მომავალი დედა
ორსული ქალების ნახევარზე მეტს ამ პერიოდში ნაადრევი ტოქსიკოზი აღენიშნება.
ამის მიზეზია ის, რომ ორგანიზმში კვლავ მიმდინარეობს ჰორმონალური გარდაქმნები, რომელიც უზრუნველყოფს ნაყოფის განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს.
ასე რომ ნუ შეგეშინდებათ, მითუმეტეს რომ თქვენი პატარა შეიძლება ბიჭი იყოს, ამ დროს ხდება ჰორმონალური ფონის სპეციალური შეთავსება თქვენი მომავალი ბავშვის სქესთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.
მეექვსე კვირაში, თქვენ უკვე შეამჩნევთ გარკვეულ ცვლილებებს საკუთარ ორგანიზში. შეიძლება ცოტათი მოიმატოთ, ხოლო თუ ტოქსიკოზი გაქვთ და ცოტას ჭამთ - დაიკლოთ კიდეც.
ასეთ დროს ხშირად აღინიშნება მომეტებული ნერწყვის გამოყოფა. შეიძლება თქვენი კანი მშრალი გახდეს, აიქერცლოს ან ლაქებით დაიფაროს ესეც თანმდევი მოვლენებია და ნუ აღელდებით.
თუ ორსულობა ნორმალურად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ხშირად ექიმები მაინც გთხოვენ ხოლმე გამოკვლევას ინფექციაზე, რომელიც შეიძლება სქესობრივი გზითაც გადავიდეს და ჩუმად მიმდინარეობდეს, ყოველგვარი ნიშნების გარეშე, რაც წარმოუდგენლად საშიშია ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.
ასე რომ, ეს გამოკვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა ნებისმიერი ინფექციის არსებობა დროულად იქნეს გამოვლენილი და ექიმს საშუალება მიეცეს მის წინააღმდეგ ეფექტური ზომები გაატაროს.
ამ პერიოდში ხშირია ორსულებში ისეთი სიმპტომები, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს:
შეკრულობა
ფეხმძიმობის დროს, კუჭნაწლავის მოქმედება გარკვეულწილად იცვლება ხოლმე და ქალების უმრავლესობა ამ პერიოდში ხშირად უჩივის შეკრულობას. საკმაოდ გავრცელებულია ასეთ დროს (ჰემოროის) ბუასილის ჩამოყალიბება.
შეკრულობის მიზეზი ფეხმძიმობის დროს შეიძლება იყოს:
» არასწორი კვება.
» უმოძრაობა (ჰიპოდინამია)
» ფეხმძიმობის ფიზიოლოგიური მიზეზები
სავსე სწორი ნაწლავი აწვება საშვილოსნოს, რაც არასასურველია, ამიტომ ეცადეთ კუჭის მოქმედება ყოველდღე გქონდეთ. ამას კარგად ეხმარება უზმოზე ერთი ჭიქა წყალი (სასურველია ყლუპებად), ან ძილის წინ ერთი ჭიქა მაწონი.
იმისათვის რომ შეკრულობა თავიდან აიცილოთ, შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე. დაგეხმარებათ ასევე ფიზიკური ვარჯიშები.
კარგია მსუბუქი სახის სასაქმებელი საშუალებები, მაგალითად მაგნიუმის შემცველი რძე და შავი ქლიავის წვენი. ზოგიერთი საკვები, როგორიცაა ბრინჯისა და ხორბლის ფაფა სასარგებლოა, თან შეგიმსუბუქებთ შეკრულობის სიმძიმეს. კარგია წყალში მოხარშული ჰერკულესის ფაფაც, რომელსაც კარაქი და თაფლი აქვს დამატებული. განსაკუთრებით შედეგიანია (გემრიელიც) თუ მას დილით ადრე მიირთმევთ.
