მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 

 
  ნანახია 365 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ციფრული ოქროს დაბადება: ბიტკოინის ისტორია

 

2008 წელი. მსოფლიო საბანკო სისტემა ნგრევის ზღვარზეა. სწორედ ამ ფონზე, ანონიმური ფიგურა სახელად სატოში ნაკამოტო აქვეყნებს მანიფესტს: „A purely peer-to-peer version of electronic cash…“

2009 წელს ნაკამოტო უშვებს ბიტკოინის პირველ ვერსიას და ქმნის პირველ ბლოკს - „Genesis Block“. ამ ბლოკში დატოვებული გზავნილი კი სიმბოლურად წარმოადგენდა პროტესტს არსებული ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ: “The Times 03/Jan/2009 Chancellor on brink of second bailout for banks.”

ბიტკოინი იყო პასუხი არამარტო ფინანსური კრახზე, არამედ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილ უნდობლობაზე ცენტრალური ბანკების, პოლიტიკოსებისა და ფინანსური ელიტების მიმართ.

არსებობს ბიტკოინის წარმოშობის რამდენიმე თეორია:

1. ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით, ბიტკოინი შეიქმნა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე კომპიუტერული ენთუზიასტების მიერ, რათა დაეფუძნებინათ ანონიმური, უსაფრთხო და გამჭვირვალე გადახდების სისტემა, რომელიც არ დაემორჩილებოდა ბანკებს. მოგვიანებით ქსელი გახდა საჯარო და მისი განვითარება გაგრძელდა მომხმარებელთა შორის თანხმობის საფუძველზე.

2. ბიტკოინი შეიქმნა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ, რათა უზრუნველეყოთ ფინანსური რესურსების დისტანციური და ანონიმური გადაცემა ცენტრალიზებული საბანკო სისტემის გამოყენების გარეშე ადამიანებს შორის, რომლებიც შესაძლოა არც კი იცნობდნენ ერთმანეთს. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ აშშ-ის მთავრობა დღემდე აქტიურად ყიდულობს ბიტკოინებს საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო პირველი მსხვილი კრიპტოანალიტიკური კომპანიები სწორედ აშშ-ში გაჩნდა - FBI-ის პატრონაჟით და დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბაზარზე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

3. კიდევ ერთი თეორია (კონსპირაციული), ამტკიცებს, რომ ბიტკოინი შექმნეს მსოფლიო ელიტებმა (როტშილდებმა, როკფელერებმა) და ფინანსურმა ინსტიტუტებმა (მაგ. ბილდერბერგის კლუბი) - რათა დაამყარებინათ მასებზე კონტროლი და გამოეყენებინათ ბიტკოინი როგორც ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად საჭირო ვალუტა, რომელიც ეროვნულ ვალუტებს ჩაანაცვლებდა.

 

რა არის ბლოკჩეინი

 

ბლოკჩეინი (ინგლ. block - „ბლოკი“, chain - „ჯაჭვი“) არის მონაცემთა შენახვისა და გადაცემის დაცული მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ბლოკების ერთმანეთთან ჯაჭვისებურად დაკავშირების პრინციპზე:

თითოეული ბლოკი შეიცავს ინფორმაციას წინა ბლოკის შესახებ; ბლოკები ერთმანეთთან დაკავშირებულია სპეციალური კრიპტოგრაფიული გასაღებებით. იმისათვის, რომ შეიცვალოს რომელიმე ბლოკში ჩაწერილი მონაცემი, აუცილებელია ცვლილება შეტანილი იქნეს ჯაჭვის ყველა მომდევნო ბლოკშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯაჭვი დაირღვევა.

ამ პროცესის ფარულად განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც ბლოკჩეინის ტექნოლოგია მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო გზად ინფორმაციის რედაქტირებისა და გაყალბებისგან დასაცავად. ამ სახით ჩაწერილი მონაცემების შეცვლა შეუძლებელია - შესაძლებელია მხოლოდ მათი ნახვა.

ბლოკჩეინი გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში:

ფინანსები: დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემების შესაქმნელად, მაგალითად, კრიპტოვალუტებში.

ჯანმრთელობის დაცვა: სამედიცინო მონაცემების უსაფრთხოდ და სანდოდ შესანახად.

წარმოება: პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში მოძრაობის კონტროლისთვის,

და სხვა...

 

ბლოკჩეინის მცირე ისტორია

 

პირველი კონცეფციები, რომლებიც ახლოა ბლოკჩეინის რეესტრის მუშაობის პრინციპებთან, გაჩნდა XX საუკუნის მეორე ნახევარში.

1982 წელს ამერიკელმა კრიპტოგრაფმა დეივიდ ჩაუმმა საკუთარ დისერტაციაში წარმოადგინა პროტოკოლი და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია, რომელიც მოიცავდა თითქმის ყველა იმ მთავარ ელემენტს, რაც დღეს ბლოკჩეინისთვის არის დამახასიათებელი.

გავიდა თითქმის ათწლეული და 1991 წელს, კრიპტოგრაფმა სტიუარტ ჰაბერმა და ფიზიკოსმა უ. სკოტ სტორნეტამ თავიანთ ერთობლივ ნაშრომში აღწერეს ბლოკების კრიტოგრაფიულად დაცული თანმიმდევრობა, ხოლო 1992 წელს დაამატეს ჰეშის კონცეფცია, რაც შესაძლებელს ხდიდა ბლოკებში არსებული ტრანზაქციების შენახვასა და მათზე თვალყურის დევნნებას. 1995 წელს მათ დააფუძნეს პირველი კომერციულ სერვისი - Surety.

ამ პერიოდის კრიპტოგრაფიულ ჯაჭვურ სისტემებს ერთი ძირითადი ნაკლი ჰქონდათ - ბლოკებში არსებული ინფორმაციის სისწორე უნდა გადაემოწმებინა ნდობით აღჭურვილ შუამავალს (აგენტს), რაც სისტემას ცენტრალიზებულს, ანუ ცენტრიდან მართულს ხდიდა, რადგან კონტროლს ახორციელებდა მხოლოდ ერთი პირი.

ყველაფერი შეიცვალა 2008 წელს, როდესაც ანონიმურმა პროგრამისტმა ან პროგრამისტების ჯგუფმა, სახელით სატოში ნაკამოტო (ნამდვილი ვინაობა დღემდე უცნობია), გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც აღწერილი იყო Bitcoin-ის პრინციპი, რომელიც დაფუძნებული იყო ბლოკჩეინზე.

სისტემის ძირითადი ინოვაცია იყო ჯაჭვური ჰეშების კომბინაცია „კონსენსუსის მექანიზმთან“ - ე.წ. თანხმობის პროცესთან, რომელიც მომხმარებლებს აძლევდა საშუალებას, დამოუკიდებლად დაემტკიცებინათ ბლოკში ჩაწერილი ინფორმაციის სისწორე, ცენტრალიზებული კონტროლის გარეშე.

2009 წელს შეიქმნა ბიტკოინის პირველი ბლოკი (Genesis Block), და ბლოკჩეინის ტექნოლოგია სწრაფად გავრცელდა.

დღეს ბლოკჩეინს იყენებენ არა მხოლოდ კრიპტო ინდუსტრიაში, არამედ ფინანსურ სისტემებში, ბანკინგში, ციფრულ იდენტიფიკაციაში, თამაშების ინდუსტრიაში და სხვა მრავალ სფეროში.

 

რა არის და როგორ მუშაობს ბიტკოინი?

 

ბიტკოინი (ინგლ. Bitcoin, სიტყვებისგან bit - ბიტი და coin - მონეტა) 

ბიტკოინი (BTC)  ეს არის ვირტუალური ვალუტა (ციფრული ფული) რომელიც ფუნქციონირებს დეცენტრალიზებულ ბიტკოინის ქსელში ცენტრალური ბანკების, მმართველი ორგანოების ან შუამავლების გარეშე. მისი მდგრადობა დამოკიდებულია მთელს მსოფლიოში გაბნეულ კომპიუტერულ ქსელზე, რის გამოც მას ვერცერთი სახელმწიფო ორგანო ან ფინანსური ინსტიტუტი ვერ აკონტროლებს.

ერთი სიტყვით, ბიტკოინის ტრანზაქციები (გადარიცხვები) არ საჭიროებს მესამე მხარის - ბანკის ან სხვა შუამავალი ფინანსური ორგანიზაციების მონაწილეობას. ყველა ტრანზაქცია იწერება და ინახება საჯარო რეესტრში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება: ეს არის ღია და გამჭვირვალე ბაზა მონაცემების შესანახად.

ტრადიციული ფინანსური სისტემებისგან განსხვავებით, სადაც ოპერაციებს ამუშავებს და აკონტროლებს ცენტრალური ფინანსური ორგანო, ბიტკოინი მუშაობს P2P პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ ტრანზაქციები ხორციელდება უშუალოდ მომხმარებლებს შორის, რაც სისტემას უფრო მდგრადს ხდის გარე ჩარევების მიმართ.

