მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 66441 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-9 კვირამიუხედავად იმისა, რომ მე–9 კვირაში, ორგანიზმში ნაყოფის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპები მიმდინარეობს, თქვენი ფეხმძიმობა გარეშე თვალისთვის ჯერ კიდევ შეუმჩნეველია.

მეცხრე კვირა, ბოლო კრიტიკული პერიოდის დასაწყისია, როდესაც მომავალი პატარა განსაკუთრებით რეაგირებს მედიკამენტებზე, რადიაცულ გამოსხივებაზე და სხვა სამედიცინო ჩარევაზე.

ეს  პერიოდი შეესაბამება პლაცენტის საბოლოო ფორმირების ხანგრძლივ პროცესს (ფეხმძიმობის 9-12 კვირა). ამიტომ რეკომენდირებულია განსაკუთრებული სიფრთხილე მედიკამენტების მიღებასთან და სამედიცინო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებით.

მეცხრე-მეათე კვირაში პლაცენტა იღებს დისკის ფორმას. ამასთან ერთად ნაყოფს უვითარდება თირკმლები, რომელიც პლაცენტის გავლით იწყებს გამომყოფ ფუნქციას.

ამ დროს მომავალი დედის მიერ შარდის გამოყოფა ძლიერდება და ხდება ძალიან ხშირი, რაც ქალბატონებში დისკომფორტს იწვევს. ამიტომ, სასურველია თუ ისინი ღამისთვის მოერიდებიან და ნაკლებ სითხეს მიიღებენ.

ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გინეკოლოგთან ვიზიტი და შარდის ანალიზის ჩაბარება, რადგან ასეთ დროს, შარდში ცილებისა და ლეიკოციტების არსებობა არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

ამიტომ მნიშვნელოვანია არ გამოგეპაროთ ფარული პიელონეფრიტი (თირკმლის ინფექციური ანთებითი დაავადება).

თუ ტოქსიკოზი გაქვთ, შეიძლება ამ პერიოდისთვის წონაში მკვეთრად დაიკლოთ, საშუალოდ 2-7კგ, მაგრამ თუ არ გაქვთ ტოქსიკოზი, შეიძლება დაახლოებით 1-2 კგ - მდე მოიმატოთ. მე-9 კვირიდან სასურველია არტერიული წნევის, წონისა და მენჯის გარშემოწერილობის რეგულარული კონტროლი.

ორსულობის მეცხრე კვირაში სექსუალური ურთიერთობის საკითხი, ისევე როგორც ფეხმძიმობის სხვა კვირებში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომავალი დედის ფიზიკურ მდგომარეობაზე, უკუჩვენებების არსებობაზე და რაც მთავარია სურვილზე.

ამ პერიოდიდან, წონის რეგულარულ კონტროლს, ძალიან ბევრი ქალბატონი მიმართავს, რაც სრულებით არ არის ზედმეტი, რადგან წონის ზომიერი მომატება აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის.

თუ ტოქსიკოზი გაქვთ, მე-9 კვირიდან შეიძლება შვება იგრძნოთ, თუმცა საბოლოოდ მისგან სავარაუდოდ მე-12-13 კვირაში განთავისუფლდებით.

 

სისხლის მოცულობის გაზრდა

 

სისხლის მოცულობის გაზრდაფეხმძიმობის დროს, სისხლის მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, მიახლოებით 45-50% -ით ნორმალურ მოცულობასთან შედარებით, თუმცა ყველა ქალისთვის ეს მოცულობა შეიძლება სხვადასხვა იყოს.

სისხლის მოცულობის გაზრდა, დაკავშირებულია ზრდადი საშვილოსნოს საჭირო რაოდენობით სისხლით მომარაგების აუცილებლობასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ემბრიონის სისხლის მოცულობა, რომლის ცირკულაცია ცალკე ხდება, არ იზრდება.

სისხლის მარაგის გაზრდა, იცავს მომავალ პატარას არასასურველი ეფექტებისგან, ხოლო მომავალში, მშობიარობის პროცესში, როცა თქვენ სისხლის ნაწილს დაკარგავთ, სისხლის მარაგი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სისხლის მოცულობის გაზრდა იწყება პირველ ტრიმესტრში, აღწევს ყველაზე დიდ დონეს მეორე ტრიმესტრში და გრძელდება მესამეში.

სისხლი შედგება თხევადი ნაწილისგან (პლაზმა), წითელი უჯრედებისგან (ერითროციტები) და თეთრი უჯრედებისგან (ლეიკოციტები). ისინი დიდ როლს თამაშობენ ორგანიზმის განვითარებაში. მათი მოცულობა იზრდება არათანაბარი პროპორციით, ჩვეულებრივ, ჯერ იზრდება პლაზმის მოცულობა, ხოლო შემდეგ სისხლის წითელი უჯრედების.

