულია.

არანორმალური შეიძლება იყოს უპასუხო, გაუზიარებელი სიყვარული, რადგან მასში არ რეალიზდება ჰარმონიისა და ბედნიერების წყურვილი.

არანორმალურია  - ადიქციური სიყვარული...

არანორმალურია სიყვარული მარტოობაში, რადგან ეს ფაქტიურად თვითდაკმაყოფილების ტოლფასია (როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში). ეს უკანასკნელი შეიძლება მიმდინარეობდეს ორი ფორმით: სქესობრივი სურვილის თვითნებური დაკმაყოფილების სახით (პოლუცია) ან გაცნობიერებული თვითდაკმაყოფილების გზით (მასტურბაცია).

რა თქმა უნდა თვითდაკმაყოფილება უკეთესია, ვიდრე სულ არაფერი, მაგრამ გაცილებით უარესია ნორმალურ სქესობრივ ურთიერთობებზე.

არანორმალურია გაუპატიურება, ერთსქესიანი სიყვარული (ჰომოსექსუალიზმი), სქესობრივი სურვილის დაკმაყოფილება ცხოველებთან, გარდაცვლილებთან და ა.შ.

არანორმალური სიყვარულიეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი სახეობები - სიყვარულის სუროგატები, ბნელი აჩრდილები და მქრქალი ასლები არიან. ისინი სწორედ იმიტომ მიიჩნევა არანორმალურ ფორმად, რომ წარმოადგენენ სიყვარულის ჰარმონიულის სახის დეფორმაციას.

სუფთა, სულიერი სიყვარული საწინააღმდეგო სქესის მიმართ (გაუზიარებელი ან ვირტუალური), რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესია, ვიდრე უსიყვარულობა (გრძნობების სიცარიელე). ის მხოლოდ მაშინ არის კარგი, როცა ორმხრივია, წარმოადგენს პრელუდიას, ან სიყვარულის დამატებას.

დისტანციური სიყვარული სასარგებლოც შეიძლება იყოს ცხოვრების საერთო კონტექსტში, როგორც თავისებური სასიყვარულო ტრეინინგი და სტიმული ხელოვნებისა და თვითსრულყოფისკენ. თუმცა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სიყვარული არასაკმარისია და ისწრაფვოს სრულფასოვანი სასიყვარულო ურთიერთობებისკენ.

არანორმალური სიყვარული - არ არის აუცილებლად პათოლოგია. იგი ასეთი ხდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში, მაგალითად: ფსიქიკური დაავადების პირობებში ან როგორც შედეგი დანაშაულებრივი ქმედებისა.

 

სიყვარული და მორალი

 

სიყვარული და მორალიორიოდე სიტყვით შევეხოთ მორალს - სიყვარულთან მიმართებაში. მაგრამ ისმის შეკითხვა - დაკავშირებულია თუ არა სიყვარული მორალთან და ღირს კი საერთოდ ამ თემას განხილვა?

ერთნი თვლიან, რომ მორალი სიყვარულში დევს და მისი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია; რომ სიყვარული მორალური პრინციპების გარეშე ვერ იქნება ძლიერი.

თუ სიყვარული იქნება მორალის გარეშე, ადამიანები ერთმანეთს მიანიჭებენ მეტ ტკივილს, ვიდრე სიხარულს.

სიყვარული უზარმაზარი ნდობაა, იმდენად ძლიერი, რომ მზად ხარ საყვარელ ადამიანს ანდო საკუთარი სიცოცხლე და ხომ არ იქნებოდა ამორალური, ამორალურად მოეპყრო ასეთ ადამიანს?

ან კიდევ, თუ პიროვნება გიყვარს და შესაბამისად ძლიერად ენდობი, რა აზრი აქვს, რომ ტკივილი მიაყენო საკუთარი ამორალობით?

ვერაფერი იტყვი, მოდით სხვა მოსაზრებებს და არგუმენტებსაც მოვუსმინოთ...

