წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 6274 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 


მომავალი დედა

 

ორსულობის 22-ე კვირაფეხმძიმობის 22-ე კვირა შესაძლებელია დავახასიათოთ, როგორც ორსულობის შედარებით კომფორტული პერიოდი. მართალია მუცელი იზრდება, მაგრამ ისე არა, რომ ხელი ძალიან შეგიშალოთ, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაიხაროთ, დაჯდეთ, ისეირნოთ ფეხით ყოველგვარი სირთულის გარეშე.

დილის სისუსტე ნაკლებად გაწუხებთ და თავს შედარებით მხნედ გრძნობთ. წონაშიც ზედმეტად არ ხართ მომატებული და გრძნობთ გარკვეულ სიმსუბუქეს.

სწორ კვებას ფეხმძიმობის 22-ე კვირაზე, ისევე როგორც მთელი ფეხმძიმობის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ის პერიოდია, როცა ზედმეტი კილოგრამების აკრეფა უკვე ძალიან ადვილად ხდება.

ამიტომ, თუ თავს ყველაფრის ჭამის უფლებას მისცემთ, წონაში უფრო მალე მოიმატებთ, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ეს კი შესაბამისად აისახება როგორც თქვენს ფეხმძიმობაზე, ასევე მშობიარობაზე და იმაზეც, თუ რა ფორმაში იქნებით მშობიარობის შემდეგ.

რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება ის, რომ არ იკვებოთ და ყველაფერზე უარი თქვათ, პირიქით, თქვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს ჯანსაღი, ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებელი საკვები. მაგალითად, ღორის ხორცის მაგივრად მირთვით ხბოს ხორცი, მაიონეზიანი სალათის მაგივრად ზეითუნის ზეთით შეზავებული მსუბუქი ბოსტნეულის სალათები.

ხშირად მიირთვით ნიგვზეული, ხმელი ხილი, ხაჭო, მოთუშული ბოსტნეული. შეიძლება თქვენ იღებთ ვიტამინების კომპლექსს, მაგრამ შეეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ნივთიერებები საკვებიდან.

ზოგიერთ ქალბატონს, ფეხმძიმობის ამ ეტაპზე აღენიშნება გვიანი ტოქსიკოზი, რაც ხელს შეუშლის ინტიმურ ურთერთობებს. ამ და სხვა განსაზღვრული პრობლემების გამო, ასევე თუ ნაყოფი ტყუპია, ამ არსებობს სხვა სახის უკუჩვენება, სავარაუდოდ ექიმი გირჩევთ თავი შეიკავოთ სექსისგან ორსულობის 22-ე კვირაზე. იხილეთ:

ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო)

ორსულობის 22-ე კვირაში მოსალოდნელია: მუცლის ზრდა, გულძმარვა, თმისა და ფრჩხილების გაძლიერებული ზრდა, საშვილოსნოს შემდგომი აწევა, კუჭის შეკრულობა, ძუძუს დვრილებიდან ხსენის გამოყოფა.

ფეხმძიმობის 22-ე კვირაზე, უკვე ყველა ქალბატონი გრძნობს ნაყოფის მოძრაობას, თუმცა ზოგიერთი მომავალი დედა ამას მხოლოდ 24-ე კვირაზე იგრძნობს.

 

ზოგადი რჩევები

 

ორსულობის 22-ე კვირა - ზოგადი რჩევებიიძინეთ მხოლოდ მარცხენა გვერდზე. დაიჭირეთ სწორი პოზა როცა ზიხართ, მიეყრდენით სკამის ან დივანის საზურგეს. არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე. გახსოვდეთ, რომ ყველა თქვენი სწორი მოქმედება უკვე დადებითად აისახება არა მხოლოდ თქვენზე, არამედ თქვენს პატარაზეც.

 გამოიყენეთ ეს დრო აქტიურად, სანამ თავს მსუბუქად და კარგად გრძნობთ, ხშირად გადით ბუნებაში და მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მესამე ტრიმესტრში შესაძლოა ეს ვეღარ შეძლოთ, რადგან თქვენი წონა მოიმატებს, მუცელი უფრო გაიზრდება, ზურგს და ფეხებს კი დააწვება მეტი დატვირთვა.

 ზოგიერთ ქალბატონს ამ პერიოდში შეიძლება დასჭირდეს სპეციალური ბანდაჟი, რომელიც რამდენადმე შეამსუბუქებს ზურგის დატვირთვას. ბანდაჟის შერჩევისას აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია  პირად გინეკოლოგთან, რომელიც აკონტროლებს თქვენს ფეხმძიმობას.

 აუცილებლობის შემთხვევაში დაიწყეთ სპეციალური ვარჯიში ორსულებისთვის. ეს შესანიშნავი საშუალებაა შეინარჩუნოთ ტონუსი და არ მისცეთ ზედმეტ წონას საშუალება „შეუტიოს“ თქვენს ორგანიზმს.

 ორსულობის ამ ეტაპზე, ნაყოფს შესაძლოა განუვითარდეს ფიზიოლოგიური ანემია, რაც გამოწვეულია სისხლის პლაზმის მომატებით. პრინციპში ეს ნორმალურ პროცესად მიიჩნევა, თუმცა შეიძლება საკუთარი გინეკოლოგისთვის კითხვების დასმა ამ საკითხთან დაკავშირებით.
თუ საჭირო გახდა, იგი დანიშნავს ანალიზს, რომლიც გამოარკვევს რკინის შესაძლო ნაკლებობას, რაც შეიძლება იყოს ნამდვილი ანემიის მიზეზი.