სწორედ ახალი სისხლის წითელის უჯრედების წარმოქმნაა იმის მიზეზი, რომ ორგანიზმი რკინის რაოდენობის გაზრდას ითხოვს.

პლაზმისა და სისხლის წითელი სხეულების მოცულობითი შეფარდება - არის ჰემატოკრიტული რიცხვი, მას ჰემოგლობინის კონცენტრაციასაც უწოდებენ. იგი გამოიყენება ანემიის დონის განსაზღვრისათვის. ჩვეულებრივ ქალებში ეს დონე მერყეობს 37-44 -ის ფარგლებში.

ფეხმძიმობის დროს, იზრდება როგორც პლაზმის, ასევე სისხლის წითელი ნაწილაკების რაოდენობა, პლაზმა წარმოიქმნება უფრო სწრაფად, ეს კი შეიძლება ჰემატოკრიტული რიცხვის შემცირების მიზეზი გახდეს, რამაც ანემია გამოიწვიოს, ასეთ ანემიას ფეხმძიმეთა ანემიას უწოდებენ. თუ ჰემატოკრიტული რიცხვი 37 -ს ქვემოთ ჩამოდის, ეს ანემიის მომასწავლებელია.

ანემია ფეხმძიმეებში დაქანცულობას, თავბრუსხვევასა და საერთო სისუსტეს იწვევს.

 

ანემია

 

ანემიაფეხმძიმობის დროს განვითარებული ანემია, მშობიარობისას ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა. ასეთი ქალებისთვის მშობიარობის პროცესში დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა ძალიან საშიშია.

გარდა ამისა, ანემიას უკავშირებენ ნაადრევ მშობიარობასა და მკვდარი ნაყოფის დაბადებას (პერინატალური სიკვდილი).

მშობიარობის დროს ქალი კარგავს საშუალოდ 450 მლ სისხლს, ეს რაოდენობა შეიძლება გაორმაგდეს საკეისრო კვეთის შემთხვევაში.

ამიტომ ანემიის თავიდან აცილება ფეხმძიმობის პროცესში, უკიდურესად აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი დედა შეიძლება სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს და შესაძლებელია სისხლის გადასხმაც კი დასჭირდეს.

ზოგიერთი ქალბატონი საერთოდ ვერ ხვდება, რომ ანემია აქვს, რადგან შესაძლოა იგი სიმტომების გარეშე მიმდინარეობდეს.

ზოგადად, ანემიის სიმპტომებია: სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, გულისყრა. არც თუ ისე იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ტროფიკული ცვლილებები, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში რკინის შემცველი ფერმენტების ნაკლებობით.

ანემიის შედეგი შეიძლება იყოს თმების ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები, ნაპრალები პირის კუთხეებში, ხელისგულებისა და ცხვირის ქვემოთ სამკუთხედის სიყვითლე. აგრეთვე უნებლიე შარდვა და კუჭის მოქმედება.

შესაძლებელია ეგზოტიკური გასტრონომიული მიდრეკილებების გამოვლინება, როგორიცაა ცარცის, საშლელის ჭამა, მძაფრ სუნიანი ხსნარების დაყნოსვის სურვილი.

ძლიერი ანემიის დროს შესაძლოა განვითარდეს გულის უკმარისობა გახშირებული გულისცემით, შეშუპებით, არტერიული წნევის დაცემით.

ანემიის თავიდან აცილებაში და მის მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიეტა.

ფართოდაა გავრცელებული მცდარი მოსაზრება, რომ ანემიის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს რკინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს (ვაშლი, ბროწეული, სტაფილო და ა,.შ).

რა თქმა უნდა ეს პროდუქტები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა (თანაც არა მარტო ანემიის დროს), მაგრამ სინამდვილეში უპირველესი როლი უნდა მიენიჭოს ხორცის პროდუქტებს, რადგან ხორციდან ორგანიზმი შეიწოვს 6% რკინას, მაშინ როცა მცენარეული პროდუქტებიდან ეს მაჩვენებელი 0,2%-ია.

 

რკინის რაოდენობა ორგანიზმში

 

რკინის რაოდენობა ორგანიზმშიფეხმძიმობის დროს, რკინის შემცველი საკვების (ხორცი, ღვიძლი, ისპანახი, მანგო, ფორთოხალი, ვაშლი, ახალი კომბოსტო, წიწიბურა, ბროწეული და ა.შ), ასევე პრენატალური ვიტამინებისა და რკინის შემცველი აბების მიღება უკიდურესად აუცილებელია.

