რა არის სტეიკინგი?
სტეიკინგი არის კრიპტოვალუტის შენახვის მეთოდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განათავსოთ თქვენი კრიპტო მონეტები შერჩეულ სტეიკინგ პლატფორმაზე და მიიღოთ პროცენტული სარგებელი იმავე კრიპტო მონეტების სახით.
სტეიკინგის პროცესი ეფუძნება ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, სადაც თქვენი კრიპტო მონეტები გამოიყენება ტრანზაქციების დადასტურებისთვის და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რის სანაცვლოდაც, ქსელი თქვენს მონაწილეობას აჯილდოებს პროცენტული სარგებელით, რომელიც გერიცხებათ იმავე კრიპტო მონეტების სახით, რომლის სტეიკინგსაც ახორციელებთ.
ეს პროცესი ჰგავს ბანკის ანაბარზე თანხის განთავსებას, თუმცა სტეიკინგის შემთხვევაში პროცენტული სარგებელი ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე ბანკის ანაბრის პროცენტები.
როგორ მუშაობს სტეიკინგი?
სტეიკინგის ფუნქციონირება დამოკიდებულია ბლოკჩეინის კონსენსუსის მექანიზმზე, რომელიც განსაზღვრავს, როგორ ხდება ქსელში ახალი ბლოკის დამატება.
არსებობს ორი ძირითადი მექანიზმი:
Proof of Work (PoW) - შესრულებული მუშაობის მტკიცებულება
როგორ მუშაობს: მაინერები (Mainers) იყენებენ მაღალი სიმძლავრის კომპიუტერულ მოწყობილობებს რთული მათემატიკური ამოცანების ამოსახსნელად, რაც საშუალებას აძლევს მათ დაამატონ ახალი ბლოკები ბლოკჩეინში.
საჭირო აპარატურა: მაღალი შესაძლებლობების კომპიუტერები, ვიდეო გრაფიკული ბარათები ან სპეციალიზებული ASIC მოწყობილობები.
მაგალითი: ბიტკოინი მუშაობს PoW-ზე, სადაც მაინერები ამუშავებენ ბლოკჩეინის თითოეულ ბლოკს და გამოიმუშავებენ ახალ ბიტკოინებს.
მნიშვნელობა: PoW უზრუნველყოფს უსაფრთხო ქსელს, მაგრამ მოითხოვს დიდ ელექტროენერგიას.
Proof of Stake (PoS) - ჩადებული წილის მტკიცებულება
როგორ მუშაობს: ვალიდატორებს (Validators) შეაქვთ საკუთარი კრიპტო მონეტები შერჩეულ კრიპტო პლატფორმაზე. რაც უფრო მეტია განთავსებული მონეტების რაოდენობა და სტეიკინგის ვადა, მით უფრო მაღალია შანსი, რომ ქსელში მოხდეს ახალი ბლოკების დადასტურება და ვალიდატორებმა მიიღონ მეტი ანაზღაურება.
საჭირო აპარატურა: PoS-ისთვის არ არის საჭირო მძლავრი კომპიუტერები; საკმარისია კრიპტო მონეტების სტეიკინგ პლატფორმაზე განთავსება და პლატფორმასთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება.
მაგალითი: მაგალითი: Ethereum-ი, რომელიც PoW-ზე მუშაობდა, გადავიდა PoS-ზე, სადაც ვალიდატორების ეთერიუმის მონეტები ემსახურება ახალი ბლოკების დამატების პროცესს და გამოიმუშავებენ ახალ ეთერიუმის მონეტებს.
მნიშვნელობა: PoS ალგორითმის მუშაობა დამოკიდებულია არა ელექტრო ენერგიის მომხმარებაზე, არამედ სტეიკინგში ჩადებული მონეტების რაოდენობაზე.
ნოდი (Node)
იმისათვის, რომ გაიგოთ როგორ მუშაობს სტეიკინგი, მნიშვნელოვანია იცოდეთ რა არის ნოდი.
ნოდი (Node/კვანძი) - არის კომპიუტერი ან მოწყობილობა, რომელიც ჩართულია ბლოკჩეინის ქსელში და ასრულებს კონკრეტულ ფუნქციებს: ამოწმებს ტრანზაქციებს, ავრცელებს ინფორმაციას ან მონაწილეობს ბლოკების დამოწმებაში (PoS-ის შემთხვევაში). ნოდი ეხმარება ქსელს, რომ იგი იყოს გამჭვირვალე, დაცული და სიცოცხლისუნარიანი.
სტეიკინგი ხშირად სწორედ იმაზე არის დამოკიდებული, გაქვთ თუ არა საკუთარი ნოდი, ანუ ხართ ვალიდატორი, თუ ხართ დელეგატორი, ანუ იყენებთ სხვა ვალიდატორს ნოდს.
ნოდის დაყენების შემთხვევაში, საჭიროა ვალიდატორის კავშირი ბლოკჩეინ ქსელთან 24/7 რეჟიმში.
ნოდებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ფუნქცია:
სრული ნოდი (Full Node) - ინახავს ბლოკჩეინის სრულ ისტორიას და ამოწმებს ყველა ტრანზაქციას.
დამამოწმებელი ნოდი (Validator Node) - მონაწილეობს ბლოკების დამოწმებაში და ახალი ბლოკების შექმნაში.
გადამცემი ნოდი (Relay Node) - გადასცემს ინფორმაციას ქსელში სხვა კვანძებს შორის.
სტეიკინგის სახეობები
ბირჟაზე სტეიკინგი (Exchange staking)
ყველაზე მარტივი გზაა დამწყებთათვის. მონეტების სტეიკინგში მოთავსება ხდება ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით კრიპტო ბირჟებზე (Binance, ByaBit, OKX, Coinbase და სხვა). დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს ავტომატურად, თქვენი ჩარევის გარეშე.
დადებითი მომენტები: სტეიკინგი ბირჟების ან სპეციალიზებული პლატფორმების მეშვეობით მარტივია, რადგან ყველაფერი ავტომატიზირებულია და არ მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას.
რისკი: ბირჟების ნდობის საკითხი. კრიპტო სფერო ახალი და რისკიანი ინდუსტრიაა. მიუხედავად მაღალი რეპუტაციისა, თუ ბირჟა გაკოტრდება ან რაიმე სახის სხვა პრობლემები შეექმნება, შესაძლოა თქვენი მონეტები ვეღარ დაიბრუნოთ (ამერიკული ბირჟა - FTX-ის მაგალითი).
პერსონალური ნოდის გაშვება (Self-Staking)
პერსონალური ნოდის გაშვების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ სრული კონტროლი სტეიკინგის პროცესზე: თავად მართავ ნოდს, ანუ ხართ ვალიდატორი და იღებთ სრულ ანაზღაურებას. თუმცა ამისთვის დაგჭირდებათ გარკვეული ტექნიკური ცოდნა - მაგალითად, უნდა გესმოდეს როგორ დააყენოთ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, როგორ უზრუნველყოთ კავშირი ბლოკჩეინ ქსელთან 24/7 რეჟიმში, და როგორ დაიცვათ თქვენი სისტემა ჰაკერებისგან.
დადებითი მხარე: იღებთ მაქსიმალურ შემოსავალს.
რისკი: სჭირდება ტექნიკური ცოდნა, მაღალი პასუხისმგებლობა და მუდმივი 24/7 ყოფნა ონლაინ რეჟიმში.
დელეგირებული სტეიკინგი (Delegated staking)
დელეგირებული სტეიკინგი არის პირადი კრიპტო მონეტების გადაცემა სანდო ვალიდატორზე (რომელიც ახორციელებს Self სტეიკინგს) მოგების მიღების მიზნით.
დელეგირებული სტეიკინგის დროს არ არის საჭირო საკუთარი ნოდის (კვანძის) შექმნა. ამ დროს, თქვენ ხართ დელეგატორი და საკუთარ მონეტებს გადასცემთ ვალიდატორს.
დადებითი მხარე: პროცესის იმარტივე და მეტი კონტროლის მექანიზმი ბირჟებთან შედარებით.
რისკი: საჭიროა შეარჩიოთ სანდო ვალიდატორი, რომელიც იღებს მომსახურეობის მცირე საკომისიოს. მართალია თქვენი მონეტების დაკარგვის რისკი პრაქტიკულად არ არსებობს (თუ არ გაკოტრდა თავად პლატფორმა), მაგრამ შეიძლება დაკარგოთ პროცენტული ანაზღაურება, თუ ვალიდატორს შეექმნა რაიმე სახის პრობლემები).
ლიკვიდური სტეიკინგი (Liquid Staking)
ლიკვიდური სტეიკინგი საშუალებას იძლევა მიიღოთ პროცენტული სარგებელი ისე, რომ არ დაკარგოთ წვდეომა საკუთარ მონეტებზე და მათი საშუალებით მიიღო დამატებითი სარგებელი. მაგალითად, როცა ლიკვიდურ სტეიკინგში ჩადებთ ETH-ს, სისტემა გაძლევთ შებრუნებულ მონეტებს - stETH-ს, რომლებიც ასახავს სტეიკნგში თქვენს წილს და შეიძლება მათი პარალელური გამოყენება სხვა პლატფორმებზე: ვაჭრობაში, სესხებში ან სხვა ფინანსურ აქტივობებში.
დადებითი მხარე: მოქნილობა. აქტიური მონაწილეობა დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi). ლიკვიდური სტეიკინგის დროს მონეტები არ იბლოკება. შესაძლებელია მათი პარალელურად გამოყენება და სტეიკინგის პროცენტებთან ერთად დამატებითი სარგებლის მიღება.
რისკი: მიიღებული მონეტებს ფასი შესაძლოა არ იყოს სტაბილური და დაკარგოს პირვანდელი ღირებულება. პლატფორმის ტექნიკური ან უსაფრთხოების პრობლემა.
მოქნილი სტეიკინგი (Flexible Staking)
მოქნილი სტეიკინგის შემთხვევაში, შეგიძლიათ საკუთარი მონეტები ნებისმიერ დროს შეიტანოთ ან გამოიტანოთ სტეიკინგიდან.
დადებითი მხარე: მოქმედების თავისუფლება და მოქნილობა.
ნაკლი: მოქნილი სტეიკინგის დროს, ანაზღაურება (პროცენტული სარგებელი) დაბალია.
ფიქსირებული სტეიკინგი Fixed/Locked
ფიქსირებული სტეიკინგის დროს თქვენი მონეტები იბლოკება განსაზღვრული დროით (მაგ. 30, 60, ან 90 დღით).
დადებითი მხარე: უფრო მაღალი პროცენტული ანაზღაურება.
რისკი: ბლოკირებულ მონეტებს ვერ გამოიტანთ არჩეული ვადის გასვლამდე და თუ კრიპტო ბაზარზე ფასები დაეცა, ვერ მოახერხებთ სწრაფ რეაგირებას. ზოგიერთ პატფორმაზე ბლოკირებული მონეტების გამოტანა შესაძლებელია, მაგრამ შესაძლოა ჯარიმის სახით ჩამოგაჭრან მონეტების გარკვეული რაოდენობა.
დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე სტეიკინგი (DeFi Staking)
დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე არ არის საჭირო რეგისტრაციის გავლა, საკმარისია მხოლოდ არჩეულ პლატფორმასთან თქვენი ელექტრონული საფულის დაკავშირება. შემდეგ პროცესს მართავენ ჭკვიანი კონტრაქტები.
მაგალითად: Uniswap-ზე, Lido და სხვა დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე სტეიკინგი
დადებითი მხარე: უფრო მაღალი სარგებელი.
რისკი: მაღალი რისკის ფაქტორი (შეცდომა სმარტ კონტრაქტში, ჰაკერების მიერ პლატფორმის გატეხვა, პლატფორმის გაკოტრება და სხვა...
ელექტრონულ საფულეებში სტეიკინგი (Wallet Staking)
სტეიკინგი შეგიძლიათ პირდაპირ საკუთარი კრიპტო საფულიდანაც განახორციელოთ, ბირჟების, ცენტრალიზებული თუ დეცენტრალიზებული პლატფორმების გარეშე.
მაგალითად: Exodus, Phantom, Keplr, Trust Wallet, Ledger და სხვა საფულეებს გააჩნიათ სტეიკინგის ფუნქცია პირდაპირ აპლიკაციის საშულებით
დადებითი მხარეები: მონეტებზე სრული კონტროლი, ბირჟის ან პლატფორმის გაკოტრების ნაკლები რისკი.
რისკი: შესაძლოა ტექნიკურად ოდნავ რთული იყოს დამწყებისთვის. ზოგიერთი საფულიდან მონეტების გამოტანას შესსაძლოა დაჭირდეს 20-30 დღე, რა პერიოდშიც შესაძლოა ვერ მოასწროთ ბაზარზე ფასები დაეცეს ან გაიზარდოს იმგვარად, რომ გსურდეთ მონეტების გამოტანა და გაიდვა და ვერ მოასწროთ დროულად რეაგირება.
სტეიკინგის რისკ-ფაქტორები
ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს სტეიკინგისთვის შეძენილი მონეტის ფასის ცვალებადობა (ვოლატილობა).
მაგალითად, თუ თქვენ 1000 ADA შეძენილი გაქვთ 800 დოლარად (ანუ ერთი ADA - 0.80 ცენტად), ხოლო სტეიკინგის საშუალო წლიური ანაზღაურება 5%-ია, წლის ბოლოს მიიღებთ დაახლოებით 50 ADA-ს.
თუმცა ADA-ს ღირებულება შესაძლოა შეიცვალოს (ფასმა დაიკლოს ან მოიმატოს).
თუ წლის ბოლოს ADA-ს ფასი გახდა მაგალითად - 30 ცენტი, თქვენი 1000 ADA + 50 სტეიკინგით მიღებული ADA-ს, ანუ 1050 ADA -ს ფასი იქნება - არა 800 დოლარი, რაც გადაიხადეთ ადას მონეტებში, არამედ - 1050 X 0.30$ = 315$, ანუ თქვენი დეპოზიტი არა თუ გაიზრდება, არამედ შემცირდება - 800-315=485$-ით.
თუმცა შეიძლება მოხდეს პირიქით და წლის ბოლოსთვის ადას ფასი გახდეს მაგალითად -3$ ამ შემთხვევაში, თქვენი დეპოზიტი იქნება 1050 X 3$ = 3150$, ანუ თქვენი დეპოზიტი გაიზრდება 3150-800=2350$-ით.
ან თუ გავიხსენებთ "LUNA"-ს მაგალითს, მონეტა, რომელსაც უზარმაზარი ღირებულება და პროცენტები ჰქონდა სტეიკინგში, ერთ დღეში დაეცა 99%-ით. ამიტომ სტეიკინგის სარგებელზე ფიქრისას, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ მონეტის ფასის ცვალებადობა და შესაძლო რისკი.
ასევე რისკ ფაქტორებს წარმოადგენს გაურკვეველი რეგულაციები და სამართლებრივი რისკები.
როგორ დავიწყოთ სტეიკინგი?
რეკომენდებულია აირჩიოთ ფუნდამენტური მონეტები, რომელთა ფასიც ნაკლები ცვალებადობით გამოირჩევა. მაგალითად: Ethereum, Solana, Atom, Ada Cardano და სხვა კრიპტო მონეტები...
შემდეგ, პირველ რიგში უნდა შეიძინოთ არჩეული კრიპტო მონეტა ან მონეტები სანდო ბირჟებზე: Binance, ByaBit, OKX, Coinbase და სხვა
შეძენამდე კარგად შეისწავლეთ ფასების ისტორია და მიმდინარე გრაფიკი. უმჯობესია, თუ შეძენილი მონეტის ფასი ახლოს იქნება მონეტის უმდაბლეს ფასთან (All-Time Low (ATL) და არა მის უმაღლეს ფასთან (All-Time High (ATH).
ზოგადად, რეკომენდებულია მონეტის შეძენა მაშინ, როცა მისი ფასი უმაღლესი All-Time High (ATH)-დან დაცემულია 60-80 პროცენტით (რაც მეტით, მით უკეთესი)
შემდეგ კარგად აწონ-დაწონეთ, შეადარეთ პირობები, პროცენტული მაჩვენებლები, რისკები და აირჩიეთ სტეიკინგის თქვენზე მორგებული მეთოდი (ზემოთ მოყვანილი მეთოდებიდან)
გადაიტანე მონეტები შესაბამის ბირჟაზე, ცენტრალიზებულ ან დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე, ან კიდევ ელექტრონულ საფულეში და დაიწყეთ სტეიკინგი.
მუდმივად განახორციელეთ თქვენი მონეტების მონიტორინგი.
დასკვნა
სტეიკინგი წარმოადგენს კრიპტოვალუტის შენახვის ეფექტურ მეთოდს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ დამატებითი სარგებელი თქვენი მონეტებისგან. თუმცა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სტეიკინგის მექანიზმები და შესაბამისი რისკები, რათა მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
