რაღაც ხარისხით სიყვარული და მორალი ურთიერთდაკავშირებული ცნებებია და არც ღირს მათი კავშირის ხარისხში ჩაძიება და დეტალებში განიხილვა

მორალი - არის წარმოდგენა ცუდზე და კარგზე, სიკეთესა და ბოროტებაზე. სიყვარულში კი არ არსებობს ცუდი, არ არსებობს ბოროტი.

ამიტომ, სწორედ მორალის ნათელი მხარეა სიყვარულის გამოვლინება.

აქაც ვერაფერს იტყვი...

ყველაფერი დამოკიდებულია აღზრდაზე და მსოფლმხედველობაზე.

მაგალითად - პროსტიტუცია ამორალურია, მაგრამ რამდენი მეძავი არსებობს, რომელიც შეუყვარდათ, დაქორწინდნენ და შექმნეს წარმატებული ოჯახები?

თუმცა, ამ საკითხის მიმართ ყველა ადამიანი არ ფიქრობს ერთგვაროვნად, ისევე როგორც ნაკლებად მიმტევებელნი არიან ამგვარი ფაქტების მიმართ განსხვავებული რელიგიებისა და მენტალობის ქვეყნებში.

ამიტომ, ერთნი თვლიან, რომ პირველ ადგილზეა მორალი და შემდეგ სიყვარული, სხვები კი პირიქით მიიჩნევენ.

ვერც აქ შეეკამათები...

მორალი ის საფუძველია, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანის ყველა გრძნობის შემდგომი გამოვლინება.

მორალი ერთგვარი აკვარელია, რომელიც იძლევა ამა თუ იმ ფერის გაჯერების საშუალებას და თუ ძალიან შეეცდები განსაზღვრო თითეული შენი გრძნობის ფერი, ყოველ ჯერზე, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იგი სხვადასხვა იქნება და არასოდეს იქნება ერთგვარი.

ფერთა შორის სხვაობა კი გაძლევს განვლილი სიცოცხლის სწორად შეფასების საშუალებას.

ყველაზე ნათელ, მზიან, გაცისკროვნებულ და შეუდარებელ ფერებს აკვარელი იძლევა ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა მთელი გულით ხარ შეყვარებული. ამიტომ, მორალის და სიყვარულის განცალკევება იგივეა, ერთმანეთს დააშორო გული და გონება, სმენა და თვალისჩინი, სიხარული და ბედნიერება.

აქ კამათი კი არა... შეიძლება დაჯდე და ცხარე ცრემლით იტირო :) ...

მორალსა და სიყვარულს შორის გარკვეული ურთიერთკავშირი არსებობს. თუმცა სიყვარული პირველადია და დგას მორალზე მაღლა.

რა თქმა უნდა, შეყვარებული პიროვნება ყოველთვის გაითვალისწინებს საზოგადოებისა და კანონის მოთხოვნებს და არ შესთავაზებს ძვირფას ადამიანს ისეთ მოქმედებას, რაც მას საყოველთაო გაკიცხვის, განსჯისა და საფრთხის წინაშეც კი დააყენებს.

დიახ! - დაიცავი, მაგრამ არ აიძულო! ეს მორალით ნაკარნახევი სიყვარულის ერთ-ერთი კანონია.

სიყვარულს თავისი შინაგანი მორალი აქვს, რომელიც არ არის გაწერილი საზოგადოებრივ კანონებში, ან გაწერილია ნაწილობრივ.

ზოგჯერ მორალი და სიყვარული ერთმანეთს ეჯახება კიდეც. მაგალითად, სიყვარულისა და ამორალობის აპოგეა არის ევთანაზია (უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტი).

დამაფიქრებელია. პრინციპში კამათი შეიძლება, მაგრამ ნუ ვიკამათებთ...