 თქვენი ძილი უნდა გრძელდებოდეს არანაკლებ 8 საათისა. და ზოგადად, საჭიროა სრულყოფილი კვება და დასვენება. თუ ორსულად ზაფხულის პერიოდში ხართ, ნუ გადააჭარბებთ მზის აბაზანების მიღებას.

 ჩვეულებრივ, ქალები ინტერესდებიან, სჭირდებათ თუ არა ორსულობის პერიოდში მეტი სითხის მიღება და თუ ეს ასეა, კონკრეტულად რა რაოდენობით. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში საჭიროა უფრო მეტი სითხის მიღება, ვიდრე ადრე. ზოგიერთი ქალი ამჩნევს კიდეც, რომ მეტი სითხის მიღებისას, უქრებათ თავის ტკივილი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები.

მთავარია, ორსულმა არ მიიღოს მაღალკალორიული სასმელები, მაგალითად ისეთი, როგოიცაა: კოლა, პეპსი, ლიმონათი და ა.შ. სასურველია მხოლოდ წყალი. შეიძლება მისი ნატურალური წვენით შეზავება (გემოსთვის). როგორც ცნობილია, სისხლძარღვთა სისტემაში, სისხლის ცირკულაციის მოცულობა იზრდება თითქმის ორჯერ, ამიტომ ორგანიზმს სჭირდება მეტი რაოდენობის სითხე.

ამიტომ, კარგია თუ ორსულს მუდამ ხელმისაწვდომი ექნება ერთი ჭიქა წყალი, რათა ნებისმიერ დროს შეძლოს წყურვილის მოკვლა.

მართალია ძილის წინ სითხის მიღებაზე უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ სასურველია გარკვეული შეზღუდვა (რათა ხშირად არ ირბინოთ ღამით ტუალეტში), თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ უარს იტყვით ღამით სითხის მიღებაზე, მაინც მოგიწევთ ღამით ხშირად ადგომა. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და ვერაფერს იზამთ.

 თავი უნდა აარიდოთ სპორტის საშიშ სახეობებს (თუ ასეთით ხართ დაკავებული), სირბილს. საკმარისია ორსულთათვის განკუთვნილი და სპეციალისტების მიერ რეკომენდებული სპეციალური ვარჯიშები.
თუ დაკავებული იყავით ცურვით, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება მისი გაგრძელება, თუმცა თუ საშვილოსნოს ტონუსი გაქვთ, სავარაუდოდ გინეკოლოგი არ დაგრთავთ ცურვის ნებას.

 ისევე როგორც ადრე, ფეხმძიმობის ამ ეტაპზეც საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მედიკამენტების მიღების დროს.

თქვენს მიერ მედიკამენტების მიღება უნდა აკონტროლოს გინეკოლოგმა, რომელიც დაავადების სიმძიმისა და ორსულობის შესაბამისობაზე დაყრდნობით დანიშნავს საჭირო მედიკამენტებს.

გინეკოლოგის გარეშეც, თქვენ ვალდებული ხართ ყურადღებით გაეცნოთ ყველა მედიკამენტის ინსტრუქციას და მის უკუჩვენებას ორსულობასთან დაკავშირებით.

მსუბუქი სახის დაავადებებების შემთხვევაში კი (მგალითად მსუბუქი გაციება) უმჯობესია უპირატესობა ბალახეულ ან ჰომეოპათიურ პრეპარატებს მიანიჭოთ.

 ავტომანქანის საჭესთან დაჯდომა ამ პერიოდში რა თქმა უნდა შესაძლებელია, რადგან თქვენი მუცელი არ არის იმდენად დიდი, რომ ხელი შეგიშალოთ მანქანაში ჩაჯდომაში ან გადმოსვლაში (ეს უფრო გვიან ვადებში მოხდება), თუმცა სიფრთხილის გამოჩენა მაინც საჭიროა.

 ამ პერიოდში ჩატარებული ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) აჩვენებს, თუ როგორ გრძნობს თავს პატარა. შეაფასებს ჭიპლარისა და პლაცენტის მდგომარეობას. ამ ეტაპზე შესაძლებელია გამოვლინდეს ნაყოფის შესაძლო ნაკლოვანებები, აგრეთვე სანაყოფე წყლების სიმცირე ან სიჭარბე (თუ ასეთი არსებობს).

სხვა მნიშვნელოვანი გამოკვლევა, თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება, ამ ეტაპისთვის საჭირო არ არის. საკმარისია სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი.

 

შესაძლო პრობლემები

 

ორსულობის 22-ე კვირა - შესაძლო პრობლემებიმიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმობის ამ პერიოდში მომავალი დედა თავს შედარებით კარგად გრძნობს, შესაძლოა თავი მაინც იჩინოს გარკვეულმა პრობლემებმა.

ერთ-ერთ ასეთ პრობლემას წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტა 22-ე კვირაზე. თუ დედა ვერ გრძნობს ბავშვის მოძრაობას, ეს არ იძლევა შეშფოთების მიზეზს, მაგრამ თუ ექიმს არ ესმის ნაყოფის გულისცემა, საჭიროა ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება.

ულტრაბგერითი ექოსკოპია ზუსტად დაადგენს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ნაყოფი. ნებისმიერ შემთხვევაში, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ზოგჯერ გინეკოლოგს არ შეუძლია მოუსმინოს გულისცემას იმის გამო, რომ შესაძლოა ნაყოფი შებრუნდეს და არ მისცეს მას ამის საშუალება.