ნუ მიიღებთ სხვა უფრო ძლიერ სასაქმებელ საშუალებას, ან ნუ გაიკეთებთ ოყნას (მან შეიძლება საშვილოსნოს ტონუსის ამაღლება გამოიწვიოს), თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ შეკრულობა საკუთარი ძალებით ვერ დაამარცხეთ და ამჩნევთ, რომ იგი უფრო გაგირთულდათ, აუცილებლად მიმართეთ მას ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
გულძმარვა
გულძმარვა და კუჭის წვა ერთ - ერთი საკმაოდ ხშირი გამოვლინებაა ფეხმძიმობის დროს, რომელიც დისკომფორტს უქმნის ქალბატონებს.
მისი გამომწვევი მიზეზი (თუ სხვა დროს არ გაწუხებდათ) ისევ და ისევ ჰორმონებია, ასევე მოქმედებს კუჭ - ნაწლავში მიმდინარე პროცესებზეც.
სარქველი, რომელიც განთავსებულია კუჭსა და საყლაპავ მილს შორის, ჰორმონ პროგესტერონის დონის მომატების შედეგად დუნდება და მასში მჟავიანობის დონე მატულობს. ასევე მისი მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს გაფართოება ზემოთ, მუცლის არისკენ და მისი კუჭზე დაწოლა.
ბევრ ქალბატონს არც თუ ისე ძლიერი გულძმარვა აღენიშნება. მისი გამკლავება შეიძლება, თუ გაითვალისწინებთ ამ მარტივ რჩევებს.
• მოერიდეთ დიდი რაოდენობით საკვების მიღებას, განსაკუთრებით შემწვარ და ცხარე საკვებს. მიიღეთ საკვები ხშირად და პატარა პორციებით და იმ რაოდენობით, რომ კუჭის წვა არ გამოიწვიოს. თუმცა გადაჭარბება აქაც არ შეიძლება, მაგალითად თუ ამჩნევთ, რომ შოკოლადი არ იწვევს კუჭის წვას, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ იგი ყოველი საკვების მიღების დროს. და საერთოდ, ეცადეთ თქვენი რაციონიდან ამოიღოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თქვენზე და დაამატოთ ისეთი, რომელიც საჭიროა თქვენი მომავალი პატარას განვითარებისათვის.
• მოერიდეთ ზოგიერთ პოზას, მაგალითად ნუ დაიხრებით ძალიან დაბლა და ნუ დაწვებით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ყველაზე მოკლე გზა კუჭის წვისკენ დიდი რაოდენობით საკვების მიღება და შემდეგ მდივანზე წამოწოლაა.
• თუ გულძმარვა ღამით გემართებათ, დალიეთ ძილის წინ ერთი ჭიქა რძე და დაიძინეთ მაღალ სასთუმალზე.
თუ მიუხედავად ამისა გულძმარვა მაინც შეგაწუხებთ, შეიძლება შვება მოგცეთ საშუალებებმა (მედიკამენტებმა), რომელიც ანეიტრალებს მჟავის მოქმედებას. თუმცა მათმა გადამეტებულმა დოზამ, შეიძლება სხვა პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ ნუ მიიღებთ მას თქვენს ექიმთან შეუთანხმებლად და ყურადღებით გაეცანით თითოეული მედიკამენტის ინსტრუქციას.
მოერიდეთ სოდის ბიკარბონატის მიღებას, რადგან მისმა გადამეტებულმა დოზამ შეიძლება შარდის შეკავება გამოიწვიოს
გენიტალური ჰერპესი
ჩვეულებრივ, ორსულობის დროს შეიძლება ჰერპესის მხოლოდ რეციდივი გამოვლინდეს. ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაში მისი გამოვლენა შეიძლება თვითნებური აბორტის, უფრო იშვიათად კი ნაყოფის თანდაყოლილი ნაკლის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
უფრო გვიან სტადიაში მისმა გამოვლენამ კი შეიძლება ნაადრევი მშობიარობა და დღენაკლული ბავშვის დაბადება გამოიწვიოს.
არსებობს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბავშვი დაინფიცირდეს სამშობიარო გზების გავლის მომენტში. ამიტომ შეიძლება საკეისრო კვეთის დანიშვნა გახდეს აუცილებელი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰერპესით დაავადებულ ახალშობილებს შორის 50%-ს შეადგენს.