ბიტკოინის ქსელის ბირთვს წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განთავსებული ნოდების (კვანძების) ერთობლიობა. ნოდი - ეს არის კომპიუტერი, რომელიც დაკავშირებულია ბიტკოინის ქსელთან და ეხმარება საერთო ქსელს ტრანზაქციების გადამოწმებაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაუშვას საკუთარი ნოდი და გახდეს ქსელის ნაწილი, რათა ბლოკჩეინი არ იყოს კონტროლირებადი რომელიმე ერთი ორგანიზაციის მიერ.

ეს არის დეცენტრალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ბიტკოინის სისტემის გამძლეობასა და უსაფრთხოებას.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტრანზაქცია იწერება საჯარო რეესტრში, მონაწილეთა პირადი მონაცემები დაფარულია კრიპტოგრაფიული მისამართებით, რაც უზრუნველყოფს ანონიმურობის გარკვეულ დონეს, თუმცა სპეციალიზებული ბლოკჩეინ-ანალიტიკური ინსტრუმენტების საშუალებით ზოგჯერ შესაძლებელია ტრანზაქციების ნაკადებზე დაკვირვება.

ბიტკოინის ქსელში ტრანზაქციები შეუქცევადია, ანუ, ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ მისი გაუქმება შეუძლებელია, რაც გამორიცხავს თაღლითობას თანხის უკან დაბრუნების გზით და მომხმარებლებს აიძულებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ თანხების გაგზავნის მომენტში.

 

რა არის მაინინგი


მაინინგი ბიტკოინის მოპოვების ძირითადი მეთოდია. პირებს (ან კომპანიებს), რომლებიც დაკავებული არიან მაინინგით, მაინერებს უწოდებენ.

მაინერები ტრანზაქციების დასამუშავებლად და ბლოკჩეინში დასამატებლად კომპიუტერულ რესურსებს იყენებენ, სანაცვლოდ კი იღებენ ბიტკოინის ახალ მონეტებს. ეს პროცესი არა მხოლოდ უზრუნველყოფს სისტემის ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას, არამედ არეგულირებს ახალი მონეტების გამოშვებას.

როდესაც ერთი ადამიანი უგზავნის ბიტკოინს მეორე ადამიანს, ტრანზაქციის გადამოწმება ხდება მაინერების მიერ, რომლებიც საკუთარ კომპიუტერების საშუალებით ცდილობენ იპოვონ ისეთი ჰეში (გარკვეული ციფრული კოდი), რომელიც აკმაყოფილებს ქსელის მიერ დაწესებულ კრიტერიუმს.

ეს პროცესი მუშაობს როგორც წახალისების მექანიზმი: მაინერები, რომლებიც ხარჯავენ დროს, ენერგიასა და სახსრებს, იღებენ პრემიას (ბიტკოინის ახალი მონეტების სახით) ახალი ბლოკის პოვნაში მონაწილეობის სანაცვლოდ.

მომხმარებლებს შორის შეთანხმების მიღწევის ეს მოდელი "კონსენსუსის მექანიზმის" სახელით არის ცნობილი (Proof-of-Work - მუშაობის დამადასტურებელი მტკიცებულება).

მაინერი, რომელიც პირველად გამოყოფს სწორ ჰეშს, იღებს უფლებას დაამატოს თავისი შემოთავაზებული ბლოკი ბლოკჩეინს. შემდეგ სხვა მაინერები ამოწმებენ ბლოკში შეტანილ ტრანზაქციებს - კერძოდ, ამოწმებენ, აქვს თუ არა გამგზავნს საკმარისი რაოდენობის ბიტკოინი და ხომ არ ცდილობს ერთი და იგივე თანხის ორჯერ გამოყენებას.

ყველა ტრანზაქცია იწერება საჯარო რეესტრში (ბლოკჩეინში), რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მაღალ დონეს. ბლოკჩეინი იცავს მონაცემებს რთული კრიპტოგრაფიული ალგორითმების მეშვეობით, რაც ინფორმაციის გაყალბებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

ბლოკჩეინი საჯარო, მყარი და გამჭვირვალე რეესტრია, რომელშიც ყველა ტრანზაქცია იწერება თანმიმდევრობით, როდესაც ქსელი დაადასტურებს ბლოკს, ის სამუდამოდ ერწყმის ბლოკჩეინს, რის შემდეგაც ბლოკში არსებული მონაცემების შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია.

მიუხდავად იმისა, რომ ბიტკოინის მაინინგი მოითხოვს მნიშვნელოვან ენერგო რესურსებს, ბოლო წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. დღეს ბევრი მსხვილი მაინინგ-ცენტრი გადადის განახლებად ენერგიაზე - მაგალითად, ჰიდრო, ქარის ან მზის ენერგიაზე.

 

რა არის ბიტკოინის ჰალვინგი

 

ჰალვინგი (ინგლ. halving) - ეს არის წინასწარ დაგეგმილი და ბიტკოინის კოდში ჩადებული პროცესი, რომლის დროსაც ხდება ბლოკჩეინში ახალი ბლოკის დამატებისთვის გამოყოფილი ჯილდოს განახევრება.

ბიტკოინის ჰალვინგი ხდება დაახლოებით 4 წელიწადში ერთხელ - უფრო ზუსტად კი, მაინერების მიერ ყოველი 210 000-ე ბლოკის დადასტურების შემდეგ. ბლოკის პოვნის დრო არის საშუალო და არაპროგნოზირებადი, ამიტომ ჰალვინგის ზუსტი თარიღი წინასწარ არასდროს არის ცნობილი.

ყოველ ჰალვინგზე მაინერებისთვის გამოყოფილი ბლოკის ჯილდო ზუსტად ორჯერ მცირდება. მაგალითად, 2009 წელს, როცა ბიტკოინის ქსელი გაეშვა, მაინერები ჯილდოს სახით თითო ბლოკზე იღებდნენ 50 ბიტკოინს.

შემდეგ ჰალვინგებმა ჯილდო შემდეგნაირად შეამცირა:

2012 წელს - 25 BTC.

2016 წელს - 12.5 BTC.

2020 წელს - 6.25 BTC.

2024 წელს - ბლოკის ჯილდო შემცირდა 3.125 BTC-მდე.

ბიტკოინის ემისია (მთლიანი მოცულობა) დასაწყისიდანვე შეზღუდულია - ანუ სისტემაში ოდესმე (დაახლოებით 2140 წლისთვის) მაინერების მიერ მოხდება ბოლო ბიტკოინის გამომუშავება.

ჰალვინგის მიზანს სწორედ ბიტკოინის გამორჩეულობის - შეზღუდული ემისიისა და ინფლაციისგან დაცვა წარმოადგენს. თუ ჩვეულებრივ ფულს მუდმივად ბეჭდავენ და მისი ღირებულება ინფლაციის გამო მცირდება, ბიტკოინის შეზღუდული ემისია და ჰალვინგი ხელს უშლის ახალი მონეტების გადაჭარბებულ შექმნას და ციფრულ აქტივს მეტ ფასეულებას მატებს.

2024 წლის შემოდგომის მდგომარეობით მიმოქცევაშია დაახლოებით 19.7 მილიონი ბიტკოინი. მილიონობით მათგანი დაკარგულად ითვლება, ამიტომ რეალურად ნაკლები ბიტკოინია ხელმისაწვდომი. ბიტკოინების მაქსიმალური რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია ალგორითმით - სულ შეიძლება მოიპოვებული იქნას 21 მილიონი ბიტკოინი. ანუ ბიტკოინის სრული ემისია შეადგენს 21 მილიონ BTC-ს, რაც ბიტკოინს აქცევს იშვიათ და დეფიციტურ აქტივად, რომელიც ხშირად ოქროსთან ასოცირდება.

ვარაუდობენ, რომ ბოლო ბიტკოინის მოიპოვება მოხდება დაახლოებით 2140 წელს.

 

რა არის სატოში


სატოში არის ბიტკოინის მცირე ერთეული. სახელი მომდინარეობს ბიტკოინის შემქმნელის ფსევდონიმიდან - სატოში ნაკამოტო.

1 ბიტკოინი = 100 000 000 სატოში

ბიტკოინი შესაძლებელია დაიყოს მე-8 ათწილად ნიშნულამდე (0.00000001 BTC), რაც ტრანზაქციებს მეტად მოქნილს და ხელმისაწვდომს ხდის მათთვისაც, ვისაც ბიტკოინის მცირე რაოდენობით შეძენა სურს (ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია იყიდოს ნებისმიერი რაოდენობის სატოშები).

 

რა ღირს ბიტკოინი

 

ბიტკოინს არ აქვს ფიქსირებული ფასი. მისი ღირებულება მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება, ამიტომ მისი ფასი მერყევია.

ბიტკოინის ღირებულების ისტორია: 2009-2025 წლებში:

2009 - ბიტკოინს ფასი არ ჰქონდა და მისი ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელი იყო.

2010 - 17 მარტს გაიხსნა პირველი კრიპტობირჟა BitcoinMarket.com. მაისში ლასლო ჰანეჩმა 10 000 BTC-ად ორი პიცა იყიდა, მისი ღირებულება დაახლოებით $25 იყო. ბიტკოინის ფასი $1-ის ქვემოთ მერყეობდა.

2011 - ბიტკოინის ფასმა $1-ს გადააჭარბა. აპრილში TIME-მა დაწერა ბიტკოინის შესახებ, რამაც ფასი $32-მდე აწია, თუმცა შემდეგ $10-მდე დაეცა. ივნისში Mt.Gox კრიპტობირჟა გატეხეს, რამაც ფასი $0.01-მდე შეამცირა.

2012 - BTC-ის ფასმა $13.44-ს მიაღწია. მოხდა პირველი ჰალვინგი, რამაც მაინერების ჯილდო 50 BTC-დან 25 BTC-მდე შეამცირა.

2013 - გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი პირველად ავიდა $100-ზე, ხოლო ნოემბრის ბოლოს $1 000-ს გადააჭარბა და $1 151-ს მიაღწია.

2014 - ისევ გატეხეს ბირჟა Mt.Gox ბირჟა, რის შედეგადაც 744 ათასი ბიტკოინი მოიპარეს. ამან გამოიწვია პირველი „კრიპტო ზამთარი“ და ბიტკოინის ფასის ხანგრძლივი ვარდნა.

2015 - BTC-ის ფასი პიკზე დაახლოებით $430 იყო და მთელი წლის განმავლობაში ამ დონეზე დარჩა.

2016 - ბიტკოინის ფასი იზრდებოდა, მაგრამ $1 000-ს ვერ აღწევდა. შემდეგ მოხდა შემდეგი ჰალვინგი. კრეიგ რაიტი საკუთარ თავს ბიტკოინის შემქმნელად აცხადებდა, რასაც კრიპტო საზოგადორბა სკეპტიციზმით შეხვდა.

2017 - წლის დასაწყისში ბიტკოინი $960 ღირდა, სექტემბერში $5 000, ხოლო 17 დეკემბერს ისტორიულ მაქსიმუმს - $19 483-ს მიაღწია, რასაც სწრაფი ვარდნა მოჰყვა. გამოჩნდა ახალი მონეტები: Bitcoin Cash (BCH) და Bitcoin Gold (BTG).

2018 - ისევ დადგა „კრიპტო ზამთარი“. იანვარში ფასი $9 800-მდე დაეცა, წლის ბოლოსთვის კი $3 800-მდე. Google-მა, Twitter-მა და Meta-მ აკრძალეს კრიპტოვალუტების რეკლამა.

2019 - ივნისში ბიტკოინის ფასი $13 785-მდე გაიზარდა, მაგრამ ვერ დაუბრუნდა წინა მაქსიმუმებს. სექტემბერში Bakkt ინსტიტუციური სერვისი ამოქმედდა, რამაც ფასი $10 000-დან $6 600-მდე შეამცირა.

2020 - COVID-19 პანდემიის მიუხედავად, კრიპტოვალუტების ფასები გაიზარდა. მარტში ფასი $3 800-მდე დაეცა, მაგრამ წლის ბოლოსთვის $19 ათასამდე ავიდა. ამავე წელს მოხდა მორიგი ჰალვინგი, და PayPal-მა დანერგა კრიპტოვალუტებით ტრანზაქციების შესაძლებლობა დანერგა.

2021 - 21 თებერვალს BTC-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად $1 ტრილიონს გადააჭარბა. ნოემბერში ფასმა $69 ათასს მიაღწია. ამავე წელს ჩინეთმა აკრძალა კრიპტოვალუტები, ხოლო სალვადორმა პირიქით, ლეგალიზება მოახდინა.

2022 - ბიტკოინის ფასი მრავალჯერ დაეცა. ყაზახეთში პროტესტების, აშშ-ის ფედერალური რეზერვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მოლოდინის, Terra Luna-ს პროექტის კრახისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, ფასი $19 ათასამდე დაეცა ივნისში, ხოლო ნოემბერში FTX ბირჟის გაკოტრების შემდეგ $15.88 ათასამდე. ბიტკოინის ფასმა წელი დაახლოებით $16.6 ათას დოლარზე დასრულდა.

2023 - ბიტკოინის ფასის აღდგენა გაგრძელდა. გაზაფხულზე $25-30 ათასი დიაპაზონში იყო. ოქტომბერში ფასი $35.2 ათასამდე გაიზარდა. წლის განმავლობაში ფასი გაორმაგდა, რაც გამოიწვია SEC-ის სიგნალმა Grayscale-ის ETF-ის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

2024 - 11 იანვარს SEC-მ 11 ბიტკოინ ETF-ის გაშვება დაამტკიცა, რის ფონზეც BTC-ის ფასმა $49 ათასს მიაღწია, ხოლო მარტში რეკორდულ $73 ათასამდე ავიდა. შემოდგომაზე ფასი კვლავ გაიზარდა, სექტემბერში $70 ათასს მიაღწია, ხოლო ოქტომბერში ახალი მაქსიმუმი - $75 ათასი დლარი დაამყარა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბერში, ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაიზარდა და $89 500-ს მიაღწია.

2025 - წელი კორექტირებით დაიწყო, იანვარში ბიტკოინი $76 ათასამდე დაეცა. გაზაფხულზე ფასი თანდათან აღდგა და ივლისის შუა რიცხვებისთვის BTC-მ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს - დაახლოებით $123 ათას დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ფასი ინვესტორების მხრიდან სტაბილური ინტერესის ფონზე განაგრძობს აღმავალ ტენდენციას.

 

ბიტკოინის გამოყენება

 

თავდაპირველად ბიტკოინი შეიქმნა როგორც ონლაინ-გადახდების ალტერნატიული საშუალება, რომელიც არ საჭიროებს მესამე მხარის ჩარევას. დროთა განმავლობაში "ციფრული ოქრო" ფართოდ გამოიყენება ინვესტირებისა და კაპიტალის შენარჩუნების საშუალებად, განსაკუთრებით ეკონომიკური არასტაბილურობისა და ინფლაციის პირობებში.

ბიტკოინის ქსელს გააჩნია დაბალი საკომისიო საერთაშორისო გადარიცხვებისთვის.

ზოგიერთ ქვეყანაში -  მაღაზიები, ონლაინ პლატფორმები და კერძო პირებიც იღებენ ბიტკოინს. თუმცა საქართველოში ბიტკოინი არ არის ოფიციალური გადახდის საშუალება, ამიტომ ძირითადად გამოიყენება ინვესტირების ან შენახვის მიზნით.

ბიტკოინ-საფულეების პაროლების დაკარგვა - გავრცელებული მოვლენაა. დაახლოებით 20% არსებული ბიტკოინებისა შესაძლოა დაკარგული ან მიტოვებული იყოს დავიწყებული პაროლების ან დაზიანებული მოწყობილობების გამო. მომხმარებლები საკუთარ კაპიტალს მართავენ ციფრული საფულეების მეშვეობით, რომლებიც შეიცავენ საჯარო და პირად გასაღებებს.

სხვადასხვა ქვეყნებში ბიტკოინის გამოყენების ტენდენცია სხვადასხვაა. მაგალითად:

სალვადორში ბიტკოინი ოფიციალურად არის აღიარებული ვალუტად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო მისი გამოყენებისთვის, ევროკავშირში იკვეთება კრიპტოვალუტების ლეგალიზაციისკენ მიმართული ტენდენცია.

 

სად შევიძინოთ ბიტკოინი

 

ბიტკოინის შეძენა შესაძლებელია კრიპტოვალუტის ბირჟებზე (Binance, Bybit, OKX, Bitget და სხვა), P2P პლატფორმებზე ან სპეციალურ კრიპტო–ბანკომატებში. ასევე, ზოგიერთი ფინანსური აპლიკაციის საშუალებით (მაგ. Revolut, PayPal, TBC, BOG და სხვა).

როგორ მიიღება ბიტკოინი

შესყიდვის გარდა, ბიტკოინის მოპოვება შესაძლებელია რამდენიმე გზით:

მაინინგით (ძირითადი მეთოდი) - სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით;

სტეიკინგით - ბიტკოინის შენახვა სპეციალურ პლატფორმებზე, სადაც ანგარიშზე არსებულ მონეტებს ემატება პროცენტული სარგებელი.

ბიტკოინ-კრანებით - საიტები ან აპლიკაციები, რომლებიც მცირე რაოდენობით კრიპტოვალუტას გასცემენ მარტივი დავალებების შესრულების სანაცვლოდ (მაგ. CAPTCHA-ს ამოხსნა, ბმულებზე დაჭერა, რეკლამების ნახვა და ა.შ).

შენიშვნა: ბიტკოინით ბევრი ადამიანი გამდიდრდა, მაგრამ უამრავმა დაკარგა თანხა ფასის მკვეთრი ცვლილებების გამო. ბიტკოინი არ არის სწრაფად გამდიდრების გარანტია. ის საჭიროებს ცოდნას, სტრატეგიას და მოთმინებას.

 

როგორ შევინახოთ ბიტკოინი:

 

ბიტკოინის შენახვა შესაძლებელია როგორც კრიპტო ბირჟებზე, ასევე სპეციალურ კრიპტო საფულეებში.

კრიპტო საფულე - ეს არის პროგრამული ან ფიზიკური მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბიტკოინის (და სხვა კრიპტოვალუტების) შენახვას, გაგზავნას და მიღებას კრიპტოგრაფიული გასაღებების მეშვეობით.


საფულეების ტიპები:


• Non-Custodial - მფლობელი სრულად აკონტროლებს private key-სა და seed phrase-ს. ბიტკოინის „გასაღები“ მხოლოდ მის ხელშია, ამიტომ ვერც ვერავინ დაბლოკავს ან გადარიცხავს მის თანხებს. საკუთარ აქტივებზე პასუხისმგებლობა მთლიანად მფლობელზეა.

• Custodial - private key ინახება მომსახურების მიმწოდებელთან (მაგ.: Binance, Bybit). ამ შემთხვევაში, პაროლის აღდგენა მარტივია, თუმცა private key და მართვის უფლებები გადაცემული აქვს სერვისის მიმწოდებელს, რაც მატ საშუალებას აძლევთ შეცვალონ ან დაბლოკონ ანგარიში საჭიროების შემთხვევაში. ანუ საბოლოო კონტროლი კომპანიის ხელში რჩება.


Non-Custodial საფულეების ფორმები:

• Cold Wallet (Ledger, Trezor და სხვა) - ფიზიკური, ოფლაინ მოწყობილობა, რომელიც არ უკავშირდება ინტერნეტს და მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს ჰაკერული შეტევებისგან.

• Hot Wallet (Trust Wallet, MetaMask და სხვა) - პროგრამული საფულე ინტერნეტთან მუდმივი წვდომით, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელია, თუმცა ნაკლებად უსაფრთხოა.


მნიშვნელოვანია: private key და seed phrase უნდა ინახებოდეს უსაფრთხოდ, რადგან მათი დაკარგვა ნიშნავს ბიტკოინის დაკარგვას აღდგენის ყოველგვარი შანსის გარეშე.

Public key შეიძლება სხვებთან იქნას გაზიარებული (როგორც საბანკო ანგარიშის ნომერი), ხოლო private key არის პაროლი, რომელიც იძლევა წვდომას პირად კრიპტო აქტივებზე.

 

ბიტკოინის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

დადებითი:

ანონიმურობა, დეცენტრალიზაცია, დაბალი საკომისიო საერთაშორისო გადარიცხვებისთვის, არ ექვემდებარება ინფლაციას (ფიქსირებული ემისია - 21 მილიონი), მომხმარებელზე ორიენტირებულობა - ბანკებისა და სხვა შუამავლების გარეშე, საკუთარი აქტივების სრული კონტროლი.

უარყოფითი:

ფასის მერყეობა (მაღალი ვოლატილობა), რეგულაციების გაურკვევლობა ბევრ ქვეყანაში, ტრანზაქციების შეუქცევადობა (შეუძლებელია შემთხვევითი ტრანზაქციის გაუქმება), მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში, აქტივებზე წვდომის დაკარგვის საფრთხე.

 

რამდენად უსაფრთხოა ბიტკოინი?

 

ბიტკოინის უსაფრთხოება აგებულია მისი დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინზე და ძლიერ კრიპტოგრაფიულ ალგორითმებზე. სისტემის გატეხა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მონაცემები შენახულია მილიონობით კომპიუტერზე და ამ მონაცემების გადაცემას ადასტურებს მთელი ქსელი.

თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, ბიტკოინის ძირითადი კრიპტოგრაფიული პროტოკოლების გატეხა (SHA-256 ჰეში) ძალიან რთულია და თანამედროვე კომპიუტერული სიმძლავრის პირობებში პრაქტიკულად არარეალური. მომავალი კვანტური კომპიუტერები თეორიულად შეიძლება წარმოადგენდნენ საფრთხეს, მაგრამ მეორეს მხრივ აქტიურად მუშავდება ახალი, კვანტური კომპიუტერებისგან დაცული კრიპტოგრაფიული პროტოკოლები (Quantum-resistant).

ერთი სიტყვით, ბიტკოინის სისტემის გატეხა დღევანდელი ტექნოლოგიებით ვერ ხერხდება და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს როგორც ტექნიკური, ისე ქსელის სტრუქტურული თავისებურებები.

 

საინტერესო ფაქტები ბიტკოინი შესახებ

 

• ბიტკოინის იდეის საფუძველი 1997 წელს ჩაეყარა, როდესაც ადამ ბეკმა (Adam Back) ჩამოაყალიბა Proof-of-Work მექანიზმი და გამოსცა სტატია Hashcash — მომსახურებაზე უარის თქმის საწინააღმდეგო მექანიზმი. მოგვიანებით, უცნობმა ავტორმა, ფსევდონიმით სატოში ნაკამოტო, სწორედ ამ მიდგომაზე დაყრდნობით შექმნა ბიტკოინის კონცეფცია.

• 18 აგვისტო, 2008 - დარეგისტრირდა დომენი bitcoin.org. თარიღი ხშირად ბიტკოინის „დაბადების დღედ“ მიიჩნევენ.

• 3 იანვარი, 2009 - მოიპოვეს ბიტკოინის პირველი ბლოკი (Genesis Block), რომლის შიგთავსში ჩასმული იყო ბრიტანული გაზეთის The Times სათაური: Chancellor on brink of second bailout for banks.

• 12 იანვარი, 2009 - განხორციელდა პირველი ტრანზაქცია: სატოშიმ გაუგზავნა 50 BTC ჰალ ფინის (Hal Finney).

• 12 ოქტომბერი, 2009 - ბიტკოინი პირველად გაიყიდა ფიატ ვალუტაში: ფინელმა პროგრამისტმა მარტი მალმიმ (Martti Malmi) 5050 BTC გაყიდა $5.02-ად PayPal-ის საშუალებით.

• დღემდე მოპოვებული ბიტკოინის დაახლოებით 20% სამუდამოდ დაკარგულად ითვლება - ანუ 3,7-დან 6 მილიონ BTC-მდე. ამის მიზეზია დავიწყებული პაროლები, დაკარგული მოწყობილობები, არასწორ მისამართზე გადარიცხვები და ქურდობა. ყველაზე ცნობილი შემთხვევაა ბრიტანელი ჯეიმს ჰაუელსი, რომელმაც შემთხვევით გადააგდო მყარი დისკი, რომელზეც 7 500 BTC-ის საფულის მისამართი იყო შენახული.

• 2010 წლის 22 მაისს პროგრამისტმა ლასლო ჰეინიცმა (Laszlo Hanyecz) ორი პიცა შეიძინა 10 000 BTC-ად (მაშინდელი კურსით დაახლოებით $41). დღეს ეს მონეტები ასობით მილიონი დოლარს ეღირებოდა. ეს თარიღი მას შემდეგ ცნობილია როგორც ბიტკოინ-პიცის დღე (Bitcoin Pizza Day).

• ბიტკოინი ფიზიკურად არ არსებობს - ის მხოლოდ ბლოკჩეინში დაცული ციფრული მონაცემია. ბიტკოინის გამოსახულებიანი მონეტები მხოლოდ სუვენირებს წარმოადგენს.

• ბიტკოინის ქსელი 2009 წლიდან დღემდე არასოდეს გატეხილა, რაც მისი დეცენტრალიზებული არქიტექტურის დამსახურებაა.

• 29 ოქტომბერი, 2013 - ვანკუვერში, კაფე Waves Coffee House-ში, დამონტაჟდა პირველი ბიტკოინ-ბანკომატი. მაშინ ბიტკოინის ფასი $126-მდე გაიზარდა. დღეს მსოფლიოში 50 000-ზე მეტი კრიპტო ბანკომატია.

• 2016 წელს კომპანია Genesis Mining-მა სტრატოსფეროში გაუშვა 3D პრინტერით დაბეჭდილი ბიტკოინის სიმბოლო, რომელთანაც მიმაგრებული იყო რეალური ბიტკოინ-საფულე, და განახორციელა პირველი ფინანსური ტრანზაქცია კოსმოსში ფიზიკურ პირებს შორის.

• 2021 წელს სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ გადახდის საშუალებად აღიარა. სხვა ქვეყნებიც განიხილავენ მსგავს ნაბიჯს.

• ბიტკოინის ქსელი მოიხმარს მსოფლიო ელექტროენერგიის დაახლოებით 0,21%-ს, რაც შეესაბამება არგენტინის ან ნიდერლანდების წლიურ მოხმარებას.

 

პს

 

ვის ეკუთვნის ბიტკოინი? არავის და ამავე დროს - ყველას. ბიტკოინი არ იმართება არცერთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ. მისი ღირებულება განისაზღვრება ბაზრის მოთხოვნა-მიწოდებით.

მაინც რა არის ბიტკოინი? თავისუფლების ინსტრუმენტი თუ ტექნოლოგიური ბუშტი?

ბიტკოინი უკვე იქცა ინტერნეტის ეპოქის ფინანსურ სიმბოლოდ. ის მოითხოვს ცოდნას, კრიტიკულ აზროვნებას და პასუხისმგებლობას. მის გარშემო ბევრი მითია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ბიტკოინმა უკვე შექმნა ფულის ცნების ახლებური ხედვა და ის უკვე ისტორიის ნაწილია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