თუ რკინას იღებთ  აბების სახით, მისი დღიური ნორმა შეადგენს 60 მგ-ს, იგივე რაოდენობის რკინას შეიცავს პრენატალური ვიტამინები.

თუმცა, თუ მომავალ დედას ანემია აწუხებს, სასურველია დოზა გაორმაგდეს, მაგრამ ნუ გადაწყვეტთ ამას დამოუკიდებლად, არ დაიწყოთ თვითმკურნალობა და  შეუთანხმეთ ეს საკითხი ექიმს.

რკინის რაოდენობის და მისი აუცილებლობის შესახებ ინფრმაციას, შემდეგ კვირებში უფრო ფართოდ შევეხებით. აქ კი დამატებით ავღნიშნავთ, რომ თუ რკინა არ იქნა ათვისებული ორგანიზმის მიერ, ამან შეიძლება კუჭის აშლილობა, ან პირიქით, შეკრულობა გამოიწვიოს.

 

ვენების გაფართოება

 

ვენების გაფართოებაამ პერიოდში შესამჩნევად იწყებს ზრდას თქვენი ფიგურა. სისხლის მოცულობის გაზრდის გამო უფრო შესამჩნევი გახდება ვენები მუცლის, ფეხებისა და მკერდის მიდამოებში.

კარგად დააკვირდით თქვენს მკერდს, თუ კანქვეშა ვენები შესამჩნევი გახდა (ცისფერი ბადის სახით), ეს ნიშნავს, რომ თქვენი სისხლძარღვების კედლები მიდრეკილია გაფართოებისკენ (ტრადიციულად ეს შეუთანხმებლობა თავს იჩენს უფრო გვიან პერიოდში).

ასეთ დროს ნუ ინერვიულებთ, ჯობია მიიღოთ ზომები, რათა თავიდან აირიდოთ ვენების ზედმეტი გაფართოება:

» მოირგეთ აზღუდი (ბიუსტგალტერი), რომელიც მოხერხებულად გაზით და ხელს უწყობს თქვენი სარძევე ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას.

» შეეცადეთ თავიდან აირიდოთ სიმძიმის აწევა და მუცლის პრესის ზედმეტი დაჭიმვა.

» ხანგრძლივი ფეხზე დგომა ან ჯდომა ვენების გაფართოებას უწყობს ხელს, ამიტომ ჯობია ისეირნოთ, დიდი ხანი ერთ მდგომარეობაში ნუ გაჩერდებით.

» თუ ზიხართ ან წევხართ დიდი ხნის განმავლობაში, შეეცადეთ ფეხები წამოწეულ,  ამაღლებულ მდგომარეობაში გქონდეთ.

» ყოველი ბანაობის შემდეგ, რეგულარულად მიიღეთ გრილი შხაპი, გადაივლეთ მთელს ტანზე ცივი წყალი შემდეგი თანმიმდევრობით: ტერფები, ნაკუთალი, თეძოები, დუნდულები, შემდეგ ხელებზე - მტევნებიდან  ბეჭებამდე, ბოლოს კი მუცელზე, მკერდზე და ზურგზე. კარგია,თუ ყოველი ასეთი პროცედურის შემდეგ, ტანს შეიმშრალებთ უხეში პირსახოცით.

» გაიარეთ თქვენს ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებული ელასტიური წინდების ან კოლგოტების ტარებასთან დაკავშირებით. ეს საშუალებები აიოლებს სისხლის მოძრაობას სისხლძარღვებში, შედეგად ხდება კანქვეშა ვენების განტვირთვა.

» არ დაგავიწყდეთ ვიტამინის პრეპარატები, ვიტამინი С  და  Р ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ხელს უშლის ვენების გაფართოებას.

 

ნაყოფის ანომალიური განვითარება

 

მომავალი დედის გავლენა ნაყოფის განვითარებაზენებისმიერ დედას, ფეხმძიმობის პერიოდში აწუხებს საკითხი, იქნება თუ არა მისი მომავალი პატარა ჯანმრთელი.

ჩვეულებრივ, ეს შიში საფუძველს მოკლებულია ხოლმე, რადგან თანდაყოლილი ნაკლი ახალდაბადებულებს შორის იშვიათი მოვლენაა.

მიუხედავად ამისა, ზედმეტი არ იქნება, თუ გაერკვევით, რამ შეიძლება ბავშვის თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს და როგორ შეიძლება იგი თავიდან იქნეს აცილებული.