გენიტალური ჰერპასი ვერაგი დაავადებაა, მისი განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია. იგი განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმობის გვიან პერიოდში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია თავიდანვე იყოთ ფრთხილად და იმყოფებოდეთ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
ჰერპესის შემთხვევაში იგი აუცილებლად დაგინიშნავთ ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობას, რომელიც მიიღება შინაგანად და განსაკუთრებულად ეფექტური საშუალებაა ჰერპესის წინააღმდეგ.
აუცილებელია ექიმმა მუდმივად აკონტროლოს თქვენი და თქვენი მომავალი პატარას ჯანმრთელობა.
კანდიდოზური ვულვოვაგინიტი (საშოს ანთება)
საკმაოდ ხშირი მოვლენაა ორსულებში. მართალია ინფიცირების ეს სახე ძლიერ ნეგატიურ ზემოქმედებას არ ახდენს ფეხმძიმობაზე, მაგრამ იწვევს დისკომფორტს და შეშფოთებას.
მისი მკურნალობა ფეხმძიმობის მიმდინარეობის პროცესში რთულია. მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს რამოდენიმე მოკლე (3-7 დღე), ან ერთი გრძელი (10-14 დღე) სეანსი. მის სამკურნალოდ გამოყენებული მალამოები აბსოლიტურად უვნებელია. პარტნიორის მკურნალობაც ამ დროს არ არის აუცილებელი.
ახალდაბადებული ბავშვი, რომელიც გაივლის სამშობიარო არხებს, შეიძლება დაინფიცირდეს კანდიდოზური სტომატიტით (პირის ღრუს რძიანა).
პირის ღრუს რძიანა, ისევე როგორც კანდიდოზური ვულვოვაგინიტი ადვილად იკურნება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია თქვენი ექიმის კონსულტაცია, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ და ეფექტურ მკურნალობას დაგინიშნავთ.
ტრიხომონალური ვაგინიტი
მართალია ტრიხომონალური ვაგინატი არ ახდენს სერიოზულ ზემოქმედებას ფეხმძიმობაზე, თუმცა მისი მკურნალობა შასაძლოა გართულდეს.
ამის მიზეზია ის, რომ პრეპარატები (მაგალითად მეტრონიდაზოლი), რომელიც ეფექტურია მის სამკურნალოდ, არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში.
ასევე დღემდე საკამათოა ამ პრეპარატების გამოყენება ფეხმძიმობის შემდგომ პერიოდშიც.
კონდილომა
ამ დაავადებას, რომელიც წარმოადგენს გარე სასქესო ორგანოებზე მეჭეჭისმაგვარ წამონაზარდს, მახვილწვეტიან კონდილომასაც უწოდებენ. თუ მას დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას, შეიძლება საკეისრო კვეთა გახდეს აუცილებელი.
კონდილიმას მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი არსებობს, სპეციალური ბასრი კოვზით მოფხეკა, ელექტროკოაგულაცია, ჩვეულებრივი ან ლაზერული ქირურგია.
კონდილომას ფაქტები საკმაოდ ხშირია ფეხმძიმობის დროს. რაც შეეხება შეიძლება თუ არა გადაედოს იგი ბავშვს: - თუ ვირუსი სისხლშია, შეიძლება სისხლით გადავიდეს ახალშობილზე, თუ არა, არსებობს რისკი, ახალშობილი სამშობიარო არხის გავლის შემდეგ დაინფიცირდეს, ჩაყლაპოს რა სითხე მშობიარობის პროცესში.
ნებისმიერ შემთხვევაში საკეისრო კვეთა არის იმის გარანტია, რომ ბავშვი სუფთა დაიბადება და არ იქნება დაინფიცირებული პაპილომა ვირუსით.
ძირითადად, კონდილომას ფეხმძიმობის პერიოდში არ ეხებიან (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, როცა წამონაზარდები ძალიან დიდია) ფეხმძიმობის შემდეგ ის შეიძლება თავისთავად გაქრეს (ძალიან იშვიათ შემთხვევაში), თუ არადა მისი მოცილების ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით შეიძლება.
პაპილომა ვირუსის სხვა გამოვლინების - მეჭეჭებისგან გამსხვავებით, რომლებიც თავისთავად ქრება მშობიარობის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში, კონდილომები თავისთავად პრაქტიკულად არ ქრებიან.
ფეხმძიმობის დროს კონდილომების მკურნალობა საჭირო და აუცილებელია, თუმცა სასურველია ეს მოხდეს ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე, გარკვეული სიფრთხილის დაცვით. ამიტომ ამ დროს ლაზერული და ელექტრო ზემოქმედება, აგრეთვე ციტოსტატიკური პრეპარატების გამოყენება დაუშვებელია.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი მიანდეთ თქვენს გინეკოლოგს და მის გარეშე ნუ გადადგამთ ერთ ნაბიჯსაც კი.
გონორეა
ქალი გონორეით შეიძლება ნებისმიერ დროს დაავადდეს. ეს დაავადება საშიშია ქალისთვის, მისი პარტნიორისთვის და ნაყოფისთვის, რომელმაც საშვილოსნოს ყელი უნდა გაიაროს.
ბავშვს ემართება თანდაყოლილი გონორეული ოფთალმია (თვალის ანთება), ამიტომ ახალშობილს დაბადებისთანავე ესაჭიროება თვალის წვეთები.
გონერეა ახალშობილებში შესაძლოა სხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.
გონორეული ინფექციები ადვილად იკურნება პენიცილინითა და სხვა მსგავსი მედიკამენტებით, რომელიც უვნებელია ორსულობის პერიოდში მისაღებად.
მომავალი ბავშვი
ფეხმძიმობის მეექვსე კვირაში თქვენი მომავალი პატარას ზრდის ტემპი უფრო შესამჩნევი ხდება. იწყებს ფორმირებას პაწაწინა ყურები, ცხვირი, პირის მოხაზულობაც შესამჩნევი ხდება.
ასევე შესამჩნევი ხდება ხელების და ფეხების ჩანასახები. ის უკვე ახერხებს თავის შებრუნებას და თქვენდა შეუმჩნევლად შეუძლია შეინძრეს კიდეც. მეექვსე კვირას ხდება სასქესო ჯირკვლების გამოკვეთა - ქალის იქნება ის თუ მამაკაცის.
თქვენი პატარას სიმაღლე ამ პერიოდში 2 - დან 6 მმ - მდეა.
ამ პერიოდში პატარას თავს გააჩნია უკვე ფორმირებული ცხვირის ნესტოები და თვალები, რომელიც ერთი შეხედვით ისე ჩანს, როგორც მუქი წერტილები.
მეექვსე კვირის ბოლოს მას უკვე გააჩნია პაწაწინა და მოკლე, მაგრამ მაინც ხელები, რომელიც შეუძლია ამოძრაოს კიდეც.
ამ პერიოდშივე იწყებს ფორმირებას ჭიპლარი, რომლის ჩანასახის ფორმირება ჯერ კიდევ მეხუთე კვირაში მოხდა.
სანაყოფე ბუშტი ფეხმძიმობის მეექვსე კვირაში უკვე საკმარისად ფართო ხდება იმისთვის, რომ ემბრიონმა იმოძრაოს და იცუროს ამნიოტურ სითხეში. ის იქ თავს მით უფრო შესანიშნავად გრძნობს, რაც უფრო თავს უვლის და სწორად იკვებება მისი დედა.
პაწაწინას გული უკვე აქტიურად მუშაობს, გულისცემის რითმი ამ დროს შეადგენს 100 დარტყმაზე მეტს წუთში. მაქსიმალურად ითვლება 160 დარტყმა წუთში. პატარას სხეულში უკვე მოძრაობს სისხლი და იგი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.
ორსულობის კალენდარი |
ყველაფერი ორსულობის შესახებ |
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge |