მომავალი დედა
ამ პერიოდისთვის მომავალი დედის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, მუცლის ზრდა ჯერ-ჯერობით ნაკლებად შესამჩნევია.
თუ ტოქსიკოზი გაწუხებდათ, მე-12 კვირისთვის, პირველი ტრიმესტრის მიწურულს შეწყდება ღებინების შეგრძნება და გაივლის ხშირი შარდვის სურვილი.
საგრძნობლად მცირდება აღგზნებადობისა და გაღიზიანებადობის ინტენსივობა. ეს ხდება იმის გამო, რომ ამ პერიოდში ჰორმონალურ ფუნქციას თავის თავზე იღებს პლაცენტა, ხოლო ყვითელი სხეული იწყებს რეგრესირებას.
მე-12 კვირის ბოლოს, საშვილოსნო საგრძნობლადაა გადიდებული, თუმცა მას გააჩნია შესანიშნავი თვისება, კერძოდ ის, რომ შეუძლია გაიწელოს ფეხმძიმობის დროს, ხოლო მშობიარობის შემდეგ, რამოდენიმე კვირის შემდეგ, დაუბრუნდეს თავის პირვანდელ მდგომარეობას. ამ პერიოდისთვის იგი იზრდება და ზემოთ იწევს ისე, რომ ჯერ ავსებს თეძო-მენჯის ღრუს, შემდეგ კი მუცლის ღრუს.
ფეხმძიმობის დაწყებამდე საშვილოსნო მკვრივია, მისი მოცულობა დაახლოებით 10 მლ-ია. ორსულობის პროცესში იგი თანდათანობით იზრდება და აღწევს ისეთ ზომებს, რომ მასში უნდა მოთავსდეს ნაყოფი, პლაცენტა და სანაყოფე წყლები, ხოლო ფეხმძიმობის ბოლოს საშვილოსნოს მოცულობამ შეიძლება 5-10 ლ შეადგინოს. ასე რომ საერთო ჯამში მისი ტევადობა 500 -1000 ჯერ იზრდება.
იცვლება საშვილოსნოს მასაც, თუ ორსულობამდე მისი მასა იყო დაახლოებით 70 გრ, მშობიარობის შემდეგ იგი 1100 გრ-ს აღწევს.
ორსულობის პირველი თვეების განმავლობაში, საშვილოსნოს კედლის ზრდის სტიმულირება ორი ჰორმონის - ესტროგენისა და პროგესტერონის საშუალებით ხდება. მოგვიანებით საშვილოსნოს კედელი იწელება და უფრო თხელი ხდება ნაყოფისა და პლაცენტის ზრდასთან ერთად.
ბევრი ქალბატონი ფიქრობს, რომ ფეხმძიმობის დროს შეუძლია მიირთვას ყველაფერი, რაც მოესურვება. ეს მცდარი შეხედულებაა, რადაგან ზედმეტი წონა არ მოიტანს სიკეთეს არც მომავალი დედისთვის და არც ნაყოფისთვის.
დედის ზედმეტი კვების გამო, მომავალი ბავშვი არა მარტო ცუდად იგრძნობს თავს, არამედ შესაძლოა მშობიარობის პროცესი გართულდეს კიდეც.
მეორეს მხრივ, გართულდება მშობიარობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამების მოცილება და იმ ფიგურის დაბრუნება, როგორიც გქონდათ ფეხმძიმობის წინ. გადაჭარბებულმა კვებამ შესაძლოა ეს მიზანი მიუღწეველიც კი გახადოს.
შესაძლოა მე-12 კვირისთვის წონაში საერთოდ არ მოიმატოთ, ან რამოდენიმე კილოგრამით მოიმატოთ კიდეც. ამ პერიოდისთვის 1,5 დან 3,5 კგ - მდე ნამატი სრულიად ნორმალურია.
არაჯანსაღი კვება
თუ ფეხმძიმობამდე ისე იკვებებოდით, როგორც გსურდათ, ფეხმძიმობის დადგომის შემდეგ აუცილებელია გადახედოთ როგორც კვების რაციონს, ასევე მოწესრიგოთ და დააბალანსოთ საკვების მიღების დრო.
ამის მიზეზია ის, რომ კვების არეული რეჟიმი და არაბალანსირებული საკვები არა მარტო თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება უარყოფითად, არამედ საფრთხეს შეუქნის მომავალ პატარასაც.
ასე რომ, თუ უარს ამბობდით ხოლმე დილის საუზმეზე, სადილობდით იმით, რაც ხელში მოგხვდებოდათ და ვახშმობდით ნახევარფაბრიკატებით, ფეხმძიმობის დადგომისთანავე აუცილებლად უნდა თქვათ უარი კვების ასეთ რეჟიმზე.
რას მიირთმევთ და დღის რა მონაკვეთში, უკიდურესად მნიშვნელოვანია მომავალი პატარისთვის, ამიტომ შეეცადეთ ყველაფერი ისე დაგეგმოთ, რომ პატარამ მიიღოს ყველა ის აუცილებელი და საკმარისი მკვებავი ნივთიერებები, რომელიც მნიშვნელოვანია მისი სრულყოფილი განვითარებისათვის.
თუ მუშაობთ და სამსახური გაქვთ, უმჯობესია თან წაიღოთ და იკვებოთ ჯანსაღი საკვებით, ვიდრე სწრაფი კვების ობიექტებში შეიძინოთ ფასთ ფუდი და სხვა არახარისხიანი პროდუქტები.
ღამით საკვების მიღება ზოგიერთი ქალბატონისთვის აუცილებელია, ზოგიერთისთვის კი სრულიად არ არის სავალდებულო.
ძილის წინ ტკბილეულის მირთმევა სასარგებლოდ არ წაგადგებათ, პირიქით მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს აკრებთ. გარდა ამისა შესაძლოა ამან გულძმარვა, ღებინების შეგრძნება და გულის რევაც კი გამოიწვიოს.
ასე, რომ თუ ღამით კვებას თავს აარიდებთ, ამით შეინარჩუნებთ ნორმალურ წონას და თავსაც გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
კანის ცვლილება
ამ პერიოდში შესაძლოა თვალსაჩინო გახდეს კანის გარკვეული ცვლილებები, ბევრ ქალს მუცლის საშუალო ნაწილში კანი შესამჩნევად უმუქდება, ზოგჯერ კი უჩნდება გრძივი მუქი ყავისფერი ზოლი.
ზოგჯერ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ყავისფერი ლაქები ჩნდება სახეზე და კისერზე. ეს მოვლენა ქლოაზმას (ფეხმძიმეთა კანის ჰიპერპიგმენტაცია) სახელწოდებითაა ცნობილი. ამის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს მელანოდერმია (კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება მისი მუქი პიგმენტაციით სხეულის სხვადასხვა ნაწილზე).
საბედნიეროდ ამ მოვლენას დროებითი ხასიათი აქვს და ყველა ეს ლაქა ფეხმძიმობის შემდეგ ქრება. კანის ასეთივე პიგმენტაცია შესაძლოა გამოიწვიოს აბების ტიპის კოტრაცეპტივებმაც.
ამას გარდა მოსალოდნელია კანზე ძარღვოვანი ტიპის ცვლილებები, კერძოდ ძარღვოვანი ვარსკვლავი - ტელეანგიექტაზია (წვრილი სისხლძარღვებისა და კაპილარების ლოკალური გაფართოება) ან ანგიომა (სისხლძარღვის კეთილთვისებიანი სიმსივნე).
ისინი თავს იჩენს მცირე ზომის და სხვადასხვა მხარეს გაშლილი მოწითალო ამობურცვების სახით, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება სახეზე, კისერზე, მკერდის ზედა ნაწილზე და ხელებზე.
ხელისგულების მსგავსი გაწითლება ცნობილია სახელით - ხელისგულების ერითემა.
სისხლძარღვოვანი ვარსკვლავი და ხელისგულების ერითემა ხშირად ერთდროულად ვლინდება ხოლმე და ერთდროულადვე ქრებიან მშობიარობის შემდეგ. მათი წარმოშვების მიზეზი სავარაუდოდ ფეხმძიმობის დროს ესტროგენის მაღალ დონეს უკავშირდება.
აბორტის შესაძლებლობა ამოწურულია
მეთორმეტე კვირის ბოლოს, სრულდება პირველი ტრიმესტრი და შესაბამისად იწურება უკანასკნელი ვადა, როცა ქალს საკუთარი სურვილით შეუძლია შეწყვიტოს ფეხმძიმობა.
მართალია ეს თითოეული ქალის პირადი საქმეა და ინდივიდუალურად არის გადასაწყვეტი ვინ როგორ მოიქცევა, რადგან ცხოვრება რთულია და მას არც თუ ისე ცოტა უსიამოვნო სიურპრიზები მოაქვს.
თუმცა მას, ვინც ამას აპირებს, შევახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როცა ბავშვი იწყებს თავის ემოციონალურ განვითარებას, იგი უკვე ფაქტიურად ცოცხალი ადამიანია, ხოლო დედობა, ყველაზე მშვენიერი გრძნობაა, რაც კი უფალს ქალისთვის მიუნიჭებია...
გახსოვდეთ აგრეთვე ისიც, რომ ყველა აბორტს თან ახლავს გარკვეული გართულებები, ხოლო არასწორად გაკეთებულმა აბორტმა შეჭრილი ინფექციების გამო უნაყოფობა გამოიწვიოს.