ტერატოლოგიის (ემბრიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის განვითარების ანომალიებს) მონაცემებით, მავნე დეფექტების შემთხვევების ზუსტი ან სავარაუდო მიზეზების 50%-ზე ნაკლებია ცნობილი.

ბებიაქალებს და ექიმ-გინეკოლოგებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ფეხმძიმეებს, ხშირად ეკითხებიან იმ ნივთიერებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ანომალიის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

არსებობს ნივთიერებები, რომლებზეც ეჭვი არსებობს, მაგრამ გამოკვლევებით, მათი მავნე მოქმედება, ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული.

მიუხედავად ამისა, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ნივთიერება - ტერატოგენი, იწვევს სერიოზულ დეფექტებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ზემოქმედება ნაყოფზე, ხდება მისი განვითარების კრიტიკულ მომენტებში. ხოლო სხვა პერიოდში, ისინი არ ახდენენ სერიოზულ ზემოქმედებას.

ნაყოფის შედარებით ინტენსიური განვითარება სრულდება ფეხმძიმობის მე -13 კვირაში. ამის შემდეგ, ამა თუ იმ ნივთიერებამ შეიძლება მხოლოდ შეანელოს ნაყოფის, ან მისი ცალკეული ორგანოების განვითარება, მაგრამ არ გამოიწვიოს საერთო ტიპის სტრუქტურული დეფექტები.

ამის ერთ -ერთი ნათელი მაგალითია წითურა, მან შეიძლება მთელი რიგი ანატომიური დეფექტები გამოიწვიოს (მაგალითად თანდაყოლილი გულის მანკი) იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი დაინფიცირდა ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში, მაგრამ ფეხმძიმობის უფრო გვიან სტადიებში, დაინფიცირების შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

 

ინდივიდუალური რეაქცია ტერატოგენებზე და მათი მოქმედება ნაყოფზე

 

ინდივიდუალური რეაქცია ტერატოგენებზეშეიძლება ნაყოფის ორგანიზმმა, ამა თუ იმ ნივთიერების ერთი და იგივე დოზაზე, სხვადასხვა რეაგირება მოახდინოს.

ამის ტიპიური მაგალითია ალკოჰოლი. თუ ერთ შემთხვევაში ალკოჰოლის დიდი დოზა არავითარ სერიოზულ ზემოქმედებას არ ახდენს ნაყოფზე, მეორე შემთხვევაში მისმა მცირე დოზამ შეიძლება ნაყოფს მძიმე ზიანი მიაყენოს.

ყურადღებაა გასამახვილებელი, როცა ქალი იყენებს ტერატოგენებს ისე, რომ არ იცის საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მან აუცილებლად უნდა უთხრას საკუთარ ექიმს ამის შესახებ.

ქვემოთ მოყვანილია ცნობილი ტერატოგენები და მათი შესაძლო მოქმედება ემბრიონზე ან ნაყოფზე.

თუ ამ ნივთიერებიდან რომელიმე უკვე მიღებული გაქვთ, ნუ ჩავარდებით პანიკაში და უთხარით ამის შესახებ ექიმს, რათა მან მიიღოს შესაბამისი ზომები.

საერთოდ, აუცილებელია დაიცვათ ოქროს წესი და ფეხმძიმობის პერიოდში არ მიიღოთ არავითარი პრეპარატი ექიმის ნებართვის და ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე.

 

ტერატოგენები:

 

ტერატოგენებიალკოჰოლი  -  ოლიგოფრენია (ჭკუასუსტობა), მიკროცეფალია (პატარა თავი).

ანდროგენები (მამაკაცის ჰორმონები)  - განვითარების შეფერხება, ძვლებისა და ხელების სიმახინჯე, ცენტრალური ნერვიული სისტემისა და თვალების პრობლემები.

ანტიკოაგულიანტები (ვარფარინი)  - განვითარების შეფერხება, ძვლებისა და ხელების სიმახინჯე, ცენტრალური ნერვიული სისტემისა და თვალების პრობლემები.

ანტიტირეოდული პრეპარატები (იოდიდი, მეტიმაზოლი და სხვა)  - თვითაბორტი.

ციტოსტატიკური პრეპარატები (მეტოტრექსატი, ამინოპტერინი)  - თვითაბორტი.

დიეთილსტილბესტროლი  - ქალის რეპროდუქტიული ორგანოების ანომალიები, მამაკაცისა და ქალის უნაყოფობა.

იზოტრეტინოინი (აკუტანი)  - აბორტის რისკის გაზრდა, ნერვიული სისტემის დეფექტები, სახის დეფექტები, ნაპრალი ხერხემალში.

ტყვია  - აბორტის რისკის გაზრდა, მკვდარი ნაყოფის დაბადება.

ლითიუმი  - თანდაყოლილი გულის მანკი.

ორგანული ვერცხლისწყალი  - თავის ტვინის ატროფია, ჭკუასუსტობა, კუნთოვანი სპასტიკურობა, პაროქსიზმი (შეტევები), სიბრმავე.

ფენიტოინი (დილანტინი)  - სიმაღლეში ზრდისა და გონებრივი განვითარების შეფერხება, მიკროცეფალია.

სტრეპტომიცინი  - სმენის დაკარგვა, თავის ქალის ნერვის დაზიანება.

ტეტრაციკლინი  - ჰიპოპლაზია (კბილის ემალის თანდაყოლილი განუვითარებლობა), მუდმივი კბილების გაუფერულება.

ტალიდომიდი  - კიდურების სერიოზული დეფექტები.

ტრიმეტადინი  - ”კურდღლის ტუჩი”, ნაპრალი ხერხემალში, სიმაღლეში ზრდის შეფერხება, თვითნებური აბორტის რისკი.

სხივური თერაპია  - მიკროცეფალია, გონებრივი განვითარების შეფერხება, ლეიკემია.

 

ინფექციების ზემოქმედება ნაყოფზე

 

ინფექციების ზემოქმედება ნაყოფზეამ პერიოდში გადატანილ ზოგიერთ ინფექციას ან ავადმყოფობას, ასევე შეუძლია იმოქმედოს თქვენი მომავალი პატარას განვითარებაზე.

სასურველია, თუ მომავალი დედები შეეცდებიან თავი აარიდონ უმცირეს რისკსაც კი, რათა არ დაავადნენ ისეთი ინფექციებით, რაც საფრთხეს შეუქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას.

ქვემოთ ჩამოთვლილია ასეთი ინფექციები და მითითებულია მათი შესაძლო შედეგები:

ციტომეგალოვირუსი  -  მიკროცეფალია, თავის ტვინის დეფექტები, სმენის დაკარგვა.

წითურა  -  კატარაქტა, სიყრუე,  გულის მანკი, ნებისმიერი ორგანოს დეფექტები.

სიფილისი  -  ნაყოფის დაღუპვა მუცლის ღრუში, კანის დეფექტები.

ტოქსოპლაზმოზი  -  ნებისმიერი ორგანოს დეფექტები.

ჩუტყვავილა  -  ნებისმიერი ორგანოს დეფექტები.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-9 კვირაამ პერიოდში  თქვენი მომავალი პატარა საბოლოოდ განთავისუფლდა ემბრიონული კუდისგან და ის უკვე პატარა ადამიანს გავს. მისი ზურგი თანდათანობით იწყებს გასწორებას, თუმცა თავი ჯერ კიდევ არაპროპორციულად დიდია და კისერი ისეა მოხრილი, რომ ნიკაპი მჭიდროდაა მიბჯენილი  მკერდზე.

გულს უკვე გააჩნია ოთხი სარქველი, გულისცემა მერყეობს 130 – 150 დარტყმა წუთში

განვითარებას იწყებს კბილები. იწყება ტვინის ფორმირება და მალე თქვენი პატარას მოქმედებები უფრო კოორდინირებული გახდება.

ფორმირებულია პირველადი სასქესო ორგანოები. თანდათანობით ხელის თითებზე ჩნდება ბალიშები. ადვილად გასარჩევია თითოეული თითი ტერფებზე.

ფორმირებულია სახსრები. კიდურები განაგრძობს განვითარებას, თუმცა ხელები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ფეხები. მისი ხელები მოხრილია იდაყვებში და ამაღელვებლად არის  მიტანილი გულთან.

მისი პირი უკვე რეაგირებს შეხებაზე. თვალები საკმარისად ფორმირებულია, თუმცა ჯერ ისევ გადაკრული აქვს მემბრანა.

ნაყოფი უკვე იწყებს სხეულისა და კიდურების  მდებარეობის  შეცვლას, თუმცა ეს მოძრაობები ჯერ მხოლოდ ულტრაბგერითი გამოკვლებით შეიძლება დაფიქსირდეს.

ამ პერიოდიდან იგი სწრაფად იმატებს წონაში მისი წონა შეიძლება მერყეობდეს 1-5 გრამს შორის (თუმცა ნაყოფის მასა ინდივიდუალურია და  შესაძლებელია სხვადასხვა ნაყოფისთვის სხვადასხვა იყოს). ხოლო მისი სიგრძე 2-3 სმ -ს შორის მერყეობს.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