|
"ორი მტერი ვერ დავამარცხე: სიკვდილი და ქართველი ერი". შაჰ აბასი
ჩემი კახეთი! ალავერდის ფრთების სილაღე... კავკასიონის მთაგრეხილის ლურჯი იერი... ჩემი კახეთი! ხორნაბუჯის ციხესიმაგრე, აღმოსავლეთის ხერხემალი დიდმშვენიერი.
სეფე-დარბაზთა ჯომარდები, გმირები ომთა! ბრძოლის ქარცეცხლში ნასისხლარი შავფაროსნები, კახი ლომები, მეომარნი ირანის ლომთან!..
კახის ლექსები, - მამაპაპურ ქვევრში მაჭარი... ჩოლოყაშვილი, ჭავჭავაძე, კოტე აფხაზი, - საქართველოზე შემორტყმული ქამარ-ხანჯალი!..
ვაზთა სამეფოს ოქროს ზვრები - უფლის ზედაშე!.. თვალისმომჭრელი სანახები ძველი გავაზის, ლომთა ნაფეხურს მივუყვებით, ჩემო, მე და შენ!..
კახის გულმკერდზე გამოზრდილნი, მეოხნი ჟამთა!.. ნეკრესის ცაზე აფრენილი თეთრი მტრედები და ძველი გველის შემმუსვრელნი, მეტოქნი ქართა!..
კარდანახული წარაფების სურნელი ზესთა!.. შუამთის შინდი - გურიელის ნათინათარი და ფიროსმანი, დაწინდული კახეთის მზესთან!..
სიღნაღის, გრემის და იყალთოს მთების სილაღე... აღმოსავლეთის ხერხემალი დიდმშვენიერი, ჩემი კახეთი! საქართველოს ციხესიმაგრე!.. |
| ლექსები კახეთზე • • • |
