იხილეთ ვრცლად: ორსულობა და მედიკამენტოზური აბორტი
ორსულობა და მოგზაურობა
დასვენება, სუფთა ჰაერი და რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია ყველა ფეხმძიმე ქალისთვის სტანდარტული დანიშნულებაა, რომელსაც უყოყმანოდ აწერს ხელს ნებისმიერი ექიმი.
არიან ფეხმძიმეები, რომელთაც ფეხმძიმობის მიმდინარეობა არ აძლევთ საშუალებას ბევრი იმოძრაონ და თუნდაც იმოგზაურონ, მათთვის სახლში ყოფნა უფრო კომფორტული და რეკომენდებულიც კია.
თუმცა რა თქმა უნდა არიან ისეთებიც, რომლებიც მშობიარობამდე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ, ბოლო მომენტამდე დადიან სამსახურში, სტუმრად, სპექტაკლებზე, კინოთეატრში თუ სხვა ღონისძიებებზე. სიტუაციის შემთხვევაში კი არც მოგზაურობაზე ამბობენ უარს და სიამოვნებით დადიან აგარაკზე, კურორტზე და საზღვარგარეთაც კი.
მიუხედავად ამისა, ბევრ ქალბატონს აინტერესებს, დასაშვებია თუ არა ფეხმძიმობის პროცესში მოგზაურობა და ემუქრება თუ არა ამით საფრთხე მომავალ პატარას.
თუ ფეხმძიმობა ნორმალურად მიმდინარეობს და არავითარ გართულებას ადგილი არა აქვს, გინეკოლოგები არ კრძალავენ მოგზაურობას, თუმცა ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია იმ ექიმის თანხმობა, რომელიც აკონტროლებს თქვენს ფეხმძიმობას. სწორედ ის განსაზღვრავს რამდენად ხართ მზად ხანგრძლივი თუ ხანმოკლე მოგზაურობისათვის.
ზოგადად კი თუ ყველაფერი რიგზეა, ავტომობილით, ავტობუსით, რკინიგზით და თვითმფრინავითაც კი (ჰერმეტული სალონით) მგზავრობა სრულიად დასაშვებია. მხოლოდ კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ და მგზავრობის დროს, ყოველ ორ საათში ადგებით ფეხზე და გაივლით.
მცირეოდენ რისკს წარმოადგენს გართულება, რომელმაც შეიძლება მოულოდნელად იჩინოს თავი იმ მომენტში, როცა აღმოჩნდებით საკმაოდ შორს იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც აკონტროლებენ და ყველაფერი იციან თქვენი ფეხმძიმობის სპეციფიკისა და ისტორიის შესახებ.
ამიტომ თუ გადაწყვეტთ, რომ სამოგზაუროდ წახვიდეთ, შეეცადეთ გულდასმით განიხილოთ ყველა დეტალი და შესაძლო ნიუანსი, რაც შესაძლოა თან ახლდეს მოგზაურობას.
ორსულობა და ავტომობილი
ფეხმძიმე ქალბატონებს ხშირად აინტერესებთ საკითხი, შეიძლება თუ არა ორსულობის პერიოდში ავტომობილის მართვა და რამდენად უსაფრთხოა უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.
თუ ავტომობილს კარგად მართავთ და ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არა გაქვთ, ავტომობილის მართვა ორსულობის პროცესში არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
მთავარია იყოთ ფრთხილად, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ავტომობილის სრულყოფილად მართვა ვერ დაგიცავთ ავტოსაგზაო შემთხვევებისგან, თქვენ ხომ უკვე ორი ადამიანის სიცოცხლეზე ხართ პასუხისმგებელი.
ბევრი თვლის, რომ უსაფრთხოების ღვედით შესაძლოა საფრთხე შეექმნას მომავალ პატარას, თუმცა ეს არასწორი შეხედულებაა, უსაფრთხოების ღვედი საგრძნობლად ამცირებს ტრამვებისა და უბედური შემთხვევების რისკს.
არ ყოფილა შემთხვევა, რომ უსაფრთხოების ღვედს საფრთხე შეექმნას საშვილოსნოსთვის ან ნაყოფისთვის. პირიქით, მეტი შანსია საგზაო შემთხვევის დროს დარჩეთ მთელი და უვნებელი და შეინარჩუნოთ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობა.
ბევრი თვლის, რომ შესაძლოა აღმოჩნდეს მახეში და ექსტრემელურ სიტუაციებში თავი ვერ გაინთავისუფლოს ღვედისგან. ესეც მცდარი შეხედულებაა, რადგან ჯერ ერთი, ექსტრემალური სიტუაციების (მაგალითად თუ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა) რისკი ძალიან დაბალია და ამ შემთხვევაშიც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ღვედის მოხსნა და მანქანიდან გადმოსვლა.
სამაგიეროდ გახსოვდეთ, რომ შეჯახების დროს, ფატალური შემთხვევების 25%, შეუკრავი ღვედის გამო მანქანიდან გადმოვარდნის მიზეზით ხდება.
ბევრი არ იკეთებს უსაფრთხოების ღვედს ახლო დისტანციებზე, თვლის, რომ სახლთან ახლოს ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა ესეც მცდარი შეხედულებაა, დადგენილია, რომ უბედური შემთხვევების უმრავლესობა, სწორედ დაზარალებულის საცხოვრებელთან ახლო რადიუსში
ბევრი არ იკეთებს უსაფრთხოების ღვედს ახლო დისტანციებზე, თვლის, რომ სახლთან ახლოს ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა ესეც მცდარი შეხედულებაა, დადგენილია, რომ უბედური შემთხვევების უმრავლესობა, სწორედ დაზარალებულის საცხოვრებელთან ახლო რადიუსში ხდება.
უსაფრთხოების ღვედის გაკეთება თავისუფლადაც შეიძლება, ისე, რომ არ შეგაწუხოთ, ხელი არ შეგიშალოთ მოძრაობაში და თავი შედარებით თავისუფლად იგრძნოთ.
ამისათვის საჭიროა ღვედის ქვედა ნაწილი გაიკეთოთ მუცლის ქვემოთ, თეძოების გასწვრივ, ხოლო ზედა ნაწილი მუცლის ზემოთ, თავისუფლად, ისე რომ არ გიშლიდეთ ხელს, არ ეხახუნებოდეს და ტკივილს აყენებდეს კისერსა და მხრებს, უმჯობესია, თუ იგი გაივლის მკერდის შუა ნაწილში.
ღვედი უნდა იყოს საკმაოდ მჭიდროდ დაჭიმული, რომ არ მოიშვას მოძრაობის დროს. უსაფრთხოების ღვედი განსაკუთრებით გულდასმით შეამოწმეთ და დაარეგულირეთ ხანგრძლივი მგზავრობის შემთხვევაში.
მომავალი ბავშვი
მე-12 კვირის შემდეგ ახალი ორგანოების წარმოქმნა არ ხდება, მაგრამ აქტიურად აგრძელებს ზრდას და განვითარებას ის ორგანოები, რომლიც უკვე გააჩნია.
მეთორმეტე კვირაში უკვე შესაძლებელია ბავშვის გულისცემის მოსმენა სპეციალური ხელსაწყოს დოპლერის საშუალებით. იგი იმდენად აძლიერებს გულისცემის ხმას, რომ მისი მოსმენა სრულიად შესაძლებელი ხდება.
ბავშვის ძვლოვანი სისტემა, რომლის განვითარება შედარებით ადრე დაიწყო, იმყოფება ოსიფიკაციის - ძვლოვანი ნივთიერების განვითარების ფაზაში.
ამ პერიოდში ფეხისა და ხელის თითები უკვე გაყოფილია, ფრჩხილები აგრძელებს ზრდას, ხოლო სხეულის ცალკულ ნაწილებზე უკვე შესამჩნევი ხდება თმების ნიშნები. სასქესო ორგანოები საკმარისად დიდია იმისათვის, რომ შეუცდომლად იქნეს განსაზღვრული ბავშვის სქესი.
კუჭ-ნაწლავის სისტემას უკვე აქვს შეკუმშვისა და საკვების გატარების უნარი. მას შეუძლია აქტიურად შეიწოვოს შაქარი და გლუკოზა.
აქტიურად იწყებს მუშაობას თირკმელებიც, მათი საშუალებით უკვე ხდება შარდის გატარება საშარდე ბუშტში.
ჰიპოფიზი (თავის ტვინის ქვედა დანამატი) ამ დროისთვის იწყებს ჰორმონების გამომუშავებას. ჰორმონი ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც გამოიმუშავებს სხეულის ერთი ნაწილი და ზემოქმედებას ახდენს მეორე ნაწილზე.
ჰიპოფიზის ჰორმონები იყოფა სხვადასხვა ჯგუფად: ზრდის ჰორმონები, პროლაქტინი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, ლუთეოტროპული ჰორმონი და ა.შ.
აგრძელებს განვითარებას ნერვული სისტემა, ნაყოფი უკვე ინძრევა, თუმცა მომავალი დედა ამას ჯერ-ჯერობით ვერ გრძნობს.
ლოკალური სტიმულაცია, აიძულებს ნაყოფს გააღოს პირი, აამოძრაოს ქუთუთოები, ფეხისა და ხელის თითები.
ორსულობის კალენდარი |
ყველაფერი ორსულობის შესახებ |
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge |
http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html