მომავალმა დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს საშოდან გამონადენს. 22-ე კვირისთვის ეს გამონადენი თეთრი, უფერული ან მოყვითალო უნდა იყოს (თუ გამონადენი უხვი გახდა, არ ღირს ნერვიულობა, ამ ვადაში ეს ნორმად მიიჩნევა), მაგრამ თუ გამონადენს ყავისფერი, წითელი ან მწვანე შეფერილობა აქვს, აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც დაადგენს როგორ უნდა მოიქცეს დედა ამ სიტუაციაში.

სისხლდენის შემთხვევაში კი წუთის დაკარგვაც არ შეიძლება და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ექიმთან ვიზიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი შეიძლება სავალალოც კი აღმოჩნდეს.

არც თუ ისე იშვიათად, 22-ე კვირაზე შესაძლოა გამოვლინდეს სანაყოფე წყლების სიმცირე. ამ შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციები დამოკიდებული იქნება ფეხმძიმობის მიმდინარეობის საერთო სურათზე. ზოგ შემთხვევაში ამ დროს ინიშნება სამკურნალო პრეპარატები, ზოგჯერ კი შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

კიდევ ერთი პრობლემა ორსულობის ამ ვადაში არის საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, რომლის ძირითადი სიმპტომებია მუცლის ტკივილი ან დაჭიმვა.

მუცლის დაჭიმულობა და ტკივილი ძეიძლება იყოს იმის მანიშნებელიც, რომ ორსულმა თავი უნდა აარიდოს ფიზიკურ დატვირთვებს.

ეს მდგომარეობა საშიშია, რადგან შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა ექიმის კონტროლი, რომელსაც ამ შემთხვევაში შეუძლია დანიშნოს მაგნე B6 და სხვა პრეპარატები, ან შესთავაზოს მომავალ დედა ჰოსპიტალიზაცია.

ამ პერიოდში შესაძლოა გამძაფრდეს ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები. თუ სისხლდენა გაძლიერდა, შეცვალეთ კბილის პასტა და გაიარეთ რამდენიმე უსაფრთხო, ღრძილების გამაძლიერებელი პროცედურა სტომატოლოგთან.

თუ 22-ე კვირაზე ორსულს აქვს გულის რევის შეგრძნება და აღენიშნება ღებინება, შესაძლოა ეს იყოს გვიანი ტოქსიკოზის დასაწყისის მაჩვენებელი. პანიკა საჭირო არ არის, მაგრამ მუდმივი ღებინების შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის საქმის კურსში ჩაყენება.

ტკივილები წელის არეში ხშირი პრობლემებია ორსულთათვის,  ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა ქვები თირკმელში ან პიელონეფრიტი (თირკმლის ქსოვილის ანთება). თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ნებისმიერი ქალი ორსულობის ამა თუ იმ პერიოდში განიცდის სუსტ ან ზომიერ ტკივილს წელის არეში, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ფეხმძიმობის ვადის გაზრდის შესაბამისად. შესაძლოა მდგომარეობის შესამსუბუქებლად გაითბოთ წელის არე. თუ წელის ტკივილი მატულობს ან ხდება მუდმივი, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი.

 

ჰემოროი (ბუასილი)

 

ორსულობის 22-ე კვირა - ჰემოროი (ანუ ბუასილი)ჰემოროი ძალიან უსამოვნო და უხერხული დაავადებაა. სამწუხაროდ იგი ხშირად ახლავს ორსულობას, ან თავს იჩენს ხოლმე ფეხმძიმობის შემდეგ.

ჰემოროი - ეს არის ანუსთან ახლოს მდებარე (შიგნით და გარეთ) სისხლძარღვების გაფართოება და შესივება.

ჰემოროის ძირითადი მიზეზი ორსულებში არის სისხლის მომატებული ნაკადი მენჯის მიდამოებში საშვილოსნოს მასის გაზრდის გამო.

როცა ორსული იჭინთება, რათა გამოდევნოს ბავშვი, ამ დროს იძაბება არა მხოლოდ საშოსა და საშვილოსნოს კუნთები, არამედ სწორი ნაწლავის მუსკულატურაც, რაც არასასიამოვნო დიაგნოზის მიზეზი ხდება ხოლმე სრულიად ახალგაზრდა ქალებში.

ჰემოროი, როგორც წესი, მწვავდება ორსულობის ბოლოს და ყოველი შემდგომი ფეხმძიმობისას მიმდინარეობს სულ უფრო მძიმედ.

სტატისტიკის მიხედვით, ქალებში, რომელთაც ბავშვი არ ჰყავთ გაჩენილი, ჰემოროი 5-ჯერ უფრო იშვიათია, ვიდრე იმ ქალებს, რომელთაც ერთხელ მაინც აქვთ ნამშობიარები. ამასთან, მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ კრიტერიუმსაც: მაგალითად - 30-35 წლის ასაკის ორსულებს ჰემოროი 3-ჯერ უფრო იშვიათად ემართებათ, ვიდრე 20-25 ასაკის ქალბატონებს.

ჰემოროისთან ბრძოლის დაწყება საჭიროა მაშინვე, როდესაც ეს პრობლემა იჩენს თავს. არ ღირს მისი გადადება შემდგომისთვის, როცა უკან დაჩება სამშობიარო სახლთან და ბავშვთან დაკავშირებული პირველი პრობლემები.

სამშობიაროში, ყოველს შემთხვევაში თან უნდა გქონდეთ ჰემოროის საწინააღმდეგო კრემი (რომლის შეძენაც შესაძლებელია აფთიაქებში). მისი გამოყენება უნდა დაიწყოთ მშობიარობის დასრულებისთანავე ისე, რომ დაიცვათ ინსტრუქციაში მითითებული ინტერვალები.

არსებობს უამრავი ხალხური საშუალება ჰემოროის წონააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ცნობილია, რომ იმ ნივთიერებათა ჩამონათვალი, რომლის მიღებაც არ შეიძლება მეძუძური დედისთვის, ძალიან ფართოა (რადგან რძის საშუალებით გადაეცემა ნაყოფს და უარყოფითად მოქმედებს მასზე: მაგ: დიათეზი, ტრივიალური ნაწლავური ჭვალები და ა.შ).

ამიტომ, მეძუძური დედებისთვის არც ისე ბევრი საშუალება რჩება აღიდგინოს საკუთარი ჯანმრთელობა ისე, რომ არ ავნოს საკუთარ პატარას - ეს არის: სპეციალური ვარჯიშები, აბაზანები და სანთლები.

როგორ უნდა აარიდოთ თავი ჰემოროის? - უპირველეს ყოვლისა, არ დაუშვათ კუჭის შეკრულობა. ამიტომ, მიირთვით უჯრედისებით გაჯერებული პროდუქტები: ბოსტნეული, სქლად დაფქვილი ხორბლისგან გამომცხვარი პური, რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, იოგურტი, კეფირი...), დალიეთ მეტი წყალი.

ორსულობის 22-ე კვირა - ჰემოროის (ანუ ბუასილი) მკურნალობააუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ მსუბუქი სასაქმებელი. მეორეს მხრივ, შვებას მოგცემთ მჯდომარე აბაზანები, ასევე მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ სპეციალური სანთლები, რომელთა შეძენა აფთიაქში რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი.

თუ ჰემოროი ტანჯვას განიჭებთ და მდგომარეობა გაუსაძლისია, მიმართეთ ექიმს. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც, თუმცა ორსულობის პერიოდში ასეთი შემთხვევები ძალიან მცირეა.

მშობიარობის შემდეგ, როგორც წესი, მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება, თუმცა ჰემოროი შესაძლოა ბოლომდე არ გაქრეს. ასეთ შემთხვევაში კვლავ აქტუალური ხდება და დაგეხმარებათ ყველა ის საშუალება, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

ზოგადი რჩევები ჰემოროის დროს:

 გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რაც უფრო დიდი ხნის, მით უკეთესი), თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური შრომისგან და სიმძიმეების აწევისგან. ნუ დადგებით ფეხზე დიდი ხნის განმავლობაში. თუ ფეხზე დგომა მაინც გიწევთ (მაგალითად ტრანსპორტში), დროდადრო შეკუმშეთ (მოუჭირეთ დუნდულები).

 შეეცადეთ ხმამაღლა არ ილაპარაკოთ და არ გაიცინოთ. თუ ეს აუცილებელია, დაჯექით მყარი საკმის კიდეზე და ეს ისე გააკეთეთ.

 გარკვეული ხნის განმავლობაში დაიბანეთ უკანა ტანი მხოლოდ ცივი წყლით. ერთი კვირის განმავლობაში ეს უსიამოვნო იქნება, თუმცა შემდეგ შეეჩვევით.

 მიიღეთ ყოველ დღე თბილი აბაზანები 5-7 წუთით (არავითარ შემთხვევაში ცხელი) 10-12 დღის  განმავლობაში. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაუმატოთ წყალს გვირილას, მუხის ქერქის, მინდვრის შვიტას, სელის თესლის ან მარწყვის ფოთლების ნაყენი.

 მშობიარობის შემდეგ, პერიოდულად (უმჯობესია ყოველდღიურად) გაიკეთეთ 5-7 სმ სიგრძის და 3-4 სმ დიამეტრის უმი კარტოფილის სანთლები უკანა ტანში ძილის წინ და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ეს ერთ-ერთი ძველი, გამოცდილი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მეთოდია ბუასილის სამკურნალოდ.

 არავითარ შემთხვევაში არ დაშვათ კუჭის შეკრულობა. ეს ცუდად იმოქმედებს არა მხოლოდ თქვენზე, არამედ ბავშვზეც.

თუ რაიმე მიზეზით არ კვებავთ ახალშობილს ძუძუთი, შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი:

 ერთი ჭიქა ცივი გადადუღებული წყალი დაასხით ორ ჩაის კოვზ კარგად გარეცხილ და დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს. დააყენეთ 8 საათის განმავლობაში. დალიეთ ჭიქის ¼  ჭამამდე დღეში ოთხჯერ.

 ერთი ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კრაზანას ბალახს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში. გაწურეთ ცხელი ნაყენი და დალიეთ ¼ დღეში სამჯერ.

 დღეში სამჯერ მიიღეთ მეოთხედი ჭიქა შაქარდამატებული ცირცელის (ჭნავი) წვენი და დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი.

ვარჯიშები

როგორც ამტკიცებენ სპეციალისტები, ყველაზე კარგ ეფექტს ჰემოროის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის იძლევა ცურვა, ველოსიპედით სეირნობა და ნიჩბოსნობა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა დედებს ხშირად არ აქვთ ამის არც დრო და არც საშუალება.

ამიტომ, იმისათვის, რომ ვენები დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, საჭიროა დაატანოთ თქვენს თავს ძალა და გამოძებნოთ დრო სახლის პირობებში რეგულარული ვარჯიშებისთვის და იოგისთვისაც კი.

აი მარტივი სავარჯიშოების კომპლექსი, რომლის გაკეთება საჭიროა დღეში 1-2-ჯერ, სასურველია ძილის წინ და ძილის შემდეგ:

1. დაჯექით სკამზე, ფეხები მოხარეთ მუხლებში და გადააჯვარედინეთ სკამის ქვეშ. ამის შემდეგ, მაქსიმალურად შეკუმშეთ (მოუჭირეთ დუნდულები) ზედიზედ 15-20-ჯერ.

2. დაწექით გვერდულად სწორ ზედაპირზე და შეკუმშეთ (მოუჭირეთ დუნდულები) ზედიზედ 10-15-ჯერ.

3. შეასრულეთ შემდეგი ვარჯიში - დაწექით (დადექით) მხრებზე და დანაჩენი სხეული გამართეთ რაც შეიძლება ზემოთ. მონაცვლეობით მოხარეთ და გამართეთ ფეხები მუხლებში. შეეცადეთ მოხრილი მუხლები დაუშვათ თავთან რაც შეიძლება ახლოს. ეს ვარჯიში არის იგივე ცნობილი იოგას პოზა სარვანგასანა, რომელიც სპეციალისტების აზრით ებრძვის ნაოჭებს, ჭაღარას და აახალგაზრდავებს ადამიანს.

ეხლა კი ცოტაოდენი იოგაც:

1. დაწექით ზურგზე და ერთი ფეხი ასწიეთ 45 გრადუსით. ამის შემდეგ ნელ-ნელა ასწიეთ და დასწიეთ მეორე ფეხი ისე, რომ არ შეეხოთ იატაკს. გააკეთეთ ფეხების მონაცვლეობით.

2. დაწექით ზურგზე, ასწიეთ ხელები მაღლა და შეეცადეთ ასწიოთ ტანი იატაკიდან 45 გრადუსით. როგორც კი იგრძნობთ მუცლის კუნთების დაჭიმვას, ნელ-ნელა, მონაცვლეობით ასწიეთ ფეხები 45 გრადუსამდე. გაიმეორეთ 3-4-ჯერ.

3. დაწექით ზურგზე, გაშალეთ ხელები მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ ხელისგულები დაადოთ იატაკზე. ამის შემდეგ, ნელ-ნელა ასწიეთ შეტყუპებული ფეხები იატაკიდან 45 გრადუსზე, დარჩით ამ პოზაში ცოტაოდენი ხანი, შემდეგ კი მოხარეთ ფეხები მუხლებში და ნელ-ნელა გადახარეთ მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ შეახოთ იატაკს. შემდეგ დააბრუნეთ ფეხები ვერტიკალურ მდგომარეობაში და ნელ-ნელა დაუშვით იატაკზე. გაიმეორეთ 1-2-ჯერ.

სხვათა შორის, ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ არა მხოლოდ ჰემოროისთან გამკლავებაში, არამედ აღადგენს  საშვილოსნოს და საშოს ტონუსს მშობიარობის შემდეგ, აგრეთვე დუნდულების და მუცლის პრესს.

ამ ამოცანების გადადება შემდგომისთვის ასევე არ შეიძლება, რადგან გაწელილი კანი და ატროფირებული მუსკულატურა ძალიან მალე „შეეჩვევა“ მოშვებულ მდგომარეობაში ყოფნას და შემდგომში მის საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას შესძლებთ მხოლოდ დაჟინებული და უფრო რთული, რეგულარული ვარჯიშების, ან კიდევ უფრო უარესი - ქირურგიული ჩარევის ფასად.

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და ჰემოროი (ბუასილი)

 

ანემია ორსულობის შუა პერიოდში

 

ანემია ორსულობის შუა პერიოდშიმართალია ორსულობის წინა კვირებშიც ვისაუბრეთ ანემიის შესახებ, მაგრამ ამ დაავადების რისკი ფეხმძიმობის ამ ეტაპზეც შესაძლებელია, ამიტომ მოკლედ მიმოვიხილოთ ეს საკითხი.

ანემია ორსულებში ძალიან გავრცელებული პრობლემაა. თუ თქვენ ანემია გაქვთ, თავს გრძნობთ ცუდად, სწრაფად იღლებით, გახასიათებთ საერთო სისუსტე და თავბრუსხვევა.

ფეხმძიმობის დროს, ანემიის გადატანა ხდება ძალიან მძიმედ.

ბოლოს და ბოლოს რა იწვევს ამ დაავადებას? ჯანმრთელი ადამიანი ორგანიზმში არსებობს ბალანსი ერითროციტების გამომუშავებასა და მათი რაოდენობის შემცირებას შორის.

ანემიის დროს ეს ბაანსი ირღვევა და სისხლში ერითროციტის ძირითადი კომპონენტი - ჰემოგლობინი ეცემა. ამ შემთხვევაში, სისხლის ანალიზი აჩვენებს ჰემოგლობინის შე,ადგენლობას 12 გრ/-ზე ნაკლებს

სისხლში ჰემოგლობინის შემადგენლობის კიდევ ერთი მაჩვენებელია ჰემატოკრიტი  (Hct) ანუ ჰემატოკრიტული რიცხვი. მას ჰემოგლობისნის კონცენტრაციასაც უწოდებენ.

რა არის ჰემატოკრიტი? ორსულობის დროს, სისხლის პლაზმაში ერითროციტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ კიდევ უფრო დიდ ხარისხით იზრდება თავად პლაზმის მოცულობა. სისხლისა და ერითროციტების საერთო მოცულობას შორის ფარდობა არის სწორედ ჰემატოკრიტი.

ჰემატოკრიტული რიცხვის განსაზღვრა ხდება გინეკოლოგთან პირველი ვიზიტის დროს სხვა ანალიზებთან ერთად. ამის შემდეგ, ჰემატოკრიტის ანალიზს მთელი ორსულობის მიმდინარეობისას აკეთებენ ერთხელ ან ორჯერ, მაგრამ თუ ორსულს ანემია აქვს - შეიძლება მეტჯერაც.

ორსულობისას ჰემატოკრიტული რიცხვის შემცირებას ეწოდება ფარდობითი ან ცრუ ანემია (ფსევდოანემია). მინიმალურ მნიშვნელობას ჰემატოკრიტული რიცხვი აღწევს შუა ფეხმძიმობისას - სადღაც 20-დან 22-ე კვირამდე. თუ ფეხმძიმობა ნორმალურად მიმდინარეობს, ამ პერიოდსი ბოლოს პლაზმაში ჰემოგლობინის რაოდენობა რამდენადმე იზრდება.

ორსულობის დროს, ქალის სისხლძარღვთა სისტემაში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ხოლო მშობიარობა იწვევს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვას. ამიტომ, მთელი სერიოზულობით მოეკიდეთ ამ დაავადებას. დაიცავით დიეტა და მიიღეთ პრეპარატები, რომელსაც დაგინიშნავთ ექიმი.

რკინადეფიციტური ანემია

რკინადეფიციტური ანემიარკინადეფიციტური ანემია - ამ დაავადების ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა ორსულებში. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტორთან, რომ მომავალ პატარას, საკუთარი განვითარებისთვის მიაქვს რკინა დედის ორგანიზმიდან.

ანემიის ამ ფორმის დროს, ორგანიზმი გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ერითროციტებს, მაგრამ რკინის შემცველობა მათში დაბალია. რკინა კი ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ მას ყველა ორსულს უნიშნავენ.

რკინას შეიცავს ორსულთათვის განკუთვნილი ვიტამინების კომპლექსების უმრავლესობა, თუმცა შესაძლებელია მისი განცალკევებული სახით მიღებაც. ჩვეულებრივ, რკინის შემცევლ პრეპარატებს ნიშნავენ რკინის სულფატის ან გლუკონატის სახით. ყოველდღიური დოზაა - 300-350 მგ - 2-3-ჯერ დღეში.

თუმცა, იღებს რა რკინის შემცველ პრეპარატებს, ბევრი მომავალი დედა მაინც განიცდის რკინადეფიციტურ ანემიას. აი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ დაავადებას:

რკინის დაბალი მარაგი ქალის ორგანიზმში ჯერ კიდევ ორსულობის დადგომამდე;

 ორსულის ასაკი (18 წლამდე და 30 წელს ზემოთ);

 ცუდი კვება (ვიტამინების დაბალი შემცველობის საკვები);

 ადრე გადატანილი დაავადებები (ან ოპერაციები) კუჭ-ნაწლავზე და ღვიძლზე, რომლის გამოც არ ხდება ორგანიზმის მიერ რკინის ათვისება;

ხანგრძლივი და მძიმე დაავადებები;

ჰორმონალური დაავადებები და ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღება;

უხვი ან ხანგრძლივი მენსტრუაცია;

ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადება (საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი);

ხშირი სისხლდენა (ცხვირიდან და სხვა ორგანოებიდან); სისხლდენა ორსულობის დროს;

 მრავალნაყოფიანი ორსულობა;

 მცირე ინტერვალი ორსულობებს და მშობიარობებს შორის;

 ანაციდური პრეპარატების მიღება (პრეპარატები, რომლებიც ანეიტრალებენ მჟავის მოქმედებას), რომლებიც ამცირებენ რკინის შეწოვას და ხელს უწყობენ მის დაკარგვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დროს.

 და სხვა...

რკინადეფიციტური ანემიის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შემდეგ გამოვლინებებს:

 საერთო სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა;

მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება;

თავბუსხვევა, თავის ტკივილი, თვალების ბრჭყვიალი;

მადის გაუკუღმართება (ცარცის, მიწის, კბილის პასტი ჭამის გადაულახავი სურვილი; აცეტონის, ბენზინის და სხვა სუნებისადმი აუხსნელი ლტოლვა);

მადის გაუარესება;

კანის ან ლორწვანი გარსის სიფერმკრთალე;

 ენის ანთებითი ცვლილებები (ე.წ. გლოსიტი);

კანის სიმშრალე; ზოგჯერ ტუჩების, ხელისგულებისა და ქუსლების დახეთქვა;

 ქვედა კიდურებში ტკივილისა და ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება,

თმის აშრევება და ცვენა;

მტვრევადი ფრჩხილები;

კუჭის შეკრულობა ან დიარეა;

ატროფიული გასტრიტი;

სტომატიტი;

გულის ცემის შეგრძნება, ტკივილი მკერდის არეში, პულსის აჩქარება;

 შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველების, დაცემინების დროს; ღამით შარდის შეუკავებლობა;

ხშირი გაცივება;

 და სხვა...

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის დროს, ზოგჯერ ნიშნავენ ნემსებს, რომლებიც საკმაოდ მტკივნეულია.

რკინის შემცველი პრეპარატების მიღებას კი შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი უკუჩვენებები: გულის რევის შეგრძნება, ღებინება, კუჭის მოქმედების დარღვევა, შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის შეკრულობა და სხვა. ამ შემთხვევაში საჭიროა შემცირებული იქნას მიღებული პრეპარატების რაოდენობა.

თუ არც ნემსების გაკეთება შეგიძლიათ და არც პრეპარატების მიღება, მიირთვით ის პროდუქტები, რომლებშიც ეს მიკროელემენტი არის დიდი რაოდენობით, მაგალითად ღვიძლი, ისპანახი, ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, კვერცხი, ლობიო, კაკალი, ბარდა, ქიშმიში, სხვადასხვა სახის მარცვლეული.

რკინადეფიციტური ანემიის დროს უპირველესი როლი უნდა მიენიჭოს საქონლის ხორცს, რადგან ხორციდან ორგანიზმი შეიწოვს 6% რკინას, მაშინ როცა მცენარეული პროდუქტებიდან ეს მაჩვენებელი 0,2%-ია.

 

მომავალი ბავშვი

 

ორსულობის 22-ე კვირა - მომავალი პატარაფეხმძიმობის 22-ე კვირაზე, მომავალი პატარა გამოიყურება როგორც მინიატურული ახალდაბადებული. მისი წონა ორსულობის ამ ეტაპზე დაახლოებით 350-დან 400 გრამადე, ხოლო სიმაღლე 19 დან-28 სმ-მდეა.

იგი დღეში აკეთებს დაახლოებით 200 მოძრაობას. თქვენ ყველას რა თქმა უნდა ვერ გრძნობთ. მაგრამ თუ იგი თავს ხშირად გახსენებთ, სავარაუდოდ არ ყოფნის ჟანგბადი. შესაძლებელია თქვენ ხშირად არ სეირნობთ ჰაერზე. ამიტომ, უთხარით ამის შესახებ ექიმს და იგი დაადგენს ნაყოფის ასეთი აქტიურობის მიზეზს.

ამ ეტაპზე საგრძნობლად იზრდება ნაყოფის გული და სრულყოფილი ხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

გული, რომლის სტრუქტურაც ჩამოყალიბდა 2-3 კვირით ადრე, მუშაობს ავტონომიურ რეჟიმში, უმჯობესდება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები (მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს გულის შეკუმშვის ძალას და ა.შ).

სრულყოფილი ხდება ნაყოფის ცენტრალური ნერვული სიტემა. მისი თავის ტვინი შეიცავს ყველა იმ ნეირონს (ნერვული უჯრედები), რომლიც დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. შემდგომში ხდება მხოლოდ ტვინის მასის ზრდა.

ნერვული სისტემა იმდენად განვითარებულია, რომ ნაყოფი სიამოვნებით ეხება საკუთარ სახეს, ხელებს, მუცელს, ეჯახება საშვილოსნოს კედლებს, შეუძლია ჩაიდოს თითი პირში და მოწუწნოს იგი.

რაც შეეხება სახეს, ტუჩები გამოკვეთილია, თვალები განაგრძობს განვითარებას, თუმცა თვალის გარსს ჯერ კიდევ არ ყოფნის პიგმენტი. ვითარდება კუჭკქვეშა ჯირკვალი, რომელიც პასუხისმგებელია ჰორმონების გამომუშავებაზე.

ნაყოფის გარეგნული იერსახე სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი კანი დანაოჭებულია, უკვე წარმოქმნას იწყებს კანქვეშა ცხიმოვანი შრე.

ლანუგო (ღინღლი), რომელიც თითქმის ფარავს მთელს სხეულს უკვე ხილულია.

ამ ეტაპზე გრძელდება ნაყოფის ძვლების ფორმირება. საბოლოოდ ფორმირდება ხერხემალი, იცვლება სხეულის პროპორციები. ნაყოფის თავი ჯერ კიდევ დიდია, თუმცა უახლოვდება პროპორციულ შესაბამისობას მის ტანთან.

სახე აგრძელებს განვითარებას. თვალები კარგად არის ფორმირებული. თვალებს ზემოთ უკვე გამოკვეთილია წარბები, ქუთუთოებზე შესამჩნევია წამწამები. ნაყოფი ამოძრავებს ქუთუთოებს, ხუჭავს და ახელს თვალებს. გამოკვეთილია ცხვირის მკვეთრი მონახაზები, ყურები კი იზრდება ზომაში და იღებს საბოლოო ფორმას.

ნაყოფის ღვიძლის ფუნქცია

ნაყოფის ღვიძლის ფუნქციაროგორც ცნობილია, სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) შეიცავს ჰემოგლობინს, ნივთიერებას, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი ადამიანის ფილტვებიდან ორგანიზმის ქსოვილში. დაზიანებული და ძველი ერითროციტები იშლება სპეციალურ უჯრედებში, რომლებიც განთავსებულია ძვლის ტვინში, ელენთასა და ღვიძლში, რის შემდეგაც თავისუფლდება ჰემოგლობინი, რომელიც გარდაიქმნება ბილირუბინად.

ამგვარად, ბილირუბინი წარმოადგენს მოყვითალო-მოწითალო პიგმენტს, რომელიც წარმოადგენს ჰემოგლიბინისა და სისხლის სხვა კომპონენტების დაცემის პროდუქტს.

იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გთავაზობთ ჩააბაროთ სისხლის ანალიზი ბილირუბინზე, პირველ რიგში მას სურს გაარკვიოს, თუ როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი.

ღვიძლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა - „არაპირდაპირი“ ტოქსიკური ბილირუბინის გადამუშავება „პირდაპირ“ საკმაოდ უსაფრთხო ბილირუბინად.

„არაპირდაპირი“ ბილირუბინი - სისხლის უჯრედების შემადგენლობაში მყოფი ჰემოგლობინის დაცემის პროდუქტია. ამ უჯრედების რღვევა ნაყოფის ოგანიზმში ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანში, ამიტომ „არაპირდაპირი“ ბილირუბინი ნაყოფის ორგანიზმში წარმოქმნება უფრო მეტი.

სისხლიდან ბილირობინი ხვდება ღვიძლში, სადაც ფერმენტების დახმარებით გარდაიქმნება „პირდაპირ“ ბილირუბინად, შემდე კი გამოდის ორგანიზმიდან.

ნაყოფის სისხლიდან ბილირუბინი ხვდება პლაცენტაში, იქედან კი დედის სისხლში. როდესაც ბავშვი იბადება დროზე ადრე, მისი ღვიძლი ჯერ კიდევ არ არის განვითარებული იმ დონეზე, რომ განდევნოს ბილირუბინი სისხლიდან.

ამიტომ, თუ ახალშობილის სისხლში ბილირუბინის დონე ამაღლებულია, შეიმჩნევა ფიზიოლოგიური სიყვითლე. მისი ნიშნებია - კანის და თვალის გუგების ყვითელი შეფერილობა.

სიყვითლეს მკურნალობენ ფოტოთერაპიის მეთოდებით: ასხივებენ სპეციალურ სინათლეს, რომლის სხივებიც აღწევს სისხლში და ანადგურებს ბილირუბინს.

ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლის  ძირითადი მიზეზი - დედის ორგანიზმში ბილირუბინის ცვლის პროცესიდან საკუთარი ცვლის პროცესზე გადასვლაა. ყველაზე ხშირად, ეს დაავადება შეინიშნება დღენაკლულ ბავშვებში.

ნაყოფის სმენის აპარატი

ნაყოფის სმენის აპარატინაყოფის სმენის ორგანო იჭერს ვიბრაციას ძალიან ადრე, თუმცა ტვინს შეუძლია ეს ვიბრაცია გარდაქმნას ჩვენთვის ჩვეულ ხმებად მხოლოდ ნაყოფის დაბადებამდე პერიოდის მეორე ნახევარში.

ამ დროიდან, სმენა ხდება სიგნალების ერთ-ერთი მთავარი გადამცემი გარე სამყაროდან ნაყოფის ტვინში.

აკუსტიკური ტონი საშვილოსნოში საკმაოდ მძლავრია - დაახლოებით 60 დეციბალი. მასში შედის დედის გულის ცემა, ხმები, რომელსაც გამოსცემს მუცელი (მაგალითად მუცლის ღმუილი და ა.შ), სისხლის მოძრაობის ხმა სისხლძარღვებში.

თუმცა, ეს ხმაური, რომლის გარემოცვაშიც იმყოფება ნაყოფი, უქმნის მას დაცულობის განცდას.

როგორ ხდება, რომ მომავალ პატარას შეუძლია გაიგონოს გარესამყაროსგან შემოსული ხმები და რომელი ხმების გარჩევა შეიძლია მას?

რა თქმა უნდა ეს ის ხმებია, რომელთაც შეუძლიათ გადააჭარბონ და ჩაახშონ თქვენი ორგანიზმის მიერ გამოცემული ხმები.

მანამ, სანამ ხმა მიაღწევს ნაყოფის სმენის ორგანოებამდე, ხმოვანმა ტალღამ უნდა გაიაროს მუცლის კუნთების შრე, საშვილოსნოს კედლები და სანაყოფე წყლები.

გარე სამყაროდან შემოსული ყოველგვარი ხმა ნაყოფს ესმის ყრუდ, რადგან მისი სმენა შედარებით მგრძნობიარეა დაბალი ტონების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მამის ხმას (რომელიც უფრო დაბალია) ნაყოფი უფრო სიამოვნებით უსმენს და სწრაფად ცნობს.

როგორ ესმის ნაყოფს დედის, ანუ თქვენი საკუთარი ხმა? როდესაც ლაპარაკობთ, მძლავრი ხმოვანი ტალღები ვრცელდება თქვენი ძვლების საშუალებით და მიაღწევს რა ხერხემალსა და მენჯს, გადაეცემა მომავალ პატარას.

ამასთან, მენჯი წარმოადგენს ხმოვანი სიგნალის თავისებურ გამაძლიერებელს: ქალის ხმის დიაპაზონში- 2000-3000 ჰერცი ხდება მისი ბგერების რეზონირება იგივე სიხშირეზე, რაც ნიშნავს, რომ ნაყოფს არა მხოლოდ ესმის თქვენი ხმა, არამედ გრძნობს მის ვიბრაციას.

ამგვარად, სხვა ყველაფერთან ერთად, საჭიროა მომავალი დედა სათუთად მოეპყროს ნაყოფის სმენას.

 

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ორსულობის შესახებ

 
 
 

უკან

კომენტარები
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა