რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ „კარგი ლუდი“ პირობითია, ხოლო რჩევები, შეიძინოთ მხოლოდ: ცოცხალი, მუქი, ღია, საფუარის გარეშე, მწარე, ნაკლებად მწარე, კრაფტ ლუდი, სვიით ან მის გარეშე, ალაოთი ან მის გარეშე და ა.შ... აზრს მოკლებულია.
არჩევანი უნდა გაკეთდეს არა მითებზე და ვინმეს შეფასებაზე, არამედ საკუთარ გემოვნებაზე დაყრდნობით. სხვადასხვა ადამიანს შეიძლება მოსწონდეს განსხვავებული სახეობის ლუდი;
კარგი ლუდი არის ის, რომელიც მოწონს კონკრეტულ ადამიანს, რადგან სასმელი, რომელსაც ერთი ადამიანი კარგს უწოდებს, მეორემ შეიძლება სამზარეულოს ნიჟარაში გადაღვაროს.
მიუხედავად ამისა, ზედმეტი არ იქნება ზედმიწევნით გავერკვეთ ლუდის ძირითად სახეობებში და მათი შემადგენლობის თავისებურებებში.
იმისთვის, რომ ლუდის შეძენის შემდეგ იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, პირველ რიგში აუცილებელია ლუდის შესახებ საბაზისო ცოდნის გაუმჯობესება. ამიტომ ზედმეტი არ იქნება თუ გაეცნობით მასალას: ლუდის კლასიფიკაცია/ტიპები/სახეობები.
ვინც ლუდს სუპერმარკეტში ირჩევს, უკვე აქვს მხედველობაში ორი-სამი სახეობა, რომელიც როგორც წესი, არის მსხვილი მწარმოებლების სტაბილური ხარისხის და ცნობილი ბრენდის ლუდი. თუმცა ამჟამად თაროებზე შეხვდებით უამრავი ასორტიმენტის ლუდს, რომელთაც მიმზიდველი, მხატვრულად გაფორმებული ეტიკეტი აქვთ და მათ შორის სწორი არჩევანის გაკეთება შესაძლოა თავსატეხს წარმოადგენდეს.
ამიტომ, მოკლედ მიმივიხილოთ ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ლუდის არჩევის დროს.
რა განსაზღვრავს ლუდის სტილს
• ლუდის სიმკვრივე (ექსტრაქტულობა) - მყარი ნივთიერებების მასის ხვედრითი წილი ლუდში. რაც უფრო ექტრაქტულია სასმელი, მით უფრო მკვეთრად გამოხატული და მდიდრულია მისი გემო.
ლუდის ექსტრაქტულობა და ალკოჰოლის შემცველობა ორი განსხვავებული მაჩვენებელია. ექსტრაქტულობა ჩვეულებრივ 2,5-ჯერ აღემატება ალკოჰოლის გრადუსს. თუმცა, ამ მაჩვენებლებს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ექსტრაქტულობა უფრო მოქმედებს ლუდის გემოვნებაზე, ვიდრე სიმაგრეზე.
უალკოჰოლო ლუდზე ეს მაჩვენებელი არ აღემატება 5%-ს, ღია ფერის სახეობებში და ლაგერში - 11-13%, მუქი სახეოებებისთვის კი 25%-ს აღწევს.
• ალკოჰოლის შემცველობა: რაც უფრო მეტია ალკოჰოლის შემცველობა, მით უფრო მაგარია და მომწარო გემო აქვს ლუდს.
ალკოჰოლის შემცველობის საშუალო მაჩვენებელია:
უალკოჰოლო - 0.5-0.7%;
მსუბუქი - არა უმეტეს 2%;
კლასიკური - 3,5-7%;
მაგარი - 8-14%;
• სიმწარის ინდექსი IBU (International Bittering Units) - მერყეობს 0-დან 100-მდე. რაც უფრო მაღალია IBU, მით უფრო მწარეა ლუდი.
ზომიერ სიმწარედ მიიჩნევა 20-35 IBU. თუმცა შესაძლოა ლაბორატორიული სიმწარის მაჩვენებელი და სუბიექტური შეგრძნებები არ ემთხვეოდეს ერთმანეთს.
• კარბონიზაცია (კარბონირება - იგივე "დაგაზვა") არის ლუდის ნახშირორჟანგით გაჯერების პროცესი, რის შედეგადაც მიიღება 3 სახის პროდუქტი: ოდნავ გაზიანი, საშუალო გაზიანი ან მაღალგაზიანი.
• ლუდის ფერი - იზომება SRM სკალის გამოყენებით და მერყეობს 5-დან 40-მდე.
რაც უფრო მაღალია SRM მაჩვენებელი, მით უფრო მუქია ლუდი; მაგალითად 5 SRM ნიშნავს ძალიან ღია ფერის ლუდს, ხოლო 40 SRM პრაქტიკულად შავი ფერის ლუდია.
• გამოყენებული ნედლეული; ქერი, ხორბალი; ჭვავი; შვრია; სიმინდი; ბრინჯი; და სხვა;
• სხვა გემოვნური ან არომატული მახასიათებლები - სვიის პროდუქტები - (გრანულირებული სვია ან სვიის ექსტრაქტი), მალტოზა (ალაოს შაქარი), სვადასხვა ექსტრაქტები და არომატიზატორები, მცენარეული ან ხილის დანამატები: ფორთოხალი, ალუბალი, დარიჩინი, ილი (კარდამონი) და სხვა...
• მწარმოებელი ქვეყანა, ქალაქი და ისტორიული ტრადიციები;
ლუდის სახეობები
ლუდის სახეობებად დაყოფის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, თუ რომელი ფერმენტაციის (დადუღების) მეთოდით არის წარმოებული ლუდი.
ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, ლუდი იყოფა შემდეგ სახეობებად:
ლაგერი (Lager) - საფუარის ქვედა დუღილის მეთოდით დამზადებული ლუდი.
ლაგერის დადუღება ხდება საფუარის (Saccharomyces pastorianus) გამოყენებით 4-15°C ტემპერატურაზე, ხოლო დავარგების ვადაა 1-4 თვე (ზოგჯერ უფრო მეტი).
ლუდს აქვს მსუბუქი გემო და სიმწარე, ხოლო არომატში იგრძნობა დახვეწილი ყვავილოვანი ტონები. ლაგერის ლუდი ყველაზე გავრცელებულია (სამომხმარებლო წილი ბაზარზე შეადგენს 70-80%-ს).
ლაგერის პოპულარული სახეობებია: ბოკი (Bock), პილსნერი (Pilsner), ღია ლაგერი (Pale Lager), მუქი ლაგერი (Dark Lager) და სხვა...
ელი (Ale) - საფუარის ზედა დუღილის მეთოდით დამზადებული ლუდი.
ელის დადუღება ხდება საფუარით (Saccharomyces cerevisiae) 15-25 °C ტემპერატურაზე. დავარგების ვადაა რამდენიმე კვირა.
ლუდი ხასიათდება მდიდრულ გემოთი, სახასიათო სიმწარითა და არომატით, რომელშიც შეიმჩნევა ხილის, ღვინის, ეთერული, კენკროვანი ნოტები. ლაგერთან შედარებით, ალი უფრო მეტ შაქარს შეიცავს და მისი შენახვის ვადა უფრო ხანმოკლეა.
ლაგერის პოპულარული სახეობებია: პორტერი (Porter), სტაუტი (Stout), ღია ელი (Pale Ale) , ინდური ღია ელი (India Pale Ale, IPA), მუქი ელი (Dark Ale), მაგარი ელი (Strong Ale) და სხვა...
ლამბიკი (Lambic) - სპონტანური დუღილის მეთოდით დამზადებული ლუდი.
ლამბიკის დამზადების დროს არ გამოიყენება კულტურული საფუარი და მისი დადუღება ღვინის კასრების კედლებზე და ჰაერში არსებული ბაქტერიებითა და მიკროორგანიზმებით ხდება. ლამბიკის დავარგებას რამდენიმე წელი სჭირდება. ეს ტექნოლოგია ლამბიკს აძლევს უნიკალურ ღრმა გემოს, ღვინის არომატს და რძემჟავას გამყოლ გემოს. ეს ლუდი იშვიათი და ძალიან ძვირია.
ლამბიკი (Lambic) მზადდება მხოლოდ ბელგიაში.
ჰიბრიდული: ჰიბრიდული ლუდი არის კომბინირებული დუღილის მეთოდით (ზედა და ქვედა დუღილის მეთოდი) დამზადებული ლუდი.
ძირითადი დუღილი ტარდება 14-18 გრადუს ტემპერატურაზე - 3-4 დღის განმავლობაში, შემდეგ კი მისი დავარგება ხდება დაბალ, 4-5 გრადუს ტემპერატურაზე 40-60 დღის განმავლობაში.
ჰიბრიდული ლუდის წარმოებაში იყენებენ ქერისა და ხორბლის ალაოს. ლუდის ფერი მუქი ქარვისფერია, ხოლო გემო ძლიერი და მწარე.
მაგალითად ელი, რომელსაც ადუღებენ ლაგერის ტემპერატურაზე (გერმანული კელში (Kölsch) და ალტბირი (Altbier), ან ლაგერი, რომელსაც ადუღებენ ელის ტემპერატურაზე (ამერიკული Steam beer - ე.წ „ორთქლის ლუდი“).
გასაგებია, რომ ეს მეთოდი ელს აძლევს ლაგერის, ლაგერს კი - ელის ტონებს.
ლუდის სხვა სახეობები
მჟავე/ველური ლუდი (Sour / Wild Beer) - ლუდი დუღდება გარეული საფუარის Brettanomyces, ბაქტერიების Pediococcus და Lactobacillus-ის გამოყენებით. მას აქვს იშვიათი, სპეციფიკური გემო და არომატი. ასეთი პროდუქტები იშვიათია, ძვირი, მას მხოლოდ ლუდის გურმანები ყიდულობენ.
სპეციალური ლუდი (Speciality Beer) - ლუდი, რომლის წარმოებაში გამოიყენება არატრადიციული ტექნოლოგიები, ნედლეული და დანამატები. ამ ლუდებში ასევე შედის ლუდის არსებული სახეობების სხვადასხვა ვარიაციები და კომბინაციები.
ხორბლის ლუდი (Wheat Beer) - აქვს გამოხატული მჟავე გემო მცირედი სიმწარით და მრავალმხრივი არომატით, რომელსაც აყალიბებს ვანილის, გვირილას, მწვანე ვაშლის, ბანანის ტონები. ლუდის ფერი მოყვითალო თეთრია. ალკოჰოლის შემცველობა 3-6%.
მცენარეული ლუდი სვიის გარეშე (Gruit) - ამჟამად რთული წარმოსადგენია, რომ კაცობრიობამ არ იცოდა ლუდში სვიის დამატების შესაძლებლობის შესახებ და მის ნაცვლად მთელ რიგ ბალახებს იყენებდნენ: როზმარინი, მირტი, ავშანი (აბზინდა), ფარსმანდუკი, კალუნა/მანანა და სხვა...
ამჟამად მცენარეულ ლუდს ძალიან იშვითად აწარმოებენ. მისი ცნობილი ბრენდებია: Willimantic Brewing Company, Cambridge Brewing, Alma Brewing, De Garde Fleur Desay, Dupont Cervesia, Kvasir (Dogfish Head) და სხვა...
ლუდის ტიპები
გაფილტრული ლუდი - გადის სპეციალურ დამუშავებას, მათ შორის ფილტრაციას და კონსერვაციას. შედეგად, ასეთი ლუდი ინახება 6-12 თვის განმავლობაში.
მინუსი: ნაკლები საგემოვნო და არომატული თვისებები, საკვები ნივთიერებების დაბალი კონცენტრაცია.
გაუფილტრავი ლუდი - არ გადის შესაბამის ტექნოლოგიურ ოპერაციებს. ასეთ ლუდს უფრო მდიდრული გემო და არომატი აქვს, ვიდრე გაფილტრულს. გაუფილტრავი ლუდი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
მინუსი - ხანმოკლე შენახვის ვადა (7-10 დღე).
პასტერიზებული ლუდი - გაფილტრული ლუდის მსგავსად მისი შენახვა შესაძლებელია 6-12 თვე (ლუდიმ რომელიც გადის პასტერიზაციას "ცოცხლობს" დაახლოებით ერთი წელი).
მინუსი - პასტერიზაცია აუარესებს ლუდის გემოს და არომატს, გამოაქვს მისგან სასარგებლო მიკროორგანიზმები.
არაპასტერიზებული (ცოცხალი) - გაუფილტრავი ლუდის მსგავსად აქვს გამორჩეული გემო და არომატული მახასიათებლები; შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და ამინომჟავებს.
მინუსი - ინახება მცირე ხნით (8 დღემდე).
ცოცხალი ლუდი - ცოცხალი ლუდი ძალიან იშვიათი და ძვირადღირებული ვარიანტია. მარკეტოლოგებმა გარკვეულწილად შეძლეს მომხმარებლის დარწმუნება, რომ ცოცხალი ლუდი საერთოდ არ არის ფუფუნება, მისი შენახვა ჩვეულებრივად შეიძლება და შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებებებს. მომხმარებელმა სწრაფად დაიჯერა და დაუნანებლად დაიწყო ფულის გადახდა ყველაფერში, რასაც ჰქონდა წარწერა "ცოცხალი", ისე, რომ აბსოლუტურად არ ფიქრობდა, თუ რას ნიშნავდა ეს.
ფაქტობრივად, ცოცხალი ლუდის საწარმოო მაშტაბებით გაყიდვა საერთოდ არ შეიძლება. მისი მაქსიმალური შენახვის ვადა არ აღემატება სამ დღეს, ვინაიდან ასეთი ლუდი არ გადის რეალიზაციის წინა დამუშავების ეტაპს (ფილტრაცია, პასტერიზაცია). და ამავე მიზეზით, იგი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას.
ცოცხალი ლუდის შეძენა ძირითადად შესაძლებელია მხოლოდ ჩამოსხმული სახით, ბოთლებში ჩამოსხმული ცოცხალი ლუდის პოვნა ძალიან რთულია და რომც მოხერხდეს, მისი დალევა (ან სხვა მიზნით გამოყენება) ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს.
კრაფტ ლუდი - კერძო ლუდსახარშების მიერ ინდივიდუალური რეცეპტებით დამზადებული ლუდი. ლუდის მწარმოებელი გიგანტებისგან განსხვავებით, მცირე მეწარმეები იმპროვიზირებენ, მიმართავენ ექსპერიმენტებს და იგონებენ ახალ ინგრედიენტებს, რითაც აღწევენ ლუდის ორიგინალურ გემოს და არომატულ თვისებებს.
კრაფტ ლუდი არ არის პასტერიზებული, არ შეიცავს სინთეზურ კომპონენტებს და მავნე დანამატებს.
მინუსი - კრაფტ ლუდი შეიძლება გაცილებით ძვირი ღირდეს, ვიდრე ჩვეულებრვი ლუდი.
უალკოჰოლო ლუდი - აბსოლიტურად უალკოჰოლო ლუდი არ არსებობს. ნებისმიერი ლუდი მაინც შეიცავს 0.5-0.7%-ს.
ლუდის ფერი
გავრცელებულია მოსაზრება, რომ მუქი ლუდი უფრო ძლიერია ვიდრე ღია ლუდი და შეიცავს უფრო მეტ სვიას. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.
ლუდის ფერი იზომება SRM სკალის გამოყენებით და მერყეობს 5-დან 40-მდე. რაც უფრო მაღალია SRM მაჩვენებელი, მით უფრო მუქია ლუდი; მაგალითად 5 SRM ნიშნავს ძალიან ღია ფერის ლუდს, ხოლო 40 SRM პრაქტიკულად შავი ფერის ლუდია.
რა თქმა უნდა მუქ ლუდს შეიძლება ჰოქნდეს მეტი ალკოჰოლის შემცელობა და დიდწილად ასეც არის მისი წარმოების პროცესში მეტი რაოდენობით ალაოს გამოყენების გამო, მაგრამ ეს არ არის აქსიომა და როგორც ღია, ასევე მუქი ფერის ლუდშიც სვია და ალკოჰოლი შეიძლება იყოს ერთი და იმავე რაოდენობით.
მაგრამ სამაგიეროდ მუქი ლუდი შეიცავს მეტ საკვებ ნივთიერებებს და როგორც წესი, უფრო კალორიულია, ვიდრე ღია ლუდი, ალაოს და სხვა ინგრედიენტების მეტი შემცველობის გამო.
ლუდის ფერი ძირითადად დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
• ალაოს გამოწვის ხარისხი.
• მუქი ალაოს რაოდენობა.
გარდა ამ ფაქტორებისა, ლუდს შეფერილობას ანიჭებს მოხარშვის დროს გამოყენებული ინგრედიენტები და დამზადების მეთოდი.
ღია ფერის ლუდები იწარმოება ალაოს ღია სახეობების გამოყენებით, მუქი - მუქი სახეობის ალაოსგან და კარამელის ნედლეულისგან. ლუდის ფერი ასევე დამოკიდებულია გამოყენებული საფუარის ტიპზე, ხარშვის ტექნოლოგიაზე, დამატებულ კომპონენტებზე (ხილი, სვია, სანელებლების და სხვა...) და ალაოს გამოწვის ხანგრძლივობაზე.
ამიტომ, ცალსახად იმის თქმა, რომელი ლუდია უფრო გემრიელი და ჯანსაღი - ღია თუ მუქი, შეუძლებელია და დამოკიდებულია მომხმარებლის ინდივიდუალურ არჩევანზე.
ლუდის სიმკვრივე (ექსტრაქტულობა)
ლუდის სიმკვრივე (ექსტრაქტულობა) არის მყარი ნივთიერებების კონცენტრაცია ლუდის ტკბილში, რომელიც იზომება ფერმენტაციის (დუღილის) დაწყებამდე.
ლუდის ეტიკეტზე იგი მითითებულია პროცენტებში (OG) ან ბალინგის გრადუსებში (BLG) (ექსტრაქტის წონა 100 გრამ ხსნარში).
ლუდის სიმკვრივის გასარკვევად, ეტიკეტზე უნდა მოძებნოთ წარწერა „ლუდის საწყისი ექსტრაქტულობა“ (ან „საწყისი ექსტრაქტი“).
უალკოჰოლო ლუდისთვის ეს მაჩვენებელი არ აღემატება 5%-ს, ღია ფერის ლუდისთვის - 11-13%, მუქი სახეობების ექსტრაქტულობა კი 12-20%-ია.
საწყისი ექსტრაქტულობა, ანუ დადუღებამდე ლუდის ტკბილის ხვედრითი წონა, პირდაპირ მოქმედებს ლუდის გემოსა და სიმაგრეზე. იგი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მისი საშუალებით გასინჯვამდეც შეიძლება გაიგოთ, თუ როგორი გემო აქვს ლუდს.
ყველაფერი ძალიან მარტივია. მაღალი ექსტრაქტულობა (სიმკვრივე) უზრუნველყოფს ლუდის ალაოს მდიდრულ, ნათლად გამოხატულ გემოს, დაბალი ექსტრაქტულობა კი ლუდის სიმსუბუქეს და გამაგრილებელ ეფექტს.
მაგალითად, თუ ეტიკეტზე მითითებულია საწყისი ექსტრაქტულობა - 17%, ესე იგი ლუდი უფრო „მძიმეა“ და მდიდრული, მაღალი გემოვნური თვისებებით არის გაჯერებული, მაგრამ თუ საწყისი ექსტრაქტი არის 10-12%, ლუდი უფრო მსუბუქი და მშრალია.
საინტერესოა, რომ ექსტრაქტულობა ასევე მოქმედებს ლუდის სიმაგრეზე. მართალია ამ ორ მაჩვენებელს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ უმეტეს შემთხვევებში ლუდი უფრო მაგარია, თუ ლუდის საწყისი ექსტრაქტულობა მაღალია.
მუქი ელების ექსტრაქტულობა 25%-ს აღწევს, ხოლო ლაგერების - დაახლოებით 12%-ს.
ლუდის სიმაგრე (ალკოჰოლის შემცველობა)
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ლუდის სიმაგრე (ალკოჰოლის შემცველობა მზა სასმელში). იგი გამოიხატება ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებლით ან სპირტის მოცულობითი წილით.
ლუდში ალკოჰოლის შემცველობა შეიძლება იყოს: უალკოჰოლო ლუდი - 0.5-0.7%; მსუბუქი ლუდი - არა უმეტეს 2%; კლასიკური ლუდი - 3,5-7%; მაგარი ლუდი - 8-14%;
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სტანდარტები გასნხხვავებულია. მაგალითად თუ ერთი ქვეყნის სტანდარტი მოითხოვს, რომ ლუდში ალკოჰოლის შემცველობა არ უნდა იყოს ეტიკეტზე მითითებულზე ნაკლები, სხვა ქვეყნების სტანდარტით, ეტიკეტზე მითითებული ალკოჰოლის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს ლუდში ალკოჰოლის ფაქტობრივ მაჩვენებელს.
ამიტომ მწარმოებლები თავს იზღვევენ და ლუდის ეტიკეტზე უთითებენ პირველ შემთხვევაში დეკლარირებულზე ოდნავ მაღალ, ხოლო მეორე შემთხვევაში ოდნავ დაბალ ალკოჰოლის პროცენტულ მაჩვენებელს.
ლუდის სიძლიერე ძირითადად დამოკიდებულია ლუდის ტკბილში შაქრის რაოდენობაზე. უმეტეს შემთხვევაში, რაც უფრო მკვრივია (ექსტრაქტულია) ლუდი, მით უფრო მაგარია იგი. მაგრამ გარდა ამისა მნიშვნელობა აქვს საფუარის ხარისხს, დუღილის პირობებს და წარმოების ტექნოლოგიას. ასე რომ, პირდაპირი კავშირი ლუდის ექსტრაქტულობასა და სიმაგრეს შორის არ არსებობს.
ლუდის სახეობების უმეტესობა შეიცავს 3 - 5,5% სპირტს. როცა კონცენტრაცია 12%-ს აღწევს, ლუდის საფუარი წყვეტს მოქმედებას, ამიტომ დუღილის გზით უფრო ძლიერი ლუდის მოხარშვა შეუძლებელია.
ლუდის სიმაგრის გასაძლიერებლად მწარმოებლები იყენებენ სხვადასხვა ხრიკებს: მაგალითად, უმატებენ შამპანურის საფუარს (არატრადიციული მეთოდი) ან ყინავენ ლუდს წყლისა და სპირტის გამოყოფის მიზნით (სითხეების კრისტალიზაციის ტემპერატურა განსხვავებულია), რომ ამ გზით გაზარდონ სასმელის სიმაგრე (ტრადიციული მეთოდი).
კარბონიხაცია
კარბონაციის ხარისხი გავლენას ახდენს ქაფის მდგრადობაზე, ლუდის საგემოვნო და არომატულ თვისებებზე. გარდა ამისა, CO2 ბუშტულები ვიზუალური თვალსაზრისით ხელსაყრელად გამოიყურება, პირდაპირ გავლენას ახდენს პროდუქტის აღქმაზე - ზედაპირზე ამოჰყავს არომატები, სრულად ხსნის ლუდის გემოს და მონაწილეობს ქაფის ფორმირებაში.
სუსტი ან საერთოდ არ არსებული კარბონიზაციის შემთხვევაში ლუდის გემო და არომატი ნაკლებად გაიხსნება, ხოლო ქაფი იქნება ძალიან სუსტი (ან არ იქნება საერთოდ). Ძალიან მაღალი კარბონაცია კი გამოიწვევს ძალიან ძლიერ ქაფს ლუდის გახსნის (ან ჩამოსხმის) შემდეგ, ხოლო CO2-ის დიდი რაოდენობა გადაფარავს ლუდის გემოს.
სხვადასხვა სახეობის ლუდისთვის იყენებენ ნახშირორჟანგით გაჯერების სხვადასხვა დონეს. განსხვავების დადგენა ძალიან მარტივია; ლუდის დაგემოვნების დროს, ნახშირმჟავა გაზის მოქმედება ენაზე მსუბუქი ჩხვლეტების სახით გამოიხატება. რაც უფრო ძლიერია ეს შეგრძნება, მით უფრო მეტად არის ლუდი გაჯერებულია CO2-ით.
როგორ გავარჩიოთ „კარგი“ და „ცუდი“ ლუდი
• ქაფი კარგი ლუდის პირველი და ყველაზე გამოხატული მახასიათებელია. ლუდის ხარისხიან სახეობებში ქაფი მაღალი, სტაბილური და გამორჩეულად თეთრია.
კათხაში ან ბოკალში ჩასხმის შემდეგ ქაფის სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 5 სმ და შენარჩუნდეს 5-6 წუთის განმავლობაში. ქაფის გაქრობის შემდეგ, ლუდი თავისთავად უნდა ავიდეს ნახევარი ლიტრის ნიშნულამდე (ბოკალის ან კათხის მოცულობა ძირითადად ნახევარი ლიტრია).
ეს წესი ვრცელდება მხოლოდ ლუდის მსუბუქ სახეობებზე. მაგალითად, ირლანდიურ გინესში (Guinness) ქაფი მხოლოდ 1 სმ-ით იზრდება და მის გაქრობას უფრო მეტი დრო სჭირდება. არსებობს ლუდის სახეობები, რომლებსაც ქაფს მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ აქვთ. დაბალი კარბონიზაციის და ხის კასრებში დავარგებულ ლუდის სახეობები იძლევა „მშვიდ“ ლუდს, ქაფის გარეშე.
• როცა ლუდს სულს შეუბერავთ, იგი ჰაერში არ უნდა გაიფანტოს. თუ ასე მოხდა, ესე იგი ქაფი ნამდვილი არ არის და მიღებულია ხელოვნური კარბონიზაციის გზით.
• თუ ლუდი არის კარგი ხარისხის, ყოველი ყლუპის შემდეგ კათხის ან ბოკლის კედლებზე რგოლებად უნდა დარჩეს ქაფის კვალი. ბოლომდე გამოცლილი ჭიქიდან ცხადი უნდა გახდეს, თუ რამდენჯერ მოსვით ლუდი.
ზოგიერთი ქაფი ისეთი მკვრივია, რომ მასზე მონეტის გაჩერებაც კი არის შესაძლებელი.
• ლუდის მხოლოდ ფერით შეფასება შეუძლებელია, მაგრამ გამჭვირვალობა ლუდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
კარგი ლუდი უნდა იყოს იდეალურად გამჭვირვალე, არა აქვს მნიშვნელობა გაფილტრული იქნება იგი თუ გაუფილტრავი. არავითარი, ნამცეცები, ფანტელები და სიმღვრივე. გამონაკლისია ხორბლის ჯიშებისგან დამზადებული ლუდი, სადაც გარკვეული სიმღვრივე დასაშვებია.
გაფილტრული ლუდი უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე გაუფილტრავი. გაითვალისწინეთ, რომ ყოველი გაფილტვრა აღარიბებს სასმელის სუნსა და გემოს.
• ლუდი არ უნდა იყოს მჟავე და არ უნდა ჰქონდეს მჟავე სუნი. თუ ლუდი მჟავეა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლუდი ძველია, ან შეიცავს ხელოვნურ დანამატებს.
რა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც, მაგალითად, დავარგებული ფლამანდური ელი, ლამბიკი და რძემჟავა ბაქტერიებით დადუღებული სხვა სახეობის ლუდები, რომელთაც აქვთ გამოხატული, პიკანტური მომჟავე გემო.
• ხარისხის სავალდებულო ნიშანს სვიის სიმწარე წარმოადგენს. ლუდის ზოგიერთ სახეობაში იგი მცირეა, ზოგიერთში კი მკვეთრად გამოხატული. სვიის არომატი ლუდში ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ლუდი არ უნდა იყოს მწარე, მისი ოდნავ მომწარო ნოტები უნდა აღიქმებოდეს კომფორტულად.
რა თქმა უნდა გამონაკლისია ლუდის ის სახეობები, რომლებშიც სვია საერთოდ არ არის გამოყენებული, მაგალითად ლუდი Gruit, herbed beer ან herbed ale. (მცენარეული, ხილის ან ბოსტნეულის ლუდი), რომელშიც სვიის ნაცვლად გამოიყენება სხვადასხვა მცენარეები, ხილი ან ბოსტნეული.
• ლუდის გემო და არომატი არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ გემოს და სუნს (მაშინაც კი, თუ სუნი და გემო არ არის უსიამოვნო: თაფლი, ვაშლი, რძემჟავა და სხვა...)
ლუდში შმორის ნოტები არასათანადო შენახვის უტყუარი ნიშანია, ხოლო მოხარშული სიმინდის სუნი ნიშნავს, რომ ლუდი არ არის დავარგებული და მისი დალევა არ არის რეკომედებული.
ყველაზე ხშირად უცხო სუნი და გემო გაფუჭებული ლუდის ან მასში ზედმეტი დანამატების არსებობის ნიშანია.
• თუ ბოთლის გახსნისას დამახასიათებელი „კვამლი“ ამოვიდა, ეს მწარმოებლის ხრიკია და ლუდში ჭარბი ნახშირორჟანგის არსებობაზე მიანიშნებს.
ამასვე მეტყველებს ლუდის კათხაში ან ბოკალში ჰაერის ძალიან ბევრი ბუშტუკები (დიდი ალბათობით ლუდი ხელოვნურად არის გამდიდრებული ნახშირორჟანგით).
• კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი მომენტი არი ლუდის ტემპერატურა. თბილი ლუდი უსიამოვნო დასალევია, ზედმეტად გაყინული (5 გრადუსზე ქვემოთ) ლუდი კი კარგავს საგემოვნო თვისებებს.
(ოპტიმალური) ტემპერატურა, რომელზეც ლუდი ყველაზე გემრიელია, - 6-8 გრადუსია, თუმცა ზოგიერთი სახეობები საჭიროებს უფრო მაღალ ტემპერატურას.
ლუდის გასტრონომიული თავსებადობა
აპერიტივი - აპერატივი (Apéritif) არის სპირტიანი სასმელი, რომელსაც მიირთმევენ ჭამის წინ. ასტიმულირებს მადას და აუმჯობესებს საკვების გადამუშავებას. მსუბუქი ლუდი გამოიყენება აპერიტივად.
დიჯესტივი - დიჯესტივი (Digestif) არის სასმელი, რომელსაც ჩვეულებრივ მიირთმევენ ჭამის შემდეგ. ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. დიჯესტივის როლს ყველაზე ხშირად ასრულებს მუქი ლუდი.
სხვადასხვა სახეობის ლუდის გასტრონომიული თავსებადობა:
ლაგერი - მაკარონი პომიდვრით, ზღვის პროდუქტები (ღია ფერის ლაგერი), საქონლისა და ქათმის ხორცის კერძები, შემწვარი ძეხვეული და გარეული ფრინველის ხორცი (მუქი ფერის ლაგერი);
ელი - ცხარე, სანელებლიანი და მარილიანი კერძები (მსუბუქი ფერის ელი), ქათამი, გარეული ფრინველი, ძეხვეული, შოკოლადის დესერტები (მუქი ფერის ელი);
ლამბიკი - ხილის დესერტები, ახალი კენკრა.
ასევე არსებობს უნივერსალური საკვები ლუდისთვის - მათ შორისაა სხვადასხვა სახეობის ყველი და სხვადასხვა სახის სნეკები (მაგალითად - თხილეული (კაკალი, თხილი, არაქისი, ნუში) - ჩიფსები).
ლუდის ტარა და მოცულობა
ლუდი შეიძლება იყოს ჩამოსასხმელი და ჩამოსხმული.
ჩამოსასხმელი ლუდის უპირატესობა ბოთლებში ან ქილებში ჩამოსხმულ ლუდთან შედარებით არის ის, რომ მას როგორც წესი ნაკლებ ქიმიკატებს უმატებენ, რადგან გაფუჭებას უბრალოდ ვერ მოასწრებს.
ასეთი ლუდი ინახება ლუდის კასრებში (ფოლადის ჭურჭელი, ე.წ „კეგი“), რაც ასევე კარგ გავლენას ახდენს მის ხარისხზე.
ჩამოსხმული ლუდი კი გვხვდება შემდეგი სახის ტარაში:
შუშის ბოთლი - ქიმიურად ნეიტრალურია და არ მოქმედებს სასმელის გემოსა და არომატულ თვისებებზე. გამოსაყენებლად და შესანახად მოსახერხებელია, თუმცა აქვს მძიმე წონა, სიმყიფე და შედარებით მაღალი ფასი, ასევე ბოლომდე ვერ იცავს სასმელს მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენისგან, რაც არ უნდა მუქი ფერის იყოს ბოთლი,
ალუმინის ქილა - მარტივი გამოსაყენებელია, ნაკლებია გატეხვის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ალბათობა, აქვს დაბალი ფასი ბოთლის ლუდთან შედარებით.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ალუმინის ქილა ლუდს აძლევს "მეტალის" გემოს, თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ალუმინის ქილის კედლები დაფარულია სპეციალური პოლიმერული ფენით, რომელიც შეიცავს ბისფენოლს A - BPA-ს. ეს ნიშნავს, რომ ლუდი არანაირად არ შედის კონტაქტში მეტალთან.
პოლიეთილენის ბოთლი - არის ყველაზე იაფი და მსუბუქი, თუმცა საკმაოდ მტკიცე. მინუსებიდან შეიძლება ავღნიშნოთ ხანგრძლივი შენახვის, გათბობის და ტემპერატურული ცვლილებების დროს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფის საშიშროება, რაც უარყოფითი გავლენას ლუდის გემოზე.
მინუსად შეიძლება ჩაითვალოს სასმელის შედარებით ხანმოკლე ვარგისიანობის ვადა სუსტი ბარიერული თვისებების გამო (კერძოდ, პლასტმასი ადვილად ატარებს ჟანგბადს და ულტრაიისფერი სხივებს ).
კასრი (კეგი/Kagg) - მართალია ზოგიერთი სახეობის ლუდს ხის კასრებში ინახავენ, მაგრამ ძირითადად კასრის მასალად შეიგამოყენებულია: ნიკელირებულ-ქრომირებული ფოლადი, მეტალი, მეტალი პოლიურეთანის საფარით და პლასტმასი.
ასეთი ტარა ზრდის ცოცხალი ლუდის შენახვის ვადას, ძირიათადად იყენებენ წარმოებებში ტრანსპორტირების მიზნით,
მინუსი შეიძლება იყოს მხოლოდ დიდი მოცულობა, რომელიც ძირითადად შეიძლება იყოს: 5, 10, 15, 20, 25, 30 და 50 ლიტრი, თუმცა არსებობს სხვა მოცულობის კეგებიც. ასევე, კასრის მოსახერხებელი ექსპლუატაციისთვის, საჭიროა სპეციალური მოწყობილება.
მოცულობა - შუშის ბოთლის და ალუმინის ქილის სტანდარტული მოცულობა არის 0,5 ლ, თუმცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ლუდი ასხამენ 0,33 და 0. 75 ლიტრის მოცულობის ტარაში. რაც შეეხება პოლიეთილენის ბოთლებს, მათი მოცულობა ძირითადად 1-2,5 ლიტრია.
მწარმოებელი ქვეყანა
ლუდი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში იწარმოება. ამასთან ერთი და იგივე ტიპის და სახეობის ლუდი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს გემოთი, არომატით და სიმაგრით.
თუმცა, შეიძლება გამოიყოს ლუდის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყნები, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს. ასეთ ქვეყნებს შორისაა გერმანია, ჩეხეთი, ბელგია, ინგლისი, ირლანდია, აშშ, კანადა და შოტლანდია.