მორალი და სიყვარული არანაირად არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

ნამდვილი სიყვარული არაფერს სცნობს. მისთვის არ არსებობს არც იურიდიული და არც მორალური კანონები.

შეყვარებული ადამიანი გადააბიჯებს ყველას და ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი, რათა გახადოს სიყვარულის ობიექტი ბედნიერი.

სიყვარული არ ცნობს სახელმწიფოს, საზოგადოებას და მათ კანონებს.

სიყვარული ყოველთვის მიისწრაფვის გამარჯვებისკენ და თუ ეს სწრაფვა თანხვედრაშია მორალთან - ეს ბედნიერებაა.

ოჰო... ძალიან რიხიანი დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა :)...

პრინციპში, სიყვარული და მორალი ერთმანეთთან არანაირად არ არიან დაკავშირებული. 

სიყვარული -  ემოციის აფეთქებაა, რომელსაც შინაგანად გრძნობ კონკრეტული ადამიანის მიმართ.

მორალი - საზოგადოების სოციალური კოცეფციაა, ანუ ის, თუ როგორ ექცევი ადამიანს, რომელიც გიყვარს.

მორალი შეიძლება ჩაერთოს სიყვარულში მხოლოდ ამ ადამიანთან ურთიერთობის ჩამოყალიბების მომენტში.

არ არის ურთიერთობა - არ არის საჭირო მორალიც, თუმცა ამავდროულად შეიძლება გიყვარდეს და შენც იყო სიყვარული ობიექტი. 

სიყვარული პირადი ემოცია და პირადი საქმეა. არავინ არავის წინაშე არ არის ვალდებული და  ვიდრე ადამიანები არ არიან ერთმანეთთან ურთიერთობაში ნებისმიერი ფორმით, არანაირი მორალური ვალდებულება ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ.

მორალი მნიშვნელოვანია ადამიანების ურთიერთქმედებისთვის სოციუმში, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის გრძნობებს განიცდიან ისინი ერთმანეთის მიმართ.

მაგალითად, წყვილი მოხვდა დაუსახლებელ კუნძულზე. სადაც არიან მარტონი. სიყვარული მათ ექნებათ წლების განმავლობაში, ხოლო რაში დასჭირდებათ მორალი? - არაფერში! - იმიტომ, რომ კუნძულზე არ არის სოციუმი და არ მოქმედებს სოციალური პრინციპები.

თავხედური და კადნიერი მოსაზრებაა. თუ შეეკამათე, შეიძლება უარესიც მიიღო...

 

სქესობრივი მორალისქესობრივი მორალი - სქესობრივი მორალი ზნეობრივი ნორმების სისტემაა, რომელიც არეგულირებს ადამიანის სექსუალური ცხოვრების ყველა მხარეს.

იგი კონკრეტული საზოგადოების ზნეობრივ ფასეულობათა სისტემის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სქესობრივი მოქცევის წესებს, არამედ ეთიკურ, ესთეტიკურ შეხედულებებს, ჩვეულებებს (რომლებიც დაკავშირებულია სექსის საკითხებთან).

სქესობრივი მორალის გაგება რთულიცაა და მარტივიც. იგი არეგულირებს ადამიანების სქესობრივ ურთიერთობებს: აქეზებს, აიძულებს, ამისამართებს, ნებას რთავს, ან კრძალავს და ზღუდავს.

ყველა ეს წაქეზება, ნების დართვა, აკრძალვა თუ შეზღუდვა დაფუძებულია სიკეთისა და ბოროტების ცნებაზე, რაც თავის მხრივ გამომდინარეობს შემდეგი ოქროს წესებიდან: - „არ გაუკეთო სხვებს ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ“ და „მოექეცი სხვებს ისე, როგორც ისინი გინდა მოგექცნენ შენ“

უპირველეს ყოვლისა, სქესობრივი მორალი უბიძგებს ზრდასრულ ადამიანებს სქესობრივი ურთიერთობებისკენ და კრძალავს ასეთ ურთიერთობებს მშობლებსა და შვილებს, ძმასა და დას, ნათესავებს შორის, რაც სქესობრივი მორალსა და სქესობრივ ურთიერთობას შორის დამოკიდებულების უდავო უპირატესობაა.

სქესობრივი მორალი აღვიძებს ადამიანებში სქესობრივი ურთიერთობების სურვილს, რადგან ეძებს ამ ურთიერთობებში სიკეთესა და ბედნიერებას.

იგი ზღუდავს და კრძალავს სქესობრივ ურთიერთობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მოაქვთ, ან შეიძლება მოიტანონ ბოროტება და უბედურება.

არ შეიძლება სქესობრივი მორალი გაგებული იქნას როგორც აუცილებად შემზღუდველი და ამკრძალავი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვექნება რეპრესიულ (ანტისექსუალურ) მორალთან.

რაც შეეხება ცოლქმრულ ან სასიყვარულო ურთერთობებში დაბნეულობას, გაუგებრობას, ღალატს, უნებლიე შეცდომას თუ მოულოდნელ გამონათებას, რასაც მოჰყვა დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სქესობრივი ურთიერთობა, ეს თითეული ადამიანის პირადი საქმე და საკუთარ მორალთან, შინაგან „მესთან“ მარტო დარჩენის დროს საფიქრალი საკითხია.

აქ მორალის კითხვას არავინ აპირებს.


სიყვარული და გარეგნობა


სიყვარული და გარეგნობასაკმაოდ საკამათო თემაა, რადგან ყველა ინდივიდუალურად უდგება ამ საკითხს. არსებობს იმდენგვარი მოსაზრება, რამდენი ადამიანიც.

ყველას სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს საყვარელი ადამიანის ისეთ შესაძლო თვისებებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ფიზიკური შეხედულება, გაწონასწორებულობა, სექსუალურობა, კარიერა, ინტელექტი, წარმატებულობა, სიკეთე, შინაგანი ხიბლი და სხვა...

ზოგადად, გარეგანი ფაქტორებიდან, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მომხიბვლელობას, შეიძლება გამოვყოთ სამი ნიშანი - გარეგნული, სოციალური და ინდივიდუალური ნიშნები.

სოციალური ნიშნების როლი ანგარიშგასაწევია. მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო ცნობილია ადამიანი სოციუმში, მით უფრო მეტი მიზიდულობის ძალა გააჩნია მას. აქ იგულისხმება მხოლოდ დადებითი მიზიდულობის ადამიანები, რადგან სოციუმი ფართო ცნებაა და იგი შეიძლება მოიცავდეს გაიძვერა, ნაძირალა და ბოროტ ადამიანებსაც.

ზოგ ადამიანს ადვილად უყვარდება ცნობილი მომღერლები, სპორტსმენები, მსახიობები, მოდელები, ექიმები და ა.შ. თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიტიკოსებიც კი.

ზოგჯერ ასეთი სიყვარული ამართლებს და შემდგომ განვითარებასაც ჰპოვებს ხოლმე, ზოგჯერ კი თავს იჩენენ პრობლემები, რადგან თუ სოციუმი ფართო ცნებაა - მას პრობლემების ფართო სპექტრიც ახლავს თან.

ინდივიდუალური ნიშნები ყველაზე რეალური და ხელშესახები ფაქტორია. აქ სათქმელიც ბევრი არაფერია. მოსწონთ, უყვარდებათ ან სიყვარულს განცდიან ინდივიდუალურობის გამო. ნებისმიერი ადამიანი ხომ უნიკალური ინდივიდია, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებებით.

ეხლა რაც შეეხება გარეგნობას, რომელიც ყველაზე თვალსაჩინო და ხელშესახები მიზეზია:

მიუხედავად გავრცელებულია მოსაზრებისა, რომ გარეგნული იერსახე შეიძლება გადაფაროს ადამიანის სხვა, თუნდაც შესანიშნავმა თვისებებმა, გარეგნობა მაინც ერთ-ერთი საკვანძო მომენტია როცა ადამიანს უყვარდება. გარეგნობა ადამიანის შინგანი თავდაჯერებულობის ანარეკლია.

გარეგნობამ შეიძლება მოგაჯადოვოს, ან იმდენად უკუგაგდოს, რომ იმ ადამიანზე აღარ იფიქრო. დიახ! თუ ადამიანი არ მოგეწონა გარეგნულად, შესაძლოა მას საერთოდ გვერდი აუარო და არასდროს გაგიჩნდეს მასთან რაიმე სახის ურთიერთობის გაგრძელების სურვილი.

სულ სხვა საქმეა, როცა ადამიანს, რომელსაც უკვე იცნობ, მოგხიბლა საკუთარი თვისებებით და თავი შეგაყვარა. ამ დროს, არანაირი მნიშვნელობა გარეგნობას აღარ ენიჭება. თუმცა სხვა შემთხვევაში ასეთი გარეგნობის ადამიანისთვის შეიძლება გვერდიც აგევლოთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას. მართალია გარეგნობა პირველად ეფექტს ახდენს, მაგრამ შემდეგ მაინც წინა პლანზე გადამოინაცვლებს ადამიანის შინაგანი ფაქტორი.

მოკლედ რომ ვთქვათ - ეცნობი გარეგნობას - გიყვარდება სული.

რა თქმა უნდა შეიძლება მხოლოდ გარეგნობის გამო შეყვარებაც, მაგრამ სინამდვილეში, სიყვარულისთვის ადამიანის ფიზიკურ შეხედულებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

სამწუხაროდ, ამას ბევრი ვერ ხვდება ან ხვდება მაშინ, როცა უკვე ძალაინ გვიანაა, რადგან ხშირად, ლამაზი გარეგნობის უკან წარმოუდგენლად უსიამოვნო მოულოდნელობა იმალება. ამიტომ, გარეგნობით ბევრი ტყუვდება და მერე ხელში ლარნაკი შერჩება ხოლმე - გარედან ლამაზი და შიგნით ცარიელი.

ძალიან ბევრი ღირსეული ქალი თუ მამაკაცი გამხდარა საკუთარი გარეგნობის მიმართ კომპლექსების მსხვერპლი, იმ გაგებით, რომ ამ კომპლექსებმა და საკუთარ თავში დაუჯერებლობამ შესაძლოა სამუდამოდ დააკარგვინა ნამდვილი სიყვარული და მომავალი ბედნიერება.

ამ დროს კი სულ ტყუილად. მართალია ბუნების მიერ მინიჭებულ იერსახეს რადიკალურად ვერ შეცვლი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ქალი იქნება თუ კაცი, მართებს იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, იმიჯზე, მოუაროს თავს და იყოს ყოველთვის მაქსიმალურ ფორმაში.

სიყვარული და გარეგნობა - სოციუმისაკუთარი თავის მოვლამ და მასზე მუდმივმა ზრუნვამ არ შეიძლება არ გამოიღოს შედეგი. როცა გიყვარს, ყველაფერს შეძლებ. სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, ეს პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემაა.

შეიძლება არ იყო გარეგნულად მომხიბვლელი, მაგრამ ასხივებდე ისეთ შინაგან სითბოს, რომ ირგვლივ ალღობდე ყველაფერს, მათ შორის გაყინულ ან დაჭრილ გულებს. ადამიანური სითბო ხომ ყველაზე ძვირადღირებული წამალია.

ასე, რომ სრულებით არ არის საჭირო იყო ლამაზი, იმისთვის, რომ დაიმსახურო სიყვარული და გქონდეს უფლება დატკბე ბედნიერებით.

ადამიანის სილამაზე არ არის მხოლოდ გარეგნობა, იგი გაცილებით მეტია და საბოლოო ჯამში მაინც მისი შინაგანი სამყაროდან გამომდინარეობს.

„გარეგნულმა სილამაზემ მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“

წმ. იოანე ოქროპირი

ამაზე უკეთესად ალბათ ვერ იტყვი...

 

სიყვარული და სექსი

 

სიყვარული და სექსისექსზე რაც შეიძლება მოკლედ...

ბევრი ამტკიცებს, რომ სექსი სიყვარულის გარეშე შესაძლებელია და სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ყოველთვის ვერ უწოდებ სიყვარულს.

რა თქმა უნდა ეს სიმართლეა. იმყოფებიან რა სექსუალურ ურთერთობებში, ხშირად ამ ფორმას არ არქმევენ სიყვარულის სახელს და უფრო უარესიც - ზოგჯერ ერცხვინებათ კიდეც საერთოდ ახსენონ ეს სიტყვა.

თუმცა ასეთი მაგალითები არ ნიშნავს, რომ წყვილებს შორის სიყვარული არ არსებობს. მილიონობით ადამიანს უყვარს და დაკავებულია სექსით, მაგრამ არასოდეს იყენებენ სიტყვა - სიყვარულს.

თუ სქესობრივი ქმედება გამომდინარეობს ადამიანისგან და მიმართულია მეორე, საწინააღმდეგო სქესის ადამიანის მისამართით, ეს ყოველთვის არა უბრალოდ სექსი, ფიზიკური ქმედება და მანიპულაციაა, არამედ გააზრებული, ამა თუ იმ ხარისხით ზეშთაგონებული, ადამიანური გრძნობებით გაფერადებული ქმედება.

სუფთა ცხოველური თვალსაზრისით, ადამიანს არ შეუძლია სიყვარული, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს, რადგან არ შეუძლია უკუაგდოს საკუთარი ადამიანური ბუნება.

ყოველგვარი სექსი ადამიანურია და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იმსახურებს სიყვარულის სახელს.

არ არიან მართლები ისინი, ვინც სექსს განიხილავს როგორც მხოლოდ ფიზიკას სქესობრივ ურთერთობებში.

ადამიანი ერთიანია საკუთარ ცხოვრებისეულ გამოვლინებებში და ყოველთვის არ იქცევა როგორც ცხოველი და ბიოლოგიური არსება. მისი საქციელი ხშირად სულიერებით გაჯერებული, ზნეობრივი და სოციალურია.

დიახ! სექსი - ფიზიკაა, მაგრამ არა ისეთი, როგორც რაღაც თვითკმარი მოქმედება. იგი ქალისა და მამაკაცის ადამიანური სიყვარულის და ამ სიყვარულიდან აღმოცენებული ურთიერთობის ნაწილია.

ადამიანები სიყვარულს და სექსს ხშირად განიხილავენ - ნამდვილ, სრულფასოვან, სულიერად მდიდარ და - დამაზარალებელ, სულიერად ღარიბ, სუფთა ცხოველურ ურთიერთობებს შორის ცნობილი დაპირისპირების ასპექტში.

მაგრამ, მოდით ნუ განვსჯით. სიყვარულის სამყარო ისეთივე დიადი და მრავალფეროვანია, როგორც ადამიანური სამყარო და არსებობს იმდენგვარი სიყვარული, რამდენი ადამიანიც. 

ბოლოს და ბოლოს, სექსი და შთამომავლობის გამრავლება ამ პლანეტაზე მხოლოდ სიყვარულზე რომ იყოს დამოკიდებული, დედამიწის მოსახლეობა საგრძნობლად ნაკლები იქნებოდა, ხოლო ზოგიერთი ერი სულაც გამქრალი.

თავისთავად, სექსი არ არის დამნაშავე იმაში, რომ ბუნებით უხეში, პრიმიტიული და არაესთეტიურია. სწორედ ადამიანებზეა დამოკიდებული მისი ხარისხი.

უხეში და პრიმიტიული ნატურები (როგორც მამაკაცები, ასევე ქალები), სექსსაც ასეთად აქცევენ ხოლმე...

ხოლო გონიერი, სულიერად განვითარებული და ესთეტიურად დახვეწილი ადამიანები, რომლებიც აფასებენ და კარგად ერკვევიან რა არის ურთერთობის ფიზიკა, სექსსაც წარმოაჩენენ როგორც როგორც ინტელექტუალურად გამდიდრებულ, ემოციონალურად მდიდარ ქმედებას და აქცევენ მას ცხოვრების დღესასწაულად.

 

პოსკრიპტუმის ნაცვლად

 

პოსკრიპტუმის მაგიერსიყვარული უზარმაზარი ძალა, ენერგია, ნებისყოფისა და სიმტკიცის გამოჩენის უნარია. იგი უფრო ხასიათის შტრიხია, ვიდრე გრძნობა.

სიყვარული აიძულებს ადამიანებს ჩაიდინონ სისულელე, შეიგრძნონ უმაღლესი ბედნიერება ან განიცადონ დიდი იმედგაცრუება და ტკივილი, იმოძრაონ ან გაჩერდნენ დიდი ხნის განმავლობაში და... რაც მთავარია, ნამდვილი სიყვარული აუცილებლად ტოვებს სულზე საკუთარ ანაბეჭდს.

სიყვარულს არსებობისთვის არ სჭირდება არეალი, ასაკი, დრო, ადგილი, მოქმედება, მიზეზი, საბაბი და მოტივი.

მას შეუძლია უეცრად, მძაფრად დაგატყდეს თავს, გადაატრიალოს შენი ცხოვრება და მომენტალურად გაქრეს ისე, რომ დაგიტოვოს მხოლოდ მოგონება.

სიყვარული, ადამიანის მისწრაფებაა ობიექტის მიმართ - მისწრაფება: ბედნიერების შეგრძნების, ხელოვნების, მშვენიერი მუსიკის, მოგზაურობის, ზღვის სურნელის, კაშკაშა მზის, პირველი თოვლის, შხაპუნა წვიმის, ჭიქა ცივი წყლის ცხელ ზაფხულში და თბილი პლედის სუსხიან ზამთარში, სამშობლოს, გარემოცვის, თავისუფლების მიმართ.

სიყვარული შეიძლება იყოს ყველგან, მისი ძალა განუსაზღვრელი და ამოუხსნელია, იდუმალი და სასურველი.

სიყვარულს ხშირად ჰყოფენ ხოლმე: დედობრივ და მამობრივ, მეგობრულ, ღმერთის, შვილების, სამშობლოს, ქალისა და მამაკაცის სიყვარულად.

სინამდვილეში არავითარი დაყოფა არ არსებობს, ეს ერთი და იგივეა.

სიყვარულს არ გააჩნია რაიმე სახის მატერიალური ან ფიზიოლოგიური სათავე. მას სხვა ბუნება აქვს - იგი სულიერი შემადგენელია, არამატერიალური ფორმა, რომელიც ისადგურებს ადამიანში.

სიყვარული არ გასაზღვრავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა წარმოაჩინო იგი საკუთარი შინაგანი შეგრძნებების სახით, არასწორი და არაკორექტულია.

სიყვარული ყველაზე დიდი ფასეულობა, თვისება და უფლებაა, რომელიც აგებულია ადამიანის სრულყოფილი ცხოვრებისადმი ლტოლვაზე და დაფუძნებულია სილამაზის კანონზე, სიკეთეზე, თავისუფლებასა და სამართლიანობაზე.

სიყვარულის საკითხს სწავლობდნენ ყველაზე დიდი გონების ადამიანები, პოეტები, მეცნიერები. მისი ზეგავლენით არის შექმნილი ყველაზე დიდი ნაწარმოებები. სიყვარული დგას ყველაზე გიჟური საქციელების, გამოგონებებისა და მოქმედებების უკან.

სიყვარულს უმღერიან, ხატავენ, სწავლობენ, ცდილობენ ამოხსნან მისი საიდუმლო - ბედნიერების საიდუმლო!..

სიყვარული სიცოცხლის კანონია, რომელიც უნდა მიიღო, შეიგრძნო და გასცე!

გქონდეს სიყვარულის უნარი, ნიშნავს, რომ გაქვს სიცოცხლის უნარი - უანგაროდ, გახსნილი გულით, სამყაროს შეცნობის სურვილით, თვალებში ღიმილით, სულში ცეცხლით და უბრალოებით.

როცა ადამიანს უყვარს, იგი ჰარმონიულია და მის წინაშე იხსნება მხოლოდ საუკეთესო ადამიანური თვისებები.

გიყვარდეს, ნიშნავს რომ მიანიჭო ყველაზე უმაღლესი სიკეთე, რაც არსებობს დედამიწის ზურგზე და წახვიდე ისეთ უდიდეს მსხვერპლზე, რასაც თავის გაწირვა ჰქვია.

შეგიძლია ეს? - გიყვარს და ბედნიერი ხარ!

არ შეგიძლია? - შეეცადე...

..........

 
 
 

კომენტარები
natali
2024-03-28
დზაან ლამაზადაა ახსნილი დიდი მადლიბა ავტორს...
გვანცა
2024-03-01
ძაან მაგარი იყო, ბრავო.
ნინი
2022-05-27
სიყავრული არის გრძნობა რომელსაც სიტყვებით ვერ ახსნი
ანდრია
2021-12-17
სადა ხარ სიყვარულო საააააააააააად.....
royal garden
2020-12-05
"სიყვარული სიცოცხლის კანონია, რომელიც უნდა მიიღო, შეიგრძნო და გასცე!" - კარგი სიტყვებია, მადლობა.
ჯანგო
2020-09-08
სიყვარული სამწუხაროდ 1-2 წელი ცოცხლობს მხოლოდ. მერე უფრო მიჩვევა და თანაარსებობაა... 4 ჯერ მიყვარდა და გამოცდილებიდან გეუბნებით...
სანდრო
2020-06-15
შეყვარებულს წავაკითხებ, მადლობა ))
ელგუჯა
2020-04-07
სიყვარული დედამიწის ბრუნვის ღერძივით წარმოსახვითია და ამავე დროს ნამდვილად არსებულიც, ამიტომ შეიძლება მას ბევრი რამ დაბრალო, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ,,თუ გიყვარს, ბედნიერი ხარ და ამავე დროს თუ უყვარხარ, მაშინ ღმერთი ხარ!" კარგი სტატიაა, ყველა შემთხვევაში ღირს სიყვარულისთვის თავის გაწირვა.
low
2019-12-07
low
ემელინა
2019-10-28
კარგი რამეა სიყვარული...
nina
2019-08-13
გაიხარეთ!
Giorgi
2019-01-21
კველაფერი რეალურად გადმოეცით ძალიან საინტერესო იკო ყოჩაგ ავტორს
giorgi
2019-01-21
dzlian sasiamovnod gadmoecit kvelaferi realurad asaxet kochag avtors
ბაჩო
2018-10-12
დაფდაფების გარეშე სიყვარულზე დაწერეთ...
ნატალია
2018-09-16
საინტერესოა.კიდევ წავიკითხავ...
ნათია
2018-08-09
კარგია...
შურა
2018-06-25
არ არსებობს სიყვარული
enigma
2018-05-01
ძალიან ვისიამოვნე, მადლობა.
ტასო
2018-04-13
მეც ძალიან ვისიამოვნე. აღარ მინდოდა დამთავრებულიყო. მადლობა ავტორს!
ლელა
2018-04-10
სიყვარული დიდი ნიჭია,რაც თქვენს სტატიაში უხვად იღვრება, მადლობა ამ სიამოვნებისთვის
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